შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო: ტოლერანტობის ნავსაყუდელი თუ კონსერვატივიზმის ბასტიონი?
პარასკევი, 04 სექტემბერი, 2015

მერიამ ვებსტერის ლექსიკონის განმატებით, „გეი“ (gay) მხიარულ, სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ადამიანს ნიშნავს. პრაღაში ბოლო სტუმრობისას გამიმართლა და ლგბტ პრაიდ-პარადს შევესწარი, რომელიც სრულად ამართლებდა ლექსიკონში მოყვანილ შედარებას. ეს ზღაპრული სანახაობა იყო: მარტორქები, აურაცხელი ცისარტყელას ფერების დროშა, ბუშტი… ათასობით აღტყინებული ადამიანი ცეკვავდა და მღეროდა ვაცლავის მოედანზე. პარადი ისეთ ენთუზიაზმსა და სიხარულს აღძრავდა, რომ მეც, ჩემდაუნებურად, შევუერთდი მსვლელობას.

პრაღას მხიარულება არასდროს აკლია, მაგრამ პარადი თავისი ექსტრავაგანტულობით სულ სხვა ელფერს სძენდა ქალაქს. ადგილობრივი ბოშებიც შეუერთდნენ მსვლელობას თავიანთი ტრადიციული ფოლკლორული ცეკვა-სიმღერით. მოგვიანებით გავიგე, რომ ადგილობრივი რომაული კათოლიკური ეკლესიის მონაზონი, პრაღის მერი, ცნობილი სახეები და პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ პარადში. ყველამ ასე, ფეხაწყობით ჩაიარა ქალაქის ცენტრიდან ძველი ქალაქისა და მდინარე ვლტავას ნაპირებისკენ. პროცესია დაგვირგვინდა პრაღის ცნობილი მეტრონომის, ადამიანის თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევანის უფლების სიმბოლოს წინ, რომელიც ტოტალიტარული ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეხებისა და სლოვაკების ხსოვნას ეძღვნება.

მსგავს ლგბტ მსვლელობებს უამრავ კულტურულ სარგებელთან ერთად ევროპიდან ათასობით ტურისტის მოზიდვა შეუძლია, რომელიც პრაღაში პარადის სანახავად ან მასში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის, ამას კი არც თუ ისე მცირე წვლილი შეაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის უკვე ძლიერი ტურიზმის ინდუსტრიაში. ბევრ მათგანს უკვე ჰქონდა ქალაქის ბრწყინვალე არქიტექტურითა თუ ჩეხური საჭმლითა და ლუდით ტკბობის საშუალება, მაგრამ კვლავ დაბრუნდება ამ ქალაქში (და დაინტერესებულ მეგობრებსაც თან ჩამოიყვანს!).

ლგბტ უფლებები საქართველოში. რომელი უფლებები?

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულების (და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შერბილების უზრუნველყოფის) მიზნით ქართველი პოლიტიკოსები გულმოდგინედ ცდილობენ ბიუროკრატიული რეგულაციების გადმოღებას, რომელთა დიდი ნაწილი ლოგიკას მოკლებულია საქართველოს ეკონომიკურ რეალობაში. თუმცა საქართველოს ყველაზე მეტად სწორედ ევროპული ცივილიზაციის ზოგიერთი ფუნდამენტური ნორმის დანერგვა უჭირს, თუნდაც ფორმალურად.

პრაიდ-პარადი ჯერ კიდევ წარმოუდგენელია საქართველოში. 2013 წლის მაისში ლგბტ უფლებადამცველთა მცირე ჯგუფის მიერ მოწყობილი ჰომოფობიის წინააღმდეგ მსვლელობა დაარბია ჯვრებითა და ჯოხებით შეიარაღებულმა „ქრისტიან“ მორწმუნეთა ბრბომ, რომელსაც წინ მართლმადიდებელი მღვდლები მიუძღოდნენ. ბრბოს აშკარად აქეზებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, რომელიც მოითხოვდა მსვლელობისა და ჰომოსექსუალობის, როგორც „ანომალიისა და ავადმყოფობის“ აკრძალვას. შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12 საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2015 წელს, XXI საუკუნეში, ქართველი ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი დამცველი აქტივისტები საკუთარი სიცოცხლისადმი არსებული რისკის გამო, მოერიდნენ საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირებას.

მამაცი ძველი სამყარო

ლგბტ მსვლელობების სრულიად მშვიდობიანი და გასართობი ხასიათის გათვალისწინებით, ერთადერთი რამ მიანტერესებს: რატომ არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია (რომელსაც ევალება მშვიდობისა და სიყვარულის ქრისტიანული სწავლების ქადაგება) ასეთი შეუვალი სიძულვილის, პარანოიისა და ჰომოფობიის ასეთი მასშტაბებით გავრცელებაში?

პასუხი შეიძლება ვიპოვოთ ალდოს ჰაქსლის 1932 წელს დაწერილ მოთხრობაში „მამაცი ახალი სამყარო“, რომელშიც გამოყენებულია ივან პავლოვის კლასიკური „განპირობებულობის“ იდეა, რომელზე დაყრდნობითაც არის შექმნილი დაპროგრამებლი და ადვილად მართვადი ზომბებით დასახლებული ბნელი საზოგადოების სურათი. პავლოვის ექსპერიმენტის მსგავსად, ჰაქსლის წარმოსახვით სამყაროში მცხოვრებ ადამიანებსაც ადრეულ ეტაპზე „აპროგრამებენ“ სპეციალურ საშენსა და განპირობებულობის ცენტრში, სადაც მათ ყვავილებისა და წიგნების ჩვენების პარალელურად ელექტროშოკს უკეთებენ.

როგორც ჩანს, ეკლესიის მესვეურებმა ამ იდეის საიდუმლოებანი იქამდე იცოდნენ, ვიდრე თავად ავტორი აღმოაჩენდა მას. ვილიამ სარჯენტი საუბრობს ამაზე თავის 1957 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ბრძოლა გონებისათვის: მოქცევისა და ტვინის გამორეცხვის ფიზიოლოგია“. ავტორი ამტკიცებს, რომ გავლენიანი რელიგიური ლიდერები წარმატებით იყენებენ პავლოვის მეთოდს რელიგიური თავგამოდებისა და ფანატიზმის გასაღვივებლად. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვის შიშსა და სამოთხის სიკეთეების შესახებ ვრცელი ქადაგებებით ეკლესიის მესვეურები ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან, რითიც ისინი ხალხს რელიგიური გზავნილებისადმი ადვილად მიმღებებსა და მართვადებს ხდიდნენ. როგორც სარჯენტი ამბობს: „ყველაზე კეთილი, გულუხვი და ჰუმანური ადამიანები, ფაქტობრივად, პროგრამდებიან... რომ ჩაიდინონ საზარელი ქმედებები... ბევრი სხვაგვარად საღად მოაზროვნე ადამიანი უცნაური და სასტიკი შეხედულებების ერთგული რჩება...“

მორალური ავტორიტეტი და მისი ბოროტად გამოყენება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში. ბევრი ადამიანი თვლის მას როგორც მორალურ ავტორიტეტს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულება გამოთქვას ადამიანის უფლებებზე, ადგილობრივ თვითმმართველობასა თუ საერთაშორისო პოლიტიკაზე. დიდ ძალაუფლებას კი, რომელსაც ფლობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა.

ერთი მხრივ, მღვდლის ან მასწავლების ავტორიტეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ღირებულებებისა და მოტივაციის დასანერგად. მეორე მხრივ, მას შეუძლია, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი სადისტად აქციოს, როგორც ეს აჩვენა მილგრამის ექსპერიმენტმა. მილგრამმა 1963 წელს, მას შემდეგ რაც გერმანელი ნაცისტი და ომის კრიმინალი, ადოლფ ეიხმანი ებრაულ მართლმსაჯულებას გადასცეს, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლითაც აჩვენა, რომ ავტორიტეტის მქონე ადამიანს შეუძლია დაარწმუნოს ექსპერიმენტის მონაწილე (რომელიც თამაშობს „მასწავლებლის“ როლს), საკუთარი ნებით აწამოს საკუთარი „სტუდენტები“ მტკივნეული ელექტროშოკით. ექსპერიმენტი სრულდება მომაკვდინებელი 450 ვოლტიანი მკურნალობით(!).

მსგავსი სიძულვილი და ფობია, რომელსაც ბევრი ქართველი მღვდელი განიცდის ლგბტ თემისადმი, და ძალადობა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი ქადაგებს, არ არის პასუხისმგებლობის გრძნობის, მორალური ავტორიტეტისა და ლიდერობის ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ზოგიერთ წევრს სჯერა, რომ ადამიანების ამხედრება წარმოსახვითი ლგბტ მტრებისა და მათი მომაკვდინებელი ცოდვების წინააღმდეგ არის ეკლესიის „უცდომელი" ავტორიტეტის განმტკიცების გზა, ეს საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს, რაც არატოლერანტულ გარემოს ქმნის, ხოლო ჩვეულებრივ ლიბერალურად მოაზროვნე ქართველებს აშორებს ეკლესიას.

ტოლერანტული თბილისი – საქართველოს წარსულის ანარეკლი?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ქართველი ხალხის 68% მხარს უჭერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც იმდენად დაუყოვნებელ მატერიალურ სარგებელს არ გულისხმობს, რამდენადაც სიმბოლოებსა და ღირებულებებს. ეს არ არის შემთხვევითობა. პროგრესული იდეები არასდროს არ იყო უცხო ქართული ცნობიერებისთვის. შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში ინკვიზიციის ცეცხლი გიზგიზებდა, თბილისი ცნობილი იყო ტოლერანტობის ოაზისის სახელით, სადაც სამივე ძირითადი აღმსარებლობის წარმომადგენლები ერთად ლოცულობნენ ქუჩებში. უფრო მეტიც, გენდერულ თანასწორობას, რომელიც სრულიად მიღებულია XXI საუკუნის დასავლეთის დემოკრატიებში, პოემებს ჯერ კიდევ ცნობილი ქართველი პოეტი, რუსთაველი უძღვნიდა.

ამგვარად, საქართველოს თანამედროვე, ცივილიზებულ, ევროპულ სახელმწიფოდ გახდომისთვის არ სჭირდება სხვა ერებისგან ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეების სესხება. მან უნდა გაიხსენოს საკუთარი წარსული და გონივრულად გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს წინსვლა. დღეს საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, იკისროს გარდაუვალი და გახდეს სამხრეთ კავკასიის პირველი სახელმწიფო, რომელიც ლგბტ თანასწორობას გამოაცხადებს და ამით კვლავ გახდეს ტოლერანტობის ოაზისი.

როგორც გენიალურმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა თქვა: „სიცოცხლე თავისუფალია, ის ახალ სივრცეებს იპყრობს... სიცოცხლე ყოველთვის პოულობს თავის გზას“. ადამიანის უფლებები ყველა ქართველისთვის იპოვის გზას. ეს გარდაუვალია და დიახ, ეკონომიკურადაც ლოგიკურია.

* * *

სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პოლიტიკას ან პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა