ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თბილისი: მზარდი ქალაქი მზარდი საჭიროებებით

2014 წლამდე თბილისის მოსახლეობის რიცხვი მეტნაკლებად მუდმივი იყო და, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მცირე ტემპით იკლებდა კიდეც. 2014 წლიდან კი დედაქალაქის მიმართულებით მიგრაცია იზრდება, როგორც ეს ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული.

მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში გვხვდება. საშუალოდ, გლობალური მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად ქალაქებში ცხოვრობს და, გაეროს უახლესი ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 66%-მდე გაიზრდება1. საქართველო ამ ნიშნულს უკვე მიუახლოვდა. ქვეყნის უდიდესი შვიდი ქალაქი მთლიანობაში 1,8 მილიონ მოსახლეს ითვლის. უახლესი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 59% ურბანულ ზონებში ცხოვრობს, თბილისში კი – მთლიანი მოსახლეობის 32%2.

მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, მზარდი ურბანიზაციის შედეგად, თბილისიც დადგა ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი წნეხის პრობლემის წინაშე. მომავალში ამ ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.

უდავოა, რომ  ურბანიზაცია ქალაქებში კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს. ახალჩამოსულები, რომელთაც ქალაქის ფართო შესაძლებლობები იზიდავთ, ბიზნესს იწყებენ ან მზარდ კომპანიებს უერთდებიან, რაც ეკონომიკის ყველა ადგილობრივ სექტორს უწყობს ხელს. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ეკონომიკური ზრდა იმ დოზით დაიტვირთოს გადასახადებით, რომ შემდეგ ქალაქებმა ფუნქციონირება განაგრძონ. ეს გულისხმობს საკმარისი თანხების მობილიზებას, რათა რეაბილიტირდეს არსებული და განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურა. ამის გარეშე შეიძლება უფრო და უფრო მეტი უხარისხო საცხოვრებელი დასახლება გაჩნდეს, საიდანაც არათუ გადასახადები აიკრიფება, არამედ შესაძლოა ეს ადგილები პრობლემების ეპიცენტრიც კი გახდეს. თბილისის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა იცის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობისა და შესაბამისი ურბანული დაგეგმარების არარსებობის შედეგად უხარისხოდ აშენებული საცხოვრისები მომრავლდა. ჯერ კიდევ არ გამქრალა 1990-იანი წლების „კამიკაძე აივნები,“ რომლებშიც ისევ მრავალი ოჯახი განაგრძობს ცხოვრებას3.

ეს სტატია მთავრობის მიერ ახლახან შემუშავებულ 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიას ეხმიანება და რამდენიმე ფაქტს განიხილავს, რომლებიც მთავრობამ სტრატეგიის კონკრეტული პოლიტიკების შემუშავებისას უნდა მიიღოს მხედველობაში.


რას გვეუბნება ეკონომიკური თეორია ადგილობრივი მმართველობების გაძლიერებაზე?

სტანდარტული ეკონომიკური არგუმენტის მიხედვით, დიდ ქალაქებს უნდა ერგებოდეთ გადასახადების ის წილი, რა წილიც  ამ ქალაქებში შემქნილი დამატებითი ღირებულების პროპორციულია. შემდეგ კი გადასახადები გამოყენებულ უნდა იქნას ინფრასტრუქტურაში ინვესტირებაში, რაც, თავის მხრივ, დამატებით ღირებულებას შექმნის. თეორიულად, ადგილობრივი საზოგადოებრივი სიკეთეების დაფინანსების დეცენტრალიზაციამ შემდეგი ღონისძიებების დახმარებით უკეთეს მმართველობამდე უნდა მიგვიყვანოს: რესურსების განაწილების ეფექტიანობა, ანგარიშვალდებულება და ხარჯების ანაზღაურება4. რაც შეეხება თანხების მოზიდვას, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ შემდეგ ძირითად წყაროებს დაეყრდნონ:

  1. სესხები, რაც ამჟამად ნებადართული არ არის;
  2. საკუთარი შემოსავლები (გადასახადები, მოხმარების საკომისიო);
  3. ტრანსფერები ცენტრიდან.

ემპირიული მტკიცებულებები, რომლებიც დეცენტრალიზაციას უკეთესი მმართველობის წინაპირობად მიიჩნევს, ცალსახა არ არის, რასაც ხშირად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ადამიანური რესურსებიც: ადგილობრივ დონეზე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა არსებობს; ეს კი კორუფციასა და მაღალ სოციალურ ხარჯებს განაპირობებს (Mauro, 1995, Tanzi and Davoodi, 1998)5. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ შეფასდეს ადგილობრივი მმართველობის შედარებითი უპირატესობები, რათა მათ პასუხისმგებლობა ისეთ სამთავრობო სერვისებზე მიენიჭოთ, რომელთა შესრულებაც ადგილობრივ, ყველაზე ქვედა რგოლის მმართველობას ეფექტიანად შეუძლია6. ეს მარტივი არ არის და მსოფლიოში ამ საკითხს სხვადასხვაგვარად უდგებიან.


თბილისის მაგალითი

საბჭოთა კავშირში არსებობდა კონვენცია, რომელიც უპირატესობას დიდი ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარებას ანიჭებდა (ძირითადი მაგალითებია მოსკოვი და ლენინგრადი7). ამასთან, მკაცრად კონტროლდებოდა (იზღუდებოდა) მიგრაცია  დედაქალაქების მიმართულებით, ე.წ „პროპისკის“ (ბინადრობის ნებართვა) სისტემით. ამავდროულად, პატარა ქალაქებში განვითარებული იყო მრეწველობის გარკვეული დარგები (ფაბრიკა-ქარხნები). საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ინდუსტრიული დარგების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, „პროპისკის“ სისტემა ფაქტობრივად გაუქმდა, რამაც დიდი ქალაქების მიმართულებით მიგრაციის ზრდა გამოიწვია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისი მრავალი მიმართულებით განვითარდა და თანამედროვე ქალაქის შესაფერის პირობებს გვთავაზობს. არაერთგან შეიცვალა და განახლდა საბჭოთა კავშირისდროინდელი ინფრასტრუქტურა. თუმცა ბევრ ადგილას უკუსვლა აშკარაა და ინფრასტრუქტურა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. არსებულის რეაბილიტაციასთან ერთად, საჭიროა მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ახალ ინფრასტრუქტურაში. ამასთან, თბილისმა დამატებითი სახსრები უნდა გაიღოს გარეუბნებში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით იმის გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური აქტივობის 50% თბილისზე მოდის, მაშინ როდესაც მისი ბიუჯეტური შემოსულობები მის მიერ შექმნილი დოვლათის მხოლოდ 4%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის – 1.8%-ს.

2019 წელს თბილისის ბიუჯეტის მეოთხედი (დაახლოებით 81 მლნ. აშშ დოლარი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებზე განაწილდა, რაც აღდგენითი სამუშაოს ხარჯებსაც (47 მლნ. აშშ დოლარი) მოიცავს. ამასთან, თბილისის ბიუჯეტის დაახლოებით 20% ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა, მათ შორის, დაზიანებული შენობების აღდგენით სამუშაოებზე.

აშკარაა, რომ  ნორმალურად ფუნქციონირებადი მზარდი ქალაქისთვის ეს ბიუჯეტი   გონივრულ ზღვარს ქვემოთ არის და ამ პირობებში თბილისის საჭიროებების დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელია. სტრატეგიაში ამ საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს.


ასე ცუდადაა ყველაფერი?

არც მთლად ასეა. თბილისს შეუძლია მნიშვნელოვან ფინანსურ აქტივებს დაეყრდნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ბოლოს 2020 წლის დასაწყისში იმყოფებოდა. ვიზიტი თბილისში საცხოვრებელი ქონების ფასის ინდექსის მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. აღმოჩნდა, რომ, თუ მანამდე უძრავი ქონების კვ. მ.-ს ფასი რეალურ ღირებულებასთან შედარებით დაბალი იყო, 2019 წლის დასაწყისიდან როგორც ბინებისთვის, ისე კერძო სახლებისთვის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია უამრავ ეკონომიკურ ფაქტორზე მეტყველებს; მათ შორის, იმ მზარდ დამატებით ღირებულებაზეც, რომლის მიღებაც ადამიანებს დედაქალაქში დასახლების შედეგად შეუძლიათ.

როგორ შეიძლება შეფასდეს ის კეთილდღეობა, რომლის მიღებაც თბილისში ცხოვრებითაა შესაძლებელი? რა ხდება სხვა ქვეყნებში, რომელთაც საქართველოს მსგავსი წარსული და მოსახლეობის განაწილება აქვთ? ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ამ საკითხების შესასწავლად შედარებითი კვლევა ჩაატარა. შეგიძლიათ ჩვენს Facebook-ის გვერდსა და „Policy Pulse-ის“ საინფორმაციო ბიულეტინს ადევნოთ თვალი, რათა ახალი პუბლიკაციები არ გამოგრჩეთ.


[1] World Cities Report 2016, Urbanization and Development: Emerging Futures.
[2] წყარო: საქსტატი: მოსახლეობის რიცხოვნობა, რეგიონებისა და საქალაქო-სასოფლო დასახლებების მიხედვით, 2020 წ.
[3] ე.წ. "კამიკაძე აივნები" ძალიან გავრცელებული იყო 1990-იან წლებში. ახლა მსგავსი მიშენებები აკრძალულია, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს, რადგან ადამიანები კვლავ ცხოვრობენ ასეთ საცხოვრისებში.
[4] Decntralization, Governance and public services: The impact of institutional arrangements, O. Azfar et al., IRIS Center, University of Maryland, 1999.
[5] Mauro, P., 1995, ‘Corruption and Growth’, The Quarterly Journal of Economics, and Tanzi, V. and H. Davoodi, 1997, ‘Corruption, Public Investment, and Growth,’ IMF Working Paper 97/139 (Washington DC).
[6] « Subsidiary principle » or « decentralization theorem », see Oates (1972, 1999).
[7] Becker, Charles, S. Joshua Mendelsohn, and Kseniya Benderskaya. Russian urbanization in the Soviet and post-Soviet eras. Human Settlements Group, International Institute for Environment and Development, 2012.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 11 მაისი 2021

Captcha Image

Our Partners