ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაიზარდა მკვეთრად ტყის ხანძრების რიცხვი და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან – ნაწილი I

2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა  დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს. მართლა ასეა, თუ ამ მოვლენებს სხვა ახსნაც აქვს?

ცხადი ერთი რამ არის: ტყის ხანძარი უაღრესად დიდ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ ხარჯებს იწვევს. შეუძლებელია, ტყის ხანძრები სრულად ავირიდოთ თავიდან, მაგრამ სიტუაცია დიდად  გაუმჯობესდება ტყეების სწორი მართვით და ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც სტეიკჰოლდერებს სათანადო სტიმულს შეუქმნის, რომ ტყეებს უკეთ მოუარონ და თავი შეიკავონ ისეთი ქცევისგან, რაც ტყის ხანძრის რისკს ზრდის. ამ და მომდევნო სტატიაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება, გამოვიკვლევთ ფაქტორებს, რომლებიც ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრის რისკს ზრდის და, ეკონომიკურ თეორიასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, განვიხილავთ მათი თავიდან აცილების სტრატეგიებს.

2017 წლის მონაცემებს რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ წელს ტყის ხანძრების რიცხვი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მაღალია. ნასას1 ანგარიშის (2017) მიხედვით, სატელიტ “ტერას“ ფოტოზე2 აშშ-ში გაჩენილი ათეულობით ტყის ხანძარი ჩანს. ამავე ანგარიშის თანახმად, წელს გაჩენილი ხანძრების რიცხვი გასული წლის მაჩვენებლებს გაცილებით აღემატება. ავტორები თვლიან, რომ ხანძრები უფრო ცხელმა და მშრალმა ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია. 2017 წელს ევროპის ქვეყნებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ტყის ხანძარი გაჩნდა. ევრონიუსს3 თუ დავუჯერებთ, 2017 წელს ევროპის ქვეყნებში გაჩენილი ტყის ხანძრების რაოდენობა (ჯერჯერობით) 3-ჯერ აღემატება 2008-2016 წლის საშუალოს (იხ. გრაფიკი #1).  ევრონიუსი ხშირ ტყის ხანძრებს კლიმატის ცვლილებას, განსაკუთრებით კი ტემპერატურის ზრდას უკავშირებს.

გრაფიკი 1. ტყის ხანძრების რაოდენობა ევროკავშირში (2017 და 2008-2016 წწ.)

სამეცნიერო ლიტერატურაც4 იმავე აზრზეა – ტყის ხანძრების გახშირება გასული რამდენიმე წლის მანძილზე ბუნებრივი პირობების ცვლილებით აიხსნება.

კლიმატის ცვლილება არსებულ მეტეოროლოგიურ პირობებზე და ტყის ხანძრის გაჩენის ალბათობაზეც მოქმედებს. კლიმატის ცვლილებამ რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გაზარდოს ხანძრის რისკი:

  • გლობალური დათბობის გამო ცხელი სეზონები დაგრძელდა.  თბილი ამინდი უფრო ადრე დგება, ეს კი ნიშნავს, რომ თოვლი დნობას უფრო ადრე იწყებს, მიწა კი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიმშრალეს. ამ ყველაფერის გამო ზაფხულის თვეები უფრო ცხელია, თბილი ამინდი კი შემოდგომაშიც გადადის. შესაბამისად, წლის განმავლობაში, ხანძრის სეზონის ხანგრძლივობაც იზრდება.
  • მაღალი ტემპერატურა უფრო მშრალ ამინდს იწვევს; ეს აორთქლებას უწყობს ხელს, ნიადაგიც წყლით ნაკლებად არის გაჯერებული. ეს გარემოებები არამხოლოდ ხანძრის გაჩენის ალბათობას ზრდის, არამედ ხანძართან ბძოლასაც ართულებს, რადგან ხანძარი უფრო სწრაფად ვრცელდება.
  • უფრო მშრალი და თბილის სეზონები, რომლებიც, ამასთანავე, უფრო დიდხანს გრძელდება, მავნე მწერებისთვის სახარბიელო პირობებს ქმნის, ისინი ზამთარს უფრო ადვილად იტანენ და მრავლდებიან. ამ მავნებლებს ხის სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ, ისინი მათ აშრობენ, რის გამოც ხეები უფრო ადვილად ალდება. ამგვარად იქმნება ტყის ხანძრის გამომწვევი მეტი მიზეზი.
  • კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მსოფლიოში სულ უფრო ძლიერი ჭექა-ქუხილებია, ეს კი ზრდის მეხის და, მასთან ერთად, ტყის ხანძრის გაჩენის ალბათობას.

იმ ფონზე, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის ველური ხანძრების გაჩენის რისკს,  ამ ფენომენთან ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს ველური ხანძრების თავიდან ასაცილებლად და მათთან საბრძოლველად? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა:

  • ტყეები უნდა გაიწმინდოს ადვილად აალებადი მასალისგან, მათ შორის მშრალი ხისა და ბალახისგან, რადგან ისინი მაღალ ტემპერატურაზე ადვილად ალდება.
  • საჭიროა საკმარისი რაოდენობის ადამიანის აყვანა და მათი მომზადება ველური ხანძრების თავიდან აცილებასა და მათთან ბრძოლაში. ისინი სათანადო აღჭურვილობითაც უნდა მოვამარაგოთ და შევქმნათ საჭირო ინფრასტრუქტურა, ტყის ბილიკების ჩათვლით.
  • ქვეყანა სტიქიასთან საბრძოლველად უკეთ უნდა იყოს მომზადებული. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა უფრო დახვეწილი მონიტორინგის, პრევენციისა და კომუნიკაციის სისტემებში სახსრების ჩადება. მაგალითად, მთავრობას შეუძლია, შექმნას და გამოიყენოს ალბათური მოდელები, რაც მათ საშუალებას მისცემს, კვირებით და ხანდახად თვეებით ადრეც კი განჭვრიტონ ხანძრის რისკი. ამგვარად, არსებული რესურსი უფრო ეფექტურად და კონცენტრირებულად იქნება გამოყენებული იქ, სადაც უფრო მაღალია ხანძრის რისკი. თავის მხრივ, ამას სჭირდება რეალურ დროში ინფორმაციის შეგროვების უფრო დახვეწილი სისტემა, რომელიც აკვირდება ლანდშაფტს, ადგილობრივ კლიმატს და ამინდს.
  • ნაბიჯები უნდა გადაიდგას CO2 გამოფრქვევის შესამცირებლად (რაც გლობალური დათბობის მთავარ მიზეზად არის მიჩნეული). ფაქტობრივად, ბევრმა ქვეყანამ  მათ შორის საქართველომაც – ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომლის მთავარი თემაა გლობალური დათბობა და რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს, გადადგან ნაბიჯები სათბური გაზების გამოყოფის შესამცირებლად. გარდა ამისა, მთავრობას შეუძლია, წაახალისოს მოსახლეობა, ენერგია განახლებადი წყაროებიდან მიიღონ და გაზარდონ მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი; დააწესოს ზღვრები, რომელთა მიღმაც მწარმოებლებს არ ექნებათ გარემოს დაბინძურების უფლება; დააწესოს გამოფრქვეულ ნახშირორჟანგზე მიბმული ნახშირორჟანგის გადასახადი (მეტად დაიბეგრება საწვავი, რომელსაც მეტი გამოფრქვევა აქვს); და შეებრძოლოს ტყეების გამეჩხერებას (რადგან ხეების მოჭრა და დაწვა არამხოლოდ გარემოს შეწოვის უნარს ასუსტებს, არამედ ნახშირორჟანგს აფრქვევს ატმოსფეროში). უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის – აქ იშვიათობა არ არის ხის უკანონოდ მოჭრა (და დაწვა). გლობალური დათბობის ჩარჩოში მოქცევა ასევე დაგვეხმარება, გავარღვიოთ ის მანკიერი წრე, სადაც მეტი ხანძარი მეტ ნახშირორჟანგს განაფრქვევს (და ამცირებს ნახშირორჟანგის შეწოვას), რაც იწვევს გლობალურ დათბობას და ასე შემდეგ.

ესტონეთის მაგალითი

ესტონეთი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წარმატებული პოლიტიკის განხორციელება ველური ხანძრების თავიდან ასაცილებლად. 2002 და 2006 წლებში ესტონეთში ტყის ხანძრების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა (მათი უმრავლესობა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული). 2009 წელს მთავრობამ გადაწყვიტა, ტყის ხანძრების წინააღმდეგ ზომები მიეღო. მათი სტრატეგია, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის ტრენინგი და ხანძრებთან ბრძოლაზე პასუხისმგებლების მომზდები იყო. ტრენინგის ჩატარება აუცილებელი იყო საიმისოდ, რომ მოსახლეობას მეტი სცოდნოდა ბუნებრივი ხანძრების რისკების შესახებ, ასევე, ტრენინგი საჭირო იყო ხანძართან მებრძოლი მოხალისეების რაოდენობის გასაზრდელად. მეხანძრეები ხანძრის პრევენციაშიც დატრენინგდნენ. ტრენინგი ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიცაა ტყის ხანძრის ბუნება, როგორ აღმოვაჩინოთ კერები, როგორ ავირიდოთ თავიდან კერების გაღვივება. ამ პოლიტიკის განხორციელების შემდეგ შემცირდა ტყის ხანძრების რაოდენობა (იხ. გრაფიკი 2), ისევე, როგორც ხანძრის მიერ დამწვარი ფართობის ზომა.

გრაფიკი 2. ტყის ხანძრების რაოდენობა ესტონეთში (2000-2011 წწ.)


გამოსავალი

მოკლევადიან პერიოდში, ტყის ხანძრების პრევენცია და მათთან ბრძოლა ტყის ჯეროვანი მართვის სისტემის მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე, კარგად მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით. ველური ხანძრების რისკს შეამცირებს საზოგადოების ჩართვა ტყის ხანძრების თავიდან არიდების პროცესში და საგანგებო სიტუაციებში მოხალისეების რაოდენობის ზრდა.

გრძელვადიან პერიოდში და უფრო ფართო გადმოსახედიდან რომ შევხდეოთ საკითხს, საქართველოს შეუძლია შეუერთდეს გლობალურ ძალისხმევას და იზრუნოს სათბურის გაზის გამოფრქვევის შემცირებაზე, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო პარიზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. საქართველოს შეუძლია, წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეამციროს ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი პირობების დადგომა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.


1 აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო
2 ფოტო აღებულია 2017 წლის 27 აგვისტოს
http://www.euronews.com/2017/08/15/how-europe-s-wildfires-have-more-than-trebled-in-2017
4 ბარსელონას უნივერსიტეტი (10 მარტი, 2017 წ.). ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ კლიმატური ცვლილები გაზრდის ხანძრების რაოდენობას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 28 თებერვალი 2021

Captcha Image

Our Partners