ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

კოოპერირების სიძნელეები საქართველოს სოფლის მეურნეობაში

საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედევად ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის მთელს მსოფლიოში, საქართველომ განიცადა რეგრესი სოფლის მეურნეობის დარგში. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აღემატებოდა 4 მილიონს, დღესდღეობით კი ოდნავ აღემეტება 1 მილიონს. Rural Poverty Portal-ის მიხედვით საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ჩაის, ციტრუსების, ფოთლოვანი ხის და ღვინის ძირითადი მიმწოდებელი იყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველოში ამ პროდუქციის წარმოება  85 %-ით შემცირდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის არასახარბიელო მდგომარეობა   სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩანს. ზემოთ მოცემულ გრაფიკზე თითოეული წერტილი აღნიშნავს ერთ აღმოსავლეთ ევროპულ ან პოსტ-საბჭოთა ქვეყანას. ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია სასოფლო-სამეურეო პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ), ხოლო ვერტიკალური ღერძი გვიჩვენებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა პროცენტულ წილს მთლიან დასაქმებაში. გრაფიკის მიხედვით საქართველოს აშკარად გამორჩეული ადგილი უკავია, სამწუხაროდ ეს გამორჩეულობა სახარბიელო არ არის. ძლიერ აგრარული ქვეყანას უნდა უნდა ეკავოს ადგილი ნახაზის ქვემოთ ნაწილში და მარჯვნივ, საქართველო კი მდებარეობს მარცხნივ და ზემოთ: სოფლის მეურნეობაზე მოდის სამუშაო ძალის 50 %-ზე მეტი და მშპ-ს  მხოლოდ 9 %! ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად კი მიიჩნევა ფერმერთა კოოპერირება.


კოოპერირება აუცილებელია

როგორ შეუძლია ფერმერათა კოოპერირებას პრობლემის აღმოფხვრა?

პირველ რიგში კოოპერაცია გამოიწვევს მასშტაბის ეკონომიას. მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკური ლიტერატურის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მასშტაბის ეკონომიის არსებობა საკამათოა (იხილეთ www.iset.ge/blog ერიკ ლივნის სტატიები “Is Small Scale Agriculture Necessarily Inefficient?” და “Does Productivity Increase with Farm Size?”) ერთი რამ ცხადია - ზოგიერთ სოფლის მეურნეობის საქმიანობას გააჩნია მასშტაბის ზრდადი უკუგება. მაგალითად ათი აკრი მიწის შემოღობვას არ სჭირდება ორჯერ მეტი დანახარჯი ვიდრე ხუთი აკრის მიწის შემოღობვას.

კოოპერირების ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა. მანქანა დანადგარების, სასუქის და შხამ-ქიმიკატების გამოყენება შესამჩნევად ზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. ეს ყველაფერი კი მოითხოვს კაპიტალს და რაც უფრო მეტი საგირავნო საკუთრებაა ხელმისაწვდომი, მით მეტი კაპიტალის მიწოდების სურვილი აქვთ ბანკებს.  საგირავნო მოთხოვნების დაკმაყოფილება ბევრად უკეთესად შეუძლია კოოპერატივს, ვიდრე ფერმერს ინდივიდუალურად. დამატებით, კოოპერატივებს უპირატესობა არა მარტო პროდუქციის ხარისხის  გაუმჯობესების დროს არამედ მათი ბაზარზე გატანის დროსაც ექნებათ. რაც უფრო დიდია პროდუქციის რაოდენობა, რომელიც შეუძლია ფერმერს მიაწოდოს მით უკეთესი მდგომარეობა ექნება ვაჭრობის დროს.


როდის არ ამართლებს კოოპერირება

საქართველოში რეგისტრირებულია საკმაოდ ბევრი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი. პირადად მე ვესტუმრე რამოდენიმე მათგანს ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ მათი უმეტესობა არ მუშაობს ეფექტიანად ან საერთოდ უმოქმედოა, და მხოლოდ კოოპერატივების ძალიან მცირე ნაწილი მუშაობს გამართულად.

მიზეზი შემდეგია: კოოპერატივების გარკვეული ნაწილი შექმნილია მხოლოდ ფორმალურად. ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის გატარებული მრავალი პროექტი მიზნად ისახავდა კოოპერირების პროცესის დაჩქარებას საქართველოში. ამ პროექტების ფარგლებში ფერმერები იღებდნენ მონეტარულ სტიმულებს თანამშრომლობისათვის. შედეგად გლეხებმა დაიწყეს კოოპერატივების შექმნა იმ მიზნით რომ მიეღოთ მონეტარული სარგებელი და არა იმიტომ რომ  გაანალიზებული ქონდათ გაერთიანების ეკონომიკური პოტენციალი და სამომავლო სარგებელი.

კოოპერატივების შექმნაში კიდევ ერთი პრობლემა არის ნდობის არარსებობა და აზრთა სხვადასხვაობა ფერმერებს შორის, რომელიც როგორც წესი, ძლიერდება არაფუნქციური სტიმულებით. ერთი წლის წინ ვესტუმრე ერთ-ერთ კოოპერატივს ქვემო ქართლში, რომელიც საწყის ეტაპზე იმედის მომცემად გამოიყურებოდა, მაგრამ ამას მოყვა მისი თანდათანობით დაშლა. მაშინ როცა კოოპერატივის საწყის ეტაპზე მისი თითეული წევრი მონდომებულად მუშაობდა კოოპერატივის გასაძლიერებლად, დროთა განმავლობაში ძალისხმევა შემცირდა და გაუჩნდათ მოტივაცია გამხდარიყვნენ „უბილეთო მგზავრები“ (free-riders). ეს გამოიხატებოდა მათ სურვილში ეცხოვრათ სხვის ხარჯზე, ისინი ფიქრობდნენ რომ სხვა იმუშავებდა, ხოლო მოგებას ყველა თანაბრად გაინაწილებდა. ამ კოოპერატივის ბოლო ის იყო რომ დარჩა მხოლოდ ერთი ქალი, რომელიც მუშაობდა კოოპერატივში და როგორც მოსალოდნელი იყო მალე იმანაც თავი დაანება საქმეს. დღეს-დღეობით ეს კოოპერატივი ოფიციალურიად ისევ არსებობს მაგრამ უფუნქციოა.


ნაკლები ამბიცია, მეტი წარმატება?

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვსტუმრობდი კოოპერატივებს და აღმოვაჩინე სამი კოოპერატივი იმერეთში და ორი ქვემო ქართლში რომლებიც საკმაოდ კარგად ფუნქციონირებდნენ. ხუთივე კოოპერატივს ქონდა ერთი საერთი რამ: მათი წევრები იყვნენ ნათესავები ან მინიმუმ ახლო მეგობრები. ეს წყვეტს ზემოთ ხსენებულ სტიმულების პრობლემას. ამ დრო ჩნდება ერთი ლოგიკური შეკითხვა: რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ ხელი შეეწყოს არანათესავური ოჯახების კოოპერირებას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად კარგი იქნება გავაანალიზოთ ქართული ტრადიციული ურთიერთნამშრომლობები სოფლის მეურნეობაში, რომელებიც არაა ოფიციალურად დარეგისტრირებული. ქართულ სინამდვილეში, რთული არაა წარმატებული სოფლის მეორნეობის კოოპერირების მაგალითების მოძიება. თუ ოდესმე გიმოგზაურიათ ქალაქგარეთ დილით ადრე ან საღამოს, აუცილებლად გექნებათ შემჩნეული ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი ერთად მიმავალი საძოვრებზე, ამას ქართველები ნახირს ვუწოდებთ. ნახირი ალბათ ყველა ქართველმა იცის რომ არის სხვადასხვა ფერმერების მსხვილფეხა პირუტყვის გაერთიანება. გლეხები ერთად კრიბავენ თავის პირუტყვს და ერთად მიყავთ საძოვრებზე, ყოველ დღე მორიგეობს ორი ან სამი მენახირე, პირუტყვთა რაოდენობის შესაბამისად. ყოველ დღე სხვადასხვა გლეხი თავის თავზე იღებს ყველა პირუტყვის ერთად წაყვანას საძოვრად და საღამოს უკან დაბრუნებას.  თუ გლეხს არ შეუძლია ნახირში წასვლა, მაშინ მან უნდა გადაუხადოს ფული სხვა გლეხს, ვინც მის მაგივრად დამწყემსავს პირუტყვს.

ასევე ფორმალური კოოპერატივების გარეში, საქართველოში ხშირია რამოდენიმე გლეხის გაერთიანება სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების შესაძენად. მაგალითად ჩემს სოფელში, ქვეშში რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, ვიცი რამოდენიმე ოჯახი რომელმაც გააერთიანა ფულადი სახსრები და იყიდეს პატარა ტრაქტორი საერთო სარგებლობისთვის. არაფორმალური კოოპერატივების კიდევ ერთი მაგალითი არის მიწის თხოვება მეზობელისათვის. მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: ერთი ოჯახი აძლევს მეორეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სანაცვლოდ იღებს მოსავლის ნაწილს.

ყველა ზემოთხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ფერმერებს შორის თანამშრომლობა ხდება შესაძლებელი, როდესაც შედეგის დანახვა შეიძლება და პროცესი გამჭვირვალეა. ეს ორი ფაქტორი უზრუნველყოფს რისკის შემცირებას და ნდობის გაზრდას, რაც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია გლეხთა კოოპერირებისთვის. ნახირის შემთხვევაში გლეხს შეუძლია ყოველ დღე შეამოწმოს მისი ძროხა დაბრუნდა თუ არა, გაერთიანებული სახსრებით ნაყიდი პატარა ტრაქტორის შემთხვევაში კი მარტივად შეიძლება შემოწმდეს მოწყობილობა და თუ როგორ იყენებენ სხვა მეწილეები მას. ხოლო მიწის თხოვების დროს, მეპატრონეს შეუძლია დააკვირდეს მოსავალს, მცენარეზე შეხედვით.

ნახირი და მისი მსგავსი გაერთიანებები მომავალში შეიძლება გამოდგეს უფრო რთული კოოპერატივების შექმნის საწყის წერტილად.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 28 თებერვალი 2021

Captcha Image

Our Partners