ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სჭირდება თუ არა საქართველოს მაღალკვალიფიციური მუშახელი?

სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა.

თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემი „ელიტური“ სტატუსი საბოლოო ჯამში მომეწონა. არა იმიტომ, რომ „რიგით მოკვდავებზე“ მეტად აღვიქვი  თავი, არამედ იმიტომ, რომ სასიამოვნო იყო მიზანდასახულ და მონდომებულ ჯგუფელებთან ერთად სწავლა, რაც ჩემს მოტივაციაზე დადებითად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში მიღებული განათლების ხარისხი ოდნავ თუ აღემატებოდა თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის განათლების ხარისხს, უმეტესობა ჩვენთაგანი მუდმივად უკეთესისკენ ისწრაფვოდა, მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ჰპოვებდა კიდეც უცხოეთში განათლების მიღების სხვადასხვა შესაძლებლობებს.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი იდეალურად არ იყო. „რიგითი“ სტუდენტები ხშირად ხუმრობდნენ ჩვენზე სარკასტულად. თსუ-ის ზოგიერთი პროფესორი კი, რომელთაც ჩვენთვის სწავლების პატივი არ ერგოთ, ხშირად გვიმეორებდა რომ ზედმეტი წარმოდგენა გვქონდა საკუთარ თავებზე. შედეგმაც არ დააყოვნა და ნამდვილი „კლასობრივი კონფლიქტი“ გაჩაღდა. შედეგად, რამდენიმე წელიწადში ელიტური ჯგუფის იდეა განათლებისადმი უფრო ეგალიტარიულმა მიდგომამჩაანაცვლა.


უნარების მიხედვით დაჯგუფება: დადებითი და უარყოფითი მხარეები

თსუ-ის მცდელობას, მოსწრების მიხედვით სტუდენტებისთვის თავი ერთ ჯგუფში მოეყარა, აკადემიურ სივრცეში „უნარების მიხედვით დაჯგუფებად“1 მოიხსენიებენ. უნარების მიხედვით დაჯგუფების დადებით და უარყოფით მხარეებზე XX საუკუნის დასაწყისიდან მსჯელობენ და ჯერ კიდევ განათლების ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად რჩება. დაკვირვებების შედეგად ირკვევა, რომ დაჯგუფება მეტწილად მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის არის სასარგებლო. ადამ გამორანის მიერ 1992 წელს ჩატარებული მეტა ანალიზის თანახმად, როგორც წესი, უნარების მიხედვით დაჯგუფებას უფრო უსამართლო შედეგებამდე მივყავართ: მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები აუმჯობესებენ შედეგებს, სუსტი მოსწრების მქონე სტუდენტები კიდევ უფრო უკან რჩებიან. საბოლოო ჯამში, მოსწრება სკოლის დონეზე შეიძლება არ გაუმჯობესდეს. უფრო ახალმა კვლევებმაც (ლერასი და რანგელი, 2009 წ., ჰანუშეკი და ვოსმანი, 2006 წ.) დაადასტურა, რომ უნარების მიხედვით დაჯგუფება ზრდის უთანასწორობას.

უნარების მიხედვით დაჯგუფების დადებითი და უარყოფით მხარეები სლავინმა (1990 წ.) შემდეგნაირად შეაჯამა:

დადებითი მხარეები: უარყოფითი მხარეები:
სწავლის ტემპი და მეთოდი უკეთ არის მორგებული მოსწავლის უნარზე, რაც ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს სუსტი ჯგუფი და (პოტენციურად) არაინტელექტუალური გარემო სუსტი მოსწავლეების კიდევ უფრო რეგრესირებას განაპირობებს
მოსწავლე არ კარგავს ინტერესსა და მოტივაციას: ძლიერი მოსწავლე არ არის მოწყენილი, სუსტი მოსწავლე უკან არ რჩება სუსტ კლასში, როგორც წესი, მენეჯმენტის პოლიტიკისა და თვითშერჩევის შედეგად, უფრო სუსტი მასწავლებლები ასწავლიან (ძლიერი მოსწავლეებისთვის სწავლება უფრო სახალისოა)
სუსტ მოსწავლეს ეძლევა მეტი შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი და არ იჩრდილება ძლიერი მოსწავლეების მიერ სუსტი უნარების ჯგუფთან ასოცირებამ შეიძლება სტიგმატიზაცია გამოიწვიოს,  რაც უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის მოტივაციასა და მოსწრებაზე
ძლიერმა მოსწავლემ შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგები თანატოლებთან კონკურენციის შედეგად გამორჩეული მოსწავლის თვითშეფასება შეიძლება დაეცეს სხვა გამორჩეულ მოსწავლეებთან დაჯგუფებით

რა თქმა უნდა, უნარების მიხედვით დაჯგუფება მხოლოდ ერთ-ერთი გამოსავალია მასობრივი განათლების ტრადიციული მოდელისთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული სტანდარტიზაციის აღმოსაფხვრელად. ალტერნატიული პედაგოგიური მეთოდები (მაგ. მონტესორის მეთოდი) სრულებით გამორიცხავს უნარების (და ასაკის) მიხედვით დაყოფის საჭიროებას, აუქმებს რა სტანდარტიზაციას. თუ ყველა ბავშვსა და მოსწავლეს აქვს აქტივობების არჩევანი და საშუალება აქვს, განვითარდეს საკუთარი მოტივაციის, თანდაყოლილი ნიჭისა თუ შესაძლებლობის შესაბამისად, მაშინ უნარების მიხედვით მკაცრად დაყოფის იდეა აზრს კარგავს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი სკოლა იყენებს მონტესორის მეთოდს და ქართველი მოსწავლეების უდიდესი უმრავლესობა მასობრივ განათლებას იღებს, უნარების მიხედვით დაჯგუფების იდეა სულაც არ არის აზრს მოკლებული. მაგრამ ისმის კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის ტალანტების გამოზრდა? რომელი უფრო ოპტიმალურია სოციალურად: ინვესტიცია ჩავდოთ მაღალი მოსწრების ცოტა სტუდენტში თუ უმთავრესი მიზანი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა იყოს?


გააჩნია...

რამდენად მაღალკვალიფიციური მუშახელი უნდა (ან შეუძლია) ჰყავდეს ქვეყანას, დამოკიდებულია მისი ეკონომიკური განვითარების დონეზე. ეს არის მაიკლ პორტერის განვითარების ეტაპების თეორიის უმთავრესი დასკვნა, რომელსაც იყენებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გამოანგარიშებისას.

ამ თეორიის მიხედვით, ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე (რომელიც, მაგალითად, იზომება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით) ქვეყნის პროგრესი ძირითადად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებში ინვესტირებაზე, როგორიცაა, მაგალითად, დაბალკვალიფიციური  მუშახელი, მიწა და ბუნებრივი რესურსები. კომპანიები ყიდიან იმ პირველად პროდუქტებს, მაგალითად, ნედლეულს, რომლის წარმოებაც შეუძლიათ იაფად. აღნიშნულ ეტაპზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ძირითადად დამოკიდებულია იაფი, ჯანმრთელი და საბაზისო უნარების მქონე მუშახელის არსებობაზე.

როდესაც ქვეყანაში ამოიწურება  იაფი სამუშაო ძალა, ხელფასები იზრდება. იმისათვის, რომ ჩაანაცვლონ დაბალკვალიფიციური მუშახელი, რომელიც ახლა უკვე ძვირია, კომპანიები იძულებული არიან, ინვესტიციები ჩადონ კაპიტალ-ინტენსიურ ტექნოლოგიებში და, შესაბამისად, უფრო მაღალკვალიფიციურ მუშახელში. ამ ეტაპზე ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულია იგი არსებული ფაქტორების ხარჯთ-ეფექტურად გამოყენებაში და, რაც მნიშვნელოვანია, მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. კომპანიები აქცენტს აკეთებენ დამატებული ღირებულების შექმნაზე, ნედლეულის გადამუშავებასა და ტანსაცმლის, ავტომანქანებისა და ელექტრონული საშუალებების წარმოებაზე. ხარისხითა და ხარჯთ-ეფექტიანობით კონკურენტუნარიანობის მიღწევა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პროდუქტიული, საშუალო კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობაზე.

დაბოლოს, თუ ქვეყნის შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით იზრდება, მაშინ ქვეყნის მუშახელი ძვირდება და ქვეყანა ვეღარ ახერხებს, იყოს კონკურენტული სტანდარტული საქონლის მასობრივ წარმოებაში (რომლებიც იაფ ქვეყნებში შეიძლება იწარმოებოდეს). ამ ეტაპზე ნებისმიერი რუტინული წარმოების პროცესი, რაც შეიძლება შესრულდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გავა კიდეც საზღვარგარეთ დაკვეთაზე. კომპანიები იძულებული არიან, ადგილობრივი რესურსები მიმართონ  მაღალი დონის მომსახურებების წარმოებაზე (მაგ. ფინანსური სექტორის მომსახურება), უკიდურესად ავტომატიზებულ საწარმოო პროცესებზე, კვლევებსა და განვითარებასა და ინოვაციებზე, რისთვისაც საჭიროა მუშახელის მაღალი კვალიფიკაცია და, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სჭირდებათ სამივე კვალიფიკაციის მქონე მუშახელი. თუმცა არა ერთნაირი რაოდენობით.


რამდენი ინჟინრის მომზადება და დასაქმება შეუძლია საქართველოს?

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, საქართველო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის განათლების სისტემის გამართული მუშაობით. მეტიც, ამისგან ძალიან შორსაა. ქვეყნის შედეგებს თუ შევხედავთ PISA-ის მათემატიკის, მეცნიერებისა და კითხვის საერთაშორისო ტესტირებაში (ყველაზე ახალი არის 2015 წლის მონაცემები), საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტესტირებაში მონაწილე 72 ქვეყნის უმეტესობას: მე-60 ადგილი მათემატიკაში, 63-ე – მეცნიერებაში, 65-ე – კითხვაში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ WEF-მა სულ ახლახან დააწინაურა და გადაიყვანა საქართველო განვითარების საშუალო ეტაპზე მყოფი ქვეყნების ჯგუფში,  (პორტერის ზემოხსენებული სიის მეორე, საშუალო კატეგორიაში), ქართული სკოლები უშვებენ „საკმარისი“ რაოდენობის მაღალი შესაძლებლობების მოსწავლეებს, რაც მთლიანი მოსწავლეების რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდება ტესტირების შედეგების მიხედვით მოწინავე ქვეყნებს (მაგ. სინგაპურს), მაგრამ სრულებით მისაღებია საქართველოს განვითარების დონისთვის. ანალოგიურად, PISA-ის ტესტში ქართველი მოსწავლეების 50%-ზე ოდნავ მეტს მიენიჭა „დაბალი შესაძლებლობების“ სტატუსი, რითიც საქართველოს შედეგები მეტნაკლებად თანხმობაშია ჩვენს კატოგორიაში მყოფი ქვეყნების შედეგებთან. დიახ, რუსეთი და ბულგარეთი ჩვენზე გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, მაგრამ გასაკვირი არ არის, რადგან ამ ქვეყნებს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და სოფლად მცხოვრებთა წილის მიხედვითაც ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.


PISA-ის ტესტში საქართველოს შედეგები და საშუალო ეკონომიკური განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეყნების ჯგუფი ეფექტიანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფი
ქვეყანა* მაღალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების წილი** დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების წილი***
რუსეთი 4.3 18.8
ბულგარეთი 2.9 37.9
საქართველო 0.9 50.8
ბრაზილია 0.7 56.6
მონტენეგრო 0.5 51
ტაილანდი 0.5 46.7
ალბანეთი 0.4 41.7
კოლუმბია 0.4 49
იორდანია 0.2 49.8
გვატემალა 0.1 56
მექსიკა 0.1 47.8
პერუ 0.1 58.5
დომინიკების რესპუბლიკა 0 85.7
ტუნისი 0 65.9
რა არის PISA?
 

PISA არის საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია 15 წლის მოსწავლეების კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერების უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ტესტირების გზით განათლების სისტემების შეფასება. დღემდე საქართველომ PISA-ს ორ ტალღაში (2009 და 2015 წლები) მიიღო მონაწილეობა, ტესტირება გაიარა დაახლოებით 200 სკოლის თითქმის 4000 მოსწავლემ.

PISA-ის 2009 და 2015 წლების ტესტირების შდეგების შედარებამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სამართლიანობის პრობლემის გადაჭრას: საქართველო შედარებით წარმატებული აღმოჩნდა ქვედა დონის მოსწრების გამოსწორებაში, თუმცა ქვეყანამ შედარებით ნაკლებ წარმატებას მიაღწია აკადემიური სწავლების პოპულარიზების მიმართულებით. 

* WEF-ის კლასიფიკაციის თანახმად, 2017 წელს ეს ქვეყნები მიეკუთვნება საშუალო განვითარების ეტაპზე მყოფი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფს.

**მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში კრეატიულად და დამოუკიდებლად გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები (PISA-ის ტესტი, 2015 წ.)

***მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ, უპასუხონ მხოლოდ ისეთ კითხვებს, სადაც უკვე მოცემულია მიმართულება, ასევე კითხვებს, რომლებიც მხოლოდ ერთ წყაროსთან არიან კავშირში და სხვა წყაროსთან დაკავშირებას არ საჭიროებენ.  მი როგორც წესი, მოსწავლეები, ვერ ახერხებენ ინფორმაციისა და ლოგიკის უფრო კომპლექსურ გამოყენებას (PISA-ის ტესტი, 2015 წ.)

საქართველო, მუშაობს რა განათლების მომავალ სტრატეგიაზე, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად არჩევანის წინაშე დგას.

ერთი მხრივ, ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს საუკეთესოების კიდევ უფრო დაწინაურებას სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კერძო ინვესტირების წახალისებით, „ელიტური“ უნარების მქონე მოსწავლეთა ჯგუფების შექმნითა და ახლისა და განსხვავებულის შექმნის მსურველთათვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნით.

სანაცვლოდ, ქვეყანას შეუძლია გააგრძელოს განათლების გარკვეული მინიმალური სტანდარტების დაწესებით სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა და საშუალო უნარ-ჩვევების მქონე (სტაბილური, პასუხისმგებლობლიანიდა შრომისმოყვარე, რომ შეეძლოს უცხო ენაზე საუბარი და ასევე ფლობდეს მანქანა-დანადგარებთან ან კომპიუტერთან მუშაობისათვის საჭირო უნარებს) მუშახელის მომზადების ხელშეწყობა. პირველი სტრატეგია, რომელიც ამაყ ქართულ ეგოს აკმაყოფილებს, რისკებს შეიცავს. პირველ რიგში, შეიძლება განხორციელებადი არ იყოს, თუ გავითვალისწინებთ ინოვაციური მიდგომებისა  და ნიჭის განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების სიმწირესა და ინსტიტუციურ სისუსტეს.მეორე რიგში, შეიძლება წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ქვეყანამ ვერ მისცეს თავს ამის საშუალება – მაღალკვალიფიციური სწავლება რაც მასწავლებლების მაღალ ხელფასებსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასთან არის კავშირში, ძვირი ღირს. მესამე რიგში, საქართველომ ასობით მსოფლიო დონის ინჟინერი რომც მოამზადოს, შეიძლება ვერ შეინარჩუნოს ისინი. როდესაც საქმე ხელფასებს ეხება, საქართველო უბრალოდ ვერ გაუწევს კონკურენციას  დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და/ან ჩრდილოეთ ამერიკას. ამიტომ მაღალი დონის განათლებაში ზედმეტი ინვესტიციების ჩადებამ შეიძლება ტვინების გადინებამდე უფრო მიგვიყვანოს, ვიდრე სწრაფ განვითარებამდე.

საქართველოს განვითარების დონიდან გამომდინარე, საშუალო კვალიფიკაციების მქონე მუშახელის მომზადების მეორე სტრატეგია უფრო რეალური და სასურველი ჩანს. საჭირო რაოდენობის საშუალო დონის სამუშაო ძალამ განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით დაბალი სახელფასო ხარჯით  შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ინვესტიციების მოზიდვაში.


1 უნარების მიხედვით დაჯგუფება სლავინის მიხედვით განისაზღვრება, როგორც „სკოლისა თუ კლასის დონეზე ნებისმიერი ორგანიზების სქემა, რომლის მიზანია. შეამციროს ჯგუფების ჰეტეროგენურობა.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

Captcha Image

Our Partners