ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საბჭოური წარმატების პარადოქსი

ძალიან დიდი ხანია, ერთი კითხვა მაწუხებს და მიკვირს, რომ აქამდე არავინ დაინტერესებულა მისით: როგორ მოხდა, რომ ცივი ომის პერიოდში დასავლეთს ჰყავდა კლასიკური მუსიკის უკეთესი ორკესტრები (კოლექტივი), საბჭოთა კავშირი კი ბევრად აღემატებოდა მას სოლისტებით? განა პირიქით არ უნდა ყოფილიყო? თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია – რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ამ ფაქტიდან?


მუსიკა და სპორტი

როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს ჰყავდა შესანიშნავი ორკესტრები, თუმცა დაუსრულებლად შეიძლება ვიკამათოთ, ვინ იყო საუკეთესო სოლისტი. ვან კლიბურნის გამარჯვება 1958 წელს მოსკოვში გამართულ ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში დღემდე ახსოვთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს იმ დროისთვის ნამდვილი სენსაცია იყო, რადგან ყველა ელოდებოდა, რომ უამრავ სხვა ნიჭიერ საბჭოელ სოლისტთანაგან ერთ-ერთSelect Blog Imageი გაიმარჯვებდა. მაგრამ დღეს ძალიან ცოტა მუსიკათმცოდნე თუ ფიქრობს, რომ ვან კლიბურნმა მოგვიანებით თავის კარიერაში მიაღწია ისეთსავე წარმატებას, როგორსაც ყველაზე ცნობილმა საბჭოთა პიანისტებმა სვიატოსლავ რიხტერმა და ემილ გილელმა. ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ საბჭოთა სოლისტები ტოლს არ უდებდნენ დასავლელ მეტოქეებს. ისინი აღემატებოდნენ მათ როგორც წმინდა ტექნიკური (როგორც ბევრი აზიელი დღეს), ისე მუსიკალურობის თვალსაზრისით.

იგივეს ვერ ვიტყვით საბჭოთა ორკესტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი უდავოდ კარგი იყო (საუკეთესოდ ითვლებოდა ლენინგრადის ფილარმონიული ორკესტრი მრავინსკის დირიჟორობით), მათ მსოფლიოში საუკეთესოდ არავინ მიიჩნევდა. როდესაც 1969 წელს (დასავლეთ) ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა კარაიანის დირიჟორობით მოსკოვში პირველად შეასრუა შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია, ეს იყო სენსაცია არა მხოლოდ მსმენელთათვის, არამედ თავად ავტორისთვისაც. ბევრი ელოდა, რომ საუკეთესო გერმანული ორკესტრი განუმეორებელი იქნებოდა გერმანულ რეპერტუარში, მაგრამ ცოტას თუ ეგონა, რომ ისინი დაჩრდილავდნენ საბჭოთა ორკესტრებს თანამედროვე საბჭოთა მუსიკაში. და ეს არ იყო „გამონაკლისი, რომელიც წესს ამყარებს“, როგორც ვან კლიბურნის შემთხვევაში მოხდა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გერმანულ ორკესტრს უფრო ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა საბჭოთა ორკესტრთან შედარებით. მაგრამ გერმანელებთან ერთად ამერიკულმა ორკესტრებმაც დაამტკიცეს, რომ ტოლს არ უდებდნენ საბჭოურ ორკესტრებს. კლივლენდის ორკესტრმა გეორგ სზელის დირიჟორობით, ფილადელფიის ორკესტრმა ევგენ ორმანდის დირიჟორობით, ნიუ იორკის ფილარმონიულმა ორკესტრმა ლეონარდ ვერნშტაინის დირიჟორობით მიაღწიეს ისეთ სიმაღლეს, როგორიც საბჭოთა კავშირში ძნელად თუ მოიპოვებოდა. შედეგად, იმ დროის ვარსკვლავურ შემადგენლობაში შედიოდნენ საბჭოთა სოლისტები და დასავლური ორკესტრები. ამას ადასტურებს დღემდე შემორჩენილი რამდენიმე ჩანაწერი, ვინაიდან საბჭოელი ვარსკვლავების უმეტესობას 1950-იანი წლებიდან უფლება ჰქონდა, ემოგზაურა დასავლეთში. 

შეიძლება ვიფიქროთ, რომ დასავლეთის დომინანტობას ორკესტრებში განაპირობებდა დირიჟორთა უპირატესობა, რომლებიც ვარსკვლავი მევიოლინეებისა და პიანისტების მსგავსად,  სოლისტებადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა დავიდ ოისტრახმა, ერთ-ერთმა უდიდესმა საბჭოთა მევიოლინემ, შესანიშნავად შეასრულა მოცარტის კონცერტი ვიოლინოსთვის დასავლეთ ბერლინის ფილარმონიულ (სოლო შესრულების გარდა) ორკესტრთან ერთად. და მას ამისთვის სულაც არ დასჭირვებია  წარმატებული დასავლელი დირიჟორი.

შედეგად, ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ფაქტის მომსწრენი, ნაკლებად ინდივიდუალისტურმა საზოგადოებამ შეძლო, შეექმნა კლასიკური მუსიკის შესანიშნავი ინდივიდუალისტები, თუმცა ვერ მოახერხა იგივე კოლექტივებისთვის. რამე უფრო მნიშვნელოვანს ხომ არ უნდა ვხედავდეთ ამაში? იგივე ხდებოდა სპორტშიც: საბჭოთა კავშირმა მიაღწია დიდ წარმატებას ინდივიდუალური ათლეტების ხარჯზე, თუმცა სპორტის კოლექტიურ სახეობებში დასავლეთი აშკარად უკეთესი იყო. რა თქმა უნდა, ყინულის ჰოკეის საბჭოთა ნაკრები უკეთესი იყო, მაგრამ სხვა სპორტული გუნდები ძნელად თუ გაუტოლდებოდნენ ინდივიდუალურ ათლეტებს წარმატების თვალსაზრისით. საბჭოთა ფეხბურთი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო, მათ 1960 წელს მოიგეს კიდეც ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ბევრი ამას მეკარის, ლევ იაშინის დამსახურებად მიიჩნევს. მეკარე კი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ინდივიდუალური პოზიციაა სპორტის ამ სახეობაში. მართალია, გუნდური თამაში ძალიან ეხმარებოდა საბჭოთა მოჭადრაკეებს, მაგრამ ისინი მაინც როგორც ინდივიდუალისტები იმარჯვებდნენ, თავიანთი გამოკვეთილად გამორჩეული სათამაშო სტილის წყალობით. შესაძლოა, ჩემზე ბევრად კომპეტენტურ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი მაგალითები მოიყვანონ ფიზიკის, მათემატიკისა თუ მეცნიერებს სხვა დარგებიდან.

რა მოხდება, თუ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ და შევხედავთ ყველაზე დიდ შესაძლო კოლექტივებს, საზოგადოებებს, როგორც ასეთს? ამ შემთხვევაში უკვე თავს იჩენს საინტერესო და, ალბათ, მოულოდნელი ნიმუში. რაც უფრო დიდი იყო კოლექტივი, რომელსაც ვაკვირდებით, მით მეტი იყო დასავლეთის კაპიტალისტური საზოგადოების უპირატესობა, ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით მაინც. მართალია, საბჭოთა ბევრი მუსიკოსი და ათლეტი კონკურენციას უწევდა და ხშირად ჯობნიდა კიდეც დასავლელებს, მაგრამ თავად საბჭოთა საზოგადოება ვერ ახერხებდა იგივეს. დიადი სოციალისტური ექსპერიმენტის დაწყებისას განა ვინმე იფიქრებდა ასეთ რამეს?

მოდი, ვცადოთ და ავხსნათ ეს აშკარა პარადოქსი.


კონფორმიზმისგან გაქცევა

კოლექტიურ საზოგადოებაში ცხოვრებას ზოგადად თან ახლდა ინდივიდუალიზმის ნაკლებობა: საბჭოთა მოქალაქეებს ძალიან ცოტა შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თავი გამოევლინათ პოლიტიკაში, სამსახურში, ეკონომიკასა თუ ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ სფეროში. ერთადერთი გამოსავალი იყო, გამხდარიყავი შესანიშნავი რომელიმე სფეროში, მაგალითად, ვარსკვლავი პიანისტი ან ათლეტი. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, ეზრუნათ საკუთარი სტილისა და პიროვნების განვითარებაზე, მათ ამისთვის ახალისებდნენ კიდეც. ყოველგვარი სოციალისტური რიტორიკის მიღმა ყველა ბრწყინვალე ათლეტი მაინც უფრო ინდივიდი იყო, ვიდრე კოლექტივის ნაწილი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს ეკრძალებოდათ, ჰქონოდათ გამორჩეული იდენტობა, ვინაიდან ინდივიდუალიზმის ყოველგვარი გამოვლინება იწვევდა დისიდენტობის ეჭვს, შთამბეჭდავი შესრულება იყო ერთადერთი გზა, ადამიანის ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული ისეთი ადამიანური მისწრაფების დასაკმაყოფილებლად,  როგორიცაა იყო გამორჩეული ინდივიდი.


შინაგანი მოტივაცია გარეგანის წინააღმდეგ

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ხშირად გამორჩებათ ხოლმე ეკონომიკური ანალიზისას, შეიძლება იყოს შინაგანი მოტივაციის მნიშვნელოვანი როლი. ეკონომისტები მიდრეკილნი არიან, ახსნან მოვლენები გარე მოტივაციის საშუალებით, მაგრამ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ცოტა მატერიალური სტიმული არსებობს, შინაგანი მუხტი არის ერთადერთი მოტივაცია, იყო საუკეთესო რომელიმე სფეროში.

ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ სწორედ გარე მოტივაციის ნაკლებობა გახდა სოციალიზმის მარცხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. საზოგადოებას ბევრი სერვისი მიეწოდებოდა უხეიროდ, თუ საერთოდ მიეწოდებოდა, როგორც ამბობენ ის ადამიანები, ვინც სოციალიზმი საკუთარ თავზე გამოსცადა. საბაზრო ეკონომიკაში, მეორეს მხრივ, ისიც კი, ვინც უაღრესად არასასიამოვნო სამუშაოს ასრულებს, დროულად ცხადდება სამსახურში და წესიერად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის იღებს საკმარის მატერიალურ კომპენსაციას.

შედეგად, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რატომ აღწევდნენ ინდივიდები წარმატებას საბჭოთა სისტემაში, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ დიდ ხელოვანთა და ათლეტთა შინაგანი მოტივაცია.

შინაგანი მოტივაციით შეიძლება აიხსნას ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტი, როდესაც საბჭოთა კავშირმა მიაღწია ნამდვილ ბრწყინვალებას კოლექტიურ დონეზე: მან 70 წლის წინ დაამარცხა ნაცისტური გერმანია. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ საბჭოთა მებრძოლებს ფრონტზე მკაცრი სასჯელის შიში აკავებდათ. მაგრამ გერმანელი ისტორიკოსის, იოჰან ჰელბექის ახალი კვლევა ხაზს უსვამს წითელი არმიის ჯარისკაცთა შინაგანი მოტივაციის უდიდეს როლს ამ გამარჯვებაში. მან გააანალიზა 1941 წელს საბჭოთა ისტორიკოსის, იზრაელოვიჩ მინტსის მიერ დაარსებული „სამამულო ომის ისტორიის კომისიის“ მიერ წითელი არმიის ჯარისკაცებთან ჩატარებული 215 ინტერვიუ. როგორც მაიკლ სონტაიმერმა შეაჯამა DER SPIEGEL-ში: „ეს უკანასკნელი აღმოჩენა მთლიანად აბათილებს არგუმენტს, რაც ნაცისტებმა შექმნეს და შემდეგ უკვე დასავლეთიც იმეორებდა ცივი ომის დროს, თითქოს წითელი არმიის ჯარისკაცები მხოლოდ იმიტომ იბრძოდნენ ასე თავგანწირვით, რომ ეშინოდათ საიდუმლო პოლიციის დახვრეტისა“.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური ხედვა ყოველთვის გულისხმობდა ისეთი მუშახელის ყოლას, რომელიც, კაპიტალიზმისგან განსხვავებით არ იგრძნობდა „გაუცხოებას“, აშკარაა, რომ საბჭოთა სისტემამ ვერ მოახერხა, მშვიდობიანობის პერიოდში გაემეორებინა ის შედეგი, რასაც ომის პერიოდში მიაღწია.


კონკურენციის ფასი

დაბოლოს, ვინმემ შეიძლება იკითხოს, უწყობს თუ არა საბაზრო ეკონომიკის მიერ შექმნილი კონკურენცია საუკეთესო შესრულებას ხელს?

საყოველთაოდ მიღებული ეკონომიკური სიბრძნის მიხედვით, კონკურენცია არის გადამწყვეტი ფაქტორი ხალხის მოტივაციისთვის, რომ მათ კარგად იმუშაონ. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ კონკურენციას თავისი ფასი აქვს. დასავლელი მუსიკოსი იძულებული იყო, საუკეთესო ყოფილიყო როგორც ხელოვნებაში, ისე ბევრი სხვა საზომის მიხედვითაც. წარმატებული დასავლელი სოლისტი უნდა ყოფილიყო ნიჭიერი საკუთარი თავის წარმოჩენაში ინტერვიუს, პრეს-კონფერენციისა თუ სარეკლამო კამპანიის დროს. ეს ყველაფერი კი არის უფრო დიდი პრობლემის ნაწილი, რაც საბაზრო ეკონომიკებში ხშირად გვხვდება – ადამიანმა უნდა უზრუნველჰყონ საკუთარი თავი, რადგან მთავრობა ამას მათ ნაცვლად არ გააკეთებს. ეს სიტუაცია კი გაცილებით უფრო სტრესული იყო ცივი ომის პერიოდში.

საბჭოთა კავშირში, მეორეს მხრივ, ნიჭიერი ადამიანები თავისუფლდებოდნენ ნებისმიერი საზრუნავისგან, რაც ეხებოდა მათი ოჯახების შენახვას, საპენსიო ასაკისთვის სახსრების შეგროვებასა თუ საკუთარი თავის დამაჯერებლად წარმოჩენას. საბჭოთა სისტემა საშუალებას აძლევდა შინაგანად მოტივირებულ და ნიჭიერ ადამიანებს, გაჰყოლოდნენ თავის ნიჭს და საკუთარი თავი მთლიანად ამ საქმისთვის მიეძღვნათ, იქნებოდა ეს მუსიკა თუ ჭადრაკი. სისტემა აგვარებდა ნებისმიერ პრობლემას, რასაც შეეძლო წარმატების მიღწევაში ხელი შეეშალა მათთვის.

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული ეკონომიკური თეორია ხსნის საბჭოთა ეკონომიკური სისტემის წარუმატებლობას, ის მოიკოჭლებს დიად ინდივიდუალურ და უსახურ კოლექტიურ მიღწევებს შორის მოულოდნელი შეუსაბამობის ახსნისას. როგორც უკვე ვთქვი, ამის ახსნა უნდა ვეძიოთ ნიჭიერ ადამიანთა შინაგან მოტივაციაში, თვით-რეალიზების სურვილსა და კონკურენციის ორაზროვან ბუნებაში.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 12 ივლისი 2020

Captcha Image

Our Partners