ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – I ნაწილი

წელს, საქართველოს თითქმის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, გოდერძის გარდა, თოვლის ნაკლებობის გამო, ზამთრის სეზონი უჩვეულოდ გვიან დაიწყო. ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობაზე მიმდინარე ცხარე განხილვების ფონზე, თოვლის ნაკლებობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ქვეყანაში ზამთრის ტურიზმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის სამომავლო პერსპექტივებზე კითხვები გააჩინა. მსგავსი განვითარება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც კი აცხადებს, რომ სამთო ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი (UNWTO, 2015). გაუთვალისწინებელი კლიმატური ცვლილება შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთად დააწვეს ქვეყანას და შეანელოს ზამთრის ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული ყველა სახის ეკონომიკური ზრდა. ამ ბლოგის მიზანია, უპასუხოს ზოგიერთ კითხვას, რომელიც დაისვა საქართველოში ზამთრის ტურიზმის სექტორთან მიმართებში, შეაფასოს მასზე კლიმატის ცვლილების შესაძლო ზემოქმედება და წარმოგიდგინოთ არსებული ფაქტები, მონაცემები და კვლევის შედეგები.


რამდენად მნიშველოვანია ზამთრის ტურიზმი საქართელოსთვის?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ტურიზმის წვლილმა მთლიან შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 7.5% და ქვეყნის მთლიანი მომსახურების ექსპორტის 75% შეადგინა. ამასთან, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს 2019 წლის კვლევის მიხედვით, 2018 წელს, მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა 519 000 სამუშაო ადგილი შეინარჩუნა (დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%) და პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია აღნიშნული რაოდენობის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ყველაზე პოპულარული ტურისტული სეზონია, საქართველოში ტურიზმის 25% ზამთრის თვეებზე ნაწილდება. ამასთან, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ზამთრის პერიოდში მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გოდერძის გარდა)1 ბოლო წლების განმავლობაში მზარდია (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. შიდა და საერთაშორისო ვიზიტები2, 2015-2019 წწ. ზამთრის სეზონი

ამრიგად, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი მზარდი წვლილისა და შექმნილი პოზიტიური მოლოდინების გამო, სრულიად გასაგებია სექტორზე კლიმატის ცვლილების შესაძლო ნეგატიური გავლენის მოხდენასთან დაკავშირებული წუხილი.


როგორია კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედება საქართელოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე?

არსებობს ორი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ზამთრის ტურიზმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრად: თოვლით დაფარვის დღეების რაოდენობა და თოვლის საფარის სიღრმე. ჩვენი დისკუსია თავდაპირველად შეეხება არსებული ტემპერატურისა და ნალექის პროგნოზს, რადგან ისინი გავლენას ახდენს ორივე მაჩვენებელზე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2007 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალური საშუალო ჰაერის ტემპერატურის 1°C-ით გაზრდა თოვლის ხაზს 150 მ-ით გაზრდის, რაც უარყოფითად აისახება ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე მდებარე ზამთრის კურორტებზე. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში უფრო თბილი კლიმატი გამოიწვევს თოვლის ჩანაცვლებას წვიმით და შეამცირებს ზამთრის სეზონს თოვლის ადრეული დნობის გამო3.

ტემპერატურისა და ნალექის პროგნოზი მოცემული და განხილულია რამდენიმე რეგიონული, ეროვნული და მუნიციპალური დონის დოკუმენტში; სავარაუდოდ, მათგან ყველაზე სრულყოფილია USAID-ის დაფინანსებით 2016 წელს შექმნილი ანგარიში – კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევი. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გამოყენებული მეთოდოლოგიის სიძლიერისა, მოცემული პროგნოზები საკმაოდ გრძელვადიანია და, შესაბამისად, შესაძლოა არ იყოს ზუსტი. მიუხედავად ამისა, ჩვენი დისკუსია აღნიშნულ ანგარიშს ეყრდნობა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია ზამთრის სეზონის კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებები ძირითად პარამეტრებში, ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტისთვის, ორი პერიოდის განმავლობაში: 2021-2050 წწ. და 2071-2100 წწ., იმ დაშვებით, რომ მოსალოდნელია ”ძალიან სწრაფი (გლობალური) ეკონომიკური ზრდა, მსოფლიოს მოსახლეობის პიკური რაოდენობის მიღწევა საუკუნის შუა პერიოდში, შემდეგ კი მისი შემცირება და, ამასთან ერთად, ახალი და უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა”, ისევე როგორც ენერგიის ყველა წყაროს დაბალანსებული გამოყენება4.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ზამთრის ყველა კურორტზე მოსალოდნელია ზამთრის სეზონზე ტემპერატურის საშუალო ან მაღალი მატება და თოვლისსაფარიანი დღეების რაოდენობის შემცირება საუკუნის ბოლოსკენ.  ამავდროულად, სეზონური საშუალო ნალექის მაჩვენებელი და თოვლის საფარიანი დღეების საშუალო წლიური მაჩვენებელი იცვლება რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მესტიაში, გოდერძსა და ბაკურიანში, საშუალოდ, მოსალოდნელია ნალექის ზრდა მომდევნო 25 წლის განმავლობაში, გუდაურში კი, სავარაუდოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ნალექებიანობა შემცირდება. თოვლის საფარის სიღრმე 2021-2050 წლებში გაიზრდება მესტიასა და გუდაურში, თუმცა გოდერძში და ბაკურიანში შესაძლოა თოვლის საფარის შემცირება ან არსებული მაჩვენებლის შენარჩუნება. 2071-2100 წწ. პერიოდისთვის, ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე კლიმატის ყველა ძირითადი პარამეტრი გაუარესდება, რაც ზამთრის ტურიზმის განვითარების არასახარბიელო პერსპექტივებზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ტურიზმის სექტორზე და საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი ეკონომიკური ზემოქმედება ბევრად უფრო სიღრმისეულ და სისტემურ ანალიზს მოითხოვს, არსებული პროგნოზები მიგვითითებს პოლიტიკის შემქმნელების მიერ, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე, საკითხის დღის წესრიგში დაყენების და შესაძლო შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების ძიების საჭიროებაზე.

ცხრილი 1. კლიმატის პარამეტრის პროგნოზები (I) 2021-2050 წწ. და (II) 2071-2100წწ. ს შედარება 1961-1990 წწ.-თან

კატეგორია პერიოდი მესტია გუდაური გოდერძი Bakuriani
ზამთრის საშუალო ტემპერატურის ცვლილება (°C)5 I (1.35 -1.36) (1.42 - 1.43) (1.31 - 1.34) (1.40-1.41)
  II (3.49-3.59) (3.32-3.38) (3.21 -3.25) (3.16-3.20)
ზამთრის თვეების საშუალო წლიური რაოდენობის ფარდობითი ცვლილება (%)6 I (5.1-7.3) (-2.9 - -1.1) (3.5-5) (2-3.4)
  II (-1.3 -2) (-8.1 - -6.2) (-3.9 - -1.4) (-6.1 - -4.0)
თოვლიანი დღეების საშუალო წლიური რაოდენობის ცვლილება7 I (-39.9--26.3) (-21.6--20.4) (-18.1 - 17.1) (-17.0 - 15.0)
  II (-65.2 - 58.7) (-51.1 - 48.3) (-48.2 - -43) (-48.2 - -43)
თოვლის საფარის სიღრმის ცვლილება (%) I (14.5 - 36.6) (0.1 - 14.4) (-10.2 -0.0) (-10.2 -0.0)
  II (-31.7 - 21.1) (-44.1 - 31.8) (-31.7 - 21.1) (-21.0 - 10.9)

წყარო: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკლვევი (USAID)


რა გაკეთდა და კიდევ რისი გაკეთებაა კვლავაც შესაძლებელი ადაპტაციისთვის

საერთაშორისო დონორების მიერ მიწოდებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა დიდ შესაძლებლობებს ქმნის (მწვანე კლიმატის და კიოტოს პროტოკოლის ადაპტირების ფონდი)8, როგორც კვლევისთვის, ისე ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებისთვის. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველომ ჯერჯერობით ვერ შეძლო აღნიშნული რესურსების სათანადოდ გამოყენება.

ამავდროულად, ჩატარებული ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესასწავლად და ადაპტაციისა და შემამსუბუქებელი ქმედებების გამოკვეთისა და განხორციელების მიზნით, ეროვნული, მუნიციპალური და დარგობრივი მიმართულებებით, ხასიათდებოდა მცირემასშტაბიანობითა და არაკოორდინირებულობით. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამოდენიმე სამართლებრივი და პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განიხილავს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროცესებს (მაგალითად, კანონი ,,გარემოსდაცვის შესახებ“, საქართელოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა (NEAP) და ‘ეროვნული დონეზე განსაზღვრული წვლილის’ დოკუმენტიც ), კავშირი მუნიციპალური და დარგობრივი ტურიზმის განვითარების სტრატეგიებთან არ არის ჩამოყალიბებული.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების დასაძლევად, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის შეგროვება და პრობლემის შესწავლაა. ეს შეიძლება გახდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების საფუძველი და ამის შედეგად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მომავალი განვითარების მკაფიო ხედვაც.

ზამთრის ტურიზმის სექტორისთვის გამიზნული წარმატებული შერბილების / ადაპტაციის სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს მრავალფეროვან ღონისძიებებს, საკურორტო ზონების და მათი დამაკავშირებელი დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ზამთრის კურორტებზე საქმიანობის დივერსიფიკაციას და ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა ამინდის დერივატივი. თითოეულ ღონისძიებას უფრო დეტალურად განვიხილავთ მომდევნო ბლოგში.

ამ ეტაპზე, უნდა ვაღიაროთ, რომ მთა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული რესურსია, კლიმატის ცვლილება კი ნამდვილად წარმოადგენს სერიოზული დაბრკოლებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფიქრი ზეგავლენის შერბილებისა და ადაპტაციის ეფექტიან ზომებზე, პროგნოზირებული ამინდის გამოწვევების საპასუხოდ. დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ საკითხები კომპლექსური და საკმაოდ რთულია, შესაბამისად, საჭიროა უფრო დეტალური კვლევა და დაგეგმვა; ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.


1 გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტის მონაცემები შიდა და საერთაშორისო ვიზიტების და ვიზიტის ღირებულების შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი.
2 წინა წლის მეოთხე კვარტლის და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჯამური მონაცემები.
3 თოვლის დნობა ხდება 0°C საშუალო დღიურ ტემპერატურაზე და დამოკიდებულია დნობის ფაქტორზე (Steiger & Scott, 2020).
4 კვლევა: რეგიონული კლიმატის მოდელი (RegCM 4.0) და გლობალური კლიმატის მოედლი a EH5OM (MPI, ჰამბურგი), properly downscaled and compiled to Georgia, was applied for projections of climate change and climate variability in the country. The period of 1959-2100 was chosen due to Georgia’s Third National Communication in the UNFCCC.
5 1961-1990 წწ. ზამთრის პერიოდი, საშუალო ტემპერატურა მესტიაში -4.3 °C და გოდერძში -6.8 °C.
6 1961-1990 წწ. ზამთრის პერიოდი,ნალექის საშუალო დონე მესტიაში 185 მმ. და 361 მმ. გოდერძში.
7 1956-1985 წწ. ზამთრის პერიოდი, თოვლიანი დღეების საძალო რაოდენობა ზამთრის სეზონზე: მესტია - 111, გუდაური - 172, გოდერძი - 180, ბაკურიანი - 127.
8 The United Nations Framework Convention on Climate Change (UNFCCC).


 მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 30 მაისი 2020

Captcha Image

Our Partners