ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

COVID-19 კვლავ გვიტევს: როგორ მოქმედებს პანდემია საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?

ალბათ, ყველას კარად გვახსოვს 2006 წლის ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. არც ის არის სიახლე, რომ ენერგეტიკის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ამცირებს სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რისკებსა და შოკებს. საბედნიეროდ, 2006 წლის შემდეგ საქართველომ მოახერხა რუსეთის სხვა ქვეყნით ჩანაცვლება და აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის იმპორტი. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ბუნებრივი გაზის იმპორტის ამჟამინდელ მდგომარეობასა  და  მომავალში გაზმომარაგების უსაფრთხოების პერსპექტივებზე.

როგორც იერგინი (2006 წ.) აღნიშნავს, ენერგეტიკული უსაფრთხოების მისაღწევად დივერსიფიკაცია აუცილებელია1. რაც უფრო მეტი მომწოდებელის მოძიებას შეძლებს ქვეყანა, მით უფრო მაღალი იქნება მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე. ავტორის აზრით, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოქმედი მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამართული ინფრასტრუქტურა. ასეთი ინფრასტრუქტურა მოიცავს სტრატეგიული ენერგეტიკული მარაგის შემნახველ ობიექტებს,  გამართულ ტექნიკურ აღჭურვილობასა და მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური ან ეკონომიკური არეულობისგან დამცავ სადაზღვევო სისტემას.

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო დივერსიფიკაციის მიმართულებით. ბუნებრივი გაზის იმპორტის თვალსაზრისით, საქართველო ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული: ბუნებრივი გაზის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 90% აზერბაიჯანიდან მოდის, დანარჩენი 10% კი – რუსეთის ფედერაციიდან (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყნების მიხედვით (იმპორტის ღირებულების მიხედვით)

2006 წლის შემთხვევამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება  სარისკოა. ამიტომ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით (ბოლო და ჯერ კიდევ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო), საქართველომ უნდა მოიძიოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების ახალი გზები.

სამხრეთ კავკასიაში დაუსრულებელი არეულობისა და ჩრდილოეთთან პოლიტიკური დაძაბულობის გამო, საქართველოსთვის აუცილებელია სტაბილური გაზმომარაგების საკითხის გულდასმით განხილვა. ვინაიდან საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია არ არის მოკლევადიანი ამოცანა, საქართველო პარალელურად უნდა შეეცადოს, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საქართველომ უნდა ააშენოს გაზის მიწისქვეშა საწყობი. ამისთვის, 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელი მოაწერა 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას გერმანულ ბანკ KfW-სთან. ეს ობიექტი, რომელიც საქართველოს ბუნებრივი გაზის წლიური მოთხოვნის  15%-ს (შესაბამისად, იმპორტის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ბუნებრივი გაზის მარაგი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ექნება) დაიტევს, თბილისის მახლობლად უნდა აშენებულიყო. ამგვარი ინიციატივებით საქართველო ცდილობს, უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ენერგოუსაფრთხოება, რაც სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს.

თუმცა 2020 წელმა არაერთი დაგეგმილი პროექტი ჩაშალა მსოფლიოში. მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას და, ვირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ქვეყნების უმეტესობამ გამაფრთხილებელი ზომების მიღება გადაწყვიტა, რაც საზღვრების ჩაკეტვასა და მოსახლეობისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებაში გამოიხატა. ამ ღონისძიებებმა გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, რომლის გადალახვაც მნიშვნელოვან ფისკალურ ჩარევას მოითხოვს.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, სახელმწიფო თანხები კორონავირუსთან (მათ შორის, კრიზისის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ) ბრძოლისკენ მიმართოს და KfW-ისგან მიღებული სესხიც ამ დაფინანსების ნაწილი გახდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მიწისქვეშა საწყობისთვის განკუთვნილი 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლაზე დაიხარჯება.23 თუმცა მთავრობის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის მტკიცებით, 2021 წლისთვის საჭირო თანხა (30 მილიონი) კვლავ ხელმისაწვდომია გაზის  საწყობის პროექტისთვის და მხოლოდ 2022 წლის თანხა გადამისამართდა დროებით. უფრო მეტიც, ისინი ირწმუნებიან, რომ პროექტი არ შეჩერდება და საქართველო განაგრძობს სვლას ენერგოუსაფრთხოებისკენ4.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს 2022 და მომდევნო წლებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის პირობებში, როდესაც პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს, ამ რესურსების გამოთავისუფლება არ  იქნება მარტივი ამოცანა.

აქედან გამომდინარე, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მთავრობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკის აღორძინებაში. თუ მთავრობის სტრატეგია წარმატებული იქნება და უახლოეს თვეებში არ გახდება საჭირო ეკონომიკური აქტივობების შეჩერება და მკაცრი რეგულაციების დაწესება, ეკონომიკაც ნაკლებად დაზარალდება, აღარ გახდება საჭირო ფისკალური ჩარევა და გამოთავისუფლდება რესურსები ისეთი პროექტებისათვის, როგორიცაა გაზის საწყობი.

როგორ მიმდინარეობს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ? ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმის, 31 მარტიდან 26 აპრილამდე, საქართველომ მიიღო 100 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობამ მიმართა უმკაცრეს ზომებს (იხ. გრაფიკი 2)5. ამჟამად ე.წ. რეაგირების სიმკაცრის ინდექსი  უდრის 60,19-ს (იხ. გრაფიკი 2), რაც დაახლოებით აგვისტოს მაჩვენებლის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში დღიური შემთხვევების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა აპრილის საშუალო მონაცემს. მთავრობის წარმომადგენლები შეცვლილ მიდგომას იმით ხსნიან, რომ ჯანდაცვის სისტემის უკვე ზმად არის ვირუსის მეორე ტალღისთვის. თუ ისინი მართლები არიან და შესაძლებელია რეაგირების სიმკაცრის ინდექსის ასეთი მაჩვენებლის შენარჩუნება, თან ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს  ვირუსის შემთხვევებს, მაშინ არ არის საჭირო მკაცრი შეზღუდვების შემოღება, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოდ გამოიყურება აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, რომ საქართველო დაუბრუნდება ჩვეულ ყოფას, თუ შემთხვევების რიცხვი დღეში სტაბილურად 400-ს არ გადააჭარბებს (როგორც ჩანს, ჯანდაცვის სექტორი ყოველდღიურად უფრო ნაკლები რაოდენობის შემთხვევებისთვის ემზადება)6.

გრაფიკი 2. მთავრობების რეაგირების სიმკაცრის ინდექსი

მომავალი გაურკვეველია. ვაქცინის შექმნის ნელი ტემპებისა და საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე, არავინ იცის, გახდება თუ არა საჭირო ეკონომიკური აქტივობების შეჩერება და მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ამიტომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, გახდება თუ არა საჭირო ფისკალური ჩარევა შენელებული ეკონომიკის აღორძინებისთვის. ამრიგად, ბუნებრივი აირის საწყობის პროექტი, რომელიც საქართველოს გაზმომარაგების უსაფრთხოების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, გარკვეულწილად დამოკიდებულია არაპროგნოზირებადი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე.


1 Yergin, “Ensuring Energy Security,” Foreign Affairs 85, no.2 (2006): 69-82
2 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/261527
3 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/261524
4 https://bm.ge/ka/article/gazsacavi-dzalian-mnishvnelovania-ramdenad-sworia-proeqtebis-shechereba---kovzanadze-kakauridzes-/63512/|
5 https://www.bsg.ox.ac.uk/research/research-projects/coronavirus-government-response-tracker
6 https://1tv.ge/en/news/director-of-hospital-of-infectious-diseases-incease-in-coronavirus-cases-is-expected-for-next-several-days-the-situation-will-stabilize-afterwards/


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 იანვარი 2021

Captcha Image

Our Partners