ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

“ ზედმეტი განათლების ” მახე

რამდენმა თქვენგანმა გაიარა უნივერსიტეტის  სრული სასწავლო კურსი პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და “განათლების” მიღების გარეშე? რამდენი თქვენგანი მიიჩნევს, რომ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლამ ვერ გააღრმავა თქვენი ცოდნა იმაზე მეტად, რაც საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის შედეგად გქონდათ შეძენილი? რამდენ თქვენგანს უთხრეს უარი სამუშაოდ აყვანაზე იმის გამო, რომ იყო “ზედმეტადკვალიფიციური”? ან რამდენი თქვენგანი დათანხმდა დაბალკვალიფიციურ სამუშაოს?

ბოლო წლებში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. დაახლოებით 10 წლის განმავლობაში (1999-დან 2010-მდე), ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რიცხვი - 64%-ით გაიზარდა, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში - 27%-ით, ხოლო დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში - 19%-ით (იხილეთ UNESCO).

ამ მონაცემთა მიხედვით რამოდენიმე ტენდენცია იკვეთება:

  • ათი წლის განმავლობაში უმაღლეს განათლებაში ჩარიცხულთა პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მეტად იმ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიზარდა, სადაც შედარებით დაბალი ჩართულობის დონე ფიქსირდებოდა პერიოდის დასაწყისში (20-25%). კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და რუმინეთში ჩარიცხულთა დონე გაორმაგდა და დაეწია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. სტუდენტთა ჩართულობა სომხეთშიც ორჯერ გაიზარდა.
  • უმაღლეს განათლებაში ჩართულობის მაჩვენებლის შედარებით მცირე ზრდის ტემპით (ზოგიერთ შემთხვავაში კლებით) ხასიათდება ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებმაც აღნიშნული პერიოდი ძალიან დაბალი მაჩვენებლით დაიწყეს. ამ ქვეყანათა რიცხვშია უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და 2005 წლიდან  საქართველოც.
  • გარდამავალ ქვეყნებში სტუდენტების ჩარიცხვის დონე უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა პერიოდის პირველ ნახევარში (1999-2005). თუმცა 2005 წლიდან, აღმოჩნდა, რომ ბევრმა ქვეყანამ ამოწურა უმაღლესი განათლების პოტენციალი. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას საზღვარგარეთ ხელმისაწვდომი ან სულაც უფასო განათლების მიღების შესაძლებლობით (განსაკუთრებით ახალი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის), ასევე უფრო ძლიერი შრომის ბაზრების შექმნით, რამაც გავლენა იქონია სწავლის გაგრძელების ალტერნატიულ ღირებულებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს საგანმანათლო სისტემის რეფორმები, როგორიცაა ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტთა აკრედიტაცია.

ცხადია, უმაღლეს განათლებაში ჩართულობის ზრდას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია  გარდამავალი ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან და ცდილობენ ფეხი აუწყონ ”ცოდნის ეპოქას”. თუმცა, უმაღლესი განათლების ზრდის არასწორმა მიმართულებამ, ამ სფეროს მკვეთრად და დაუყოვნებლივ ათვისების  მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს  გაუკონტროლებელი ხარჯები და ეფექტიანობის დანაკარგები ჩართული საზოგადოებისთვის. არსებობს ამის ორი მიზეზი:

  • როგორ შეუძლია ქვეყანას  (თითქმის) დაუყოვნებლივ გაზარდოს ჩართულობა იმ დარგში, რომელშიც მას არა აქვს გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა?

-მხოლოდ სტანდარტების შემცირების საფუძველზე.

  • როგორ შეუძლია ქვეყანას დაუყოვნებლივ გააორმაგოს ჩართულობა?

-მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა დაუშვებს, რომ ძალიან სუსტმა სტუდენტებმაც კი მოახერხონ ფსევდო-უნივერსიტეტებიდან “უმაღლესი განათლების” დამადასტურებელი დიპლომის ყიდვა. დოკუმენტურად დასტურდება, რომ ბევრია შემთხვევა დიპლომის ისეთ უმნიშვნელო ფასად გაყიდვისა, რომელიც ბეჭდვის ზღვული დანახარჯებსა და “უნივერსიტეტის” მფლობელების “ნორმალურ” მოგებას არ აღემატება. არავითარი გამოცდები, სტუდენტებისთვის  ლექციებზე დასწრებაც კი არ არის სავალდებულო.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტების რაოდენობის ასეთი უკონტროლო ზრდა შედარებით უკეთეს სტუდენტებს აიძულებს, გააგრძელონ სწავლა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, რათა შრომის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრონ და დამსაქმებელს მიანიშნონ  თავიანთ შესაძლებლობებზე. თუმცა,  ხშირ შემთხვევაში სამაგისტრო პროგრამებიც ძალიან დაბალხარისხიანია.

ასეთნაირად ბევრი გარდამავალი ქვეყანა აღმოჩნდა “ზედმეტი განათლების” მახეში. როგორ მუშაობს ეს?

არ გქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი საზოგადოებაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი ღირსეული პროფესიული განათლების სისტემით (როგორც მაგალითად გერმანიაშია) და მოსახლეობის 60-70%-ზე მეტს აქვს ბაკალვრის ხარისხი, ნიშნავს დაღის ტარებას. სწორედ ამ დადაღვის ასარიდებლად ყველა იძულებულია, ისწავლოს თუნდაც არახარისხიანი და მომავალ თანამდებობასთან შეუსაბამო დიპლომის მოსაპოვებლად. რაც  უფრო მეტი ადამიანი ებმება ამ ხაფანგში, მით უფრო დიდ დანაკარგებთან ასოცირდება მისგან თავის არიდება.

“ზედმეტი განათლების” მახე მხოლოდ გარდამავალი ქვეყნების პრობლემა როდია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სტუდენტთა ჩართულობამ 2010 წლისთვის 70%-ს გადააჭარბა.  საუნივერსიტეტო განათლებაზე მოთხოვნა და ფასები ზრდას არ წყვეტს, არც მშობლებს სურთ თავიანთი შვილები განათლების გარეშე დატოვება. სწავლის გასაგრძელებლად ამერიკელი სტუდენტები ვალების დიდი რაოდენობით დაგროვებას არ ერიდებიან, რამაც, ეკონომისტების აზრით, შესაძლოა აქტივების ახალი კრიზისი წარმოშვას.

ძნელია “ზედმეტი განათლების” მიერ გამოწვეული სოციალური და ინდივიდუალური არაეფექტიანი დანახარჯების დათვლა, თუმცა ქვემოთ არის ჩამოთვლილი მინიმუმ რისგან შეიძლება ეს დანახარჯები შედგებოდეს:

  • ის შემოსავალი, რაც ახალგაზრდებს შეეძლოთ გამოემუშავებინათ, თუკი თავიანთი ცხოვრების 3-4 წელს პროფესიულ გადამზადებას ან მუშაობას დაუთმობდნენ, რაც, თავის მხრივ, პოდუქტიულობის ამაღლებასა და უმუშევრობის თავიდან არიდებაში დაეხმარებოდათ.
  • ჭარბი საუნივერსიტეტო პერსონალის შემოსავალი, რომელსაც ისინი პოტენციურად გამოიმუშავებდნენ ეკონომიკის სხვა სექტორში, თუნდაც საშუალო განათლების დარგში.
  • უმაღლესი განათლებისთვის გამოყენებული ჭარბი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნისა და შენახვის ხარჯები.

“ზედმეტი განათლების” მახე ქმნის „უნარების შეუსაბამობას“ გარდამავალი ქვეყნების შრომის ბაზარზე, სახელდობრ, ქმნის ისეთ სიტუაციას რომ ეკონომიკა განიცდის უმაღლესი და საშუალო ზოგადი განათლების მქონე კადრების სიჭარბეს და ამავდროულად არ ყავს საკმარისი რაოდენობის ტექნიკურად კვალიფიცირებული მუშაკები. შედეგად ვიღებთ უმუშევრობის მაღალ დონეს, უნივერსიტეტდამთვრებულების დაბალუნარიან სექტორებში დასაქმებასა და მცირე ფულად უკუგებას უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის. 

გარდამავალი ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველოც, ზემოთ აღნიშნული პრობლემების წინაშე დგას. ყოვრელწლიურად ათასობით სტუდენტი მიმართავს ეკონომიკის, მენეჯმენტისა და იურიდიულ ფაკულტეტებს განათლების მისაღებად, მაგრამ ეს მათ შემდგომ პროდუქტიულ დასაქმებაში ვერც კი ეხმარება. და მაინც, საქართველო დიდ გამონაკლისად რჩება. ყველა გარდამავალი ქვეყნისგან მას გამოარჩევს ის ფაქტი, რომ 2004-2005 წლებიდან დაწყებული საქართველოს ქონდა პოლიტიკური ნება, ებრძოლა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში არსებულ კორუფციასთან და დაეწესებინა მაღალი ხარისხის მაჩვენებელი ბარიერი  როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტებისთვის. აღნიშნული საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგად საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 1999 წლისთვის მაღალი ჩართულობის ჯგუფს (ქვეყნები 30%-ზე მაღალი მაჩვენებლით) მიეკუთვნებოდა და მოახერხა, ჩართულობის პროცენტული მაჩვენებლის 47% პიკიდან (2004) 35%-მდე დაწევა, რომელიც 1999 წლის მაჩვენებელზე დაბალია (35.78%).

ცხადია, სუსტი უნივერსიტეტების ამოძირკვას პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრა შეუძლია. საქართველომ ჯერ კიდევ უნდა შეთავაზოს თავის ახალგაზრდა თაობას მაღალხარისხიანი პროფესიული გადამზადებებისა და პროდუქტიული სამუშაო ადგილების ღირებული არჩევანი.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 11 ივლისი 2020

Captcha Image

Our Partners