შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ბაშარ ალ-ასადის სამი გამოცანა
შაბათი, 08 აპრილი, 2017

2007 წელს იერუსალიმში მიმავალი ამერიკელი ბიზნესმენი და ისრაელის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მეგობარი, ეჰუდ ოლმერტი გზად დამასკოს ეწვია. იმ დილით, როდესაც ისრაელში უნდა გამგზავრებულიყო, კარზე ბუხაბარატის, სირიის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკაკუნეს. სირიის აგენტებმა დაამშვიდეს შეშინებული ბიზნესმენი: მას საწამებელ ციხეში წაყვანას არავინ უპირებდა, რომლებიც მრავლად იყო სირიაში.  მათ, უბრალოდ, უნდოდათ, გაეგოთ, რომელი იყო ეჰუდ ოლმერტის საყვარელი კერძი. ამ შეკითხვით განცვიფრებულმა ბიზნესმენმა უპასუხა, „ჰუმუსი“ და სულ რაღაც ნახევარ საათში მას ოთახში საუკეთესო ჰუმუსი მიართვეს სირიის ყველაზე ცნობილი რესტორნიდან წარწერით: „ეჰუდისთვის“. ბიზნესმენმა ჰუმუსი იერუსალიმში წაიღო და იმავე დღეს, ნაშუადღევს უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მიირთვა ისე, რომ არ შეუმოწმებია, კერძი მოწამლული იყო თუ არა. სადილი ფირზე გადაიღეს და ვიდეო ასადს გაუგზავნეს.

გამოცანა 1: რატომ არის ისრაელი ასადის წინააღმდეგი?

ამ ინციდენტიდან ნათელია, რომ რეგიონის სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ასადი იდეოლოგიურად ისრაელის წინააღმდეგი არ არის. პირიქით, ასადი ზარმაცი არაბი დესპოტის იდეალური ტიპაჟია, რომლის მთავარი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნება და კარგად ცხოვრებაა. მისნაირი წინამძღოლების უმეტესობის მსგავსად (რომელთაგანაც ბევრი „არაბულ გაზაფხულს“ შეეწირა), ისიც ძალიან კორუმპირებული, სრულიად უპრინციპო და ადვილად მანიპულირებადი ადამიანია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ მოყოლილი ამბავი გვიჩვენებს, მას, სავარაუდოდ, სურს ისრაელთან საერთო ენის გამონახვა და ისეთი მმართველია, ვისთანაც დასავლური ძალები, თუ ძალიან პრინციპულები არ იქნებიან, შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. სწორედ ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არიან ისრაელელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მემარჯვენეები, ასადის რეჟიმის მიმართ აგრესიულად განწყობილები.

ამას ორი სავარაუდო ახსნა აქვს, თუმცა ორივე უკმარისობის შეგძნებას ტოვებს. პირველი შესაძლო მიზეზია ასადის ალიანსი ირანსა და ლიბანურ ჰეზბოლასთან. თუმცა ასადს მეგობრების არჩევის ფუფუნება არ აქვს. დასავლეთი მისი რეჟიმის მიმართ უფრო შემწყნარებლური რომ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, ასადს უპირატესობა მიენიჭებინა ნაკლებად ომს მოწყურებული და ნაკლებად რელიგიური მოკავშირეებისთვის. ასადი, რომელმაც ლონდონში ოფთალმოლოგია შეისწავლა, შინაგანად დასავლეთის მიმართ მტრულად არ არის განწყობილი: მან არამარტო ოლმერტს გაუგზავნა ჰუმუსი, არამედ ძალიან ახლოს თანამშრომლობდა დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, როდესაც მას ამას სთავაზობდნენ. 2003 წლამდე, სირია იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პარტნიორი „დამნაშავეების გაცვლის პროგრამაში,“ რამაც შესაძლებელი გახადა ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვა იმ ქვეყნებში, სადაც შესაბამისი კანონი არ არსებობდა. რობერტ ბაერი „ახალ სახელმწიფო მოხელეში“ წერდა: „თუ გინდათ, რომ ადამიანი აწამონ, გაგზავნეთ სირიაში. თუ გინდათ, რომ ადამიანი გაქრეს და ვეღარასოდეს ნახოთ, გაგზავნეთ ეგვიპტეში“. თანამშრომლობა და არამხოლოდ ამერიკელებთან, კარგად მიდიოდა. გერმანიამაც კი დაკითხა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირდაპირ სირიის ციხეში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასადი, როდესაც შესაძლებლობა ეძლეოდა, დასავლეთთან პარტნიორობას არჩევდა.

ისრაელის მტრული განწყობის მეორე მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ, თუ სირიასთან უფრო მეგობრული დიალოგი დაიწყება, ამით კვლავ აქტუალური გახდება გოლან ჰაითსის დაბრუნების საკითხი. მართალია, სირია ყველა ღონეს იხმარს, რომ დაიბრუნოს ეს ტერიტორია, მაგრამ აუცილებელი არ არის, ისრაელი დათანხმდეს. ისრაელმა იორდანიის დასავლეთ სანაპიროც დაიპყრო და არასოდეს დაუბრუნებია უკან. დღეს კი ამ უკანასკნელთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ამავდროულად, სირიას ბევრი აქვს შესათავაზებელი ისრაელისთვის, თუ გავითვალისწინებთ მის გავლენას ჰეზბოლაზე. ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება ისეთი გარიგება, სადაც ისრაელი, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მშვიდობის სანაცვლოდ, სირიასთან ითანამშრომლებდა ეკონომიკურ და უსაფრთოების საკითხებში.

გამოცანა 2: რატომ არის შეერთებული შტატები ასადის წინააღმდეგი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასადი კორუმპირებული არაბი დესპოტის კლასიკური მაგალითია  და თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში აშშ-ს ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა ასეთი ტიპის მმართველებთან. ასადი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, რაც ამაზრზენია და არ აქვს გამართლება, თუმცა შეერთებული შტატებს ადრე ასე არ აღელვებდა ქიმიური იარაღი. ირანის წინააღმდეგ ერაყის ომის დროს, აშშ სადამ ჰუსეინს (ასევე ტიპურ არაბ დესპოტს) აწვდიდა მნიშვნელოვან სატელიტურ და სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას, რაც ერაყს საშუალებას აძლევდა, მტრებს ქიმიური იარაღით გასწორებოდა.

მეტიც, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ადამიანის უფლებების დიდი ქომაგები არიან, თუმცა ასადის შემთხვევაში, მორალური შეხედულებები არასოდეს ყოფილა რეჟიმის შეცვლისთვის საკმარისი მიზეზი. „ამნესტი ინტერნეშენალის“ მონაცემებით, 1979 წლიდან ირანში 5000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, იმის გამო, რომ ჰომოსექსუალები იყვნენ. ირანში ჰომოსექსუალების მკვლელობებს არ მოჰყოლია რეჟიმის შეცვლის მოწოდებები. პირიქით, 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულებით, დასავლეთმა გაუხარნგრძლივა სიცოცხლე ირანის რეჟიმს, რომელიც, როგორც ბევრი ექსპერტი ამბობს, კოლაფსის ზღვარზე იყო. მსგავსად, საუდის არაბეთის იდეოლოგია არ განსხვავდება ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიისგან და ქვეყანა მთელ მსოფლიოში რადიკალურ ისლამს ავრცელებს. მიუხედავად ამისა, არასოდეს გვსმენია მოწოდებები საუდის არაბეთში რეჟიმის ცვლილებებისკენ.

აშშ-ის აკვიატება, ჩამოაგდოს ასადი, კიდევ უფრო დამაბნეველი ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამოქალაქო ომის დაწყებამდე ასადი სულაც არ იყო ყველაზე ბოროტი არაბი ავტოკრატი. ასადი ალავიტია, ალავიტებს, როგორც მუსლიმურ უმცირესობას, ხშირად დევნიან სუნიტები. ალავის ისლამი ამ რელიგიის ყველაზე ტოლერანტული და თანამედროვე ინტერპრეტაციაა. გარდა ამისა, ასადი არამხოლოდ ალავიტებს იცავს, არამედ მის ქვეყანაში მცხოვრებ სხვა უმცირესობებსაც, მათ შორის ქრისტიანებს, რომელთაც სასტიკად უსწორდებიან შუა აზიის თითქმის ყველა ისლამურ სახელმწიფოში. თუ სირიაში სუნიტების 75%-იანი უმრავლესობა მოვა სათავეში, ქრისტიანები, ალავიტები, ქურთები და სხვა უმცირესობები, შესაძლოა, ისეთივე მძიმე მდომარეობაში ჩავარდნენ, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც სუნიტები არიან უმრავლესობაში. ბრიტანული საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ორგანიზაციის ORB-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სირიელების 47% ამბობს, რომ ასადს მათ ქვეყანაზე „დადებითი გავლენა“ აქვს, იმავე გამოკითხვის თანახმად,  თავისუფალი სირიის არმიას 35%, სირიის ოპოზიციის კოალიციას კი 26% ერგოთ (გამოკითხვა სხვადასხვა პასუხის გაცემის საშუალებას იძლეოდა). ამ რიცხვების სანდოობაში ბევრს ეპარება ეჭვი, თუმცა ეს შედეგები ცხადჰყოფს, რომ ასადს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სირიის მოსახლეობისგან.

წინააღმდეგი არ ვარ საგარეო პოლიტიკაში მაღალი მორალური სტანდარტების დაცვისა, თუმცა, თუ ასეთი სტანდარტები არსებობს, ისინი ყველას მიმართ თანაბრად უნდა გამოიყენებოდეს.

გამოცანა 3: ვის შეუძლია ასადის ჩანაცვლება

ბოლო ათ წელიწადში „არაბული გაზაფხულის“ შედეგები ფრიად არადამაკმაყოფილებელი იყო. არაბულმა რევოლუციამ  ვერ მოიტანა დემოკრატია, პირიქით, არსებული ავტორიტარული რეჟიმი ჩაანაცვლა სხვა კიდევ უფრო ავტორიტარული, ნაკლებად სტაბილური და კიდევ უფრო რელიგიური რეჟიმით. რატომ იქნებოდა სირია გამონაკლისი? ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას სჯერა, რომ ალ-ნუსრა-ფრონტი (35%) და ისლამური სახელწიფო (21%) „დადებით გავლენას“ ახდენს ქვეყანაზე, დემოკრატია ვერ იქნება სახარბიელო მდგომარეობაში.

ობამას გაცხადებული მიზანი იყო ასადის ჩამოგდება. გასული კვირიდან მოყოლებული ტრამპიც ამ მიზნისკენ მიდის, როგორც ჩანს. თუმცა, თუ ვინმეს რეჟიმის შეცვლა სურს, ცვლილების შემდგომი პერიოდისთვისაც უნდა ჰქონდეს გეგმა. პირადად მე მიჭირს, წარმოვიდგინო ეს გეგმა.

რა უნდა გაკეთდეს?

ვფიქრობ, სირიისთვის გამოსავალი ერთია: დასავლეთმა რუსეთთან ძალები უნდა გააერთიანოს და დაეხმაროს ბაშარ ალ-ასადს ქვეყანაზე კონტროლის ხელახლა მოპოვებაში. მთავრობის რეაბილიტიაციის სანაცვლოდ, დასავლეთს შეეძლება, რაიმე მოითხოვოს ასადისგან, მაგალითად, მისი სეკულარული ოპონენტების საყოველთაო ამნისტია, მშვიდობაზე შეთანხმება ისრაელთან (ასადის ხელდასმული ჰეზბოლას ჩათვლით), სირიის მოსახლეობის დემოკრატიული წარმომადგენლობა რაიმე ფორმით და სხვა რეფორმები, რომლებიც შეზღუდავს ასადის აბსოლუტურ ძალაუფლებას.

ცალსახად აღმაშფოთებელი და მტკივნეულია ულმობელი დიქტატორის მხარდაჭერა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამლავ გაზს იყენებს. თუმცა, თუ რეალურად არავინაა, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ეს ერთდაერთი გამოსავალია. წარმოდგენა არ მაქვს, რა გეგმები აქვთ აშშ-სა და სხვა დასავლურ ძალებს სირიაში და ამ სტატიაში განხილული სამი გამოცანაც დიდი თავსატეხია ჩემთვის. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი – სირიაში სამოქალაქო ომი აუტანელ ტანჯვას აყენებს სირიის მოსახლეობას, ევროპაში კი ამძაფრებს ლტოლვილთა კრიზისს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა