ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

2018 – გარდამტეხი წელი ქართული ელექტროენერგიის ბაზრისთვის?

წელს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამ და 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ ქვეყანას დააკისრა ვალდებულება, ელექტროენერგიის ბაზარზე რეფორმები გაატაროს. ამიტომ 2018 წელი ელექტროენერგიის ბაზრისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში გაერთიანებით საქართველომ იკისრა ვალდებულება, დანერგოს: 1) 2009/72/EC დირექტივა, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ზოგად წესებს, 2) #714/2009 რეგულაცია, რომელიც ადგენს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის ქსელზე წვდომის პირობებს. 2018 წლის ბოლომდე ორივე დოკუმენტის დებულებები უნდა აისახოს ქართულ კანონმდებლობაში. უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ნებისმიერ მესამე მხარეს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა ელექტროენერგიის ბაზარზე. აღნიშნული ვალდებულის შესრულების მიზნით, საქართველოს მოუწევს:

1. ევროკავშირის 2009/72/EC დირექტივის დებულებების თანახმად, დისტრიბუციასა და წარმოებაში ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების გაყოფა;

2. ქმედითი სავაჭრო მექანიზმის შექმნა, რათა ნებისმიერ მესამე მხარეს ჰქონდეს წვდომა ბაზარზე. დიდი ალბათობით, ეს გულისხმობს ერთი დღით ადრე ბაზრის შექმნას.

ერთი შეხედვით, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მუშაობას ამ ეტაპზე სერიოზული პრობლემები არ აქვს. მაშინ ჩნდება კითხვა, მხოლოდ ამ ვალდებულებების გამო ვატარებთ რეფორმებს თუ სხვა მიზეზებიც არსებობს?


რატომ არის მნიშვნელოვანი ამ რეფორმების გატარება?

საქართველოს არსებული ბაზარი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სანდო, რადგან ბაზრის ნებისმიერ მონაწილეს სთავაზობს ფასების შედარებით სტაბილურობას, დაწყებული მწარმოებლებით, დამთავრებული მომხმარებლებით. თუმცა უაღრესად რეგულირებული ბაზრის სტრუქტურა არ იძლევა ეფექტიან ფასდადებას, რადგან ძალიან მოუქნელია ცვალებადი გარემოსადმი (Newbery, 2018 წ.). ეს უკანასკნელი ელექტროენერგიის წარმოების სექტორში არასაკმარის ინვესტირებას იწვევს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე შეიძლება უკვე ხდებოდეს კიდეც. ამ ფენომენის შესაძლო მინიშნება არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოხმარება-წარმოებას შორის სხვაობის ზრდა, რამაც პიკს 2018 წელს მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. მოხმარება-წარმოებას შორის სხვაობა საქართველოში

დღემდე საქართველოს მთავრობა, წარმოებაში მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა შესაძლებლობას, გაეფორმებინათ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება. ეს არის მთავრობის გარანტია ინვესტორისადმი, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ESCO) გარკვეული წლების, კონკრეტული თვეების განმავლობაში ელექტროენერგიას ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურისგან იყიდის ფიქსირებულ ფასად. თუმცა ეს პრაქტიკა წლის დასაწყისში შეწყდა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე). ეს მაინცდამაინც ცუდი ამბავი არ არის. მთავრობის გარანტიებმა (მაგალითად ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებმა) შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ინვესტიციები ჩაიდოს წარმოების კონკრეტულ ტექნოლოგიებში (მთავრობის შეხედულებებიდან გამომდინარე). ვინაიდან, მთავრობას ყოველთვის არ შეუძლია, ეფექტურად გაანაწილოს რესურსები და ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსაც დაგვიანებით პასუხობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ინვესტიციები შედარებით გამოცდილ ტექნოლოგიებში და მწირი ინვესტირება ახალ (და პოტენციურად უფრო იმედისმომცემ) წყაროებში. მეორეს მხრივ, გრძელვადიან ინვესტიციებზე (მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებაზე) გარანტიების შეწყვეტამ და ამის ფონზე ბაზრის არსებული სტრუქტურის შენარჩუნებამ შეიძლება შეამციროს სექტორში ახალი ინვესტიციების შემოდინება. თავის მხრივ, შეზღუდულმა ინვესტიციებმა მზარდ მოთხოვნასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შემცირება, რამაც შეიძლება დააჩქაროს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასების ზრდა. შეიძლება მიმდინარე რეფორმამ გააუმჯობესოს მდგომარეობა?


რას უნდა ველოდეთ რეფორმის გატარებისგან?

ვერტიკალურ გაყოფასა და ბაზარზე სავაჭრო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული რეფორმის საკითხს აქტიურად სწავლობს ეკონომიკური ლიტერატურა. თუმცა შედეგები ერთსულოვანი არ არის. ერდოღდუმ (Erdogdu, 2011 წ.) გააანალიზა 63 განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის მონაცემები და აღმოაჩინა, რომ განვითარებად ქვეყნებში გაყოფა იწვევდა ფასების ზრდას, განვითარებულ ქვეყნებში კი გაყოფა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზება – ფასების კლებას. ESMAP-მა 2011 წელს 10 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, რომ სრული ვერტიკალური გაყოფა ამცირებს ელექტროენერგიის ტარიფებს, ნაწილობრივი გაყოფას კი (როცა წარმოება არ არის გამოყოფილი დისტრიბუციისგან) არ აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ტარიფებზე. ნაგაიამამ (Nagayama, 2007 წ.) 83 ქვეყნის მონაცემების გამოყენებით დაასკვნა, რომ გაყოფას და/ან ბაზრის სავაჭრო მექანიზმების შექმნას არ აქვს არავითარი გავლენა ფასებზე. თუმცა გაყოფას, ბაზრის დამოუკიდებელი მარეგულირებლის შექმნასთან ერთად, შეუძლია შეამციროს ფასები.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმებმა, რომლებიც ხსნის ბაზარს და ყოფს მსხვილ კერძო კომპანიებს, შეიძლება დადებითად იმოქმედოს მშპ-ის ზრდაზე (Carvalho 2016 წ.). ამისი მიზეზი შეიძლება იყოს გაზრდილი წვდომა ელექტროენერგიის ბაზარზე, რაც იწვევს მეტ ინვესტიციას და შესაბამის გვერდით ეფექტს ეკონომიკის ამ სექტორზე. ბაზრის რეფორმის დადებით გავლენას ინვესტიციებზე ადასტურებს ბალზას, ხიმენესისა და მერკადოს (Balza, Jimenez and Mercado, 2013 წ.) მიერ ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც ლათინული ამერიკის 18 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა.

კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, ინვესტიციების ხელშეწყობასთან ერთად, შეუძლია მთავარი როლი შეასრულოს ინვესტიციების შესახებ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და გაამარტივოს ინვესტიციების ნაკადების გადამისამართება ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე ეფექტიან (და/ან ყველაზე მომგებიან) ტექნოლოგიებში (მთავრობის გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულების პოტენციურად უარყოფითი ეფექტისგან განსხვავებით). საქართველოს შემთხვევაში, ბაზრის ლიბერალიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რათა აღმოვფხვრათ ქვეყნის მოხმარება-წარმოების სეზონური სხვაობები. ბაზრის ჩარჩოში, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის წარმოებისას წარმოქმნილ ყველა ტიპის ხარჯებსა და სარგებელს, მეტი ინვესტიცია შეიძლება ჩაიდოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის საწინააღმდეგო ციკლის მქონე განახლებად წყაროებში (მაგალითად, ქარის ენერგია), რაც გაზრდის წარმოების პოტენციალს სეზონებზე, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია და ფასებიც ყველაზე მაღალია.


რა უნდა გავითვალისწინოთ?

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა საკმაოდ რთულია და, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ლიტერატურა არაერთ დადებით მტკიცებულებას წარმოაჩენს, პოლიტიკის შემმუშავებლებმა არაერთი საკითხი უნდა გაითვალისწინონ პროცესში. მაგალითად, ცალკე აღებულმა რეფორმის ცალკეულმა კომპონენტებმა შეიძლება დადებითად ვერ იმოქმედოს ელექტროენერგიის ბაზრის მუშაობაზე. თუმცა რეფორმის ეტაპების გულდასმით დაგეგმვამ შეიძლება უკეთესი შედეგები მოგვცეს. რამდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ვერტიკალური გაყოფა, ქმედით ელექტროენერგიის სავაჭრო მექანიზმებთან ერთად, არის რეფორმის წარმატების გასაღები. გაყოფის გარეშე შეუძლებელია უზრუნველვყოთ მესამე მხარეთა შეუზღუდავი წვდომა ბაზარზე. შედეგად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციები შემოვა.

ელექტროენერგიის ბაზარზე სავაჭრო მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ წარმოების სექტორში არ იქნება საბაზრო ძალაუფლება. ამ ეტაპზე სურათი საპირისპიროა.  დადგმული სიმძლავრის მოცულობის კუთხით, ქართულ ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. მასზე ძირითადად წარმოდგენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, სადისტრიბუციო კომპანიები და ერთი მსხვილი კორპორაცია – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი. ქართული ელექტროენერგიის ბაზრის მაღალი კონცენტრაციის ჩვენება შესაძლებელია ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსით (HHI). ინდექსი მერყეობს 0-დან (ძალიან დაბალი კონცენტრაცია) 10,000-მდე (მაღალი კონცენტრაცია). თუ ქართულ ელექტროენერგიის ბაზარზე მთლიან დადგმულ სიმძლავრეს შევხედავთ, ინდექსის მაჩვენებელი არის 2,398, რაც ნიშნავს, რომ ბაზარი საშუალოდ კონცენტრირებულია. თუმცა მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ქართული ელექტროენერგიის ბაზრის სეზონურობიდან გამომდინარე, HHI-ის ინდექსი წლის განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იხ. გრაფიკი 2). ეს ართულებს ბაზრის რეფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში (კერძოდ, მაის-სექტემბერში), როდესაც ბაზრის კონცენტრაცია მაღალია, მსხვილ მწარმოებლებს უკეთესი წვდომა ექნებათ ბაზარზე და მეტი შესაძლებლობა, ბოროტად გამოიყენონ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება.

ამ საკითხის პოტენციური გადაწყვეტა შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზება (გარდა ენგურისა და ვარდნილისა, რომელთა პრივატიზებაც პოლიტიკური მიზეზების გამო რთული იქნება) და ინვესტორებისთვის (განსაკუთრებით ბაზრის მუშაობის საწყის ეტაპზე, როდესაც გაურკვევლობების დონე მაღალია) ალტერნატიული (და ნაკლებად მავნე) გარანტიების მიცემა, რათა ნაწილობრივ დაკომპენსირდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შეწყვეტა.

გრაფიკი 2. HHI-ის ინდექსი ელექტროენერგიის წარმოების მიხედვით 2017 წლის თვეებში

როგორც უკვე ვახსენეთ, ეს წელი ქართული ელექტროენერგიის ბაზრისთვის გარდატეხის წელი იქნება. რეფორმის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სექტორის სტრუქტურას მომდევნო ათწლეულებში. ალბათობა, რომ რეფორმა დადებით შედეგებს მოიტანს, მაღალია. თუმცა შესაძლებლობებს თან ახლავს პოტენციური რისკებიც. შესაბამისად, რეფორმის განხორციელებისთვის საჭიროა საფუძვლიანი ანალიზი და შესაბამისი ცვლილებები არაერთი მიმართულებით.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 02 მარტი 2021

Captcha Image

Our Partners