ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

კარტი, ფული და ორი ლულა

“ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ ღმერთი სინამდვილეში დიდი აზარტული ვინმე იყო, სამყარო კი ერთი დიდი კაზინოა, სადაც კამათლებს აგორებენ, რულეტს ატრიალებენ და ისე წყდება თითოეული შემთხვევის ბედი. როდესაც ბევრი ნაძლევი იდება, მოგების შანსი ქრება და ჩვენც პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია; ამიტომაც არიან კაზინოს მფლობელები ასეთი მდიდრები; თუმცა კამათლის მხოლოდ რამდენჯერმე გაგორებისას განუზღვრელობის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება“ – სტივენ ჰოუკინგი.


კაზინოები, ტოტალიზატორები და სხვა აზარტული დაწესებულებები ძალიან პოპულარულია საქართველოში. 2015 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის (აზარტული თამაშები საქართველოში – მეორე ანგარიში) მიხედვით, 1867 შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტთა 6%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას, თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს ფულზე, ონლაინ თამაშის ჩათვლით,  თავად ან მისი ოჯახის წევრები. ვფიქრობ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ვერ ასახავს, პოტენციურად რამდენად არიან ჩართულები ქართველები აზარტულ თამაშებში. მიზეზი მარტივია – რთულია, უპასუხო „დიახ“ კითხვას, თამაშობ თუ არა შენ ან შენი ოჯახის წევრები აზარტულ თამაშებს, რთულია მაშინაც კი, თუ ანონიმურობა გარანტირებულია. შესაძლოა, ძალიან ბევრმა რესპოდენტმა არც კი იცის, მათი ოჯახის წევრები თამაშობენ თუ არა რაიმე აზარტულ თამაშს ან, შესაძლოა, უბრალოდ, არ სურთ ამის საჯაროდ განცხადება.


ადვილად ხელმისაწვდომი აზარტული თამაშები

მოდით, გიამბობთ ჩემს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ჩავები აზარტულ თამაშებში. რუსეთიდან 2007 წელს დავბრუნდი საქართველოში და სწორედ მაშინ გავუსინჯე  პირველად გემო აზარტულ თამაშებს, 16 წლის ასაკში, თერჯოლაში. „ფეხბურთი“ და „ტოტალიზატორი“ ყველას პირზე ეკერა, საფეხბურთო მატჩების ფსონებიანი გაზეთი კი ყველა კუთხეში იყიდებოდა. მეზობლები, ნათესავები, კლასელები – ყველა ფეხბურთის მატჩების შედეგების გამოცნობის სურვილით იყო შეპყრობილი: ვინ მოიგებდა, რამდენი გოლი გავიდოდა, რომელი გუნდი მიიღებდა მეტ ყვითელ ბარათს, რომელი ჩამოაწვდიდა მეტ კუთხურს, ფსონის დადება შეგეძლო ყველაფერზე, მატჩის ყველაზე უმნიშვნელო  დეტალზეც კი. პირველი ბილეთი სახლში ვნახე, როდესაც ბიძაჩემი დებდა ფსონს. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ძალიან დამაინტერესა პროცესმა. ჰოდა, გადავწყვიტე პირველი ბილეთიც გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, იმ დროს თერჯოლაში ინტერნეტი არ გვქონდა (როგორც საქართველოს ქალაქების უმეტესობაში) და ფსონებს ხელით ვწერდით პატარა ქაღალდზე, შემდეგ კი ვაძლევდით გაზეთების პატარა ჯიხურში მომუშავე კაცს. მას ჩვენი ფსონები ზესტაფონის ადგილობრივ ტოტალიზატორში მიჰქონდა.

პირველად 1 ლარი დავდე და მხოლოდ ერთი მატჩის შედეგები ვერ გამოვიცანი (სხვათა შორის, მოთამაშეს ყველაზე მეტას ასეთი შემთხვევები ამახსოვრდება, როდესაც მხოლოდ ერთმა მატჩმა „გაუფუჭა“ ფსონი). 1 ლარის წაგებამ ვერაფერი დამაკლო და მეც ყოველ შაბათ-კვირას (რადგან მატჩები, ძირითადად, შაბათ-კვირას იმართება) 1-ლარიან ფსონებს ვდებდი ბიძაჩემთან ერთად. იმ დროს ჩემი მთავარი მიზანი მოგება არ იყო. მე ფსონის დადების პროცესმა გამიტაცა, იმის განხილვამ, თუ რომელი გუნდი მოიგებდა და რატომ. ფაქტობრივად, ფსონის დადების საუკეთესო ნაწილი იყო მეორე დღეს ჩემს კლასელებთან თამაშების განხილვა. როგორც დოსტოევსკი აღწერს „მოთამაშეში“: „არა, ფულისკენ არ მივილტვოდი –  მეწადა, ამ ჰაინცების, სასტუმროს მეპატრონეების და ბადენის კეთილშობილი ქალბატონების ხროვას ჩემზე ელაპარაკა, მოეყოლათ ჩემი ამბავი, გაოცებულიყვნენ ჩემით, ქება შეესხათ ჩემი საქმეებისთვის და თაყვანი ეცათ ჩემი გამარჯვებებისთვის“.  მოთამაშე მართალი იყო – როდესაც აზარტი თამაშზე მეტი ხდება, მას შეუძლია პათოლოგიურ, აკვიატებულ ჩვევად იქცეს. მე, ალბათ, გამიმართლა, რადგან აზარტული თამაში ჩემთვის მხოლოდ კლასელებთან ანალიტიკური თამაშის ნაწილი იყო.

ყველაზე მეტად ის მაოცებს, რამდენად ადვილი იყო, ასეთ ადრეულ ასაკში აზარტულ თამაშებში ჩავრთულიყავით. ჩვენსა და აზარტული თამაშების ინდუსტრიას შორის ერთადერთი ბარიერი იყო აღმართული – გაზეთების ჯიხურში მომუშავე კაცი. მას შეეძლო, უარი ეთქვა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის და არ მიეღო მათი ფსონები. თუმცა ასე არ იქცეოდა და ჩვენც ვაგრძელებდით თამაშს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებისა და დედაქალაქში  გადმოსვლის შემდეგ, ჩემ წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა, უამრავი კაზინოთი, ტოტალიზატორითა და სათამაშო აპარატით. თბილისში ასაკი მეტ დაბრკოლებას ქმნიდა, ვიდრე თერჯოლაში, თუმცა ასაკის შენიღბვა ადვილად შეიძლებოდა მოზრდილი წვერით, რომელიც ტოტალიზატორის შესასვლელთან მდგომ დაცვის თანამშრომლის თვალებში მოთამაშეს სრულწლოვნად აქცევდა. ონლაინ თამაშებისთვის კი საკმარისი იყო ნებისმიერი სრულწლოვნის (მეგობრის, ნაცნობის ან ნათესავის) პირადი მონაცემებით შეგევსო საჭირო ველები.

უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი დღიური ბიუჯეტი 5 ლარი იყო – 5 ლარი ტრანსპორტისთვის, ლანჩისა და „ქსეროქსის“ ასლების გადასაღებად. ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი ფულის გამომუშავება თამაშებით ვცადე: ვიგონებდი „მომგებიან სტრატეგიებს“ და შემდეგ მათ ტოტალიზატორებში, სათამაშო აპარატებზე, რულეტებსა და ონლაინ პოკერზე ვცდიდი. ბევრი ცდის შემდეგ მივხვდი, რომ საბოლოოდ ამ თამაშს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს: კაზინოს მფლობელები. ჩემ შემთხვევაში თამაშის სამყაროზე იერიშს მხოლოდ ჩემი დრო და ნერვები შეეწირა. ზოგიერთი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არასოდეს ვუხვევდი ჩემს მწირ ბიუჯეტს. სხვები ლომბარდებში აბარებდნენ ტელეფონებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებს, იპარავდნენ ნივთებს სახლიდან. იყო ისეთი  უკიდურესი შემთხვევებიც, როდესაც მოთამაშეებმა  სტიპენდიები და მშობლების მიერ სოფლიდან სწავლისთვის გამოგზავნილი ფულიც კი წააგეს.


თამაშის ეკონომიკა

ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა სათამაშო ინდუსტრიის რეგულირების საკითხი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ონლაინ თამაშები კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციას მოითხოვს (უკიდურეს შემთხვევაში საქმე შეიძლება მათ აკრძალვამდეც კი მივიდეს). თუმცა პოლიტიკოსები დიდად მოწადინებული არ არიან აზარტული ინდუსტრიის მთლიანად დახურვით. მათ იციან, რომ სათამაშო ბიზნესს ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია – ნებართვებიდან და კაზინოზე დაწესებული გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გარდა, კაზინოები დასაქმების წყაროა. მათ, ასევე, მოაქვთ ესოდენ საჭირო შემოსავლები სასტუმრო და ტურისტული ინდუსტრიებისთვის.


აზარტული თამაშების ეკონომიკური სარგებელი

უდავოდ, კაზინოები ბევრი ქვეყნისთვის არის საგადასახადო შემოსავლების წყარო. თუმცა რამდენს იღებს საქართველო სათამაშო ინდუსტრიიდან? საქართველოში კაზინოები და სხვა აზარტული ინსტიტუტები არ იხდიან მოგების გადასახადს. ისინი იხდიან ფიქსირებულ ნებართვის გადასახადს და ფიქსირებულ გადასახადს აზარტული თამაშებისთვის, ეს უკანასკნელი ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ონლაინ თამაშებს არანაირი ლიცენზია არ სჭირდება, მაგრამ ვებ-გვერდის მფლობელმა ყოველ კვარტალში 30 000 – 60 000 ლარი უნდა გადაიხადოს (ცხრილი 1). უხეშად რომ ვთქვათ, ერთ პოპულარულ ონლაინ სათამაშო ვებ-გვერდს სულ რაღაც 3-12 დღე სჭირდება ამ თანხის გამოსამუშავებლად (ავტორების გამოთვლით). რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ონლაინ გვერდებიც, რომელთაც ძალიან ცოტა მოთამაშე სტუმრობს და, შესაბამისად, მათ უჭირთ ყოველკვარტალურად ამ თანხის მოგროვება. ფიქსირებული გადასახადის პროცენტური გადასახადით შეცვლამ სათამაშო ბაზარი, შესაძლოა, უფრო კონკურენტული გახადოს. მეტიც, ამის შედეგად საგადასახადო შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს კიდეც. 

ცხრილი 1: აზარტული თამაშების ტიპი და მათზე გადასახადი  ადგილმდებარეობის მიხედვით

აზარტული თამაშის ტიპი ნებართვის გადასახადი (წლიური) გადასახადი თამაშზე (კვარტალური)
ონლაინ თამაში არ მოითხოვება ნებართვის გადასახადი 30,000-60,000
კაზინოები   15,000-30,000 მაგიდაზე
ბათუმი, დუშეთი, ქობულეთი, ბორჯომი 250,000
ახალციხე 100,000
ყაზბეგი, წყალტუბო, სიღნაღი არ მოითხოვება ნებართვის გადასახადი
100-ზე მეტ ნომრიან სასტუმროებში განთავსებული კაზინოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში არ მოითხოვება ნებართვის გადასახადი
80-ზე მეტ ნომრიან სასტუმროებში განთავსებული კაზინოები ანაკლიასა და განმუხურში არ მოითხოვება ნებართვის გადასახადი
სხვა 5,000,000
სათამაშო მანქანები 50,000 - 200,000 1,500-3,000 მანქანაზე
ტოტალიზატორები   არ მოითხოვება გადასახადი თამაშზე
თბილისი 200,000
ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი 80,000
სხვა 40,000

წყარო: შემოსავლების სამსახური

2005 წლის შემდეგ სათამაშო ინდუსტრიიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა და 2015 წელს 116 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 1.4%-ია. სათამაშო ინდუსტრიის ზომას თუ გავითვალისწინებთ, ეს არც თუ ისე დიდი თანხაა. ამ ფულის უმეტესობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიდის (გრაფიკი 1) და მათი შემოსავლების 5-45%-ს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია, გადასახადების სტრუქტურა, შესაძლოა, არც ისე ეფექტურია და საქართველოს სათამაშო ინდუსტრიას უზარმაზარი მოგების მიღების საშუალებას აძლევს.


აზარტული თამაშების სოციალური ხარჯები

აზარტული თამაშები ძალიან წინააღმდეგობრივი თემაა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ გართობის უწყინარი სახეა. სხვები თვლიან, რომ ასეთი გართობა საზოგადოებას ძვირად უჯდება. ნობელის მფლობელი ეკონომისტი, პოლ სამუელსონი აზარტულ თამაშებზე წერდა: „აზარტული თამაშების წინააღმდეგ სერიოზული ეკონომიკური საქმე უნდა წამოვიწყოთ... ის მხოლოდ ორ ადამიანს შორის ფულის ან საქონლის გაცვლაა, არ იქმნება ახალი ფული ან საქონელი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ დოვლათს არ ქმნის, აზარტული თამაშები დროსა და რესურსს მაინც მოიხმარს. როდესაც აზარტული თამაშები სცდება დასვენების მიზნებს, მისი მიზანი, ბოლოს და ბოლოს, ხომ „დროის მოკვლაა“, ის ამცირებს ეროვნულ შემოსავალს“ (ეკონომიქსი, მე-6 გამოცემა, 1970 წ.).

აზარტული თამაშების საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტია ის, რომ დამოკიდებულებას იწვევს. ზოგჯერ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სერიოზული და ფატალური შედეგებიც კი მოაქვს: ახალ ამბებში არაერთხელ წაგვიკითხავს, რომ აზარტული თამაშებით ვინმე გაკოტრდა, ადამიანმა დაკარგა ყველაფერი: ფული, ბინა, მანქანა. აზარტული თამაშები შეიძლება განქორწინების, თვითმკვლელობის, კონფლიქტის, მკვლელობის მიზეზი გახდეს. ქვეყნებში, სადაც მაღალია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე (განსაკუთრებით, ახალგაზრდებში), ადვილად ხელმისაწვდომი აზარტული თამაშები ახალისებს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გაჩენას ადრეულ ასაკში, აუარესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და აღვივებს კრიმინალს (გრინოლი და მუსტარი, 2006 წ.). „აზარტული თამაშები საქართველოში – მეორე ანგარიშის“ მიხედვით, გამოკითხულთა 63% თვლის, რომ აზარტული ბიზნესი საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში, ხოლო 29% მიიჩნევს, რომ ის უნდა შეიზღუდოს. საზოგადოების ამგვარი განწყობა მიუთითებს, რომ სოციალური მოთხოვნა აზარტული თამაშების ინდუსტრიის ახალ რეგულაციებზე უკვე გაჩნდა.


გონივრულად თამაში საქართველოში?

აზარტული თამაშების ინდუსტრიის სახელმწიფო რეგულაციები გონივრული უნდა იყოს. ის ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ამიტომ რეგულაციები, რომელთა მიზანიც არის პათოლოგიური თამაშის დონის შემცირება, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ადამიანები არ ჩაერთონ აზარტულ თამაშებში და არა კაზინოს ან ონლაინ თამაშების სრული აკრძალვისკენ.

რა შესაძლო ალტერნატივები არსებობს პოლიტიკის თვალსაზრისით?

• შეიძლება გამკაცრდეს რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ აზარტული თამაშების ვებ-გვერდებზე: რეგისტრაციისთვის არ უნდა იყოს საკმარისი მხოლოდ პირადობის მოწმობაზე დატანილი ინფორმაციის გადატანა. რეგისტრაციის პროცესს უნდა დაემატოს პიროვნების ვერიფიკაციაც, პირადი ფოტოს ატვირთვა, საბანკო რეკვიზიტების გაგზავნა და ა.შ. მეტად დაცული პროცედურა დამატებითი ბარიერი იქნება და გამორიცხავს აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ამ ფორმით ჩართვას.

ეროვნული თვით-გამომრიცხავი პროგრამის შემოღება, რაც შემდეგს გულისხმობს: ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა აქვთ, მიმართავენ ხელისუფლებას და ნებაყოფლობით სთხოვენ, გამორიცხონ ისინი აზარტული თამაშებიდან გარკვეული პერიოდით (გამორიცხვის პერიოდი სხვადასხვაა, რამდენიმე თვიდან ცხოვრების ბოლომდე). ხელისუფლება ნებაყოფლობით გამორიცხული ადამიანების სიას აწვდის ყველა ლიცენზირებულ სათამაშო დაწესებულებას. შედეგად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ადამიანებს არ ექნებათ უფლება, ითამაშონ სათამაშო დაწესებულებებში და მათი ანგარიშებიც ონლაინ სათამაშო ვებ-გვერდებზე ავტომატურად წაიშლება. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს დანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

საქართველოს რეზიდენტების მიერ აზარტული თამაშებით მოგებული თანხა უნდა დაიბეგროს (მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით, 20%). ეს თამაშის ნაკლებ სურვილს გაუჩენს იმ ადამიანებს, ვინცმხოლოდ გართობის მიზნით არ თამაშობს. დამატებით, ასეთი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ტურისტებზე, რადგანაც მათი მოგება არ დაიბეგრება. ასეთი რეგულაცია მოქმედებს აშშ-ში, სადაც იაპონიის, რუსეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკის, ტუნისის, უკრაინის და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის რეზიდენტი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, აშშ-ის რეზიდენტები კი – არა. მსგავსად, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოურ ონლაინ სათამაშო ვებ-გვერდებზე მოგებული თანხაც უნდა დაიბეგროს.

ახლა (ბლოგის დაწერის მომენტში) 16:09 საათია, ხუთშაბათი და 7362 ადამიანი თამაშობს მხოლოდ ონლაინ პოკერს და მხოლოდ ორი ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე (ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ვებ-გვერდზეა დარეგისტრირებული). ძნელი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი თამაშობს სხვა ონლაინ აზარტულ თამაშებს სხვა ონლაინ კაზინოებში და რამდენი დებს ფსონს ფიზიკურ კაზინოებში. ერთი რამ ცხადია – საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია ძალიან მომგებიანია. ამ ინდუსტრიისთვის სახელმწიფოს მხრიდან „მეტი ყურადღების მიქცევა“ სტატიაში აღწერილი ან რაიმე სხვა რეგულაციებით, შესაძლოა, რთული ამოცანა იყოს, თუმცა საქართველოს  სხვაგვარად მოქცევის ფუფუნება არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ დამატებითი სახელმწიფო შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას.


იხილეთ მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 28 თებერვალი 2021

Captcha Image

Our Partners