შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა
ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023

(3 წუთიანი საკითხავი)

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა. ევროპული მომავალი არამარტო ქვეყნის ისტორიული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული არჩევანი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის იმედი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის პერსპექტივაა.

სამეცნიერო ლიტერატურა და სტატისტიკა გვთავაზობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები ხდებიან, მის ძლიერ ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირების დამსახურებით ეკონომიკურად ძლიერდებიან და ადამიანთა კეთილდღეობა ამ ახალ წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქართველოს და ევროკავშირის მოსახლეობის კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებს შორის დღეს დიდი სხვაობაა და ეს მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდება. ამ მოსაზრებით, საინტერესოა, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისაგან? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი:

  1. შევადარეთ ევროკავშირის (27 ქვეყნის) გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოს მონაცემებს;
  2. გადავხედეთ იმ 10 ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დინამიკას, რომელთაც ევროკავშირის წევრის სტატუსი 2004 წელს მოიპოვეს, რათა დავრწმუნებულიყავით, შეძლეს თუ არა მათ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ევროპაში გაწევრიანების და მაღალი ევროპული სტანდარტების გაზიარების შედეგად. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. შემდეგ, მათი დინამიკა შევადარეთ საქართველოს მიღწევებს კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორთან მიმართებაში;
  3. დაბოლოს, ევროპის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყნის ტენდენციების მიხედვით მოვახდინეთ მოდელირება, თუ როგორი იქნებოდა დღეს საქართველოს შესაბამისი ინდიკატორები ქვეყანა იმავე ტემპით რომ განვითარებულიყო, როგორც 2004 წლის გაფართოების ქვეყნები.

ქვემოთ გთავაზობთ შესაბამის ანალიზს. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სხვაობაა ევროკავშირსა და საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის თვალსაზრისით და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ამ განსხვავების სწრაფად და ეფექტურად დაძლევის პირობებს შეუქმნის. 2004-2021 წლებისთვის 7 მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2004 წლის ევროპის გაფართოების ქვეყნებმა მნიშვნელოვნად და სწრაფად გააუმჯობესეს მოსახლეობის კეთილდღეობა – შეამცირეს უმუშევრობა, შეამცირეს სიღარიბე, გაზარდეს საშუალო პენსია, შეამცირეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეამცირეს ატმოსფეროში CO2 გამონაბოლქვები, გააუმჯობესეს ჰაერის ხარისხი. საქართველოს პროგრესი მოსახლეობის კეთილდღეობის მოცემული ასპექტების მხრივ მნიშვნელოვნად მცირეა. მოდელირების მიხედვით, იმავე ტემპით განვითარების პირობებში, რაც 2004 წლის გაფართოების ქვეყნებს ევროპის სივრცესთან, სტანდარტებთან, მიღწევებთან ინტეგრირებამ მოუტანა, საქართველოში დღეს შეიძლება ყოფილიყო 1.8-ჯერ ნაკლები უმუშევარი ადამიანი, 3-ჯერ ნაკლები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოქალაქე, შედარებით მაღალი ყოველთვიური პენსია, 2-ჯერ მეტის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებოდათ შინამეურნეობებს დასვენებასა და კულტურაზე, 2-ჯერ ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ყოველწლიურად ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში, 2-ჯერ შემცირდებოდა CO2 გამონაბოლქვები ატმოსფეროში, 40%-ით ნაკლები გახდებოდა ჰაერში PM2.5-ის კონცენტრაცია და ნაკლები – ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

1. საქართველოსა და ევროკავშირში მოსახლეობის კეთილდღეობის გამომხატველი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის შედარება

1.1. 2021 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირში დაახლოებით 665%-ით მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში.

 

წყარო: World Development Indicators, World Bank

1.2. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი 2734 აშშ დოლარია და 582%-ით აღემატება საქართველოს საშუალო თვიურ ხელფასს (რომელიც 400 აშშ დოლარს შეადგენს).

წყარო: ILOSTAT

1.3. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში უმუშევრობის დონე საქართველოზე 3-ჯერ დაბალია.

წყარო: World Development Indicators, World Bank, GeoStat;

1.4. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ, ევროკავშირზე 2-ჯერ მაღალია.

 

წყარო: World Development Indicators, World Bank, GeoStat;

1.5. 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური პენსია ევროკავშირის ქვეყნებში 1201 ევროა და საქართველოში პენსიონერთა პენსიაზე (64 ევრო) თითქმის 18-ჯერ მეტია.

 

წყარო: EuroStat, GeoStat

1.6. ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი განათლებასა და ჯანდაცვის სფეროებში მრავალგზის მაღალია საქართველოში შესაბამის ხელფასზე. კონკრეტულად, ევროსტატისა 2018 წლის და საქსტატის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, განათლებაში ევროკავშირის საშუალო ხელფასი 11-ჯერ უფრო მაღალია, ჯანდაცვაში – 9-ჯერ უფრო მაღალი.

წყარო: EuroStat, GeoStat

1.7. დაბოლოს, 2020 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ევროკავშირში 80,5 წლით განისაზღვრება, რაც 8 წლით აღემატება საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

წყარო: World Development Indicators, World Bank

2. საქართველოს და 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ქვეყნების მონაცემების შედარება და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების განვითარების მოდელირება 

2.1.უმუშევრობის დონე (ინდექსირებული)

2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებული 10 ქვეყნის უმუშევრობის საშუალო დონის (ინდექსირებული ) საქართველოში არსებულ ტენდენციასთან შედარების საფუძველზე იკვეთება, რომ, თუ 2004 წელს ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულ ქვეყნებსა და საქართველოს უმუშევრობის საკმაოდ მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ, 2004 წლიდან ევროკავშირის შერჩეული 10 ქვეყნისათვის მკვეთრად დადებითი დინამიკა დაფიქსირდა და 2021 წლისათვის მაჩვენებელი განახევდრა. საქართველოს შემთხვევაში კი უმუშევრობა მხოლოდ 3%-ით შემცირდა.

წყარო: World Development Indicators, World Bank, ILO Modeling Estimates 

2004-2021 წლებში, ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, 2021 წელს საქართველოში უმუშევართა რიცხვი 85,567 ადამიანით ნაკლებია.

2.2. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი (%, დღეში 3.65 აშშ დოლარი; 2017 PPP)

2004 წელს ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებში მოსახლეობის 3%-მდე სიღარიბის, 3.65 აშშ დოლარის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი 33% იყო. ამასთანავე, 2019 წლისათვის ევროკავშირის შერჩეულ ქვეყნებში მოსახლეობის წილი 0.5%-მდე, ხოლო საქართველოში 18% მდე შემცირდა.

2004-2019 წლებში, ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, 2019 წელს საქართველოში 3.65 აშშ დოლარიან ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი, 18.5% ნაცვლად, 6%-მდე არის შეცირებული (არებულ მაჩვენებელზე 3-ჯერ ნაკლები).

წყარო: World Development Indicators, World Bank 

2.3. ყოველთვიური საშუალო პენსია

2014-2020 წლებში ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყნაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსია ევროში საშუალოდ 20%-მდეა გაზრდილი. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ წლებში პენსია ლარში 34%-ით არის გაზრდილი, ევროში დაანგარიშებით საშუალო პენსიის ზრდა არ ფიქსირდება.

წყარო: GeoStat, EuroStat.

2.4.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა

2004 წელს, სანამ ევროპის 2004 წლის გაფართოვების 10 ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდებოდა, საქართველოსა და მათი საშუალო მონაცემით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე თითქმის ტოლი იყო. გაწევრიანების შემდეგ, ამ 10 ქვეყანამ დანერგა ევროპის მაღალი სტანდარტი და სიკვდილიანობა 2-ჯერ და მეტად შემცირდა, საქართველოს პროგრესი კი ამ მიმართულებით შედარებით უმნიშვნელოა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 496 ადამიანი ემსხვერპლა. 2004-2019 წლებში ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, საქართველოში 2019 წელს დაღუპულთა რიცხვი 236 ადამიანით ნაკლები იქნებოდა.

წყარო: World Development Indicators, World Bank 

2.5. შინამეურნეობების ხარჯები დასვენებასა და კულტურაზე (მთლიანი ხარჯების % წილი)

შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯები დასვენებასა და კულტურაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კეთილდღეობის განსაზღვრისას. საგულისხმოა, რომ ევროპის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყანაში 2021 წელს შინამეურნეობები საშუალოდ თვიური შემოსავლის დაახლოებით 8%-ს ხარჯავდნენ დასვენებასა და კულტურაზე, მაშინ როდესაც საქართველოში ეს დაახლოებით 1.2%-ია. 2017-2021 წლებში, ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, 2021 წელს საქართველოში, დასვენებასა და კულტურაზე ოჯახების მიერ დახარჯული თანხის წილი მთლიან ხარჯებში 2.5% იქნებოდა, არსებული 1.2%-ის ნაცვლად, ანუ ორჯერ მეტი.

წყარო: Eurostat, Final consumption expenditure of households, by consumption purpose 

საქსტატი, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა

2.6. მავნე გაზის გამონაბოლქვი – CO2 ემისია (kg per PPP $ of GDP)

2004 წელს გაფართოების 10 ქვეყანაში CO2 ემისია ორჯერ მაღალი იყო ვიდრე საქართველოში. 2019 წლისათვის კი ევროპის ამ ქვეყნებმა 65%-ით შეამცირეს ეს მაჩვენებელი და საქართველოს მიერ უმნიშვნელო 8% შემცირების პორობებში მონაცემები ერთმანეთს გაუტოლდა. 2004-2019 წლებში, ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, 2019 წელს საქართველოში CO2 ემისიების მაჩვენებელი 0.7კგ-მდე, ანუ ორჯერ შემცირდებოდა.

წყარო: World Development Indicators, World Bank 

2.7. ჰაერის ხარისხი – PM 2.5 ექსპოზიციის საშუალო მაჩვენებლები

ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელ კიდევ ერთ მაჩვენებელს მტვრის მყარი ნაწილაკები (PM 2.5) წარმოადგენს. CO2 ემისიების მსგავსად, 2004 წელს საქართველოში შერჩეულ 10 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2004-2020 წლებში გაფართოების ქვეყნებში მტვრის მყარი ნაწილაკების გამოყოფა 33%-ით არის შემცირებული. საქართველოში კი ჰაერის დაბინძურება 11%-ითაა (17.3 მკგ/მ³-მდე) გაზრდილი. ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით, PM2.5-ის კონცენტრაცია ჰაერში 10.5 მკგ/მ³-მდე შემცირდებოდა, ანუ თითქმის 40%-ით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.

წყარო: OECD STATS 

ინფორმაციისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული სტრანდარტის მიხედვით, PM2.5-ის ყოველწლიური ნორმა 5 მკგ/მ³-ს შეადგენს. საქართველოში კი ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტია მიღებული, რომელიც WHO-ის მოთხოვნებთან შედარებით ნაკლებად მკაცრია. ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით, PM2.5-ის წლიური დასაშვები ნორმა 20 მკგ/მ³-ს უდრის. 

2.8. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (100,000 მოსახლეზე) 

თუ განვიხილავთ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს 100,000 მოსახლეზე, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 3-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროპის 27 ქვეყანასა თუ 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყანაში. 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით, ჰაერის დაბინძურებით გარდაცლილთა რაოდენობამ 3,449 ადამიანი შეადგინა.

წყარო: The Global Health Observatory, WHO

2.9. თამბაქოს მოხმარება (% წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში) 

2005 წელს საქართველოში მწეველთა წილი მოსახლეობაში უფრო დაბალი იყო ვიდრე ევროპის 2004 წლის გაფართოების ქვეყნებში. 2020 წლისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მწეველთა წილი თითქმის არ შემცირებულა, ამ ქვეყნებში კი 15%-ით შემცირდა, საქართველოში ეს წილი უფრო მაღალი აღმოჩნდა მოცემულ ქვეყნებთან შედარებით. 2020 წელს საქართველოში მწეველთა რაოდენობამ 937,635 ადამიანი შეადგინა, 2005-2020 წლებში, ევროკავშირის შერჩეული ქვეყნების ტენდენციის გამოყენებით შემუშავებული მოდელით კი, ეს ციფრი 124 ათასი ადამიანით ნაკლები იქნებოდა.

წყარო: World Development Indicators, World Bank 

როგორც ზემოთ წარმოდგენილმა შერჩეული სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შედარებამ და მოდელირებამ გვიჩვენა, საქართველოს აქვს პერსპექტივა ევროპულ სტანდარტებთან, ევროკავშირის საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მარეგულირებელ გარემოსთან ინტეგრირებით დააჩქაროს კეთილდღეობის გაუმჯობესება თავისი მოსახლეობისათვის – უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის შემცირება, საშუალო ხელფასისა და პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი გარემო პირობების გაუმჯობესება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა