ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აფუჭებს თუ არა კონკურენცია ადამიანებს?

კაპიტალიზმის ბევრი გავლენიანი კრიტიკოსი იზიარებდა მოსაზრებას, რომ კონკურენცია ხალხზე უარყოფითად მოქმედებს. მარქსს უხერხულადაც კი ეჩვენებოდა იმის აღნიშვნა, რომ ადამიანები „ყიდიან“ შრომას, შიშობდა რა, რომ ეს თანამშრომელის სამუშაოსთან „გაუცხოებას“ გამოიწვევდა. ამიტომაც, სოციალისტური საზოგადოების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი ახალი ტიპის ადამიანის შექმნა, რომელიც არ ჩაერთვებოდა საბაზრო კონკურენციაში და არ იქნებოდა მოტივირებული ეგოისტური მიზნებით. მოკლედ, სოციალიზმში გაზრდილ ადამიანებს ურთიერთთანამშრომლობით უნდა მიეღწიათ კოლექტიური მიზნებისთვის.

ახალი ტიპის ადამიანის შექმნის იდეალისტურ ოცნებასაც რომ თავი დავანებოთ, ბევრს დღემდე მიაჩნია, რომ კონკურენტული გარემო ადამიანებში ისეთ უარყოფით პიროვნულ თვისებებს ავითარებს, როგორიცაა მატერიალიზმი, სიხარბე და ეგოიზმი.

მაგრამ არის კი ეს სიმართლე? გახადა კი სოციალისტურმა ეკონომიკურმა სისტემამ ადამიანები უკეთესი?

ზოგიერთი კონკრეტული დაკვირვება ამ მოსაზრებას სულაც არ ეთანხმება. საბჭოთა ორგანიზაციებში, ყოველგვარი კონკურენტული წნეხის გარეშე, ადამიანები ერთმანეთს შეთქმულებებს უწყობდნენ და ასმენდნენ; ეკონომიკაში კი ფესვგადგმული იყო ნეპოტიზმი და კორუფცია.

კონკურენტულ გარემოში მოქმედი ორგანიზაციისთვის კი ყველა წევრი დამოკიდებულია მთლიანი ორგანიზაციის წარმატებაზე. გუნდის ფუნქციონირებისთვის საკვანძო მნიშვნელობის ადამიანები კი იშვიათად ხდებიან შანტაჟის მსხვერპლნი. არავინ შეულახავს რეპუტაციას ისეთ განთქმულ ქირურგს, რომელიც საავადმყოფოში პაციენტების ნაკადს იზიდავს. კომუნისტური წყობისას კი, ჰოსპიტალის პერსონალი მოხარული იქნებოდა, თუ ნაკლები პაციენტის მომსახურება მოუწევდა. ასე რომ, განთქმული ქირურგის თავიდან მოშორება ამ მიზნის მიღწევის მოსახერხებული გზა იქნებოდა. ამის მსგავსად, ვერც ნეპოტიზმი და კორუფცია ხარობს კონკურენციის პირობებში, რადგან კონფლიქტში მოდის ეკონომიკურ წარმატებასთან.

ესეც რომ არა, ქველმოქმედება ყველაზე განვითარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კაპიტალისტურ საზოგადოებაში, აშშ-შია. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ადამიანები, როგორც წესი, მთავრობას ანდობენ სოციალური პრობლემების მოგვარებასა და სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაზე ზრუნვას. ზოგიერთის აზრით, ევროპული სახელმწიფო მოწყობა მოქალაქეთა შორის მორალურ ინდიფერენტულობასაც კი იწვევს.

ახლა, მოდით შევხედოთ საქართველოს. რა დამოკიდებულებაა კონკურენციასა და ტიპიურ ქართულ ღირებულებებს შორის? პასუხი შორსაა სრულყოფილისგან, მაგრამ, ნება მიბოძეთ, მოგითხროთ არდადეგებისას ჩემს თავს გადახდენილი ორი ამბავი.


დაკვირვებები რეგიონებიდან

როგორც ამბობენ, როცა ხელში ჩაქუჩი გიჭირავს, ყველაფერი ლურსმანს ემსგავსება. ასე რომ, ეკონომისტებს მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო ძალებზე ფიქრი არდადეგების გატარებისასაც არ ანებებს თავს. მაშინაც კი, როცა გინდა მშვიდად შეექცე სადილს რესტორანში, გეძალება კითხვები საბაზრო სტრუქტურის, მონოპოლიებისა და კონკურენციის შესახებ.

90-იან წლებში, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბავშვობაში საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობის მონახულების საშუალება არ მომეცა. ახლა, როგორც მოზრდილი და დედა, ვცდილობ თანდათან შევივსო ეს დანაკლისი.

გასულ ზაფხულს ოჯახით ბაკურიანს ვესტუმრეთ და ახლომახლო არსებული ღირსშესანიშნაობების მონახულებაც გადავწყვიტეთ. რაბათის შემდეგ გეზი აბასთუმნისკენ ავიღეთ, თუმცა გზა მოსალოდნელზე უფრო გრძელი აღმოჩნდა და ყველას ძალიან მოგვშივდა. გზად ერთ (შეიძლება ითქვას, ერთადერთ) ადგილობრივ რესტორანში გავჩერდით. კედელზე ამაყად გამოფენილი აბრა სიამაყით და იმედისმომცემად იუწყებოდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ.

თუმცა მეტისმეტად იმედგაცრუებულნი კი დავრჩით. გარდა იმისა, რომ დიასახლისი თავაზიანობით ვერ დაიკვეხნიდა, არც სადილი აღმოჩნდა მაინცდამაინც სრულყოფილი. რა თქმა უნდა, ამის გამო არავის მოუბოდიშებია და თბილისური ფასიც სრულად გადავიხადეთ.

ცხადია, ეს პრობლემა მეტწილად უკავშირდებოდა კონკურენციის არარსებობას, რაც ამ რესტორანს მონოპოლისტურ საბაზრო ძალაუფლებას ანიჭებდა. საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა კი კონკურენტულ წნეხს კიდევ უფრო ამცირებდა. კომფორტული საბაზრო მდგომარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ რესტორნის მეპატრონეს დიდად არც მომხმარებელთა კმაყოფილება ანაღვლებდა და არც დაბალი ხარისხის საკვებისა და ცუდი მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშიშროება. ამ პირობებში, არც ახალი სამეწარმეო ინიციატივების, მაგალითად Trip Advisor-სა და მსგავსი ტიპის ტურისტულ აპლიკაციებში რეგისტრაციის სტიმული ჰქონდა. მოკლედ, ქართველების ქებული სტუმართმოყვარეობაც კი ქარწყლდება კონკურენციის არარსებობისას.

ამის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდი საკვები ობიექტების არჩევას. გაკვეთილი მიკროეკონომიკის პრინციპებიდან ამგვარი შემთხვევებისთვის არის ის, რომ ბრენდებზე დაყრდნობით შეგიძლია თავიდან აირიდო ინფორმაციის ასიმეტრია. ეს უკანასკნელნი უფრო სანდონი არიან, რადგან ცუდი საქციელი ვნებს ბრენდის რეპუტაციას, რაც ზოგიერთი კომპანიისთვის ყველაზე ღირებულ აქტივია. თუმცა, განა მცირე ბიზნესებს შეუძლიათ საკუთარი სავაჭრო ნიშნების დამკვიდრება?

დიახაც, შეუძლიათ! დააკვირდით ფოტოს. ამ ჯიხურთან, სურამის გზაზე, დიდი რიგი იდგა, ისეთი დიდი, რომ ორი ცხელ-ცხელი და გემრიელი ნაზუქი ძლივს ვიგდეთ ხელს. აქ, მამაკაცის (სავარაუდოდ, ოჯახის უფროსის) სახელობის ჯიხურში დედასპურებს, მეზობლების მსგავსად, წლებია, ყიდიან. თუმცა, ახალი წლის გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, ასეთ რიგებს მეზობლებთან ვერ წააწყდებოდით.

საქმე ისევ და ისევ კონკურენციაშია. ადრე ნაზუქების ბაზარი თითქმის სრულყოფილად კონკურენტული იყო — ჯიხურების დიდი რაოდენობა იდენტურ დედასპურებს ყიდდა. ბევრს ემახსოვრება, როგორ იქნევდნენ გამყიდველი ქალები ახლადგამომცხვარ ნაზუქებს მგზავრების ყურადღების მისაპყრობად. მოგვიანებით, ჯიხურის მეპატრონეებმა საბაზრო უპირატესობის მოპოვების მიზნით დიფერენციაციას მიჰყვეს ხელი. ზოგიერთმა ფაცხის წინ მანეკენიც კი დააყენა, გამყიდველი ქალის ნაცვლად. თუმცა, ყველაზე პოპულარული მაინც ეს ჯიხურია, თითქოს არაფრით გამორჩეული დანარჩენებისგან, გარდა ჭიშკარზე მიწერილი მამაკაცის სახელისა.


ქართველებს სჭირდებათ კონკურენტული გამოწვევა!

ჩემი დაკვირვებები იმისთვის გიამბეთ, რომ მეჩვენებინა, თუ როგორი ეფექტიანები და კრეატიულები არიან ქართველები ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ისინი თანდათან მარკეტინგის უნარებშიც იხვეწებიან. ეს კი იმედისმომცემია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემის სათავე საბაზრო სტრუქტურაშია და არა ადამიანთა შინაგან ნაკლოვანებებში, რომლებსაც ძნელად თუ გამოასწორებ.

ასევე სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ იდეალური ქართველის თვისებები: „სიტყვის კაცობა“ და რეპუტაციაზე ზრუნვა კი არ აბრკოლებს, არამედ ხელს უწყობს წარმატებას კონკურენტულ გარემოში. დაბალი სტანდარტები კონკურენციის კი არა, კონკურენციის ნაკლებობის შედეგია. მონოპოლიას შეუძლია ყველაზე ღირსეული ქართველიც კი ზარმაც უსაქმურად გადააქციოს. ხოლო, თუ ქართველები ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ, მათი სამუშაო ღირსების საქმედ გადაიქცევა და სურთ რა იყონ სხვებზე უკეთესნი, ვერაფერი შეაჩერებს მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - Zurab Garakanidze on ოთხშაბათი, 04 თებერვალი 2015 02:15

საკამათოა– იხ. http://www.booksite.ru/fulltext/oie/mys/ly/24.htm ღირებულების კანონი ობიექტურია, ანუ ის მოქმედებს როგორც სოციალიზხმისას, ისე მანამდეც და მას შემდეგაც...

საკამათოა– იხ. http://www.booksite.ru/fulltext/oie/mys/ly/24.htm ღირებულების კანონი ობიექტურია, ანუ ის მოქმედებს როგორც სოციალიზხმისას, ისე მანამდეც და მას შემდეგაც...
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 04 აპრილი 2020

Captcha Image

Our Partners