ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ჰაერის ხარისხი საქართველოში. ჩვენი მდგომარეობა

თუ მთავრობის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი ან უბრალოდ შეწუხებული მოქალაქე ხართ, რომელსაც გარემოს მდგომარეობაზე გული შეგტკივათ, ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი (Environmental Performance Index – EPI) თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. EPI ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და გვიყვება არასასიამოვნო სიმართლეს თითოეული ქვეყნის ტრაექტორიასა და მათი მუშაობის ეფექტიანობაზე. რეიტინგი შეულამაზებლად გვიჩვენებს, რამდენად ასრულებენ ან არ ასრულებენ ქვეყნები მდგრადი განვითარების მიზნებითა (Sustainable Development Goals – SDG) თუ სხვა დამატებითი საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. EPI კარგი ინდიკატორია პოლიტიკის გამტარებლებისთვის, მიხვდენენ, რისი გაკეთებაა საჭირო გარემოსა და მოქალაქეებზე უარყოფითი ზემოქმედების გამოსასწორებლად. მაშ, რა არის EPI და რას ამბობს ინდექსის 2018 წლის შედეგები საქართველოზე? არსებობს რომელიმე ინდიკატორი, რომელიც უნდა გვაღელვებდეს?


რას გვეუბნება EPI?

EPI არის სია, რომელსაც იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დახმარებით ადგენენ. 2002 წლიდან დღემდე EPI აქვეყნებს მონაცემებს, თუ რა მდგომარეობაა სხვადასხვა ქვეყანაში ეკოლოგიური ეფექტიანობის კუთხით. ახლახან გამოქვეყნებულ სიაში მოცემულია 180 ქვეყნის ქულები, რომლებიც ასასხავს თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეკოსისტემა (მაგ. ბუნებრივი რესურსების სერვისების დაცვა)  და რამდენად ჯანსაღი გარემოა (მაგ. პროგრესი ჰაერის დაბინძურებაში ან სასმელი წყლის რესურსების დაცვა, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, თუ არ მივხედავთ) ქვეყანაში. ეს ორი კატეგორია იყოფა 10 ჯგუფად (მაგ. ტყეები, ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსები). თავის მხრივ, ეს 10 ჯგუფი აერთიანებს 24 ინდიკატორს. მაგალითად, ტყის საფარის დაკარგვა არის ინდიკატორი ტყეებისთვის (რომელიც შედის გარემოს სიჯანსაღის კატეგორიაში), ჩამდინარე წყლების წმენდა არის ინდიკატორი წყლის რესურსებისთვის (მიეკუთვნება ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის კატეგორიას). ყველა მიზანს, ჯგუფსა და ინდიკატორს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური ქულა, რომელთა საფუძველზეც ხდება საბოლოო ქულის დათვლა. EPI-ის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სრული სქემა, რომელზეც წარმოდგენილია 2 მიზანი, 10 ჯგუფი და მათი 24 ინდიკატორი. ინდექსის მაღალი გამჭვირვალობა ეხმარება ამ საკითხით სიღრმისეულად დაინტერესებულ პოლიტიკის გამტარებლებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია კონკრეტულ წელს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. აქ წარმოდგენილია თითოეული ინდიკატორის ანალიზის დროს გამოყენებული რესურსები, მათ შორის ინფორმაცია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთაც მიაწოდეს მონაცემები ან საკუთარი წვლილი შეიტანეს ვრცელი კვლევითი სამუშაოებით.

2018 წლის შედეგების ზედაპირული შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ქულა თურქმენეთს აქვს (იხ. ცხრილი 1). თურქმენეთმა კარგი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით გარემოს სიჯანსაღის ინდიკატორებით. საქართველომ რეიტინგში 94-ე ადგილი დაიკავა (111-ე ადგილზე იყო 2016 წელს) და გარემოს სიჯანსაღის კატეგორიაში უფრო მაღალი ქულა მიიღო, ვიდრე ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის კატეგორიაში. მეორეს მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, აზერბაიჯანმა ყველაზე მაღალი ქულა მიიღო ეკოლოგიური სიცოცხლისუნარიანობის კატეგორიაში, ეკოლოგიური სიჯანსაღის კატეგორიაში მიღებულ ქულასთან შედარებით. პირველ ცხრილში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ვადარებთ 2018 წლის  მოწინავე ქვეყანას, შვეიცარიას. შედარებითი სია ერთი შეხედვით ლამაზად კი გამოიყურება, მაგრამ შეიძლება არაერთი მოულოდნელობა დავინახოთ.

ცხრილი 1. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და შვეიცარია EPI-ის წლევანდელ რეიტინგში.

 Country

EPI – 2018 წლის რეიტინგი

(2016 წლის რეიტინგი)

ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი, ქულა

გარემოს სიჯანსაღის ქულა

(2018 წლის რეიტინგი)

ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის ქულა

(2018 წლის რეიტინგი)

შვეიცარია 1 (16) 87,42 93.57 (18) 83.32 (1)
თურქმენეთი 38 (84) 66.10 73.53 (49) 61.15 (52)
ბელარუსი 44 (35) 64.98 69.55 (67) 61.94 (48)
აზერბაიჯანი 59 (31) 62.33 48.55 (124) 71.52 (7)
სომხეთი 63 (37) 62.07 56.85 (109) 65.56 (27)
საქართველო 94 (111) 55.69 57.10 (108) 54.75 (82)
უკრაინა 109 (44) 52.87 64.44 (87) 45.16 (139)
მოლდავეთი 112 (55) 51.97 60.29 (102) 46.42 (127)
უზბეკეთი 136 (118) 45.88 50.67 (118) 42.69 (146)

თუმცა, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რას გვეუბნება ინდექსი. უპირველეს ყოვლისა, ის გვიჩვენებს, რამდენად შორს ან ახლოს არის ესა თუ ის ქვეყანა გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიზნების მიღწევისგან. თუ ქვეყანა დაბალ ქულას იღებს EPI-ის ინდექსში, მან რამდენიმე მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა. EPI-ის ინდექსის შედგენისას განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მონაცემების სიმწირე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და სოფლის მეურნეობა. EPI-ის გუნდმა გადაწყვიტა, გააუმჯობესოს მონაცემების შეგროვების, ვერიფიკაციისა და ანგარიშგების პროცედურები. ამ პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა იქნებოდა მონაცემების ძლიერი  გლობალური სისტემის შექმნა, რამაც შეიძლება შედეგად მოიტანოს „...მდგრადი განვითარების გამოწვევების უკეთესი მართვა“ (EPI, 2018 წ.). თუმცა მსგავსი სისტემის შექმნა არაერთ სირთულესა და გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია მთელი რიგი დაინტერესებული მხარეების (მაგალითად, მკვლევარების, სამოქალაქო და კერძო სექტორის, მთავრობების) მონაწილეობით (მსოფლიო ბანკი, დისკუსიის კანონპროექტი, 2017 წ.). ზემოაღნიშნული ხარვეზების მიუხედავად, რომლებიც ართულებს პროექტის განხორციელებას, მთავრი დასკვნა, რომელიც წლევანდელ ანგარიშში გამოიკვეთა არის ის, რომ ქვეყნები ვერ ახერხებენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. გაზრდილი ურბანიზაცია კიდევ უფრო ართულებს ამ პროცესს. მაშ, რა შეიძლება ითქვას ქულაზე, რომელიც საქართველოს მიენიჭა ჰაერის ხარისხის  შეფასებისას?


ჰაერის დაბინძურების მთავარი პრობლემა

ინდუსტრიალიზაციის წყალობით, უფროდაუფრო რთული ხდება ვისუნთქოთ სუფთა, მყარი ნაწილაკების, გოგირდის დიოქსიდისა და სხვა ნივთიერებებისგან თავისუფალი ჰაერი. საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბინძურდება არამხოლოდ შენობების გარეთ არსებული გარემო, არამედ შინამეურნეობები ზიანს აყენებენ შიდა საცხოვრებელ გარემოსაც  მყარი საწვავის გამოყენებით  (მაგ. საკვების მომზადება ცეცხლზე და სხვ.). საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პრობლემის სრული მასშტაბის გასაგებად წარმოგიდგენთ ორ გრაფიკს. პირველ გრაფიკზე ნაჩვენებია იმ ადამიანების წილი, რომელთაც შეხება აქვთ PM2.5-თან იმ რაოდენობასთან, რომელიც აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization – WHO) მიერ დადგენილ ნორმას. მეორე გრაფიკზე კი მოცემულია შინამეურნეობების მყარი საწვავების გამოყენების შედეგად დაკარგული სიცოცხლის წლების რაოდენობა. PM2.5 დამაბინძურებელი არის მცირე, მაგრამ მომაკვდინებელი მყარი ნაწილაკი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას წვის შედეგად, რაც იწვევს სერიოზულ რესპირატორულ პრობლემებსა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს (WHO, 2006a, EPI, 2018 წ.).

გრაფიკი 1. 2015 წელს საქართველომ 17.5%-ით გადააჭარბა PM2.5-თან შეხების WHO-ის მიერ დადგენილ ნორმას. წყარო: ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის ორიგინალი მონაცემები (EPI-ის ტექნიკური დანართი, 2018 წ.).

გრაფიკი 2. საქართველოს შემთხვევაში, 2016 წელს შინამეურნეობების მიერ საწვავების გამოყენების შემთხვევების გამო 100.000 ადამიანის 1106 წლის სიცოცხლე დაიკარგა, რამაც ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მოწინავედ აქცია. წყარო: ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის ორიგინალი მონაცემები (EPI-ის ტექნიკური დანართი, 2018 წ.).

მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, აშკარაა, რომ ბევრ ქვეყანაში PM2.5-თან შეხების მაჩვენებლი არათუ მცირდება, არამედ იზრდება. როგორც 1-ლი გრაფიკიდან ვხედავთ, ამ ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების დონე აჭარბებს კიდეც 2008 წლის WHO-ის მიერ დადგენილ ნორმას. და მაინც, რეალურად სად დგას საქართველო WHO-ის მიერ დადგენილ ნორმასთან მიმართებაში? თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს ქვეყნის რიგით მოქალაქეს შეხება ჰქონდა 15 µg/მ3 PM2.5-თან (გაზომილია საშუალო წლიური კონცენტრაცია), რასაც მე-2 ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციაც ადასტურებს, მაშინ ფაქტია, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხი ჯერ კიდევ ცუდია. WHO-მ დაადგინა, რომ 10 µg/მ3 PM2.5-თან შეხების შემთხვევაში, სადაც ნდობის მაჩვენებელი 95%-ია, არსებობს კავშირი ამ დონესა და გულისა და ფილტვების დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა 2009 წელს (11 µg/მ3 PM2.5), თუმცა საქართველო მაშინაც აჭარბებდა WHO-ის მიერ დადგენილ ჰაერის ხარისხის ნორმას.

ჰაერის ცუდი ხარისხით გამოწვეული შედეგების საჩვენებლად EPI-მა წარმოადგინა 2000-2016 წლების მონაცემები და დაითვალა ცუდი ჰაერის ხარისხის გამო დაკარგული სიცოცხლის წლების რაოდენობა. როგორც მე-2 გრაფიკზე ვხედავთ, შთამბეჭდავი ოთხნიშნა რიცხვით საქართველო ლიდერია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის (2016 წელი), სადაც 100,000 მაცხოვრებელზე 1,1107 სიცოცხლის წელი დაიკარგა. საბედნიეროდ, მე-2 გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2000 წლიდან დაკარგული სიცოცხლის წლების კლების მყარი ტენდენცია შეიმჩნევა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებშიც. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ გამონაბოლქვის შესამცირებლად? შესაძლებელია კონკრეტულ მიზნებზე კონცენტრირება?

ცხრილი 2. შუალედური მიზნები და ჰაერის დაბინძურების ნორმების საშუალო წლიური კონცენტრაცია.

 შუალედური მიზანი

 PM2.5 (µg/მ3)

შერჩეული დონის საფუძველი
1 (IT-1) 35 ჰაერის ხარისხის ნორმასთან შედარებით, ეს დონეები გრძელვადიან პერიოდში  დაახლოებით 15%-ით გაზრდის სიკვდილიანობის რისკს.
2 (IT-2) 25 IT-1 დონესთან მიმართებაში, ჯანმრთელობის სხვა უპირატესობების გარდა, ეს დონეები დაახლოებით 6%-ით (2-11%) ამცირებს ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს
3 (IT-3) 15 IT-2 დონესთან მიმართებაში, ჯანმრთელობის სხვა უპირატესობების გარდა, ეს დონეები დაახლოებით 6%-ით (2-11%) ამცირებს სიკვდილიანობის რისკს.
ჰაერის ხარისხის ნორმა 10 ეს არის ყველაზე დაბალი დონე, რომელზეც, კარდიოპოლმონალური და ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა იზრდება 95%-იანი ნდობის მაჩვენებლით, PM2.5-თან გრძელვადიანი შეხების შედეგად.

WHO-ის მიერ მომზადებული ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია ჰაერის ხარისხის ნორმები და მყარი ნაწილაკების ემისიის შუალედური მიზნები. ერთეული: საშუალო წლიური კონცენტრაცია. ეს ნორმები არ უნდა გავიგოთ როგორც ზღვარი, რადგან ვერც სტანდარტი და ვერც ნორმები ვერ დააკმაყოფილებს შეხების იმ დონეს, რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. წყარო: WHO (Ed.). (2006a, გვ. 11).


მაშ, რა უნდა ვქნათ?

ვინაიდან არც შუალედური მიზნები და არც WHO-ის ჰაერის ხარისხის ნორმა არ არის ზღვარი, მთავრობამ უნდა გამოიყენოს ისეთი დოკუმენტი, როგორიცაა საქართველოსა და ევროპას შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში საუბარია 2008/50/EC დირექტივაზე, რომლის მიზანიც ევროპაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. მინიმალურ დონედ განსაზღვრულია 24 µg/მ3 PM2.5 წლიური საშუალო. ამ დონეების ფარგლებში დირექტივა ადგენს ზღვრის შეფასების ზედა (70%) და ქვედა (50%) დონეებს. რამდენად ახლოს არის საქართველო ამ დონეებთან? 2015 წელს ქვეყანაში PM2.5-თან შეხების დონე 15 µg/მ3 იყო (EPI-ის მონაცემთა ბაზას თუ დავუჯერებთ), რაც საქართველოს სადღაც შუაში ათავსებს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველო უკვე წლებია ასრულებს დირექტივით გათვალისწინებულ მიზნებს (PM2.5-თან შეხების დონე 23 µg/მ3-ს ქვემოთაა). მართალია, საქართველო ჯერ არ ჩამოცდენია 10 µg/მ3-ს, მაგრამ 2009 წელს უკვე მიაღწია დირექტივით გათვალისწინებულ ყველაზე დაბალ ზღვარს.

დღემდე ჰაერის ხარისხი რჩება ერთ-ერთ იშვიათ ინდიკატორად, რომლის შესრულებაც უჭირთ საქართველოსა თუ მსოფლიო ლიდერებს, რაც EPI-ის ამ 2018 წლის შედეგებმაც აჩვენა. WHO-ისა და ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, ყოველწლიურად 5.5 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრებად (მსოფლიო ბანკი და ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტი, 2016 წ., გვ. 22). აუცილებელია, პოლიტიკის გამტარებლებმა ერთობლივად სცადონ პრობლემის მოგვარება.

ბოლოს, შეჯამების სახით, დავამატებდი, რომ EPI უნდა იყოს ინდიკატორული ხელსაწყო, რომლის თითოეული შედეგი უნდა იყოს კატალიზატორი პოლიტიკის გამტარებლებისთვის, კიდევ უფრო გააუმჯობესონ და სრულყონ გარემოზე ზემოქმედების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები. ინდექსის გამჭვირვალობის წყალობით, პოლიტიკის გამტარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ EPI-ის გუნდის მიერ მომზადებული სხვადასხვა დოკუმენტი. დაგროვილი მონაცემები საშუალებას იძლევა, შეიქმნას ამა თუ იმ ქვეყნისა და მათი ინდივიდუალური შედეგების მკაფიო სურათი. ეს მონაცემები წარსულში გაკეთებული ჩანაწერების ანოტაციაც შეიძლება გახდეს.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 29 თებერვალი 2020

Captcha Image

Our Partners