ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უნდა გაგრძელდეს თუ არა ყურძნის სუბსიდირება?

საქართველოში ტრადიციული რთველი 26 აგვისტოს დაიწყო. მთავრობამ გადაწყვიტა, მწარმოებლებს ყურძნის რეალიზებაში დაეხმაროს, რაც ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდირების რაოდენობამ რქაწითელის ან კახური მწვანეს შემთხვევაში, 1 კგ-ზე 0.8 ლარიდან 0.3 ლარი შეადგინა. აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ყურძნის რეალიზაციის პროცესშიც ჩაერთვება. ღვინის სექტორის მხარდაჭერა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას.

ვინაიდან რთველი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ფერმერების მიერ გაყიდული ყურძნის რაოდენობისა და მათი შემოსავლების შესახებ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. 1-ლი ოქტომბრისთვის რთველი 2020-ში ღვინის მწარმოებელი 165 კომპანია და დაახლოებით 21 ათასი  მევენახე მონაწილეობს; გარდა  ამისა, დაახლოებით 227,2 ათასი ტონა ყურძენი გაიყიდა, ფერმერების შემოსავალმა კი 235,8 მლნ. ლარი შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში (2018-2019 წწ.) ფერმერთა შემოსავალი (314 მლნ. ლარი) და გაყიდული ყურძნის რაოდენობა (263 ათასი ტონა) განსაკუთრებით  მაღალი იყო.

2020  არ არის პირველი წელი, როდესაც მთავრობამ ყურძენი დაასუბსიდირა. ზოგადად, მთავრობა ორი სახის სუბსიდიას იყენებს: პირდაპირს და არაპირდაპირს. პირდაპირი სუბსიდირება ითვალისწინებს ფერმერისთვის ყურძნის ერთ კგ-ზე ფულადი თანხის გადახდას. არაპირდაპირი სუბსიდირება კი ხორციელდება  სახელმწიფო კომპანიების გავლით, რომლებსაც ფერმერისგან ყურძნის შესყიდვა ევალებათ.

მთავრობამ ამ სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. ამ გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგალენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისა იყო. 2008 წლიდან 2017 წლამდე ყურძენზე გაცემულმა ჯამურმა სუბსიდიამ (ფერმერებზე პირდაპირი გადახდა) 192 მლნ. ლარი შეადგინა.

ცხრილი 1. ყურძნისა და სუბსიდიის რაოდენობა, 2008-2017 წწ.

  2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019
გადამუშავებული ყურძნის მთლიანი რაოდენობა (ათასი ტ.) 40.1 22.4 23 43.5 42 92.8 122.7 148.1 117.8 133.4 250.1 275.2
პირდაპირი გადახდები ფერმერზე  (მლნ. ლარი) 6.1 5.5 4.7 8.7 14.8 32 32 35.7 35.5 13.6 0 0

 წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო, 2020 წ.

პირდაპირი სუბსიდირების გარდა, 2016-2017 წლებში, მთავრობამ წელიწადში საშუალოდ 40 მლნ. ლარი დახარჯა სახელმწიფო კომპანია „აკურას“ მეშვეობით ბაზარზე დარჩენილი, ჭარბი და, რიგ შემთხვევებში, დაზიანებული ყურძნის შესაძენად.

2018 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ 2088 წლის შემდეგ, 2018 იქნებოდა პირველი წელი, როდესაც სახელმწიფო აღარ დაასუბსიდირებდა  ყურძნის მოსავალს. თუმცა სახელმწიფო კომპანია აკურას დაევალა რთველი 2018-ის მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. აკურას მოუწია იმ ყურძნის შესყიდვა, რაც დარჩა ბაზარზე კერძო კომპანიების შესყიდვების შემდეგ. ამ შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 10 მლნ. ლარის ყურძნის შესყიდვის პროექტი დაამტკიცა. იგივე განმეორდა რთველი 2019-ის დროსაც; მთავრობამ სექტორი აკურას გავლით დაასუბსიდირა და 80 მლნ. ლარი დახარჯა ფერმერებისგან ყურძნის პირდაპირ შესყიდვაზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა (NWA)

მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ღვინის სექტორს ღვინის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. სხვა საკითხებთან ერთად, სააგენტო აკონტროლებს ღვინის წარმოების ხარისხისა და სერტიფიცირების პროცედურებს და ხელს უწყობს ქართული ღვინის გატანას უცხოურ ბაზრებზე. 2013-2016 წწ. ღვინის სექტორის მხარდაჭერაზე (მათ შორის ყურძნის სუბსიდირებაზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებაზე) მთავრობის მიერ გაწეულმა ხარჯებმა დაახლოებით 40 მლნ. ლარი  შეადგინა (იხ. გრაფიკი 1).

2017 წლიდან საქართველოს მთავრობამ  მინიმუმამდე შეამცირა სუბსიდირებაზე გაწეული დანახარჯები, რამაც 2018 წელს 9.2 მლნ. ლარი შეადგინა. ამავდროულად, გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და ღვინის ექსპორტი და 2019 წელს მაქსიმუმს მიაღწია. 2019 წელს ქართულმა ღვინის კომპანიებმა 271 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, და ექსპორტზე გაიტანეს 70.1 მლნ. ლიტრი ღვინო.

გრაფიკი 1. გადამუშავებული ყურძენი, ღვინის ექსპორტი და მთავრობის მიერ ღვინის სექტორზე გაწეული დანახარჯები მიმდინარე ფასებში


აქვს თუ არა სუბსიდიებს შედეგი?

ზოგიერთი კვლევის თანახმად, სუბსიდირება დადებით გავლენას ახდენს საწარმოს საქმიანობაზე. სუბსიდიას შეუძლია გაზარდოს საქონლის მიწოდება, შეამციროს მისი ფასი და გახადოს სუბსიდირებული საქონელი და მომსახურება მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი. მას შეუძლია დარგის გადარჩენა და საწარმოს განვითარებაში საჭირო ინვესტიციებს ხელშეწყობა. სუბსიდია ამცირებს ფულის ღირებულებას ფირმებისთვის, როდესაც, მაგალითად, ხდება სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსება. ეს საშუალებას აძლევს საწარმოებს, დაზოგონ რესურსები და მოახდინონ მათი ინვესტირება თავიანთი საწარმოს შემდგომ განვითარებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირება მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით და ე.წ. „საბაზრო ჩავარდნის“ საპასუხოდ (Summers, 1991), სუბსიდია ხელს უშლის ბაზრების ფუნქციონირებას და ასოცირდება შემდეგ ნეგატიურ გარემოებებთან:

• სუბსიდია წარმოშობს  არასწორ სტიმულებს ბაზრის მოთამაშეებში, რომლებიც შემდგომში დამოკიდებულები ხდებიან   სახელმწიფო სუბსიდიებზე. აკურას მიერ დაბალი ხარისხის ყურძნის შეძენამ შეიძლება ზოგიერთ ფერმერს უბიძგოს ყურძნის ხარისხის შემცირებისკენ;

• სუბსიდირების შედეგად, ზოგიერთი სექტორი იძენს კონკურენტულ უპირატესობას სხვა დარგებთან მიმართებაში. ეს იწვევს სექტორებს შორის ინვესტიციების არაეფექტიან განაწილებას. სახელმწიფო სუბსიდიის არსებობა უფრო მიმზიდველს ხდის დარგს  და ბევრმა მწარმოებელმა, სუბსიდიის არსებობის გამო, სხვა დარგებს შეიძლება მევენახეობა ამჯობინოს;

• კვლევასა და განვითრებაში  კერძო ინვესტიციები შეიძლება შემცირდეს სუბსიდიების გამო. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დანახარჯების დაფინანსების ძირითადი წყარო გადასახადებია, სუბსიდიებისთვის მეტი სახსრების მოძიების მიზნით გადასახადების გაზრდა, ამცირებს საწარმოს შემოსავლებს და მის შესაძლებლობას, განახორციელოს ინვესტიცია კვლევა-განვითარებაში;

• საქონლისა და მომსახურების წარმოების გაზრდის მიზნით სუბსიდიებმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წარმოება. ამის მაგალითია აკურას შემთხვევა, როდესაც იგი ყიდულობს ბაზარზე დარჩენილ ყურძენს;

• სუბსიდირებულ დარგებს ხშირად ლობირებენ, რაც იწვევს დარგებისადმი არათანაბარ, უსამართლო დამოკიდებულას.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში (2018-2019), ფერმერებისთვის პირდაპირი სუბსიდიების შემცირების შემთხვევაშიც, წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით, სექტორში ფიქსირდება ზრდა, დროა, სახელმწიფომ  შეწყვიტოს დარგის სუბსიდირება, რათა შეაფასოს, როგორ მუშაობს სექტორი სუბსიდიის არარსებობის პირობებში.


რა არის სუბსიდიის ალტერნატივა?

საჯარო სექტორს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ აქვს სტიმული, ისეთივე ეფექტური და ეფექტიანი ინვესტიციები განახორციელოს, როგორც კერძო სექტორს. მისი როლი ბაზარზე უნდა მდგომარეობდეს ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის გატარებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში. სუბსიდირების გარდა, რა ღონისძიებების გატარება შეუძლია სახელმწიფოს მეღვინეობის მხარდასაჭერად?

ასეთ ღონისძიებებს მიეკუთვნება ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაცია; მაღალხარიასხიანი ყურძნისა და ღვინის საწარმოებლად, მწარმოებლებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ყურძნისა და ღვინის მწარმოებლებისთვის მაღალი ხარისხის ექსტენციის სერვისის მიწოდება. ყველა ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად, გრძელვადიან განვითარებას და დაზოგავს სახელმწიფო რესურსებს, რომელიც ამჟამად ყურძნის სუბსიდირებაზე იხარჯება.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 იანვარი 2021

Captcha Image

Our Partners