ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ფიტკოინის რევოლუცია!

 

◊ ◊ ◊

ერთ დროს საქართველოს აბუ-გრეიბში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2012 წლის სექტემბრის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2013 წელს დაწესებულების პერსონალი შეიცვალა ან გადამზადდა, რის შედეგადაც თანდათან და ეფექტურად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 2014 წელს დაწესებულებას გადაეცა ქვეყნის საუკეთესო გამოსასწორებელი დაწესებულების ჯილდო. 2015 წელს ციხის ტერიტორიაზე 18 ჰა მიწა გადაეცა  საერთაშორისო ბიტკოინის ინდუსტრიის პიონერს, Bitfury-ს. კომპანიამ დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ინვეტიცია ჩადო გლდანის მონაცემთა ცენტრში და გლდანის მე-8 დაწესებულებაც ბიტკოინის მსოფლიო ბაზრის ეპიცენტრში მოექცა. 2017 წლიდან კი დაწესებულების 4,000 პატიმარი ჩაერთო საპილოტე პროგრამაში, რომელიც აწარმოებს ფიტკოინს, ახალი ტიპის კრიპტოვალუტას, რომელსაც არ სჭირდება გლობალური ენერგეტიკული რესურსები. 20 ჯგუფად დაყოფილი გლდანის პატიმრები მორიგეობით მართავენ სპეციალურად აღჭურვილ ფიტკოინის ველოსიპედებს, გამოიმუშავებენ ფულს, იყებენენ კუნთებს და იუმჯობესებენ ჯანმრთელობას.

ფიტკოინის რევოლუცია მოდის!

 

საჭიროება შობს ინოვაციას

ფიტკოინი იმიტომ გაჩნდა, რომ საჭირო იყო ბიტკოინის ტექნოლოგიისთვის ალტერნატივის პოვნა, რადგან იგი უამრავ ენერგიას მოიხმარს. Bitfury, რომლის ორივე ცენტრი 2016 წლიდან სრულად მუშაობს, გახდა ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი საქართველოში. თვეში მოხმარებული 25-30 მლნ. კვ/სთ ელექტროენერგიით Bitfury თბილისის მეტროზე 5-ჯერ მეტ და საქართველოს რკინიგზაზე 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. საქართველოში 2016-2017 წლებში დაწყებულმა ბიტკოინის ციებ-ცხელებამ  ქვეყნის ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 4-5%-ით გაზარდა. შედეგად, ეს გახდა ელქტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.

 

საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოს საჭიროებების სადარაჯოზე

 

ფიტკოინი არის  Bitfury-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) კონსორციუმის სამწლიანი კვლევების შედეგი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ინვესტიცია ჩადო  (20 მლნ. აშშ დოლარი/20 მგ.ვტ.) Bitfury-ის გორის მონაცემთა ცენტრში. ამ ამბიციური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მზაობით, პროექტისთვის მიეცა წვდომა მიწაზე, საგადასახადო შეღავათები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაფ ელექტროენერგიაზე. თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდი დაეხმარება  BitFury-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საპილოტე ბლოკჩეინის საკუთრების რეგისტრაციის სისტემის შემუშავებაში.

 

კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, Bitfury-მ წარმატებით ჩადო ინვესტიცია კვლევებში, რათა შეემცირებინა მაინინგის ხარჯები. ბოლო წლებში მისი 16 ნმ ASIC ჩიპი და გაგრილების სისტემის ტექნოლოგია ინდუსტრიის სტანდარტი გახდა. შემდეგი ნაბიჯი იყო ახალი მონაცემთა ცენტრის შექმნა ისლანდიაში, რომელიც ხელსაყრელ კლიმატურ პირობებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებს სთავაზობდა კომპანიას.

თუმცა ისე გამოვიდა, რომ ვერც ისლანდიის კლიმატმა და ვერც გაუმჯობესებულმა ტექნოლოგიებმა ვერ გადაჭრა ფუნდამენტური პრობლემა: ალგორითმი, რომელიც კრიპტოვალუტის წარმოების არსებული მეთოდის  საფუძველია, არსებითად არამდგრადია. უკვე დღეს, როგორც Digieconomist წერს, ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების მაჩვენებლით, ბიტკოინის გლობალური ქსელი მსოფლიოში 45-ე ადგილზეა და უსწრებს საბერძნეთსა და ისრაელს. და ვინაიდან სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ამუშავებს ენერგიაზე დახარბებულ დანადგარებს, ბიტკოინის მაინერების ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარება მთელ მსოფლიოში წარმოუდგენლად გაიზრდება.

BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ვივალოვი იყო პირველი, ვინც განჭვრიტა მომავალი: „მე მტკიცედ მჯერა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის. თუ პოპულარული გახდება და მარეგულირებლებიც აქტიურად დაუჭერენ მხარს, მას აქვს პოტენციალი, დააზღვიოს აქტივები და მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანზაქციის ხარჯები. თუმცა ისიც მესმის, რომ ქსელის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენი ბევრი კონკურენტი მუშაობს ენერგო-ეფექტურ ალგორითმებზე, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა. გადავწყვიტეთ, სრულიად განსხვავებული მიდგომა გვეცადა...“


მაინინგიდან ველოტრენაჟორამდე

ვავილოვს ევრიკა მომენტი 2015 წელს დაუდგა, როდესაც რაგბის მერვე მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ინგლისში წავიდა. ბოლო მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა ნამიბია დაამარცხეს ანგარიშით 17-16, რითიც მომდევნო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. „მეორე ტაიმის დაახლოებით მეათე წუთზე, – ყვება ვავილოვი, – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ გაარღვია ნამიბიის დაცვა და საოცარი ლელო დადო. გორგოძის შთამბეჭდავი აღნაგობის დანახვაზე, ტვინში თითქოს ნათურა აინთო: არ შეიძლება მაინინგი კომპიუტერებს მივანდოთ!"

სხვადასხვა სცენარის დამუშავების შემდეგ ვავილოვმა დაასკვნა, რომ სპეციალურად შექმნილი ფიტნესის ველოსიპედებით ადამიანები შეძლებენ პირდაპირ გაააქტიურონ ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც შემთხვევით რიცხვებს დააგენერირებს. თაღლითობის თავიდან ასაცილებლად მოხდება თითოეული მოვარჯიშის ბიომეტრული იდენტიფიცირება ქსელში. როგორც კი რომელიმე მოვარჯიშე დააგროვებს ახალი ბლოკისთვის საჭირო (ძირითად) რაოდენობას, მისი მოწყობილობა ინტერნეტის მეშვეობით შეატყობინებს დანარჩენ ქსელს. სხვა მოვარჯიშეები დაადასტურებენ და მიიღებენ ამ ბლოკს და დააიგნორებენ, რა ბლოკზეც მუშაობდნენ მანამდე. იღბლიანი მოვარჯიშე მიიღებს ჯილდოს კოინების ფიქსირებული ოდენობის სახით. ამის შემდეგ ციკლი თავიდან დაიწყება.

ვარჯიშისს ლოგიკა ტრადიციული მაინინგისგან განსხვავებული არ უნდა იყოს. ფიტკოინის პროტოკოლი დაარეგულირებს სირბილის ეფექტიანობას ისე, რომ საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ქსელის ყველა მოვარჯიშე მხოლოდ ერთ ვალიდურ ბლოკს აწარმოებს. ლატარიის მსგავსად, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ ბევრი ბილეთი იყიდონ, მოვარჯიშეებიც თავის მაქსიმუმს გააკეთებენ, რადგან მათი ველოსიპედის მიერ წამობრივად გენერირებული გასაღებების რაოდენობა მათი ძალისხმევის (სირბილის სიჩქარისა და სირთულის დონის) პროპორციული იქნება.

მას შემდეგ, რაც ბიტკოინისპროტოკოლი ფიტკოინის საჭიროებების მიხედვით დააპროგრამა, ვივალოვმა წინადადებით მიმართა LifeFitness-ს (სავარჯიშო მოწყობილობების წამყვან მწარმოებელს), GITA-ს, საქართველოს მთავრობის ინოვაციების ჰაბს, დაემზადებინათ სარბენი ველოსიპედის პროტოტიპი. 3-D პრინტერზე დაიბეჭდა რამდენიმე სამუშაო მოდელი და 2016 წლის ივნის-ივლისში წარმატებით დაიტესტა  სნეპისა და ასპრიას ფიტნეს-ცენტრებში. ოქტომბერში უკვე ექსპერიმენტული წარმოება დაიწყო დელტას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე, რომელიც საუდის არაბეთში სამედიცინო საევაკუაციო ველოსიპედების ექსპორტითაა ცნობილი.

2017 წლის იანვარში ფიტკოინის პირველი 60 სარბენი ველოსიპედი დამონტაჟდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რამაც 4000 პატიმარს მისცა შესაძლებლობა, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და გამოიმუშაონ ფიტკოინები. საშუალო პატიმარი დღეში 2 საათი, წელიწადში კი 260 დღე ვარჯიშობს, საათში დაახლოებით 500 კალორიას წვავს. 2017 წლის ბოლოსთვის გლდანის პატიმრებმა დაახლოებით 10 მლრდ. კალორია დაწვეს და 100 ფიტკოინზე ცოტა ნაკლები გამოიმუშავეს (10 მლნ. კალორია ერთ ფიტკოინზე), რითიც შემცირდა სიმსუქნის დონე და 57%-ით შემცირდა გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები.

ამ შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, თანაინვესტირების ფონდმა და BitFury-მ გააფართოეს FitBit-ის ქსელი. წელს ფონდი დათანხმდა კიდევ 1,000 სარბენი ველოსიპედის წარმოების დაფინანსებაზე, რათა მოვარჯიშეთა რაოდენობა 20,000-მდე გაიზარდოს. მარათონში ჩაერთვება საქართველოს ყველა პატიმარი, 1,000 ფიტნესის მოყვარული, რომელიც რეგულარულად დადის ფიტნეს-ცენტრებში, 3,000 პროფესიონალი სპორტსმენი. უნივერსიტეტების სტუდენტებს 2019 წლიდან შეეძლებათ ფიტკოინის ქსელში გაწევრიანება, სკოლის მოსწავლეებს 2020 წლიდან, საქართველოს დაახლოებით 1.5 შინამეურნეობას კი 2021 წლიდან (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. ქართული ფიტკოინის ქსელის გაფართოების გეგმა

წელი წარმოებული ფიტკოინები ფიტკოინის მაინინგში ჩართული ადამიანების რაოდენობა, 2018-2022 წწ.
ციხეები ფიტნეს ცენტრები პროფესიული სპორტული კლუბები კოლეჯები და უნივერსიტეტები სკოლები შინამეურნეობები
2017 97 4,000          
2018 418 9,300 10,000 3,000      
2019 2,352 9,300 10,000 3,000 160,000    
2020 5,827 9,300 10,000 3,000 160,000 575,000  
2021 8,947 9,300 10,000 3,000 160,000 575,000 1,480,450

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ქართული ქსელის მიერ წარმოებული ფიტკოინების რაოდენობა 2017 წელს წარმოებული 100-დან 2021 წლისთვის 9,000 მიაღწევს.

ფიტკოინის სტარტაპის წყალობით, საქართველო გლობალური ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრში მოექცა. საზაფხულო სარბენი ბანაკები წელს უკვე იგეგმება კახეთსა და „ფიტკოინის სამშობლოს“ სხვა ძირითად ტურისტულ ადგილებში. ეს თავს მოუყრის ათასობით დეველოპერს და ფიტნესისა თუ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულს მთელი მსოფლიოდან. მდგრადი განვითარების გზავნილის უფრო ფართო მასებში პოპულარიზებისთვის ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა, ამერიკული კინოინდუსტრიის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშესთან, AMC Entertainment Inc-თან თანამშრომლობით შეიმუშავა ფიტკოინის ვირტუალური სარბენი ტურები.

ლელო, ლელო, საქართველო!!!


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

Captcha Image

Our Partners