პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას საქართველოში ბევრი მწვავე საკითხი იპყრობს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ემოციურია და საზოგადოებაში კონსესუსის არსებობას არ მოითხოვს. თუმცა არის გამოწვევა, რომლის შესახებაც კონსესუსი უნდა შედგეს და რომელიც ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის უმუშევრობა, უფრო კონკრეტულად კი უმუშევრობასთან დაკავშირებული სტატისტიკის საკითხი. CRRC-ის მიერ NDI-ისთვის ჩატარებული უკანასკნელი კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობა ქართველებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემაა.
უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა სინამდვილისგან შორს დგას. 27 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, უმუშევრობა, 2011 წლის მსგავსად, 2012 წელსაც 15% იყო. ეს მაშინ, როცა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების უმეტესობა ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი რეალურად 30%-ს აჭარბებს. ზოგიერთ მათგანში თავადაც ვიყავი ჩართული, როდესაც კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის ეგიდით გასულ წელს არაერთი ასეთი გამოკითხვა ჩავატარეთ. სხვადასხვა კვლევამ ერთი და იგივე შედეგი აჩვენა, ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ უმუშევრობა საქართველოში 30%-ს აჭარბებს (უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სეზონური ცვლილებები - ზამთართან შედარებით უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ზაფხულში, მშენებლობებსა და ტურიზმის სფეროში). იგივე დასკვნამდე მიდიან სხვა კვლევების ავტორებიც.
მაგალითისათვის, საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბის” მიერ მსოფლიო ღირებულებების კვლევამ, რომელიც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდა და დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა, დაადასტურა, რომ 2008 წელს, უმუშევრობის დონე საქართველოში 30%-მდე იყო, ანუ ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით. საქართველოს მსგავსი განსხვავება მაჩვენებლებს შორის მხოლოდ ზამბიასა და მალში აღინიშნა.
უმუშევრობის საკითხი, რომელიც უამრავ ქართულ ოჯახზე ახდენს გავლენას, პირველ რიგში, ზუსტი და საიმედო მონაცემების ქონას მოითხოვს. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება კი მთავრობისათვის მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდხანსაა ერთი ძალა ხელისუფლებაში. ეს ციფრები წინა მთავრობასაც მემკვიდრეობით ერგო და ვფიქრობ, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ სიტუაციისა და სტატისტიკის გამოსწორება არ შეეძლოთ. თუკი რამდენიმე წელია ხელისუფლებაში ხარ და ცვლი სტატისტიკას, რაც ამ შემთხვევაში უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებელს გულისხმობს, აღიქმება ისე, თითქოს შენი ხელისუფლების პერიოდში იმატა უმუშევრობის დონემ. არადა, უბრალოდ სტატისტიკა რეალობას დაუახლოვდა და უფრო ზუსტი მონაცემები გაქვს სამუშაოდ.
კვლევითმა ინსტიტუტებმა, მედიამ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც რიგითმა მოქალაქეებმა დღის წესრიგში უნდა დააყენონ ეს საკითხი და მისცენ ბიძგი მთავრობას, რომ უმუშევრობის შესახებ მონაცემები სანდო გახადონ. საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია.
პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ადამიანური რესურსები პრობლემა არ არის. საქსტატის წარმომადგენლები, ვისაც შევხვედრივარ, თავისი საქმის პროფესიონალები არიან. თუმცა ციფრები ხშირად თავისით აგრძელებენ ცხოვრებას და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ეს მონაცემები დაზუსტდეს.
ეს ყველაფერი შესაძლოა ზედმეტად ტექნიკურ საკითხად ჟღერდეს, მაგრამ უმუშევრობის სტატისტიკის სიზუსტე უმთავრესია თავად უმუშევრობის გასააზრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ უმუშევრობა ქართული ოჯახების უდიდესი პრობლემაა, ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
(ამ სტატიის პირველი ვერსია გამოქვეყნდა ქართულად, ლიბერალში)
* * *
დოქტორი ჰანს გუტბროდი საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა „კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის“ რეგიონულ დირექტორად სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ამჟამად ის მრჩევლად მუშაობს.