ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ქართული ოცნების ფერი ლურჯი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი – წითელი? იქნებ, იმიტომ, რომ კონტრასტული ფერებია და სიმბოლურადაც სრულიად საპირისპირო იდეებს გამოხატავს?1 დიახ, სწორედ რომ კონტრასტია, რისკენაც ეს ორი პოლიტიკური ძალა ისწრაფვის. ალბათ, გაგიჭირდებათ, 2012 წლიდან მოყოლებული გაიხსენოთ საკითხი, რის გარშემოც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ კონსენსუსს მიაღწიეს ან სცადეს, ემსჯელათ მაინც.
ეუთოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის2 თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია საკამათო თემების წინ წამოწევის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას იწვევდა. სადამკვირვებლო მისიის თანახმად, პოლარიზაცია არჩევნების მეორე ტურის წინ კიდევ უფრო გაღრმავდა: „მთავარი მედია-საშუალებების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება კიდევ უფრო მწვავე და მეტად პოლარიზებული გახდა. კონკრეტულად, ტელეკომპანია იმედმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების აღსაკვეთად აქტიურად იმუშავებდა“.
ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში მძაფრ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. მაგრამ, სანამ მათ დავეთანხმებოდეთ, ალბათ, საჭიროა, განვმარტოთ, რა იგულისხმება პოლიტიკური პოლარიზაციაში. სამეცნიერო წრეებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, პოლიტიკურ პოლარიზაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პოლიტიკური მოთამაშეების ღირებულებითი/იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად გასხვავდება ერთმანეთისგან.3 ხოლო იმ შემთვევაში, თუ მოთამაშეებს შორის აღნიშნული განსხვავებები საზოგადოებაზეც აისახება, ამ უკანასკნელის პოლარიზაციაც მოჰყვება შედეგად.
თუ ამ განმარტებით ვიხელმძღვანელებთ, ლოგიკურია, რომ, სანამ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს პოლარიზებულად დავახასიათებდეთ, საჭიროა ამ პარტიების იდეოლოგიური სხვაობების დადგენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მანიფესტო პროექტი.4 მანიფესტო პროექტი აგროვებს და აანალიზებს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს (მანიფესტებს) მსოფლიოს 50 ქვეყანაში და სხვა ინდექსებთან ერთად, ითვლის “RILE” (right-left) ინდექსს, რომელიც პარტიების მემარცხენე-მემარჯვენე პოზიციაზე მიუთითებს.
პროექტის მეთოდოლოგია შემდეგია: საარჩევნო მანიფესტები იყოფა ე.წ. კვაზი-წინადადებებად და ენიჭება კოდები. კოდი გარკვეულ (მაგალითად, ცენტრალიზაციის5) მაჩვენებლებს წარმოადგენს. რაც უფრო ხშირად გამოიყენება ესა თუ ის კოდი, მით უფრო მაღალია შესაბამისი მაჩვენებლის დონე. მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციები, თავის მხრივ, სხვადასხვა მაჩვენებლების გაერთიანებაა. კერძოდ კი, როდესაც უპირატესობა ენიჭება „სახელმწიფო ჩარევას“, „მშვიდობას და თანამშრომლობას“, „დემოკრატიას“, „კეთილდღეობის სახელმწიფოს“, “განათლებას“, „მშრომელთა ჯგუფებს“, პარტია მემარცხენე პოზიციისკენ იხრება. მემარჯვენე პოზიცია კი აერთიანებს შემდეგ მაჩევენებლებს: „შეიარაღება“, „კაპიტალიზმი“, „თავისუფლება და ადამიანის უფლებები“, „სოციალური კონსერვატიზმი“.
RILE ინდექსი აღნიშნული მემარჯვენე და მემარცხენე მაჩვენებლების დონეების სხვაობით გამოითვლება. როდესაც ინდექსი დადებითია, პარტია მემარჯვენეობისაკენ იხრება, ხოლო უარყოფითის შემთხვევაში – მემარცხენეობისაკენ.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი მანიფესტო პროექტის მონაცემების მიხედვით არის აგებული. y-ღერძზე RILE ინდექსია გამოსახული, x-ღერძზე – საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წლები. როგორც გრაფიკი აჩვენებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება პოზიციების თვალსაზრისით დროში არათანმიმდევრულები არიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველ საპარლამენტო არჩევნებში მკვეთრად იცვლიდა პოზიციას. ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ოცნება არ აღმოჩნდა. თუმცა ნაკლებად რადიკალური ცვლილება დააფიქსირა: 2012 წლის მემარცხენე პოზიციიდან 2016 წლისათვის მცირედით მარჯვნისაკენ გადაინაცვლა.
რთულია, ორ მონაცემზე დაყრდნობით სარწმუნო დასკვნა გააკეთო, მაგრამ მაინც ღირს აღნიშვნად, რომ ტრენდებში მსგავსება შეინიშნება: 2012 წელს ორივე პარტია უფრო მემარცხენე პოზიციას იკავებდა, მაშინ როდესაც 2016 წლისათვის მათ მარჯვნისაკენ გადაინაცვლეს. ამგვარი პოზიციური დაახლოება შეიძლება დაკავშირებული იყოს მედიანური ამომრჩევლის თეორიასთან6. ამ თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ დომინანტმა პარტიებმა თავიანთი ამომრჩევლების რიცხვი მაქსიმალურად გაზარდონ, იდეოლოგიას/ღირებულებებს თუ დაპირებებს მედიანურ ამომრჩეველს მოარგებენ. რატომ მაინცადამაინც მედიანურს? მედიანური ამომრჩევლის სამიზნეში ამოღებით, საშუალო მანძილი სხვა ამომრჩევლებამდე მცირდება, რაც უფრო მეტ ამომრჩეველთან წვდომას უზრუნველყოფს. შედეგად, პარტიები ცდილობენ მედიანურ ამომრჩეველთან დაახლოებას და ამით ერთმანეთსაც უახლოვდებიან.
იმისათვის, რომ აღნიშნული თეორია ქართულ რეალობას მოვარგოთ, საჭიროა, მედიანური ამომრჩეველიც მნიშვნელოვნად იცვლიდეს პოზიციებს, რისი დარწმუნებით თქმაც რთულია. თუმცა, ერთი შეხედვით, არ არის გამორიცხული, რომ პოსტ-საბჭოთა ტრანზიტულ ქვეყანაში, ელექტორატს პოზიციები ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ჩამოყალიბებული. იმისათვის, რომ განსაზღვრო, რა მიმართულება უნდა აირჩიოს სახელმწიფომ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცდილებაა საჭირო.
და, თუ იდეოლოგია არ არის იარაღი არჩევნებში გასამარჯვებლად, მაშინ რა გზას მიმართავენ საქართველოში პოლიტიკური პარტიები აღნიშნული მიზნის მისაღწევად? ამ კითხვაზე პასუხი ეუთოს იმავე დოკუმენტში შეიძლება ამოვიკითხოთ, სადაც პოლარიზაციაზეა საუბარი. ეუთო 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიას ახასიათებს როგორც ნეგატიურს, რომელიც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. რატომ ამჯობინეს პარტიებმა ამ გზით წასვლა?
აკადემიური კვლევების თანახმად, მტრის ხატის შექმნა ინსტრუმენტალურია ჯგუფის ერთიანობის მისაღწევად.7 კვლევებით ისიც დასტურდება, რომ ადამიანები/ჯგუფები უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებენ, როდესაც სიძულვილი აერთიანებთ და არა სიყვარული.8 ამასთან, როდესაც ებრძვი მტერს, მიზნის მისაღწევად (მტრის დასამარცხებლად) საშუალებების გამართლება უფრო მარტივია, რაც, თავის მხრივ, ამარტივებს თამაშის წესებს. ასე რომ, ელექტორატის მობილიზებისათვის პოლიტიკური პარტიები შეიძლება მეტად მიდრეკილნი იყვნენ მტრის ხატის შექმნისაკენ, ვიდრე ერთმანეთისგან იდეოლოგიური დისტანცირებისაკენ.
დაბოლოს, მგონია, რომ საკითხის სწორად დასმით პრობლემის ნახევარი გადაიჭრება. საკითხი კი შემდეგია: როდესაც ქართულ პოლიტიკაზე მიდგება საქმე, პოლიტიკურ პოლარიზაციას უნდა განვიხილავდეთ თუ უბრალოდ პოლიტიკური კულტურის არარსებობას? ვფიქრობ, ამ უკანასკენლს. აშკარაა, რომ არჩევნების მოგება იმაზე უფროა დამოკიდებული, ვინ უფრო ნეგატიური საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას შეძლებს, ვიდრე იმაზე, თუ ვინ უკეთეს საარჩევნო პროგრამას შესთავაზებს ამომრჩევლებს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, შედეგი არის ის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელი (53.88% საშუალოდ) ფიქსირდება, მაშინ როცა პოსტ-საბჭოთა სივრცე თავადაც ერთ-ერთი ყველაზე პასიური ელექტორატით გამოირჩევა მსოფლიო მასშტაბით.9
1 თუმცა ერთსა და იმავე ფერს სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. Mehta, R. and Zhu, R.J., (2009). Blue or red? Exploring the effect of color on cognitive task performances. Science, 323(5918), pp.1226-1229.
2 https://www.osce.org/odihr/elections/georgia/412724?download=true
3 Schmitt, J., (2016). How to Measure Ideological Polarization in Party Systems. ECPR Graduate Student Conference.
4 https://manifesto-project.wzb.eu/
5 რაც უფრო ხშირია მანიფესტში კვაზი-წინადადებები, რომლებიც გამოხატავენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მაღალ დონეებზე მიღებისადმი უპირატესობას, მით უფრო მაღალია ცენტალიზაციის მაჩვენებელი.
6 Black, D., (1948). On the rationale of group decision-making. Journal of political economy, 56(1), pp.23-34.
7 Allport, G. W., (1979). The nature of prejudice. Cambridge, MA: Perseus Books; Silverstein, B., (1992). The psychology of enemy images. In S. Staub & P. Green (Eds.), Psychology and social responsibility (pp. 145–164). New York: New York University Press.
8 Bosson, J.K., Johnson, A.B., Niederhoffer, K. and Swann Jr, W.B., 2006. Interpersonal chemistry through negativity: Bonding by sharing negative attitudes about others. Personal Relationships, 13(2), pp.135-150.
9 http://www.electionguide.org/countries/id/81/