ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

როგორ გარდავქმნათ ქართული სოფლის მეურნეობა – ტვიტერით

ფერმერები გაცილებით ეფექტურები იქნებიან, თუ ახალ-ახალი ინფორმაცია ექნებათ ფასებზე, სხვადასხვა პრაქტიკასა თუ ამინდზე. მობილური ტელეფონების და მობილური ინტერნეტის წყალობით, მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებს ინტერნეტის სიკეთეებს. საქართველოშიც პოლიტიკის გამტარებლებმა და დონორებმა თანდათან დაიწყეს ამ მიმართულებით ინტერნეტის შესაძლებლობებს გამოყენება. ზოგიერთი საპილოტე პროექტის ფარგლებში, იქმნება პლატფორმა, რომელიც ინფორმაციას აწვდის ფერმერებს და უფრო აქტიურად რთავს მათ პროცესებში. ამ მცდელობების შემოქმედთა უმრავლესობას მხედველობიდან გამორჩა ერთი რამ: საუკეთესო იარაღი უკვე არსებობს და ეს – არც მეტი, არც ნაკლები – არის ტვიტერი, რომელსაც რამდენიმე ტვიტით შეუძლია ქართული სოფლის მეურნეობის გარდაქმნა.

ტვიტერის თავდაპირველი დანიშნულება მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასობრივად გაგზავნა იყო. დღეს კი მრავალი ადამიანისთვის ინფორმაციის სწრაფად მიწოდების საუკეთესო საშუალებაა. დღეს საქართველოში 200 000-ზე მეტი მცირე ფერმერია. ტვიტერს კი შეუძლია, მათ ხმა მიაწვდინოს, თანაც სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ტვიტერის ტექსტები მოკლეა, ამიტომ აქცენტი მთავარი აზრის გადმოცემაზეა. ტვიტერს შეუძლია, ინფორმაცია გაავრცელოს ახალ შესაძლებლობებზე, ახალი მწერის საშიშროებაზე, ამინდზე. მას აქვს გამოკითხვების ჩატარების მარტივი ფუნქცია. მისი მეშვეობით ფერმერებს შეუძლიათ, ერთმანეთს გაუზიარონ, დაიწყეს თუ არა სეზონური საქმიანობა, ხვნა, თესვა, სხვლა, მოსავლის აღება ან ხომ არ შეუნიშნავთ რამე პრობლემა. მაგალითად, მეფუტკრეებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეატყობინონ, რომ ფუტკრებმა კვერცხების დადება დაიწყეს.

ტვიტერში ინტეგრირებულია ფოტოები და ვიდეობი, რაც ამარტივებს ფერმერებისთვის ვაზის გასხვლის, თხილის საუკეთესოდ შენახვის და ქარსაცავის დარგვის ახალი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ტვიტერის ახალი ფუნქციის, „პერისკოპის“ ლაივ-ვიდეოს მეშვეობით ონლაინ კონსულტაციების მიღებაც შეიძლება. ფერმერები შეძლებენ, კონსულტანტს აჩვენონ, რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ და მიიღონ კომენტარები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისგან, სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლებისა თუ სხვა ფერმერებისგან. სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრებში მუშაობენ. მათ არ შეუძლიათ, ცენტრს გარეთ იმოგზაურონ და პირადად შეხვდნენ ათასობით მცირე ფერმერს. ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ისინი და სხვა ექსპერტები გაცილებით მეტ ადამიანს დაუკავშირდებოდნენ, შეძლებდნენ, საველე ვიზიტების პარალელურად, კვირაში ერთი-ორი საათი ონლაინ კონსულტაციებისთვის დაეთმოთ, ისე, რომ ოფისიდან არც კი გასულიყვნენ, კონსულტაციის ჩატარება მობილური ტელეფონითაც იქნებოდა შესაძლებელი.

ჰეშთეგები აადვილებს ინფორმაციის მოძიებას და მისთვის თვალყურის მიდევნებას. ფერმერებს შეუძლიათ, მოძებნონ ყველა პოსტი, რომელიც შეესაბამება #თხილს, #ყურძენს, #ხურმას, #დასაწყობებას, #გასხვლას, #სათბურებს და ა.შ. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს ტვიტერს, ეს ყველაფერი წინასწარ დაპროგრამებული სიების სახითაც შეიძლება მომზადდეს. ტვიტერის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქცია კიდევ უფრო მიზანმიმართული მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა.

ყველა ეს ინსტრუმენტი უკვე არსებობს და თან სრულიად უსასყიდლოდ. საქართველოს მთავრობას, დონორებს ან პარტნიორებს არ დასჭირდებათ სერვერების დადგმა ან პროგრამირებაზე რესურსების დახარჯვა. ეს პროგრამა ადაპტირებულია ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, რაც ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციას გააადვილებს. ტვიტერი მუშაობს ყველა ბრაუზერზე და მისი აპლიკაცია თავსებადია ყველა თანამედროვე ტელეფონთან.

ყოვლისმომცველი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პლატფორმის პროგრამის შექმნა, სავარაუდოდ, ძვირადღირებულ და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, რაც რისკებთანაც იქნება დაკავშირებული. მრავალმილიონდოლარიან პროგრამასაც კი გაცილებით ნაკლები ფუნქცია ექნება, ვიდრე ახლა აქვს ტვიტერს. ამასთან, პროგრამა არც ხარვეზებისგან არ იქნება დაცული. ახლად შექმნილმა პორტალმა, შესაძლოა, ვერ იმუშაოს სხვადასხვა მოწყობილობაზე. აშშ-ის ჯანდაცვის ვებ-გვერდის უკანასკნელი ფიასკო ერთ-ერთია მრავალი მაგალითიდან, რომ ყველაზე გამოცდილ ქვეყნებსაც კი უჭირთ გამართულად მომუშავე ვებ-გვერდების შექმნა, გაწეული მილიარდობით ხარჯების მიუხედავადაც კი.

ტვიტერის გამოყენებით საქართველო იმუშავებს გამოცდილი, კარგად დამკვიდრებული სისტემით. ამ მხრივ ფეისბუქიც მიმზიდველია. ქართულმა არამომგებიანმა ორგანიზაციამ „მოსავალმა“, რომელშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, მცირე დროში ათი ათასობით ქართველ ფერმერს მიაწვდინა ხმა, რაც ცხადჰყოფს, რომ დღეს უკვე ბევრი ფერმერია ონლაინ. თუმცა ფეისბუქი უამრავ სხვა ამბავსაც გვიყვება კატებზე, დიშვილებზე, პოლიტიკაზე. ფეისბუქის აურზაური ართულებს ყურადღების კონცენტრაციას პროდუქტიულობის ზრდაზე. ტვიტერით კი უფრო ადვილია კონცენტრაცია, თუნდაც იმიტომ, რომ ის შედარებით ახალი ხილია საქართველოში. მეტიც, ტვიტერში ადვილად შეიძლება SMS-ის ინტეგრაცია. ტვიტის მიღება მესიჯის სახით „ნოკიას“ ძველ ტელეფონებზეც კი შეიძლება, ამისთვის საჭიროა ნაკლებად ცნობილი ფუნქცია Fast Follow,  რომელიც, ასევე, უფასოა (უნდა აღვნიშნო, რომ მე საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ვმუშაობ და ტვიტერის უპირატესობების შესახებ პირადი მოხმარებიდან შევიტყვე; კომპანიასთან არაფერი მაკავშირებს).

ტვიტერის მეშვეობით საქართველოს დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია, თანაც მყისიერად, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. ფერმერებს შეუძლიათ, მეტი გაიგონ ინიციატივებზე, ფასებზე, ვინ ყიდის ნედლეულს, ვინ ყიდულობს მოსავალს, ისწავლონ ახალი მეთოდები და პრაქტიკა, შეამოწმონ დაზღვევა, დასვან მათთვის აქტუალური შეკითხვები. სოფლის მეურნეობაც შეიძლება ჩაერთოს ქსელში და დაიწყოს სვლა XXI საუკუნისკენ.

ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი ფინანსები. ზემოთ აღწერილი სტრატეგიის გამოყენებით, შესაძლებელია არსებული ინვესტიციების უფრო ეფექტურად გამოყენება. გავრცელების ზონის გაფართოებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის კონსოლიდაციით, აღნიშნული ძალისხმევის ინტერნეტ-გავლენის მაქსიმიზაციის უზრუნველყოფითა თუ სასწავლო ვიდეოებით მთავრობას ექნება ყოვლისმომცველი და ძლიერი სტრატეგია, პირველი შედეგები კი უკვე 2017 წელს იჩენს თავს. საქართველოს ჩანასახოვანი სტარტ-აპ სექტორი, თავის მხრივ, დამატებით და ადაპტირებულ სერვისებს შესთავაზებს ბაზარს.

კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ტვიტერი, როგორც კომპანია, შესაძლოა, თავად ჩაერთოს პროცესში. ტვიტერმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია საჯარო ადმინისტრირების დარგში, ზოგიერთი ქალაქი მას საინფორმაციო სისტემად იყენებს. თუმცა სოფლის მეურნეობაში ტვიტერი ჯერჯერობით არავის გამოუყენებია მასშტაბურად. სან ფრანცისკოში, შესაძლოა, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ წინადადებას თანამშრომლობაზე, რადგან კომპანია თავად ეძებს ახალ მიმართულებებს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი ჩინებული მომსახურების გამოყენება. ამან, შესაძლოა, წვლილი შეიტანოს პლატფორმაში ფერმერების ჩართვაში. მაშასადამე, ტვიტერზე გადასვლამ შეიძლება გარდამტეხი  გავლენა იქონიოს და, ამათან, ბიუჯეტს ტვირთად კი არ დააწვეს, არამედ დამატებითი წვლილი შეიტანოს კიდეც. შეიძლება სწორედ ეს არის ის საოცნებო პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც ასე იშვიათია დარგობრივ პოლიტიკაში.

დონორებს, რომლებიც ინოვაციებს აფინანსებენ, შეუძლიათ, დააჩქარონ ეს პროცესი: დააფინანსონ ეკონომიკური მიზნაშეწონილობის კვლევა, ერთ მაგიდასთან მოუყარონ თავი ყველა მთავარ პარტნიორს, რომლებიც იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გარდაიქმნას დარგი არსებული ინიციატივების მიღმა. მთავრობას შეუძლია, დაავალოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შეიმუშავოს ამ ინიციატივის პილოტად ქცევის გზა. სავარაუდოდ, ინიციატივა მრავალ ტალანტს მოიზიდავს, რადგან ეს არის პერსპექტიული მიდგომა, რომელიც მძლავრ პლტფორმას ემყარება. ნამდვილად ღირს ტვიტერზე გადასვა იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობამ უკეთ იმუშაოს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 04 აპრილი 2020

Captcha Image

Our Partners