ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა საქართველოსა და სომხეთში

 

ISET-ის ფაკულტეტის წევრმა ადამ პელილომ (Adam Pellillo) თავის სტატიაში „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის თავსატეხი საქართველოსა და სომხეთში“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები აგრარული პროდუქტიულობის მაჩვენებლის მიხედვით შეადარა 1992-2010 წლების განმავლობაში. ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას პოსტსაბჭოური საქართველოსა და სომხეთის მდგომარეობა იპყრობს, რომელსაც იგი შემდეგნაირად გადმოსცემს: 

“საქართველო აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირისის ერთადერთი წევრი ქვეყანა, სადაც დაახლოებით ორი ათწლეულის შემდეგაც კი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა თავის პირვანდელ, 1992 წლის მაჩვენებელს, ვერ დაუბრუნდა. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს აგრო-პროდუქტიულობა 1992 წლის დონის მხოლოდ 77%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დანარჩენი რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა სულ მცირე ადრინდელ (1992 წ.) ნიშნულამდე მაინც გაუმჯობესდა, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მათგან განსხვავებით ვერ შეძლო საწყისი მდგომარეობის აღდგენა. ჩნდება კითხვა: რატომ? გარდა ამისა, უფრო დიდი თავსატეხია იმის გარკვევა რატომ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი მეზობელ სომხეთში თითქმის სრული 200%-ით და 1992 წლიდან მოყოლებული რატომ შემცირდა იგი საქართველოში?”

აღნიშნულ სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა აგრარული ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა მიერ გაკეთებული შეფასებები ძირითადად სამ „ა“, „ბ“ და „გ“ კატეგორიებად იყოფა:

„ა“ ტიპის შეფასებები საქართველოს სოფლის მეურნეობის დაბალ-პროდუქტიულობის ისეთ მიზეზებს აერთიანებენ როგორებიცაა „სამოქალაქო ომი და უკანონობის მრავალი წელი“, „რუსეთის ბაზრის დაკარგვა“, „ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების არსებობა“, „მცირე ფერმერული კოოპერატივების არაეფექტიანი მუშაობა“, „სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დაბალი პრიორიტეტის მინიჭება“, „საირიგაციო და სარწყავი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა“, „საწარმოო რესურსების, ტექნოლოგიებისა და ცოდნის ნაკლებობა“ და „აგრარული პროდუქციის მდარე კომერციალიზაცია“.

„ბ“ ტიპის შეფასებები სომხეთის სოფლის მეურნეობის მაღალი პროდუქტიულობის ახსნას შემდეგი მიზეზებით ცდილობენ: საქართველოსთან შედარებით „უკეთესად გამოყენებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა“, „უფრო მეტი სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარები“ და „სომხეთის გადამამუშავებელი ინდუსტრიის უმჯობესი უნარი დამატებითი ღირებულების შექმნის საკითხში (მაგ. „ ადგილობრივი ბრენდის წარმოება“).

„გ“ ტიპის შეფასებები, სტატიის ავტორის ადამ პელილოს პოზიციის ჩათვლით, სკეპტიკურნი არიან მონაცემების სიზუსტის მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი სომეხი ეკონომისტი კომენტარში წერდა, რომ „როცა ვადარებ ჩვენი ქართველი და სომეხი სტუდენტების მიერ სოფლად ცხოვრების შესახებ მოყოლილ ისტორიებს, არ მიჩნდება შეგრძნება თითქოს სომეხი ფერმერების ცხოვრების სტანდარტები უკეთესი ყოფილიყოს ვიდრე ქართველი სოფლის მეურნეებისა. ამ ნიშნის მიხედვით, ორივე ეროვნული ჯგუფი უფრო ერთმანეთს ემგვანება,  ვიდრე განსხვავდება ერთმანეთისაგან“.

საკითხის სიღრმისეული შესწავლისთვის ჩვენ მივმართეთ ორ საერთაშორისო უფროს სტატისტიკოსს, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე „გ“ ტიპის სკეპტიკურ თვალსაზრისს ემთხვევა. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული მონაცემები აგრარული წარმოებისა და პროდუქტიულობის საკმაოდ ზუსტ სურათს უნდა ასახავდნენ, ვინაიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკა ფერმერთა კვლევის სწორ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. მეორე მხრივ, არაზუსტი უნდა იყოს სომხეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შესაგროვებლად გამოყენებულია „სათემო ჩანაწერებზე დაფუძნებული ანგარიშგების სისტემა, რაც შესაძლოა ასახავდეს საბჭოთა კავშირის დროინდელ აზროვნებას და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად გაზრდილ აგრო-წარმოების დონეს“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სომხეთის სტატისტიკა ინფორმაციის სანდო წყაროდ ვერ ჩაითვლება, მაშინ საქართველოს შედარება ამ ქვეყანასთან არაფერის მომცემია. შექმნილ ვითარებაში ჩვენ გადავწყვიტეთ უპირატესობა მიგვენიჭებინა (უფრო ღირებული) ქართული სტატისტიკური მონაცემებისთვის და ეკონომიკური ანალიზი მათზე დაყრდნობით წარმოგვედგინა.

საქართველოს რეგიონების (თბილისის გარდა) სამუშაო ძალის საკმაოდ დიდი ნაწილი, მომუშავეთა 52% სოფლის მეურნეობის სექტორშია (თვით) დასაქმებული. რადიკალურად განსხვავებული ნიადაგი და კლიმატური პირობები ამ რეგიონების სხვადასხვა ტიპის აგრარულ წარმოებაში სპეციალიზირებას განაპირობებენ. ასეთი სიტუაცია ქმნის მოლოდინს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა რეგიონებს შორის არაერთგვაროვნად იქნება განაწილებული. ჩვენი აზრით, საინტერესო იქნებოდა მათი შედარება ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებული საშუალო შემოსავლის მიხედვით, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული განსხვავებული პროდუქტიულობის მიზეზი გვეპოვნა.

 

საოცარია, მაგრამ მონაცემები ნაცვლად საქართველოს აგრარული მწარმოებლურობის ასახვისა კვლავ სომხური მაღალპროდუქტიულობის ფაქტორისაკენ მიუთითებენ.

საქსტატის 2011 წლის ინტეგრირებული შინამეურნეობების კვლევის მონაცემების მიხედვით  ერთ შინამეურნეობაზე ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავლის (857 ლარი) მქონე რეგიონი სამცხე-ჯავახეთია. არც თბილისი, არც სამეგრელო ან აჭარა, არამედ სამცხე-ჯავახეთი!

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია მთელს საქართველოში სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს (შემდეგ მოდის თბილისი). სწორედ, ამ დემოგრაფიულ სურათს ასახავს საქსტატის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შერჩევით გამოკვლევაში მონაწილე 198 ქართული და 477 სომხური წარმოშობის შინამეურნეობათა რაოდენობა.

შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ ასეთი განსხვავების მიზეზი უბრალოდ კვლევაში მონაწილე სომხური ოჯახების მრავალსულადობაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ მხრივ სამხცე-ჯავახეთის რეგიონი საშუალო 3.8 სულით ერთ ოჯახზე ეროვნული მაჩვენებლისაგან (3.6 სული) შორს ნამდვილად არ არის.

სამხცე-ჯავახეთი სხვა რეგიონებისაგან საკმაოდ მრავალი მახასიათებლითაა გამორჩეული. ეს მახასიათებლები ან რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ასახავენ  ან კიდევ მასზე გავლენის მომხდენ ფაქტორებად გვევლინებიან:

  • სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე მაღალი წილი (22%) სხვა რეგიონებთან შედარებით (კახეთი მეორეა 14%-ით). ეს ნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთელი ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან საშუალოდ 2.5-ჯერ მეტ შემოსავალს იღებენ ვიდრე ამას კახეთის სოფლის მეურნეები ახერხებენ. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ისინი სამცხე-ჯავახეთის 22%-იან საშემოსავლო წილს საკმაოდ ჩამორჩებიან.
  • დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე დაბალი წილი (13%) სხვა რეგიონებთან შედარებით. სამცხე-ჯავახეთის შემდეგ მოდის კახეთი (17%) დაგურია (18%), ხოლო ჩამონათვალის ბოლოშია თბილისი, რომლისთვისაც დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის 47%-ს წარმოადგენს.
  • დამუშავებული  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ყველაზე დიდი წილი (0.85 ჰა ერთ შინამეურნეობაზე) სწორედაც რომ სამცხე-ჯავახეთშია. ჩამონათვალში რიგით მეორეა გურია (0.7 ჰა) და ყველაზე ბოლოა აჭარა (ერთ შინამეურნებაზე 0.3 ჰა).
  • დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შედარებით თანაბარი განაწილება შინამეურნეობებს შორის და დიდი ზომის ფერმების ძალიან მცირე რაოდენობა ან მათი საერთოდ არ არსებობა ისევსამცხე-ჯავახეთისთვისაა დამახასიათებელი. აქ გამოკითხულ შინამეურნეობათა მიწის ნაკვეთების ზომები მერყეობს 0-დან 4.5 ჰა-მდე ინტერვალში, მაშინ როცა ეს დიაპაზონი შიდა ქართლისთვის 0-48, გურიისთვის 0-17 და კახეთისთვის 0-39 ჰექტარია.
  • დამუშვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების (მათ შორის იჯარით გაცემული) ყველაზე მეტი საშუალო რაოდენობა (3.4 ერთეული) ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით კვლავ სამცხე-ჯავახეთშია. მას მოსდევს შიდა ქართლი და იმერეთი 2.2 ერთეულიანი საშუალო მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი და ქართველი ოჯახები ერთნაირ პირობებში ცხოვრობენ, მათი შემოსავლების შედარებისას კვლავ იჩენს თავს სომხური პროდუქტიულობის ფაქტორი. სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული სომხური შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი 923 ლარია, შედარებით მაღალი ვიდრე ქართული ოჯახის საშუალო 729 ლარიანი საშუალო შემოსავალი; ასევე, სომხური ოჯახები ქართულ ოჯახთან შედარებით საშუალოდ  2.5-ჯერ უფრო მეტი მიწის ნაკვეთს ამუშავებენ (1 და 0.4 ჰა, შესაბამისად).

სომხური პროდუქტიულობის ფაქტორი ნელ-ნელა მხოლოდ მაშინ კარგავს თავის ეფექტს როცა სამცხე-ჯავახეთს თბილისის მიმართულებით, 50-60 კილომეტრით ვშორდებით. საქსტატის შერჩევითი კვლევის მონაწილე შინამეურნეობები თბილისისთვის 1741 ქართულ და 113 სომხურ ოჯახს წარმოადგენენ. ამასთან,  თბილისში სომხური შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი (448 ლარი) თითქმის ორჯერ უფრო დაბალია ვიდრე ქართული ოჯახებისა (867 ლარი).  ამის მიზეზი, ალბათ ის არის, რომ თბილისში სოფლის მეურნეობა ფულის მოპოვების საუკეთესო წყარო არ არის.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 12 ივლისი 2020

Captcha Image

Our Partners