ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოს სოფლის მეურნეობა: გვაქვს თუ არა რეალური ცვლილებები სექტორში?

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ადამიანები, ცხადია, მიესალმებიან სახელმწიფოს მიერ სექტორის დახმარებას, თუმცა ბევრი ამ პროგრამების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. 2020 წლის არჩევნები ახლოვდება და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ეფექტიანობაც არაერთხელ გახდა ცხარე კამათის საგანი.


რამდენი დახარჯა სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაზე და რა შედეგები მიიღო?

თუ გვინდა, ამ კითხვას პასუხი გავცეთ, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ ისეთ კონკრეტულ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორიცაა წარმოება, ინვესტიციები, ფასები და დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში.


წარმოება

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოს დაფინანსება იზრდება, სექტორში რეალური ზრდა მაინც არ გვაქვს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2010-2019 წწ-ში სახელმწიფო სოფლის მეურნეობაზე საშუალოდ წლიურად 275 მლნ. ლარს ხარჯავდა. 2015-2017 წწ-ში წლიური დანახარჯი 300 მლნ. ლარს აჭარბებდა.

გრაფიკი 1. სახელმწიფო დაფინანსება და მშპ სოფლის მეურნეობაში

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მშპ 2013-2016 წწ. უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2010-2012 წწ., 2013-2016 წლებში სექტორის ზრდაში აშკარად კლების ტენდენცია შეიმჩნევა. რეცესიის პერიოდი სახელმწიფოს მიერ ყველაზე მაღალი დაფინანსების პერიოდს ემთხვევა. რეცესიამ პიკს 2017 წელს მიაღწია, რაც ფაროსანას გავრცელებით იყო გამოწვეული. ფაროსანას გავრცელება 2016 წელს დაიწყო და სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სასოფლო-სამეურნეო კულტურას – თხილს. მართალია, ყველაზე მეტად მეთხილეობა დაზარალდა, თუმცა ფაროსანამ სხვა კულტურებიც დააზარალა, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობის სექტორში  მშპ-მა (2,380 მლნ. ლარი) ბოლო ათ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 2017 წლისგან განსხვავებით, 2018 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო საქართველის სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო ათ წელიწადში, რაც განაპირობა შემდეგმა:

• ხილის წარმოების ზრდა: წარმოება 2016 წელთან შედარებით 63%-ით, 2017 წელთან შედარებით კი 44%-ით გაიზარდა;

• მეცხოველეობის წარმოების ზრდა: 2017 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა ხორცის წარმოება, 5%-ით – რძის წარმოება და 6%-ით – კვერცხის წარმოება;

• ერთწლიანი კულტურების წარმოების ზრდა: 2017 წელთან შედარებით გაიზარდა ხორბლის, სიმინდისა და ბოსტნეულის წარმოება, თუმცა, 2016 წელს თუ შევადარებთ, ზრდა არ გვაქვს.

სოფლის მეურნეობის მშპ-ზე, სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. ამ ფაქტორებს შორისაა სექტორის დამოკიდებულება კლიმატურ პირობებზე და სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ხანგრძლივი უკუგების პერიოდი.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)

მართალია, 2018 წელს სოფლის მეურნეობის მშპ-მა ბოლო ათი წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს წელი იმითიც იყო გამორჩეული, რომ სექტორში FDI-ის მინიმალური დონე დაფიქსირდა (-3 მლნ. ლარი).

გრაფიკი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობის სექტორში დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა;

• სოფლებში შეზღუდული წარმოების ფაქტორები – მოსახლეობის დაბერება, ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის სიმწირე;

• პოლიტიკური არასტაბილურობა და დაძაბულობა – ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

2009-2019 წწ-ში საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სოფლის მეურნეობაზე საშუალოდ მხოლოდ 1.1% მოდის. ზოგადად ტრენდი დაღმავალია, მიუხედავად ქართული ლარის გაუფასურებისა. როგორც წესი, ვალუტის გაუფასურება დადებითად აისახება FDI-ზე, თუმცა საქართველოში დღემდე ამის მტკიცებულება არ გვაქვს.


ფასები

ბოლო წლებში სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, სურსათის ფასები წლიურად 12.7%-ით არის გაზრდილი (საქსტატი, 2020 წ.). სურსათის ფასების ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა 2019 წელსაც და ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებამ, რამაც სურსათის იმპორტი გააძვირა. მართალია, სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უნდა გაეზარდა ადგილობრივი წარმოება და შეემცირებინა იმპორტზე მოთხოვნა და ფასები, მაგრამ აშკარაა, რომ მიწოდების მხარეს მცირე ზრდამ ვერ გადაწონა ლარის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

საქართველოს მოსახლეობა შემოსავლის დიდ ნაწილს სურსათზე ხარჯავს (2018 წლის მონაცემებით, შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯების 43% სურსათზე მოდის). აქედან გამომდინარე სურსათის ფასების ინფლაცია მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მოსახლეობის 23.1% სიღარიბეში ცხოვრობს (საქსტატი, 2020 წ. ).


დასაქმება

სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლებში. სოფლად თვითდასაქმებულები 2019 წელს საერთო სამუშაო ძალის 34%-ს შეადგენდნენ (საქსტატი, 2020 წ.). ამრიგად, საქართველოს სამუშაო ძალის ერთ მესამედზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

გრაფიკი 3. დასაქმების სტატისტიკა

შენიშვნა: ავტორის დაშვებით, სოფლებში თვითდასაქმებულები სოფლის მეურნეობის სექტორში არიან ჩართული.

სოფლის მეურნეობაში დასაქმების წილი დაღმავალი ტრენდით ხასიათდება, თუმცა პროცენტულ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის უმნიშვნელოდ, 2011 წლის 37%-დან 2018 წელს 33%-მდე შემცირდა.

ამრიგად, სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს გარკვეული დადებითი ეფექტი ჰქონდა სექტორის მშპ-ზე, თუმცა დანარჩენი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სექტორში მეტი რეფორმა და სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო. სახელმწიფო დაფინანსება ვერ ჩაანაცვლებს ინვესტიციებს და დღემდე ვერც ადგილობრივი წარმოება გაზარდა იმდენად, რომ ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული სურსათის იმპორტზე და დაცული იყოს სურსათზე ფასების ზრდისგან.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 03 ივლისი 2020

Captcha Image

Our Partners