ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ეკონომიკური ტრანზიციის ბელარუსული მოდელი: გაკვეთილი საქართველოსთვის?

„სასტუმრო მეტროპოლი, რომელიც მოსკოვში, წითელი მოედნიდან სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებით დგას, გაზაფხულის ამ მოღუშულ დღეს თითქმის ცარიელია. ეს სულაც არ აწუხებს ჯეფრი საქსს, 38 წლის ბიჭური შესახედაობის პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც ახლა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლება. პროფესორმა საქსმა მისი გუნდის ორ წევრთან, რუსეთში მომუშავე ამერიკელებთან შესახვედრად კომფორტული სავარძელები შეაგროვა სასტუმროში. შეხვედრის განსახილველი თემა რუსეთის სოციალური დაცვის სისტემაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა გაჭირვებისგან თავის დაღწევას. რთული სათქმელია, რეფორმების შედეგად მივიღებთ თუ არა თავისუფალ ბაზარს, თუმცა ფაქტია, რომ კომუნიზმი ინგრევა“ – წერდა ნიუ-იორკ თაიმსი 1993 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „პროფ. ჯეფრი საქსი – შოკური თერაპიის სპეციალისტი“. მერე რა, რომ შოკური თერაპიის ცნება საქსს არ მოსწონდა. მედიამ ეს იარლიყი მაინც მიაკერა მას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განმარტებით, შოკური თერაპია ლიბერალიზაციის, ფინანსური სტაბილურობისა და პრივატიზაციის რადიკალური პოლიტიკის ერთდროულად და სწრაფად გატარებას გულისხმობდა. ამის საპირისპიროდ, გრადუალიზმი1 შედარებით ნელ, ეტაპობრივ მიდგომას ანიჭებდა უპირატესობას, განსაკუთრებით პრივატიზაციის შემთხვევაში.

გრადუალისტები შიშობდნენ, რომ მასობრივ პრივატიზაციას არაეფექტური მსხვილი სახელმწიფო საწარმოების ჩამოშლა მოჰყვებოდა შედეგად; უმოქმედო ქარხნებს ნაწილებად დაშლიდნენ და საზღვარგარეთ გაიტანდნენ გასაყიდად; დოვლათის დიდი ნაწილი ყოფილ საბჭოთა კავშირს გარეთ გავიდოდა; რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანები უმუშევრად, ლუკმა-პურის გარეშე დარჩებოდნენ. სწორედ ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, გრადუალისტების აზრით, სახელმწიფო სექტორის პრივატიზაცია ეტაპობრივი უნდა ყოფილიყო.

შოკური თერაპიის მომხრეებათვის კი სოციალურად მტკივნეული რეფორმების ნელა გატარებას პოლიტიკური რისკები ახლდა თან, რადგან ხალხს შეიძლება ისევ კომუნიზმში დაბრუნება მოეთხოვა. სწორედ, ამის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო სწრაფი და მსხვილმაშტაბიანი პრივატიზაცია, რომელიც არაკონკურენუნტარიან სახელმწიფო სექტორს სრულად, ერთბაშად ჩამოშლიდა (ეს კი მის აღდგენას თითქმის შეუძლებელს გახდიდა), კონკურენტუნარიან სექტორს კი კერძო ინტერესის სფეროში მოაქცევდა.

„აღმოსავლეთ ევროპაში პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ უახლოეს მომავალში მსხვილი საწარმოების პრივატიზაციაში გარღვევა არ მოხდა, პოლიტიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა შესაძლოა პროცესების წლობით შეჩერება განაპირობოს. ეს კი სერიოზულ ზიანს მოუტანს რეგიონის ეკონომიკებს,“ – წერდა ჯეფრი საქსი2.

თუმცა საქსი, ბელარუსის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეცდა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, ბელარუსში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ყველაზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა3 და დღესაც კი მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სახელმწიფო სექტორის წილი მშპ-ში 47%-ია, ინდუსტრიულ წარმოებაში კი – 75%. თუმცა გრადუალისტურ მიდგომას ერთი შეხედვით ეკონომიკური ზიანი არ მოჰყოლია. პირიქით, ბელარუსმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არამხოლოდ მალე დააღწია თავი მძიმე სოციალურ გაჭირვებას, არამედ 1990 წლიდან დღემდე ქვეყნის ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა. მეტიც, ბელარუსში მოსახლეობის მხოლოდ 0.8% ცხოვრობს სიღარიბეში. ეს მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი, ძალიან დაბალია.

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 42.6%-ია, ეს მაშინ, როდესაც 1999 წელს ორივე ქვეყანა ერთ დონეზე იყო4. სწორედ ამიტომაა, რომ ახალგაზრდა ქართველი მემარცხენეები ასე ხშირად საუბრობენ ბელარუსზე. ისინი ფიქრობენ, რომ სიღარიბის დაბალ დონესა და გრადუალისტურ მიდგომას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. თუ მათი ვარაუდი სწორია, მაშინ იქნებ სჯობდა, საქართველოც ბელარუსის გზას გაჰყოლოდა?!


ბელარუსის მიღწევები და გრადუალისტური მიდგომა

ბელარუსის მიღწევების მხოლოდ გრადუალისტური მიდგომისათვის მიწერა, ცხადია, არასწორია, რადგან არსებობს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც დღეს ბელარუსელი ხალხი უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ჩვენ, ქართველები.

• ბელარუსს, საქართველოსთან შედარებით, უფრო მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც საშუალებას აძლევს მას, საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს თავისი ინტერესები უკეთ დაიცვას5;

• საბჭოთა პერიოდში ბელარუსის წარმოება ბევრად უფრო განვითარებული და ექსპორტზე ორიენტირებული იყო6;

• ბელარუსში ნაციონალისტური განწყობები არც ისე ძლიერია (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ);

„Strongman“ ლუკაშენკოს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში.

სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთიდან წამოსული კაპიტალის ნაკადები ბელარუსისკენ დაიძრა. ასევე, რუსეთთან შედგა შეთანხმება, რომ  გაზი და ნავთობი ბელარუსს მსოფლიო საბაზრო ფასებზე ნაკლებ ფასად მიეღო, ნავთობ-პროდუქტები კი საბაზრო ფასად გაეტანა ექსპორტზე. 2001-2010 წლებში გაზითა და ნავთობით ვაჭრობის შედეგად მიღებული სარგებელი წლიურად ბელარუსის მშპ-ის 13.3%-ს შეადგენდა7.

რომ არა ეს შემოსავალი, ბელარუსი ვერ შეძლებდა სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირებას, იმ სახელმწიფო საწარმოების, რომლებიც ამ სუბსიდიების წყალობით მთლიანი შიდა პროდუქტის 75%-ს ქმნიდა8 და ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის პრევენციას ახდენდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაზითა და ნავთობით მიღებული შემოსავლების სახელმწიფო საწარმოებისაკენ მიმართვა (და არა ნომენკლატურის მიერ პირდაპირი გზით მითვისება) პოლიტიკური არჩევანი იყო. და ამ პოლიტიკურ არჩევანს თავისი მიზეზები ჰქონდა.

ბელარუსის ერთადერთი კომერციულად მომგებიანი ბუნებრივი წიაღისეული პოტასიუმია, რომლის მარაგიც, ცხადია, ვერ შეედრებოდა რუსეთის ნავთობის, გაზისა და ფერადი ლითონების მარაგებს9. შესაბამისად, რუსეთში პრივატიზაცია მიმზიდველი იყო ნომენკლატურის წარმომადგენლებისათვის: ისინი პრივატიზაციის შემთხვევაში დიდძალ სიმდიდრეს ჩაიგდებდნენ ხელში. ხოლო ბელარუსში, ზარალზე მომუშავე კომპანიებს, თავდაპირველად მაინც, სახელმწიფო დახმარება დასჭირდებოდა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ლიდერის, სტანისლავ შუშკევიჩის მიმართ პარლამენტი მტრულად განეწყო. შუშკევიჩი პრივატიზაციას უჭერდა მხარს. ის ცდილობდა, ქვეყანა საბჭოთა წარსულისგან გაეთავისუფლებინა და დასავლეთისკენ შემოებრუნებინა10. თუმცა პარლამენტმა მის მიერ ინიცირებული რეფორმები შეაჩერა. მალე, 1994 წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლების სათავეში ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული, ალექსანდრე ლუკაშენკო მოვიდა. გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში შუშკევიჩი წერდა, რომ „ლუკაშენკომ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები პატიოსნად მოიგო, პოპულისტი იყო და ამიტომაც გაიმარჯვა“. ხშირად, ბუნდოვანია, რა იგულისხმება პოპულიზმში, ასევე, რა სენტიმენტები დგას მის უკან. ლუკაშენკომ გაიმარჯვა იმიტომ, რომ პოლიტიკური ელიტისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის სწორედ რომ სტატუს-კვო იყო მისაღები11. ხალხმა ეკონომიკური პრაგმატიზმის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ლუკაშენკოს პრეზიდენტობის დროს შეჩერდა პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ისედაც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა; გაგრძელდა ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურების სუბსიდირება, შენარჩუნდა უფასო ჯანდაცვა და განათლება. ლუკაშენკომ მოახერხა და აღადგინა ინდუსტრიული კავშირები რუსეთთან: 1996 წლისთვის თითქმის ყველა მსხვილი ინდუსტრიული საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა. ბელარუსში ქარხნები არ გაუძარცვავთ.

ბელარუსელი ხალხის ეკონომიკური პრაგმატიზმი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2003 წელს ჩატარებულ IISEPS ეროვნული კვლევის ფარგლებში მოსახლეობას შემდეგი კითხვა დაუსვეს: „თქვენთვის ეკონომიკური წინსვლა უფრო მნიშვნელოვანია თუ ეროვნული დამოუკიდებლობა?“. გამოკითხულთა 62%-მა არჩევანი ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ გააკეთა, 25%-მა კი – ეროვნული დამოუკიდებლობის12. ეკონომიკური პრაგმატიზმი მოკავშირეების არჩევის შემთხვევაშიც გადამწყვეტი აღმოჩნდა: 2010-2013 წწ-ში ბელარუსის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური მოტივი როგორც პრო-ევროპელ, ისე პრო-რუს მოქალაქეებს შორის დომინირებს.


გადადებული პრივატიზაცია – გადადებული ვიზიტი სტომატოლოგთან?

რამდენად სწორია, გადადებული პრივატიზაცია სტომატოლოგთან გადადებულ ვიზიტს შევადაროთ? უფრო მტკივნეული იქნება ტრანსფორმაცია ახლა, ვიდრე ეს 30 წლის წინ იქნებოდა? როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ბელარუსში, ალექს კრემერი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, „ბელარუსს დღეს ბევრი უპირატესობა აქვს იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც რეფორმები 1990-იან წლებში გაატარეს. ტრანსფორმაცია ბელარუსისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება, რადგან მოსახლეობის ნაწილმა უკვე გადაინაცვლა კერძო სექტორში. გარდა ამისა, ბელარუსმა ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა ევროკავშირთან და რუსეთთან, რასაც ნამდვილად ვერ შევადარებთ 1990-იანი წლების მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა სირთულეების პირისპირ სრულიად მარტო დარჩა. დაბოლოს, ბელარუსს უკვე აქვს საკმარისი საბიუჯეტო რესურსი იმისათვის, რომ მოქალაქეების სოციალური დაცვა უზრუნველოს“.

დღეს, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ბელარუსში მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაციის საჭიროება აღარ დგას. კრემერი ფიქრობს, რომ ნაწილი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა გამართლებულია, რადგან ეს კომპანიები იმაზე ნაკლებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან ვიდრე მანამდე ხარჯავდნენ.

ამასობაში, ნელა, მაგრამ მაინც, ქვეყანაში კერძო სექტორიც ვითარდება: თუ 1995 წელს კერძო სექტორში დასაქმების წილი 40% იყო, დღეს ის 56%-ს შეადგენს13. ბელარუსის მთავრობამ კერძო სექტორის დასახმარებლად თავისუფალი ეკონომიკური ზონები შექმნა. პირველი ზონა 1996 წელს შეიქმნა, დღეისთვის კი ამგვარი ზონების რაოდენობა ექვსს ითვლის.

ერთ-ერთი ასეთი ზონა, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, ბელარუსის ტექნოლოგიური პარკია (Hi-tech Park), რომელიც 2005 წელს მთავრობის აქტიური ჩართულობით დაარსდა. დღეს პარკი 30,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სწორედ აქ შეიქმნა აპლიკაციები Viber, MSQRD, MAPS.ME, PandaDoc, Flo, ასევე ვიდეო თამაში ‘World of Tanks’ და კომპანია Epam Systems Inc.. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროზე ქვეყნის მშპ-ის 5.1% მოდის.

თუმცა სახელმწიფოს დომინანტობას თავისი ნაკლოვანებები აქვს. „თუ იპოვით ინდუსტრიას, სადაც თქვენი და სახელმწიფო საწარმოების ინტერესები არ იკვეთება, მაშინ ბელარუსი ნამდვილად იდეალური ქვეყანაა ინვესტირებისათვის, თავისი მაღალკვალიფიციური მუშახელითა და შესანიშნავი ადგილმდებარეობით,“ – წერს კრემერი.


გადადებული პრივატიზაცია – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები?

გადადებული პრივატიზაცია შეიძლება აღქმულ იქნას როგორც დღევანდელი კვერცხი, რომლის სანაცვლოდ ბელარუსმა შესაძლოა, ხვალინდელი ქათამი დათმო. რა მოხდებოდა, ბელარუსს თავის დროზე სწრაფი მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაცია რომ აერჩია? თუ უკრაინის გზით წავიდოდა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონკურენციას სახელმწიფოს ნაცვლად ისევ სახელმწიფოსთან შეკრული ბიზნეს-ოლიგარქები შეზღუდავდნენ, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელთა ინტერესი უფრო მეტად ეკონომიკური (მოგებაზე ორიენტირებული) იქნებოდა, ვიდრე პოლიტიკური (დასაქმებაზე ორიენტირებული).

ან იქნებ სულაც ბალტიისპირა ქვეყნების ბედი გაეზიარებინა? ამ ქვეყნებმა ხომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ცხოვრების ყველაზე მაღალ სტანდარტს მიაღწიეს.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ალბათ, პარალელურ სამყაროზე წვდომა უნდა მოგვეცეს. მანამდე კი, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბელარუსმა პრივატიზაციის გადადებით, მძიმე სოციალური გაჭირვება აიცილა თავიდან.


1 ეკონომისტების ფავორიტ გრადუალისტებს შორის არიან ჯონ მაკმილანი, ბარი ნოტონი, პიტერ მიურელი, აგიონ ფილიპე და ოლივიე ბლანშარი.
2 წყარო: Sachs, J.D., 1991. Accelerating privatization in Eastern Europe: the case of Poland. The World Bank Economic Review, 5(suppl_1), pp.15-30.
3 EBRD-ის თანახმად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ტემპით ყველაზე ნელი ბელარუსი, თურქმენეთი და უზბეკეთი იყო.
4 მაჩვენებელი ორივე ქვეყანაში 72%-ს შეადგენდა. წყარო: მსოფლიო ბანკის ინდიკატორები.
5 დღეს ბელარუსი ევროკავშირის კარიბჭეა; ხოლო საბჭოთა პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბელარუსის მიმართ მოსკოვის ინტერესი დასავლეთის საზღვარზე ახლადშემოერთებულმა სატელიტმა სახელმწიფოებმა მკვეთრად გაზარდა.
6 1990-იანი წლების დასაწყისში, ბელარუსს მთელ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ინდუსტრია ჰქონდა.
7 წყარო: მსოფლიო ბანკი, 2012 წ. Belarus Country Economic Memorandum: Economic Transformation for Growth. Washington, DC: World Bank.
8 წყარო: ბელარუსის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი.
9 წყარო: Ioffe, G., 2004. Understanding Belarus: economy and political landscape. Europe-Asia Studies, 56(1), pp.85-118.
10 Ibid.
11 საბჭოთა კავშირში პირველად და უკანასკნელად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ბელარუსელთა 83%-მა დაუჭირა მხარი (ამომრჩეველთა აქტივობა 83% იყო).
12 Ibid.
13 წყარო: ბელარუსის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Quji Bichia on პარასკევი, 15 მაისი 2020 14:43

არა მგონია სწორი იყოს საქართველოს შედარება ისეთ ქვეყანასთან, რომლისთვისაც ეროვნული დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხოლოდ 25%-ისთვის, რომელიც საბჭოთა წარსულს მისტირის და რომელსაც ევროპის ბოლო დიქტატორულ სახელმწიფოდ ახასიათებენ ხოლმე.

არა მგონია სწორი იყოს საქართველოს შედარება ისეთ ქვეყანასთან, რომლისთვისაც ეროვნული დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხოლოდ 25%-ისთვის, რომელიც საბჭოთა წარსულს მისტირის და რომელსაც ევროპის ბოლო დიქტატორულ სახელმწიფოდ ახასიათებენ ხოლმე.
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 03 ივლისი 2020

Captcha Image

Our Partners