ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გენდერული თანასწორობის მიღწევა არ იქნება ადვილი – სწორედ ამიტომ უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის მიდგომებზე

2019 წლის 15-16 ნოემბერს FREE Network-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში გენდერის ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა1. კონფერენციამ, რომელზე წარმოდგენილი ნაშრომებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებს ეხებოდა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრობლემები და არსებული შეზღუდვების აღმოფხვრის ეფექტური პოლიტიკის ვარიანტები. კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ კარენ გროუნი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის დირექტორი გენდერის საკითხებში, და შაჰრა რაზავი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევებისა და მონაცემების ხელმძღვანელი. კონფერენციაზე საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს გენდერის ეკონომიკაზე მომუშავე მკვლევარებმა მსოფლიოს 4 კონტინენტის 15 ქვეყნიდან.

ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი, რაც წარდგენილი კვლევების შედეგებიდან გამოიკვეთა, ის იყო, რომ გენდერული თანასწორობისკენ მიმავალი გზა არც მარტივია და არც სწორხაზოვანი. არაერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ შესაბამისი პოლიტიკის ვარიანტის შემუშავებასა და განხორციელებამდე. ეს ნიუანსები კი უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და სწორედ ამაში შეიძლება დაგვეხმაროს აკადემიური კვლევები, რომლებიც აქცენტს პოლიტიკაზე აკეთებს. ჩვენი სტატიის მიზანი კონფერენციაზე წარდგენილი ძირითადი დასკვნებისა და რეკომენდაციების შეჯამებაა.


პროგრესი გენდერული თანასწორობისკენ მთელ მსოფლიოში შეფერხდა

კონფერენციის ძირითადი პრეზენტაციების დროს გამოიკვეთა, რომ ბოლო 20 წელიწადში ქალების წვდომა რესურსებზე, განსაკუთრებით კი შრომის ბაზარზე, საშუალოდ მთელ მსოფლიოში შეფერხდა. 2018 წელს მსოფლიო შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი 63% იყო, რაც 1998 წლის მაჩვენებელს უმნიშვნელოდ აღემატება. მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში (1998 წლიდან 2018 წლამდე მაჩვენებელი 57%-დან 67%-მდე გაიზარდა), ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში (70%-დან 79%-მდე), ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (29%-დან 33%-მდე) დაფიქსირდა.

გაირკვა, რომ ქვეყნების უმეტესობაში ქალები არაანაზღაურებად შრომაზე 3-4-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე მამაკაცები. ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა პაკისტანში (სადაც ქალები მამაკაცებზე 11-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ), კამბოჯასა (10-ჯერ მეტი) და ეგვიპტეში (9-ჯერ მეტი). აშკარაა, რომ ვალდებულებები და არაანაზღაურებადი შრომა ოჯახში არაპროპორციულად აწევთ ტვირთად ქალებს მთელ მსოფლიოში. ასეთი მოწყობა, რომელსაც ადამიანთა ერთი ნაწილი ნებაყოფლობით შეთანხმებად მიიჩნევს, ხელს უშლის ქალებს, ჰქონდეთ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო და ასუსტებს ოჯახში მათ ფინანსურ პოზიციასა და მოლაპარაკების ძალაუფლებას. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიში „ქალები ცვალებად სამყაროში“ ამტკიცებს, რომ საჭიროა ოჯახსა და ქალებზე ორიენტირებული პოლიტიკის ზომების გატარება. ეს შეიძლება იყოს: ბავშვთა უნივერსალური განათლება და მოვლა, უნივერსალური დაზღვევა, ხანდაზმულებზე გრძელვადიანი ზრუნვა, შემოსავლის დაცვა ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მშობლებისთვის, უმუშევრებისა და ხანდაზმულებისთვის. ცხადია, ასეთი ყოვლისმომცველი პაკეტები ძვირი სიამოვნებაა და კვლევაში შემავალი ქვეყნების უმეტესობის მშპ-ის 2-4%-ს შეადგენს. თუმცა, ანგარიშს თუ დავუჯერებთ, ასეთი პროგრამის ხარჯს ნაწილობრივ დააკომპენსირებს არაფორმალური ზრუნვის ეკონომიკის ფორმალიზებით მიღებული ეკონომიკური და საგადასახადო სარგებელი. ეს ზომები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მთავრობებმა უნდა მოახერხონ რესურსების მობილიზება და მსგავსი პაკეტების ხარჯების ანაზღაურება. ასეთი პროგრამებისთვის მეტი რესურსის გამოთავისუფლება შესაძლებელია, მაგალითად, გადასახადების შეგროვების გაუმჯობესებით, უკანონო ფინანსური ნაკადების აღმოფხვრით, დახმარების პროგრამებისა და ტრანსფერების უკეთესი დაგეგმვით და სხვ. გატარებული ზომების შედეგი კი ის იქნებოდა, რომ ქალებსა და მამაკაცებზე ერთნაირად „სამართლიანი თამაშის წესები“ გავრცელდებოდა.

კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხის სიღრმისეული და სისტემური კვლევა დღემდე არ ჩატარებულა. რეგიონისთვის არაერთი თემატური კვლევა, გამოკითხვა და ნააზრევი არსებობს. UNDP-ის მიერ შემუშავებული უფრო ზოგადი გენდერული უთანასწორობის ინდექსიც (Gender Inequality Index – GII)2 აფასებს რეგიონის ქვეყნების (აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის) დინამიკას, თუმცა სიღრმისეული სისტემური მიდგომა პირველად ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოიყენა. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა სულ ახლახან დაიწყო მუშაობა სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსის ამბიციურ პროექტზე, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაფართოვდეს და სხვა გარდამავალი ეკონომიკებიც მოიცვას. ინდექსის მეთოდოლოგია ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის3 მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც ევროპის 28 ქვეყნის გენდერული თანასწორობის ინდექსს ადგენს. ცხადია, მონაცემების ხელმისაწვდომობა ართულებს გარდამავალი ეკონომიკებისთვის ასეთი ინდექსის შექმნას. ამიტომ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტულად ამ ეკონომიკებზე მორგებული საზომების შემუშავებაზე, რისთვისაც იყენებს ქვეყნების დონეზე არსებულ მონაცემებსა და შინამეურნეობების დონეზე არსებულ მონაცემთა ბაზებს.


ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკა და შრომის მიწოდება

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომების ნაწილი ეხებოდა ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის გავლენას დედების შრომის მიწოდებაზე. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენდერზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა ყურადღებით უნდა შემუშავდეს და აქცენტს აკეთებდეს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ შემზღუდველ ფაქტორებზე. მაგალითად ვარდან ბაღდასარიანმა და გაიანე ბარსეღიანმა წარმოადგინეს ნაშრომი „ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკა, დედების შრომის მიწოდება და შინამეურნეობების კეთილდღეობა: მტკიცებულებები ბუნებრივი ექსპერიმენტიდან“, რომელიც იკვლევს, რა გავლენას ახდენს სომხეთში ბავშვზე ზრუნვის სერვისების არსებობა (ხელმისაწვდომობა) ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე, როგორც ჩართული ქალების რაოდენობის, ისე მონაწილეობის დონის მიხედვით. ეკონომიკური პოლიტიკის ბუნებრივი ექსპერიმენტისთვის ნიადაგი მომზადდა მას შემდეგ, რაც ერევნის მერიამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვებზე ზრუნვის სერვისების საფასურის გაუქმებაზე (რაც, უხეშად, საშუალო ხელფასის 15%-ია). მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ჩარევა გაზრდიდა ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობას, რაც მოხდა კიდეც სხვა (მეტწილად, განვითარებულ) ქვეყნებში. თუმცა სომხეთის შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჰქონია ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რაც პასიური ქალების შრომის ბაზარზე გასვლას დაადასტურებდა. ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ განვითარებად ქვეყნებში (ამ შემთხვევაში, სომხეთში) ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობას ზღუდავს ის ფაქტორიც, რომ შრომის ბაზარზე მცირეა არააქტიური დედების უნარ-ჩვევებზე მოთხოვნა. ავტორებმა დაასკვნეს, რომ ასეთ გარემოში ფინანსური სტიმული ვერ ახერხებს იმ ფაქტორების აღმოფხვრას, რაც ზღუდავს ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობას.

კარენ მამფორდმა, ანტონია ფარერა-ნიკოლაუმ და იოლანდა პენა-ბოკეტმა კონფერენციაზე წარმოადგინეს ნაშრომი „შრომის მიწოდება და ბავშვზე ზრუნვა: ორივე მშობლისთვის არჩევნის მიცემა“. ავტორებმა შეისწავლეს ავსტრალიის მაგალითი და გამოიკვლიეს, როგორ იცვლება სამუშაო საათები და ქალებისა და მამაკაცების სამუშაო ძალაში მონაწილეობა, როდესაც დედების ან მამების ხელფასი იზრდება ან ბავშვზე ზრუნვის სერვისის საფასური იცვლება. კვლევამ დაადგინა, რომ დედების სამუშაო საათები დადებითად და უფრო მეტად პასუხობს ცვლილებებს შრომის საათობრივ ანაზღაურებაში, ვიდრე მამების. გატარებული პოლიტიკის შედეგი ის არის, რომ დედების შრომის საათობრივი ანაზღაურების ზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის მათი სამუშაო საათების რაოდენობასა და შრომის ბაზარზე ჩართულობას. ხელფასის გავლენა ქალების სამუშაო საათებსა და სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე ბევრად უფრო გამოხატულია მაშინაც კი, როდესაც ბავშვზე ზრუნვის საფასური იკლებს.

ზოგადად, ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შრომის ბაზრის ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის ვარიანტების შემუშავებისას მნიშვნელოვანია ფრთხილი და მრავალგანზომილებიანი მიდგომის გამოყენება, თუკი ამ პოლიტიკის მიზანი დაოჯახებული და მშობელი ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის გაზრდაა.


სამუშაო ძალაში მონაწილეობა და ბედნიერება: მტკიცებულებები სამხრეთ კავკასიიდან

ნორბერტო პინიატიმ და კარინე ტოროსიანმა წარადგინეს ერთობლივი ნაშრომი „დასაქმება თუ ოჯახში დარჩენა და ქალთა ბედნიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც იკვლევს, სამხრეთ კავკასიაში რა სხვაობაა შრომის ბაზარზე სხვადასხვა სტატუსის მქონე ქალების ბედნიერების დონეებს შორის. კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგი მოგვცა, რომლის თანახმადაც საქართველოში დასაქმებული და დიასახლისი ქალების ბედნიერების დონეები დიდად არ განსხვავდება, მაშინ როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ანალოგიური სტატუსის მქონე დასაქმებული ქალები ნაკლებად აფასებენ საკუთარ სტატუსს როგორც „ძალიან ბედნიერს“. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ საქართველოს კვლევის შედეგები მსგავსია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ქალების შემთხევაშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ „კულტურული ფაქტორები“ შეიძლება ნაკლებ როლს თამაშობდეს ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებში.


ოჯახის სტრუქტურა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა გენდერის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია სამხრეთ კავკასიაში, რადგან სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბოლო პეროდამდე საქართველოში დაბადებისას სქესთა გადახრილი თანაფარდობის პრობლემა მწვავედ დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, უფრო კონკრეტულად კი, ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება სოციო-ეკონომიკური ფენომენია. კონფერენციაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ წარადგინა ახლახან ჩატარებული კვლევა „ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის სოციო-ეკონომიკური ანალიზი“. ნაშრომი იკვლევს, ბოლო 15 წლის განმავლობაში რა ფაქტორები განაპირობებდა საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ტენდეციის ზრდასა თუ შემცირებას. კვლევამ ერთ დოკუმენტში წარმოადგინა, როგორ იცვლება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭებისადმი დამოკიდებულება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი დასკვნა ის არის, რომ დაბადებისას სქესთა თანაფარდობის შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვან კორელაციაშია რეგიონებში რეალური შემოსავლის ზრდასთან, სიღარიბის შემცირებასა და ქალთა დასაქმებასთან. საკმაოდ მოულოდნელი იყო, რომ სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, დაბადებისას სქესთა თანაფარდობის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდეს მამაკაცების განათლების დონე, მაშინ როდესაც ქალების განათლების დონე სტატისტიკურად უმნიშვნელოა. კვლევამ დაადგინა, რომ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენცია ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა რეგიონებში, სადაც დროთა განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა დაბადებისას სქესთა თანაფარდობა, ამ საკითხებზე ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დამოკიდებულებაც შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც 1990-იან წლებში იგივე პროცესები გამოიარეს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, გენდერული პრეფერენსების თვალსაზრისით სულ სხვა დინამიკა აჩვენეს. ნაშრომში „როგორ აისახა გენდერული პრეფერენსები ოჯახის სტრუქტურაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ იზაბელა ვოვჟკო, მიხალ მიკი და მონიკა ოსკოვსკა აფასებენ, როგორ შეიცვალა ოჯახების გენდერული პრეფერენსები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დაცემის შემდეგ. მათ დაადგინეს, რომ გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე სქესისადმი დამოკიდებულება ნეიტრალური იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ კი ჩნდება აშკარა უპირატესობა გოგო-ბიჭი ან ბიჭი-ბიჭი კომბინაციის სასარგებლოდ (ორი ბიჭის ან ბიჭი-გოგოს ყოლა მნიშვნელოვნად ამცირებს მესამე შვილის ყოლის ალბათობას, როდესაც სურათი განსხვავებულია ორი გოგოს ყოლის შემთხვევაში). ორი შვილის ყოლის შემთხვევაში კი, გოგოსადმი უპირატესობა დაფიქსირდა ქვეყნების უმეტესობაში (სადაც პირველი ვაჟის ყოლის შემდეგ მეორე ბავშვის ყოლის ალბათობა იზრდება), გამონაკლისია რუმინეთი.


საჯარო პოლიტიკა, უცხოური დახმარება და ქალთა გაძლიერება

მრიდულა გოელმა და ნიდჰი რავიშანკარმა წარადგინეს ინდოეთში ჩატარებული კვლევა „წაახალისა თუ არა ინდოეთში ბოლო ათწლეულში გატარებულმა საჯარო პოლიტიკამ  ქალთა დამოუკიდებლობა და ემანსიპაცია?“. კვლევა სწავლობს კავშირს საჯარო პოლიტიკასა და ქალთა გაძლიერების ინდიკატორებს შორის (მაგალითად, შეუძლია თუ არა ქალს, თავად გადაწყვიტოს, რაში დახარჯოს ფული). მათ აჩვენეს, რომ ბოლო ათწლეულში გატარებულმა საჯარო პოლიტიკამ ნამდვილად მოახერხა ქალების პოზიციის გაუმჯობესება (რაც გამოიხატა წერა-კითხვის დონის, ფინანსებზე წდომის, ქონებრივი და პოლიტიკური უფლებების ზრდაში). თუმცა გაირკვა, რომ ყველა ტრადიციული კრიტერიუმი (მაგ. საბანკო ანგარიშის ქონა, ნაღდ ფულზე მუშაობა) არ არის კავშირში ქალთა გაძლიერების  ინდიკატორებთან, რომლებიც იზომება ოჯახში ქალის დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასებით გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ნაღდ ფულზე მუშაობა ან საბანკო ანგარიშის ქონა არ ნიშნავს, რომ ქალს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რაში დახარჯოს ფული, რაც, ალბათ, შინამეურნეობებში სტერეოტიპებისა და უარყოფითი დამოკიდებულების არსებობაზე მიანიშნებს.

ამ საკითხზე კიდევ ერთი საინტერესო კვლევა წარმოადგინეს მარია პეროტა ბერლინმა, ეველინა ბონიერმა და ანდერს ოლოფსგარდმა, რომლებმაც მალავის მონაცემების გამოყენებით გამოიკვლიეს, რამდენად აძლიერებს ქალებს უცხოური დახმარების პროექტები. ნაშრომმა დაადგინა, რომ ასეთი დახმარების პროექტებს მცირე დადებითი გავლენა აქვს კაცებისა და ქალების დამოკიდებულებაზე ოჯახური ძალადობისა და სექსუალურ უფლებების მიმართ. თუმცა უმნიშვნელო სისტემური განსხვავება გვაქვს გენდერზე ორიენტირებული და ზოგადი დახმარების პროექტების გავლენებს შორის. ამ შემთხვევაში გამონაკლისებია გავლენა ქალების გამოცდილებაზე ძალადობის შესახებ და ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ გენდერის ეკონომიკის საკითხებზე თბილისში ჩატარებულმა პირველმა საერთაშორისო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გენდერის საკითხები მრავალფეროვანი და კომპლექსურია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. გენდერის ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე მკვლევართა რეგიონული კავშირის არსებობა ძლიერი სტიმულია მომავალი რეფორმებისა და პროგრესისთვის. აშკარაა, რომ პოლიტიკაზე ორიენტირებულ აკადემიურ კვლევებს შეუძლია დაგვეხმაროს ყველაზე ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და ჩარევასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის დათვლაში.


1 კონფერენცია გენდერის ეკონომიკის კვლევის ფორუმის (FROGEE) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida) აფინანსებდა, კოორდიანაციას კი სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტი (SITE) უწევდა.
2 http://hdr.undp.org/en/content/gender-inequality-index-gii
3 https://eige.europa.eu/gender-equality-index/2019/BE


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 30 მაისი 2020

Captcha Image

Our Partners