„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.
2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა. 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ივლისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 5,5%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი 7,2 %-ს მიაღწია.
2023 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,463 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,401 მილიონი კილოვატსაათი იყო).
2023 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.