ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თუშეთის სათემო ქსელი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის განვითარების მამოძრავებელი ძალა გახდა

2005 წელს, რადგან მობილური კავშირი არ იყო, ბიძაჩემს სოფელ ჯვარბოსლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწია, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარება ეხარებინა. ახლა 2020 წელია, თუშეთის დიდ ნაწილში, მათ შორის ჯვარბოსელშიც, მობილური კავშირი ისევ არ არის, თუმცა მოსახლეობა უკვე უკაბელო ფართოზოლოვანი ინტერნეტით უკავშირდება დანარჩენ სამყაროს!

თუ აქამდე თუშეთს მეცხვარეობითა და უგემრიელესი გუდის ყველით იცნობდნენ, დღეს ის უკვე მიმზიდველი ტურისტული ადგილია. თუშეთი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა, რომელიც, IUCN-ის კლასიფიკაციით, სამი ტიპის დაცულ ტერიტორიას აერთიანებს: თუშეთის ეროვნული პარკი, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის დაცული ლანდშაფტი (ამასთან, იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატის დაფუძნება განხილვის პროცესშია). გარდა ამისა, თუშეთი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და კულტურული მემკვიდრეობით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატიცაა.

2019 წელს ამ ულამაზესმა რეგიონმა 15 000 ტურისტს უმასპინძლა (APA, 2019), მიუხედავად იმისა, რომ თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომლის სიმაღლეც 2900 მეტრია. უღელტეხილი ზამთარში იკეტება და რეგიონი გარესამყაროსთვის მხოლოდ 4-5 თვეა (ივნისი-ოქტომბერი) ხელმისაწვდომი. 2014 წელს BBC-მ ეს გზა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზადაც კი შეაფასა.

რეგიონის მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის მხოლოდ გზა არ არის სირთულე, რეგიონში კავშირგაბმულობაც სერიოზული პრობლემაა – სოფლების მხოლოდ 40%-ს აქვს მობილური კავშირი, დანარჩენი სოფლები კავშირის გარეშეა დარჩენილი, რაც რეგიონის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომ ტურიზმი საკმაოდ კონცენტრირებულია და თუშეთის მხოლოდ რამდენიმე სოფლისთვის მოაქვს სარგებელი, დანარჩენი სოფლები კი არახელსაყრელ პირობებში არიან როგორც კომუნიკაციების, ისე ეკონომიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.


თუშეთის ინტერნეტი როგორც „სათემო ქსელი“
თუშეთის განვითარების ფონდი

თუშეთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2015 წელს თუშებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თუშეთის განვითარების ფონდი“ დააარსეს. ფონდის მიზანი თუშეთის სოციო-ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობაა, რისთვისაც თუშების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და თუშეთის უნიკალური ბუნების დაცვაზე ზრუნავენ.

ფონდი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს, იღებს შემოწირულობებს საზღვარგარეთ წასული (ემიგრანტი) თუ ადგილობრივად მცხოვრები თუშებისგან. ამიტომ ფონდი თუშების, მთავრობის (ადგილობრივი, რეგიონული თუ ცენტრალური) და დონორი ორგანიზაციების ძლიერი მხარდაჭერითა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. 

დაფუძნებიდან ოთხნახევარ წელიწადში ფონდმა 600 000 ლარის მოზიდვა შეძლო, რითიც დააფინანსა და განახორციელა 25-ზე მეტი პროექტი, იმ პირობებში როცა ფონდის მენეჯმენტი უხელფასოდ, საზოგადოებრივ საწყისებზე (ენთუზიაზმზე) მუშაობს. ფონდის ინოვაციურ პროექტებს განეკუთვნება: სოფლების უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტით მომარაგება, თუშეთის შიდა გზების გასაწმენდად ექსკავატორის მუშაობა, თუშეთის სათემო საბჭოს („საბჭეოს) ჩამოყალიბება და სხვ.

როგორც წესი, თანამედროვე კომუნიკაციის სერვისების (მობილური, ინტერნეტი და სხვ.) მიწოდებას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. თუმცა ასეთი სერვისების პერიფერიული რეგიონებისთვის მიწოდება ძვირი ჯდება, რადგან მომხმარებლების, ზოგადი ინფრასტრუქტურისა (მაგ.: გზის) და კომუნალური მომსახურებების (მაგ.: ელექტროენერგიის) სიმწირე ხარჯებს ზრდის. ასეთ ადგილებში კომუნიკაციების განვითარება არ არის მომგებიანი და კერძო კომპანიებსაც ხშირად ნაკლებად აინტერესებთ ასეთ ბაზრებზე შესვლა. შედეგად, მაღალმთიანი რეგიონები ვერ იღებენ მნიშვნელოვან სერვისებს. ეკონომისტები ამ ფენომენს „საბაზრო ჩავარდნას“ უწოდებენ. არადა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის სერვისები მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობაში ტრანზაქციის ხარჯების შემცირებისა და ბაზრის გაფართოებისთვის (მაგ. სოფლის მეურნეობის მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტები თუ ტურიზმი).

ტელეკომუნიკაციის სექტორში საბაზრო ჩავარდნის პასუხად მსოფლიოში ე.წ. „სათემო ქსელები“ იქმნება: ადგილობრივი თემი თავად აწყობს, ფლობს და მართავს საკომუნიკაციო სისტემებს. „მოსახლეობა, ღიაობისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, საკომუნიკაციო ქსელებს ერთობლივად აშენებს, ფლობს, ამუშავებს და იყენებს“ (GISWatch, 2018). ხშირად ასეთი სათემო ქსელები მოხალისეობრივად იქმნება და კომერციული ინტერესი არ არის, ამიტომ სირთულეებთან გამკლავებაც ბევრად უფრო ხარჯ-ეფექტურად ხდება.

მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოება (Internet Society – ISOC) მხარს უჭერს სათემო ქსელის განვითარების კონცეფციას, რათა იზოლირებული რეგიონები გარე სამყაროსთან დააკავშიროს. 2017 წელს საქართველომაც ისარგებლა ამ კონცეფციით და უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტი მიაწოდა თუშეთის ხეობებში მცხოვრებ მოსახლეობას. თუშეთის პროექტს სათემო ორგანიზაცია თუშეთის განვითარების ფონდი ახორციელებს.

თუშეთის განვითარების ფონდმა ძირითადი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა ინტერნეტ საზოგადოების, მათი ქართული განყოფილებისა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციისგან მიიღო. პროექტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი (ახმეტის მუნიციპალიტეტის) თვითმმართველობაც ეხმარება. 2019 წელს ფონდმა ახალი დაფინანსება  ჩეხეთის საელჩოსგან მიიღო, რაც თუშეთის ინტერნეტ-ეკოსისტემის განვითარებასა და გაფართოებას მოხმარდა.

თუშეთის უსადენო ინტერნეტის სისტემა 12 ანძასა და გადამცემს აერთიანებს, რომლებიც ზღვის დონიდან 1800-3000 მეტრზეა განლაგებული. თორმეტივე ანძა მზის ენერგიაზე მუშაობს. ამ ინოვაციური პროექტის დახმარებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტი უკვე თუშეთის თითქმის ყველა სოფელს მიეწოდება. ამან ადგილობრივებს შესაძლებლობა მისცა, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ავთენტური ხელნაკეთი ნივთების დარგებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობებით ისარგებლონ (ISOC, 2018). მეტიც, თუშეთის იმ სოფლებისთვის სადაც მობილური ქსელები არ იჭერს, მაგრამ ინტერნეტი კავშირის ერთადერთი წყაროა,- გაჩნდა არაერთი ახალი შესაძლებლობა. მაგალითად, ძირითადი საკომუნიკაციო არხები გაიხსნა არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ჯანდაცვისა და სხვა სასწრაფო-გადაუდებელი დახმარებისთვისაც (ISOC, 2017).

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი საჯარო-კერძო განვითარების პარტნიორობის მართლაც რომ წარმატებული მაგალითია. პროექტი, რომელსაც ხშირად #wifitusheti ეძახიან, მდგრადი (სოციალური) ბიზნეს-მოდელის მაგალითია, რაც განისაზღვრება: ა) სათემო განვითარების მოდელით (თუშეთის განვითარების ფონდის მეშვეობით), სადაც თემის წევრები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობრივი შრომა თემისა და რეგიონის განვითარებისათვის; ბ) ძლიერი ინტერნეტ-მომხმარებლებით (მეტწილად კერძო სექტორი ტურისტული ბიზნესიდან), რომლებიც სარგებლობენ ინტერნეტით და სერვისის ყოველთვიურ საფასურს იხდიან (თვეში 50 ლარს, რაც საოჯახო სასტუმროსთვის ერთი ტურისტის ერთი ღამით დარჩენის საფასურია). აღსანიშნავია, რომ თუშეთის რამდენიმე ათეულ მუდმივ მაცხოვრებელს ზამთრის პერიოდში (ნოემბერ-მაისი) ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება!

თუშეთის განვითარების ფონდის მონაცემებით, თითქმის ყველა საოჯახო სასტუმრო იყენებს ინტერნეტს და ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის მომხმარებელთა რაოდენობა 120-ს მიაღწევს და თუშეთის ყველა სოფელს დაფარავს.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი ფართოდ აღიარებულია, როგორც წარმატებული ინოვაციური პროექტის მაგალითი. პროექტზე ISOC-სა და GISWatch-ის ვებ-გვერდებზე დაიწერა და მსოფლიო მედიის ისეთმა გიგანტებმაც კი გააშუქეს, როგორიც New York Times და Deutsche Welle-ია. პროექტის პრეზენტაცია 2018 წლის თბილისის TEDx-ზეც იქნა წარმოდგენილი. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ამ ყველაფერმა გაზარდა თუშეთის ცნობადობა და არაერთი მოგზაურს მოიზიდავს საქართველოს ამ წარმტაც რეგიონში.

* * *

თუშეთის სათემო ქსელის, როგორც წარმატებული საპილოტე პროექტის რეპლიკაცია მოხდა საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებსა (ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი)  და ყირგიზეთში.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

Captcha Image

Our Partners