ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აქვს თუ არა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩრდილოვანი ეკონომიკა მსოფლიოში?

2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევა, რომელშიც მოცემულია 158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შესწავლის ახალი შედეგები 1991-2015 წლებისთვის. ნაშრომის ავტორების, მედინასა და შნაიდერის (2018 წ.) აზრით, აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, საშუალოდ, მშპ-ის 64.9%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში! 2015 წელს (ბოლო წელი რომელსაც მოიცავს კვლევა), საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-მდე დავიდა. თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, მსოფლიო რეიტინგში საქართველო მხოლოდ ზიმბაბვეს (67%) და ჰაიტის (56%) ჯობნის. ცეცხლზე ნავთი რომ დავასხათ, საქართველოს დსთ-ისა და უშუალო მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ცუდი შედეგები ჰქონდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და წარმატებული რეფორმატორის რეპუტაციით სარგებლობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ცხადია, ეს სიახლე შოკისმომგვრელია. საინტერესოა, რომ ასეთი მოულოდნელი შედეგი მაინც დარჩა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რადგან მედიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა მეტწილად დაჩრდილეს იგი იმ არგუმენტით, რომ რიცხვები დაუჯერებლად მაღალია და IMF-ის მეთოდოლოგიაში რაღაც შეცდომა იყო.

გრაფიკი 1. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში (პოსტ-საბჭოთა და მოწინავე ქვეყნები), 1991-2015 წწ.

საინტერესოა, რომ IMF-ის კვლევა არ საუბრობს მიზეზებზე, რატომაა საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი ასეთი მაღალი. ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის შემაჯამებელ მიმოხილვაში, რომელშიც საუბარი იყო რეიტინგში პირველ და ბოლო ადგილებზე გასულ ქვეყნებზე, საქართველო ნახსენებიც კი არ იყო: „158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო ზომა 1991-2015 წლებში 31.9% იყო. ყველაზე მსხვილი ჩრდილოვანი ეკონომიკა აქვს ზიმბაბვესა (60.6%) და ბოლივიას (62.3%). ყველაზე მცირე – ავსტრიასა (8.9%) და შვეიცარიას (7.2%)“მაგრამ არა, კვლევის თანახმად, ყველაზე მსხვილი ჩრდილოვანი ეკონომიკა არის საქართველოში!

უბრალოდ შეცდომაა თუ, როგორც შეთქმულების თეორიის მიმდევრები იტყოდნენ, ქვეყნის მთავრობამ სთხოვა ავტორებს, საქართველო არ ეხსენებინათ ნარატივში? ან, იქნებ, თავად ავტორებმა გადაწყვიტეს, არ ეხსენებინათ, რადგან ვერ შეძლეს აეხსნათ, როგორ მოხვდა ჩვენი ქვეყანა წამყვან პოზიციაზე? ეს კითხვა დავსვი IMF-ისთვის გაგზავნილ წერილში, რომელზე პასუხი ჯერ არ მიმიღია. ჩემი ბლოგის მიზანი შეთქმულების თეორიების საიდუმლოს ამოხსნა არ არის. პირიქით, მინდა, ყურადღება გავამახვილო თავად ჩრდილოვანი ეკონომიკის კონცეფციასა და შეფასების სხვადასხვა მეთოდზე, რათა ვცადო და გავარკვიო, მართლა იმსახურებს თუ არა საქართველო მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წოდებას.


რა არის „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ და როგორ იზომება იგი?

რას გულისხმობენ IMF-ის ავტორები „ჩრდილოვან ეკონომიკაში“ და როგორ აფასებენ მის ზომას? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვები, რადგან არ არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკის საერთაშორისო დონეზე აღიარებული განმარტება. მეცნიერთა აზრი განსხვავდება როგორც ტერმინის განმარტებაზე, ისე მის მასშტაბზე. პარალელური, მეორე, ფარული, ნაცრისფერი, შავი, მიწისქვეშა, არაოფიციალური, ნაღდი ან არაფორმალური ეკონომიკა – ყველა ეს ტერმინი არის სინონიმი, რაც ხშირად გამოიყენება ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაცვლად და ხაზს უსვამს მის სხვადასხვა  მხარეს. მედინამ და შნაიდერმა გამოიყენეს შემდეგი განმარტება: „ჩრდილოვანი ეკონომიკა გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც სხვადასხვა საგადასახადო, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მიზეზის გამო სახელმწიფო ორგანოებისგან დაფარულია. საგადასახადო მიზეზი გულისხმობს გადასახადებისგან თავის არიდებას, საკანონმდებლო მიზეზები - სახელმწიფო ბიუროკრატიის ან სამართლებრივი რეგულაციების ტვირთისგან გათავისუფლებას, ხოლო ინსტიტუციური მიზეზები აერთიანებს კორუფციის დონეს, პოლიტიკური ინსტიტუტების ხარისხსა და კანონის სუსტ აღსრულებას“.

ამგვარად, ამ განმარტებას თუ დავუჯერებთ (და იდეალურ შემთხვევაში), ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასების მეთოდოლოგიამ უნდა გამორიცხოს თვითდასაქმებულთა (ინდივიდუალური ფერმერების, ტაქსისტების, ავტომანქანებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შემკეთებლების, რეპეტიტორებისა და სხვ.) მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება, რადგან ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და/ან (ამ ეტაპზე მაინც) არ ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას შემოსავლების სამსახურში.

ეს პრინციპი ასახულია საქართველოს არადაკვირვებადი ეკონომიკის (NOE) ეროვნულ სტატისტიკაში. მე-2 გრაფიკზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია, რა ითვლება და არ ითვლება არადაკვირვებად ეკონომიკად. თითოეული საწარმო ან კომპანია შეიძლება მოხვდეს შვიდიდან ერთ-ერთ კატეგორიაში (N1-დან N7-მდე), მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კატეგორია ასახავს ეკონომიკის არადაკვირვებად ნაწილს (N1, N2, N5, N6 და N7) და ისინი გრაფიკზე ნაცრისფრად არის გამოსახული.

მეტი სიცხადისთვის, მოდით, მოვიყვანოთ რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი: ჩემი მეგობრის მამა ავტომობილების მექანიკოსია; მის ბიზნესს ოფიციალურად აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, რომელიც ქართული კანონმდებლობის თანახმად განთავისუფლებულია  გადასახადებისგან. შესაბამისად, ამ ცხრილში ის მიეკუთვნება N4 კატეგორიას – რეგისტრირებული მეწარმე, რომელიც, დაშვების თანახმად, სწორ ინფორმაციას აწვდის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს საკუთარ შემოსავლებზე. მის მიერ მიწოდებული რიცხვები შედის ოფიციალურ სტატისტიკაში (დაკვირვებად ეკონომიკაში). ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩემი მეგობრის მამამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია საკუთარ შემოსავლებზე, რათა შეენარჩუნებინა მიკრო ბიზნესის სტატუსი. ამ ჰიპოთეტურ შემთხვევაში, ის მოხვდებოდა N6 კატეგორიაში და არადაკვირვებადი ეკონომიკაც გაიზრდებოდა მის მიერ დამალული შემოსავლების ოდენობით. თუმცა, მისი ბიზნესი რომ არ ყოფილიყო დარეგისტრირებული, კანონის განმარტების თანახმად, ის გადაინაცვლებდა ჩრდილოვანი მწარმოებლის კატეგორიაში (N1), რაც ასევე არის არადაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილი. კიდევ ერთი მაგალითი: ჩემი მეგობრის ბებია არის ტრადიციული ფერმერი, რომელსაც სოფელში მოჰყავს პომიდორი, კიტრი, თხილი და ყურძენი. ყურძნისგან ის ამზადებს ღვინოს, რომელსაც პირადად მოიხმარს, ადგილობრივ ბაზარზე ყიდის ან მეზობლებს უცვლის სხვა პროდუქტებში. ჩემი მეგობრის ბებია N3 კატეგორიის კლასიკური წარმომადგენელია, რომლის ეკონომიკურ საქმიანობის შედეგებს საქსტატი ითვალისწინებს, შესაბამისად ის მოექცევა დაკვირვებად ეკონომიკაში. თუმცა მას უკანა ეზოში მარიხუანა რომ მოჰყავდეს გასაყიდად ან პირადი მოხმარებისთვის, ის გახდებოდა არალეგალური მწარმოებელი (N2) და მისი საქმიანობა გაზრდიდა ქვეყნის არადაკვირვებად ეკონომიკას.

რომ შევაჯამოთ, N3 და N4 კატეგორიები მიეკუთვნება ეკონომიკის არაფორმალურ (თუმცა არა არადაკვირვებად) ნაწილს და საქსტატიც სასოფლო-სამეურნეო, შინამეურნეობებისა და ბიზნესების გამოკითხვების მეშვეობით მათ ეროვნულ ანგარიშებში აერთიანებს. ეკონომიკის „ნაცრისფერი სექტორების“ შესაფასებლად საქსტატი საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად იყენებს მონაცემთა შედარებისა და სხვაობების ანალიზს და სპეციალური დანიშნულების გამოკითხვებს (არადაკვირვებადი ეკონომიკის შეფასების სახელმძღვანელო, ეთგო, 2002 წ.). ამ მიდგომის თანახმად, 2015 წელს საქართველოში არადაკვირვებადი ეკონომიკის ზომა მშპ-ის 10.3%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება IMF-ის კვლევის მიხედვით ამავე წლისთვის მიღებული შედეგისგან.

გრაფიკი 2: არადაკვირვებადი ეკონომიკის კლასიფიკაცია

ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასებისას ამ ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მეთოდოლოგიის შედარება შეიძლება არაფრისმომცემი იყოს. უამრავი მეთოდოლოგია არსებობს და არც ერთი მათგანი არ არის „საუკეთესო“, ყოველ მათგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ სფეროს ექსპერტები აღიარებენ, რომ მათ მიერ ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასებისას მიღებული შედეგები საკმაოდ განსხვავებულია იმისდამიხედვით, რომელ მეთოდოლოგიას იყენებენ (შნაიდერი და ენსტე, 2002 წ.). მაგალითად, მედინა და შნაიდერი ზემოხსენებულ კვლევაში იყენებენ ახალ მაკრო მეთოდს – ბევრი ინდიკატორი, ბევრი მიზეზი (MIMIC) და ვალუტაზე მოთხოვნის მიდგომა (CDA) სტრუქტურულ ჰიბრიდულ მოდელზე დაფუძნებულ შეფასების პროცედურაში (ჟღერადობამ თუ შეგაშინათ, მარტო არ ხართ).

158 ქვეყანაზე პანელური მონაცემების გამოყენებით ეს მეთოდოლოგია აფასებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომას (ე.წ. ლატენტურ ან „ფარულ“ ცვლადებს), როგორც რამდენიმე სხვა ცვლადის ფუნქციას, როგორიცაა უმუშევრობის მაჩვენებელი (+), მთავრობის ზომა (+), სავაჭრო რეჟიმის გახსნილობა (-), მშპ ერთ სულ მოსახლეზე (-), ფისკალური თავისუფლება (-), კანონის აღსრულება (-), კორუფციის კონტროლი (-) და მთავრობის სტაბილურობა (-). ამ პროცედურის შემდეგ, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის მხოლოდ შედარებით ზომას ითვლის, ავტორებმა გამოიყენეს ვალუტაზე მოთხოვნის მიდგომა, რათა მიეღოთ აბსოლუტური მნიშვნელობები1.

საქართველოს შედეგები შემაშფოთებელია – მშპ-ის 53% 2015 წელს, რაც მიანმარის, ბენინის, კონგოს, ბელიზისა და ნიკარაგუას შედეგებზე ბევრად მაღალია, რისიც მე პირადად არ მჯერა. რა თქმა უნდა, საქართველო არ არის „საუკეთესო ქვეყანა“ კორუფციის კონტროლისა თუ მთარობის ეფექტიანობის თვალსაზრისით, მაგრამ არც უარესთა შორისაა.

ჯერჯერობით ერთადერთი დამაჯერებელი ახსნა ის არის, რომ საქართველოს პოსტ-საბჭოთა ეკონომიკებს შორის ეკონომიკური კუთხით გამორჩეული ქვეყანაა. მიუხედავად მაღალი რეიტინგისა ბიზნესის კეთების ინდექსში, ქვეყანაში თვითდასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და დასაქმებულთა თითქმის 60%-ს მოიცავს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი. თან, თუ ქართული არაფორმალური სექტორი ტრანზაქციებისთვის ადგილობრივ ვალუტას იყენებს (და არა აშშ დოლარს, ევროს ან რუბლს), მაშინ ვალუტაზე მოთხოვნის მიდგომა ასეთ ტრანზაქციებს „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ნაწილად ჩათვლიდა.

ამგვარად, მე რომ ვირჩევდე ამ ორ მეთოდოლოგიას შორის, საქსტატის მეთოდს ავირჩევდი. ის შეიძლება ზუსტი არ არის, მაგრამ ცდილობს მაინც, მხედველობაში მიიღოს საქართველოს ვითარება, სადაც ეკონომიკის დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორს უკავია.

თუმცა, თუ გჯერათ, რომ საქსტატის შეფასებები ძალიან დაბალია და IMF-ის კვლევა უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, მაშინ გილოცავთ, თქვენ დაახლოებით 50%-ით იმაზე მდიდარი ხართ, ვიდრე აქამდე გეგონათ!


1 CDA მეთოდი ხშირად გამოიყენება ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შეფასებისას. ეს მეთოდი მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობას ადარებს რეგისტრირებული ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაღდი ფულის „ნორმალურ“ რაოდენობას. ნორმალური რაოდენობისგან განსხვავებული ნებისმიერი რაოდენობა ითვლება ჩრდილოვან ეკონომიკურ საქმიანობად. თუმცა, თუ ქვეყანაში არაფორმალური სექტორი უჩვეულოდ დიდია, როგორც საქართველოს შემთხვევაში, მაშინ CDA-ის მეთოდი ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომას გადამეტებულად აფასებს.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 13 აპრილი 2021

Captcha Image

Our Partners