ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მთავარია, ვისთან ერთად აწარმოებ და არა – ვინ არის შენი სავაჭრო პარტნიორი: საქართველოს ინტეგრაციის ანალიზი გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში

გლობალური ღირებულებათა ჯაჭვები და შეფარდებითი უპირატესობის ბუნების ცვალებადობა

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთი პროდუქტის წარმოება, როგორც წესი, დედამიწის მრავალი ქვეყნის საწარმოო რესურსების ჩართულობას გულისხმობს. მაგალითად, ტიპური iPhone-ის წარმოების პროცესში 7 ქვეყანაა ჩართული: აშშ, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი და შვეიცარიაც კი. ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს გლობალური ღირებულების ჯაჭვების სახელით მოიხსენიებენ. გლობალური ღირებულების ჯაჭვების აღმოცენებამ ორიოდე ათწლეულზე მეტი ხნის წინ გარდაქმნა ეკონომისტების შეხედულებები ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობისა და წარმოების სპეციალიზაციის შესახებ. ასევე შეიცვალა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანამ იმისათვის, რომ წარმატებით ინტეგრირდეს მსოფლიო სავაჭრო ქსელებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს გლობალური ვაჭრობისგან.

წარსულში, ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობა კონკრეტულ პროდუქტებს უკავშირდებოდა (მაგ., დევიდ რიკარდოს კლასიკური მაგალითის თანახმად, პორტუგალია სპეციალიზირებული უნდა ყოფილიყო ღვინოზე და აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი უნდა განეხორციელებინა მაშინ, როცა  ინგლისს ქსოვილზე უნდა მოეხდინა სპეციალიზირება). „ღვინო ქსოვილის სანაცვლოდ“ მოძველებული მიდგომაა, რომელმაც მრავალი განვითარებადი ქვეყანა შეცდომაში შეიყვანა, იმპორტის ჩანაცვლებისა და ახლადაღმოცენებული ინდუსტრიის პროტექციონიზმის გზით. გარკვეული ინდუსტრიების პროტექციონიზმით, ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ სამომავლოდ განავითარებდნენ შესაძლებლობებს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე კონკრეტული საქონლის წარმოებისა და ექსპორტისთვის (მაგ., ბრაზილიამ წარუმატებლობა განიცადა საკუთარი ახლადწარმოქმნილი კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიის პროტექციონისტული ზომებით განვითარებისას).

გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების წარმოქმნისა და წარმოების ფრაგმენტაციის პირობებში, შუალედური სამრეწველო საქონლის იმპორტის წილმა 50%-ზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული მომსახურების 70% შუალედურ მომსახურებას წარმოადგენდა. გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობის გახდა არა მხოლოდ შედარებით დიდი ზომის სწრაფად მზარდი ბაზრებისთვის, არამედ მცირე განვითარებადი ეკონომიკებისთვისაც. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობა ქვეყნებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზით არის სარგებლის მომტანი: 1) შიდა კაპიტალის და შრომის ბაზარები უფრო დიდ სარგებელს იღებს ვაჭრობიდან; 2) ექსპორტი უფრო იხვეწება – ეს პროცესი ცნობილია როგორც ”პროდუქტის გაუმჯობესება”; 3) საექსპორტო ბაზა უფრო დივერსიფიცირებული ხდება; 4) ქვეყნებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, ცოდნის და ტექნოლოგიების გაზიარება უფრო ხელმისაწვდომია. ამ სიკეთეებს იღებენ არა მხოლოდ მსხვილი კომპანიები, არამედ მცირე და საშუალო საწარმოებიც, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ სისწრაფე და მოქნილობა გლობალურ ბაზარზე ნიშის დასაკავებლად.


არიან თუ არა განვითარებადი ქვეყნები მზად, ისარგებლონ უპირატესობებით?

და მაინც, აშკარა უპირატესობების მიუხედავად, განვითარებად ქვეყნებს უჭირთ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში ინტეგრირება. მათთვის აღნიშნულ ჯაჭვებში მონაწილეობის შეფერხებები ხშირად ინსტიტუციურ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა ხელშეკრულების შესრულებადობა, ბიზნესგარემოს სიმტკიცე და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი. ეს ფაქტორები, სამუშაო ძალის ხარისხსა და ინფრასტრუქტურის არარსებობასთან ერთად, განსაზღვრავს, რამდენად შეუძლიათ ქვეყნებს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობა და მათგან სარგებლის მიღება. ამ საკითხების დასადგენად, პირველ რიგში, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რამდენად არიან ქვეყნები ინტეგრირებულნი გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში, სად იმალება სუსტი მხარეები და რა შეიძლება გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად.

ჩვენმა ჯგუფმა ახლახან დაასრულა კვლევა გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის1 (CAREC) წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს2 მონაწილეობის შესახებ.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რამდენად ინტეგრირებულნი არიან CAREC-ის ქვეყნები ერთმანეთის ღირებულებათა ჯაჭვის წარმოების პროცესში (ე.ი. რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვების ინტეგრაცია); რამდენად არიან ისინი ჩართული გლობალური ღირებულებათა ჯაჭვებში და როგორ შეიცვალა აღნიშნული ტენდენციები დროთა განმავლობაში.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენ გლობალური და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეობის ინდექსი (RVC / GVC Index) გამოვთვალეთ CAREC-ის თითოეული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის3. ინდექსი განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნის შიდა და უცხოური დამატებითი ღირებულების წილის საერთო ოდენობით კონკრეტული ქვეყნის ექსპორტში. მაგალითად, ინდექსი თუ 40%-ია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 40% სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონლისგან ან შუალედური საქონლისგან შედგება, რომელიც იწარმოა ქვეყნის შიგნით და მოგვიანებით სავაჭრო პარტნიორის ექსპორტის ნაწილი გახდა. საერთო ჯამში, რაც უფრო მაღალია ინდექსის მაჩვენებელი, მით უფრო მეტია ამა თუ იმ ქვეყნის მონაწილეობის ინტენსივობა გლობალურ ან რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში.

ინდექსის მონაცემები სამ მნიშვნელოვან დროის მონაკვეთში გავაანალიზეთ: 2006 წელს (2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის წინ); 2012 წელს (გლობალური ფინანსური კრიზისიდან 1 წლის შემდეგ, მაგრამ ნავთობის ფასების ვარდნისა და ევროპისა და ცენტრალური აზრიის ქვეყნებში რეგიონული ვალუტის კრიზისის დაწყებამდე); 2015 წელს (რეგიონული ზრდისა და მოთხოვნის შემცირების წელი, რაც ნავთობის დაბალი ფასებით, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში პოლიტიკური არასტაბილურობით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომით და გლობალური მასშტაბით უფრო მაღალი პროტექციონიზმის ზომების მიღებით იყო გამოწვეული).

კვლევის მიგნება: საქართველო და CAREC-ის სხვა ქვეყნები ერთმანეთთან და მსოფლიოსთან არ არიან მჭიდროდ ინტეგრირებულნი.

 

კვლევამ ცხადყო, რომ CAREC-ის ქვეყნები მჭიდროდ არ არიან ინტეგრირებული წარმოების პროცესებში. 2015 წლის მონაცემებით, მონღოლეთი (18.9%) და ყირგიზეთი (15.2%) ყველაზე მეტად არიან ინტეგრირებულნი CAREC-ის რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში, მესამე ადგილს 8.8%-ით პაკისტანი იკავებს, მეოთხე ადგილზე კი 6%-ით ტაჯიკეთია. აღსანიშნავია, ისიც, რომ CAREC-ის ქვეყნები არ არიან საკმარისად ინტეგრირებულნი გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში. გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებელი CAREC-ის ქვეყნებისთვის, 2015 წლის მონაცემებით, 40.1%-ია. მაგალითად, 2009 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს გლობალური ღირებულებათა ჯაჭვის ინდექსი 40%-ია, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების (OECD) სხვა მსგავსი ქვეყნების (მაგალითად, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, ნორვეგია) შემთხვევაში, რომელთა მოსახლეობა რაოდენობრივად შედარებით მცირეა, აღნიშნული ინდექსი 50%-ზე მეტია.

ცხრილი 1. GVC და RVC მონაწილეობის ინდექსები CAREC-ის ქვეყნებისთვის

ქვეყანა 2006 2012 2015
  RVC GVC RVC/GVC RVC GVC RVC/GVC RVC GVC RVC/GVC
ყაზახეთი 4.69% 59.44% 7.89% 5.23% 55.25% 9.46% 4.53% 51.60% 8.78%
თურქმენეთი 4.93% 52.10% 9.47% 6.86% 53.89% 12.73% 5.81% 49.60% 11.72%
ყირგიზეთი 16.38% 51.85% 31.60% 18.27% 50.89% 35.91% 15.17% 44.03% 34.44%
მონღოლეთი 21.08% 50.76% 41.52% 21.05% 50.52% 41.67% 18.92% 45.62% 41.47%
აზერბაიჯანი 2.85% 46.29% 6.17% 0.33% 46.62% 0.70% 3.27% 39.96% 8.19%
ჩინეთი 0.24% 44.47% 0.53% 6.21% 44.41% 13.98% 0.25% 42.73% 0.59%
საქართველო 3.87% 41.80% 9.25% 3.47% 43.07% 8.05% 5.13% 40.01% 12.83%
პაკისტანი 7.38% 37.02% 19.94% 7.37% 38.48% 19.16% 8.81% 35.04% 25.15%
ტაჯიკეთი 5.22% 36.53% 14.30% 10.01% 38.27% 26.16% 6.00% 33.77% 17.75%
ავღანეთი 2.74% 36.00% 7.62% 3.73% 33.43% 11.17% 2.75% 28.54% 9.65%
უზბეკეთი 3.25% 35.89% 9.05% 3.09% 30.99% 9.96% 3.33% 30.39% 10.96%
CAREC-ის საშუალო 6.60% 44.74% 14.30% 7.78% 44.17% 17.18% 6.73% 40.12% 16.50%

ამავე დროს, აშკარაა, რომ CAREC-ის ქვეყნების გლობალური და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეობის ინდექსები დინამიურია, რაც შესაძლოა ცვალებად ეკონომიკურ სურათს ასახავდეს. მაგალითად, CAREC-ის ქვეყნების მონაწილეობა რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში მზარდია CAREC-ის თითქმის ყველა ქვეყნისთვის 2006 წლიდან 2012 წლამდე, მაგრამ შემდეგ, 2015 წელს ტენდენცია შეიცვალა, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობის კუთხით. 2006-2012 წლების ტენდენცია ნაწილობრივ გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენით შეიძლება აიხსნას. კრიზისმა, სავარაუდოდ, ბევრი ქვეყანა აიძულა, ახალი შესაძლებლობების ძიება საკუთარ სამეზობლოში დაეწყო, ვიდრე უმთავრესად გლობალურ სავაჭრო ქსელებს დაყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, 2015 წელს, რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობა თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა. აღნიშნული ფაქტი გლობალური ზრდის შენელებით და რეგიონული ეკონომიკური და სავალუტო კრიზისით შეიძლება ავხსნათ, რომელიც გავლენას ახდენს იმ ქვეყნების ჯგუფებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტს თუ იმპორტს ახდენენ.

საქართველო წარმოადგენს საინტერესო შემთხვევას CAREC-ის ქვეყნებს შორის, რადგან იგი გარკვეულწილად ასახავს მნიშვნელოვან ტენდენციებს რეგიონში. მაგალითად, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთი (საქართველოს მეზობლად მდებარე უმსხვილესი ეკონომიკა) მთავარი პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსთვის ღირებულებათა ჯაჭვებში მინაწილეობის კუთხით, თუმცა არა ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თვალსაზრისით (2015 წელს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა მთლიანი სავაჭრო ნაკადის მიხედვით თურქეთი იყო). აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ღირებულებათა ჯაჭვების კავშირები რუსეთთან არამარტო მდგრადია, არამედ ფართოვდებოდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ სავაჭრო სანქციებისა და შეზღუდვების პირობებში, 2006-2012 წლებში.

ასევე საინტერესოა, რომ თურქეთთან, კიდევ ერთ დიდ და ეკონომიკურად ძლიერ მეზობელთან, საქართველო უფრო ნაკლებად არის ინტეგრირებული, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებთან, მაგალითად, გერმანიასა და იტალიასთან. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ თურქეთი და საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან პირველადი პროდუქციის ექსპორტის კუთხით (მაგ. თხილი, რომელიც შემდეგ იტალიაში გადის ექსპორტზე საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად) ინტეგრირებულები არიან და მათი ბუნებრივი რესურსები და შესაძლებლობები უფრო მეტად დაკავშირებულია ერთმანეთის შემცვლელი, ვიდრე შემავსებელი პროდუქტების წარმოებასთან. საინტერესოა, რომ ღირებულებათა ჯაჭვების 10 საუკეთესო პარტნიორ ქვეყანას შორის მხოლოდ ერთი – აზერბაიჯანი – არის CAREC-ის წევრი. დანარჩენი 9 კი ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და უფრო დიდი მეზობელი ქვეყნებია, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.

მრეწველობაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ იტალია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ვიდრე რუსეთი, როგორც დანიშნულების ქვეყანა საბითუმო-საცალო ვაჭრობის დამატებითი ღირებულების კუთხით (ე.ი. იტალია საქართველოდან უფრო მეტი დამატებითი ღირებულების პროდუქციის იმპორტს ახდენს და იყენებს მას შემდგომში ექსპორტში ვიდრე რუსეთი, საბითუმო-საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში), მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, საბოლოო ჯამში, უფრო მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად (ყველა სექტორში ჯამურად) დამატებითი ღირებულების დანიშნულების ქვეყანა. თურქეთი და აზერბაიჯანიც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე საბითუმო პროდუქტებს, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების მომსახურებებს და ა.შ. ეხება.


საქართველოში არსებული მრეწველობიდან, რომელ დარგებს აქვთ რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში ინტეგრაციის ყველაზე დიდი პოტენციალი?

ჩვენი კვლევის შემდეგი ნაბიჯი დიაგნოსტიკური მეთოდოლოგიის გამოყენებას გულისხმობდა რეგიონულ (CAREC) ან გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში ინტეგრაციისთვის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე მრეწველობის დარგების გამოსავლენად. ჩვენ გამოვყავით და ჩავატარეთ კვლევები ქსოვილებისა და ტანსაცმლის წარმოების და ხისა და ქაღალდის მრეწველობის დარგების მიმართულებებით. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული მაგალითების შესწავლის შედეგად გამოვლენილი კვლევის ძირითადი შედეგები.

კვლევის თანახმად, საქართველოს ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრია, ძირითადად, თურქეთის გავლით უკავშირდება გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებს; თურქეთი ტექსტილის იმპორტისა და ექსპორტის კუთხით რეგიონში უმთავრეს როლს ასრულებს. საქართველო ნედლეულის (ბამბის, ქსოვილების) იმპორტს ძირითადად აღნიშნული ქვეყნიდან ახდენს (აჭარის რეგიონში დაფუძნებული თურქული შვილობილი კომპანიების მეშვეობით); ასევე ხდება დაუსრულებელი საქონლის (ტანსაცმლის) იმპორტი თურქეთში შემდგომი დამუშავებისთვის. ამ პროცესში საქართველოს დამატებითი ღირებულება, ჩვეულებისამებრ, ძალიან დაბალია. ტექსტილისა და ტანსაცმელის იმპორტს თურქეთიდან CAREC-ის სხვა ქვეყნებიც ახდენენ. აქედან გამომდინარე, აშკარად არსებობს პოტენციალი, რომ საქართველო ღირებულებათა ჯაჭვში გადავიდეს უფრო მეტი შიდასახელმწიფოებრივი ღირებულებით და ამავდროულად გააძლიეროს ღირებულებათა ქსელის კავშირები CAREC-ის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ტექსტილის პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს ახდენენ.

კიდევ ერთი მაგალითის შესწავლა საქართველოში ხის/ავეჯის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, ცხადყოფს, რომ CAREC-ის რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის კავშირების გაძლიერება შესაძლებელია აღნიშნულ სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი ორივე CAREC-ის წევრი ქვეყანაა და ისინი მტკიცედ ყალიბდებიან როგორც ავეჯის რეგიონული მწარმოებლები, საქართველო კის ნედლეულის (ხის) მიმწოდებელიცაა. ორივე ქვეყნის პოზიცია გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში შესაძლოა გაძლიერდეს, რადგან ისინი მუშაობენ თავიანთი საბაზრო წილის გაფართოების მიმართულებით (ბუნებრივ რესურსებზე კომპრომისის გარეშე) და ქმნიან უფრო მეტ შიდა დამატებით ღირებულებას. საჭიროა მუშაობა ურთიერთშევსების და თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით და არა კონკურენცია ღირებულების ჯაჭვის დაბალ სეგმენტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენი კვლევა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვების შესახებ დეტალური მონაცემების შექმნის კუთხით, საქართველოში და CAREC-ის რეგიონის სხვა ქვეყნებში. აღნიშნული კვლევა შესაძლოა საინტერესო იყოს პოლიტიკის შემქმნელებისთვისაც, რადგან იგი მოიცავს ინსტრუმენტებს მრეწველობის დარგების იდენტიფიცირებისა და ანალიზისთვის, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ პოლიტიკის დონეზე განხორციელებული მყისიერი ინტერვენციებისგან.


1 ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა (CAREC) უძველესი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე 11 ქვეყანას აერთიანებს. ესენია: ჩინეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი და საქართველო.
2 მადლიერებას გამოვთქვამთ CAREC-ის ინსტიტუტის გრანტის მიღებისთის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ზემოაღნიშნული კვლევა.
3 ინდექსი დაანგარიშდა Eora-ს მულტი-რეგიონული ხარჯების და შედეგების (MRIO) მოდელის გამარტივებულ ვერსიაზე დაყრდნობით. მოდელი დაბალანსებული გლობალური MRIO-ის ცხრილისგან შედგება, რომელიც აკავშირებს 4914 ინდუსტრიას 189 ქვეყანაში.  (CAREC-ის ყველა ქვეყნის ჩათვლით ) 1990-2018 წწ შეფასებები. (2016-2018 წლის მონაცემები მუშავდება IMF World Economic Outlook-ზე დაყრდნობით).


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 30 ივლისი 2021

Captcha Image

Our Partners