ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქართული სოფლის მეურნეობა: შუქურა თუ ეშმაკის ჩირაღდანი?

მიზეზ-შედეგობრივი შეკითხვა: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია იწვევს ეკონომიკურ ზრდას თუ ზრდა არის აგრარული სექტორის მოდერნიზაციის მამოძრავებელი? მრავალი წელია, ამ საკითხზე ცხარედ კამათობენ განვითარების შემსწავლელი ეკონომისტები. ამ დრომდე ჭარბობდნენ ეკონომისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ზრდა იწვევს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დღეს კი კვლავ გამოჩნდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებით განპირობებული ეკონომიკური ზრდის იდეის მომხრენი. რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს საქართველომ ამ ცხარე დისკუსიიდან?


ტრადიციული მოსაზრება

დიდი ხნის განმავლობაში საკითხი მოგვარებულად ითვლებოდა. 1960-იან წლებში განვითარების შემსწავლელი ეკონომისტისთვის ვინმეს ეს შეკითხვა რომ დაესვა, პასუხად აუცილებლად მიიღებდა, რომ ზრდა იწვევს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას. ეკონომისტები ამ კონსენსუსამდე მიიყვანა იმან, რომ ინგლისის ინდუსტრიული რევოლუცია და მისი თანმდევი ეკონომიკური მოვლენები დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში ნამდვილად ჰგავდა ზრდით განპირობებული წინვლის ამბავს. უდაოა, რომ ინდუსტრიული რევოლუცია  ინდუსტრიული სექტორში მომხდარი რამდენიმე ინოვაციის კვალდაკვალ დაიწყო, რომელთაგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ორთქლმავალი. ეს ინოვაციები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის შედეგი არ ყოფილა. პირიქით, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობამ მხოლოდ მცირე ძვრები თუ განიცადა. უმნიშვნელო ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით, ფერმერი XVII საუკუნეშიც იმავე ტექნოლოგიებს იყენებდა, რასაც VII საუკუნეში. როდესაც ინდუსტრიალიზაციამ პიკს მიაღწია, მისი წყალი სოფლის მეურნეობის სექტორსაც გადაესხა და არა პირიქით.

ასე ესმით ისტორია ეკონომისტებს, ხოლო განვითარების ეკონომიკის მამამთავარმა, ალბერტ ო. ჰირშმანმა თავისი თეორია მთლიანად ამ იდეაზე ააგო. ჰირშმანი თვლიდა, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა დაუბალანსებელი ზრდის სტრატეგია უნდა აირჩიონ. თანაბარი განვითარების ნაცვლად, ამ ქვეყნებმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ თავიანთი ეკონომიკების სტრატეგიული სექტორებისკენ, რომლებიც შემდეგ ჩამორჩენილ სექტორებს ამოქაჩავენ. სტრატეგიული სექტორის შერჩევაში ჰირშმანი იყენებს „კავშირების“ კონცეფციას: შერჩევის კრიტერიუმია სექტორის პოტენციალი, გავლენა იქონიოს ეკონომიკის სხვა სექტორებზე. ამისი საუკეთესო მაგალითია ფოლადის ინდუსტრია, რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუ ქვეყანა განავითარებს ფოლადის ინდუსტრიას, გაჩნდება მოთხოვნა ნედლეულზე, სხვადასხვა დონის კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალაზე, ეს უკანასკნელი კი წარმოშობს მოთხოვნას საკვებზე. ასეთ კავშირებს უკუკავშირები ეწოდებოდა, რადგან ისინი ღირებულებათა ჯაჭვის წინა ეტაპებს უკეთებს სტიმულირებას. უნდა აღვნიშვნოთ, რომ განვითარებად ქვეყანაში შესაძლებელია ნედლეულის, საკვების და სამუშაო ძალის მიწოდება ისე, რომ ფოლადის ინდუსტრიით შექმნილი მოთხოვნა ადგილობრივი მიწოდებით დაკმაყოფილდეს. ამავდროულად, ფოლადის ინდუსტრია შექმნის უფრო რთული საქონლის – ავტომობილებისა და ნებისმიერი სახის დანადგარების – წარმოების საფუძველს. სექტორის განვითარების ეფექტს ღირებულებათა ჯაჭვის შემდეგ ეტაპებზე წინკავშირი ეწოდება. ჰირშმანის აზრით, არაეფექტური იქნება, ხაგრძლივი და გაჭიანურებული პროცესით, სოფლის მეურნეობის, ფოლადის და სამანქანო სექტორების ერთდროულად განვითარება.

ამ პარადიგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან არ გააჩნია მნიშვნელოვანი კავშირები. განუვითარებელ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პირობების გაუმჯობესება არ წარმოშობს მოთხოვნას ისეთ საქონელზე, რომლის მოწოდებაც ქვეყანას უკვე შეუძლია. მაგალითად, თუ მოდერნიზაცია შექმნიდა მოთხოვნას ტრაქტორებზე, საჭირო გახდებოდა მათი იმპორტი. სოფლის მეურნეობის წინკავშირებიც ამბივალენტურია. სადაც მეტი საკვებია, იქ ადამიანების რაოდენობაც იზრდება. თუმცა განვითარებადი ეკონომიკა არასოდეს შეუფერხებია ადამიანების ნაკლებობას. პირიქით, მაღალი შობადობა, როგორც წესი, უფრო ამწვავებდა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.

ეს მოსაზრება კონკრეტულ პოლიტიკებში აისახა. ავოსუკი და ქსი (კანადის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ჟურნალი, 2014 წ.) წერენ: „მრავალ განვითარებად ქვეყანაში პოლიტიკის შემქმნელებმა ანტიაგრარული პოლიტიკა გაატარეს.  […] ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ძლიერ იბეგრებოდა. 1979 წელს გატარებულ აგრარულ რეფორმებამდე, ჩინური სოფლის მეურნეობა მძიმე საგადასახადო წნეხის ქვეშ იყო და დარგიდან მიღებული შემოსავლები ურბანული და ინდუსტრიული განვითარების დაფინანსებას ხმარდებოდა.”


სოფლის მეურნების განვითარებით განპირობებული ზრდა

ალბერტ ო. ჰირშმანის „კავშირების“ პარადიგმამ მალევე დაკარგა პოპულარობა. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ, ზოგადად, მარცხი განიცადა განვითარების შემსწავლელმა ეკონომიკამ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ჰირშმანის იდეები მძლავრობდა (ეს მარცხი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული – რაჯანი და სუბრამანიანი (2008 წ.) ეკონომიკისა და სტატისტიკის მიმოხილვაში გამაოგნებელ (და კატასტროფულ) აღმოჩენას აკეთებენ: არ არსებობს ემპირიკული კორელაცია ქვეყნის მიერ მიღებულ დახმარებასა და მის ზრდის ტემპს შორის). მოდით, უკან მოვიტოვოთ ჰირშმანის იდეები და დავივიწყოთ ინდუსტრიული რევოლუცია. სრულიად შესაძლებელია, რომ მართლაც არსებობდეს მიზეზები, რატომაც აგრარული განვითარება განაპირობებს მთლიან ზრდას. მეტიც, თუ აგრარულ პროდუქციას ესპორტზე გავიტანთ, შესაძლოა, დაგროვდეს კაპიტალი, რომელიც ასე საჭიროა ინდუსტრიული ზრდის დასაფინანსებლად –  ეს მნიშვნელოვანი ასპექტია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც, საქართველოს მსგავსად, მწირი კაპიტალი აქვთ. ასევე, თუ გაიზრდება ადგილობრივად წარმოებული საკვების მიწოდება, შესაძლოა, ჩანაცვლდეს იმპორტი, თუ ქვეყანა, საქართველოს მსგავსად, მოხმარების უმეტეს ნაწილს იმპორტით იკმაყოფილებს.  ამით კი საშუალება გვეძლევა, მწირი კაპიტალი საკვების იმპორტზე ბევრად პროდუქტიული მიზნისთვის გამოვიყენოთ. დაბოლოს, თუ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ადამიანური კაპიტალის დაგროვებით მიიღწევა, შესაძლოა, გაუმჯობესდეს სამუშაო ძალის საზოგადო ხარისხი, რაც სარგებელს მოუტანს სხვა სექტორებს. მაგალითად, თუ ფერმერები საკუთარი ბიზნესის მართვას, ხელშეკრულებების შედგენას, დაგეგმვას ისწავლიან, ეს უნარ-ჩვევები არააგრარულ სექტორებში დასასაქმებლადაც გამოადგებათ.

ყველა იდეოლოგიისგან თავისუფალმა ავოსუკმა და ქსიმ (2014 წ.) ეკონომეტრიკულად შეაფასეს, რომელი მოდელი – „აგრარული განვითარება ზრდისთვის“ თუ „ზრდა აგრარული განვითარებისთვის“ – უკეთ აღწერდა რეალობას და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი მოდელი მუშაობს, სხვაში კი – მეორე. მათ ცხრა ქვეყანა შეისწავლეს. ბრაზილიაში, ჩილეში, მექსიკაში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში ზრდამ სოფლის მეურნეობის განვითარება განაპირობა, ხოლო ჩინეთში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და  კამერუნში აგრარული სექტორის განვითარებას მოჰყვა ეკონომიკური ზრდა.


რომელი მოდელი უნდა აირჩიოს საქართველომ?

UNDP-მ და ISET-მა ახლახანს დაასრულეს კვლევა, რომელიც მომდევნო 5-15 წელიწადში საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სტრუქტურული განვითარების პროგნოზს აკეთებს. კვლევის მიხედვით, პოლიტიკის ჩარევის გარეშე, ქართველი ფერმერების 46% დატოვებს სოფლის მეურნეობის სექტორს დროის ამ მონაკვეთში. თუმცა ეს ინდუსტრიული რევოლუცია არ გეგონოთ. ქართველი ფერმერები სოფლის მეურნეობას იმიტომ არ ტოვებენ, რომ წარმოება და უამრავი სამუშაო ადგილი მათ ქალაქისკენ იხმობს. ისინი სოფლის მეურნეობას ტოვებენ, რადგან ხანში შედიან (შერჩევითი ერთობლიობის საშუალო ასაკი 55 წელი იყო) ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვან შემოსავალს არ იძლევა. საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ადგას გზას – „აგრარული განვითარება-ეკონომიკური ზრდა“, რომ არ არსებობს სექტორები, რომლებიც სოფლის მეურნეობას ამოქაჩავენ.

თუ საქართველო ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ქართული სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას წინ არ გაუსწრებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება. თუმცა „აგრარული განვითარებით განპირობებული ეკონომიკური ზრდის“ მოდელზე ზემოქმედება გონივრული პოლიტიკითაც შეიძლება. მაგალითად, აგრარული განვითარების სტრატეგია შეიძლება ორიენტირდეს სოფლის მეურნეობის ისეთ ქვედარგებზე, რომლებიც დიდ სამუშაო ძალას მოითხოვს (კენკრა, თხილი, ღვინო) ისე, რომ გაზრდილი პროდუქტიულობა, რომელიც, საბოლოოდ, ზოგიერთ ფერმერს დაატოვებინებს სექტორს, მაგრამ არ გამოდევნის ბევრ ადამიანს სოფლის მეურნეობიდან. შრომატევადი პროდუქტები ხშირად შედარებით ძვირი ღირს და ჩნდება მათი ექსპორტით კაპიტალის შემოდინების შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი კი ინდუსტრიული განვითარებისთვის  არის საჭირო. გონივრული პოლიტიკა, ასევე, მიმართული იქნება იმ სექტორების განვითარებისკენ, რომელიც სოფლის მეურნეობის ნაწარმს ნედლეულად იყენებს. ეს გააფართოებს ქვეყანაში არსებულ ღირებულებათა ჯაჭვებს. ყველაფერი კი სოფლის მეურნეობით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. მეტიც, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, სოფლის მოსახლეობის უნარების განახლებასთან ერთად, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მხრივაც სოფლის მეურნეობამ შექმნას სხვა სექტორების ზრდის საფუძველი.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, საქართველო არც თუ სახარბიელო ეკონომიკურ პოზიციაშია – ის არც ერთ სფეროში არ არის ტექნოლოგიური ლიდერი, მისი სამუშაო ძალა შედარებით ძვირადღირებულია (ბევრ აზიურ ქვეყანასთან შედარებით), არც მეზობლები დებენ დიდ ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკაში. ასეთ მდგომარეობაში სოფლის მეურნეობა, შესაძლოა, ერთადერთი ალტერნატივა იყოს. თუ ასეა, საქართველომ პროცესი აქტიურად უნდა წარმართოს. როგორც დიაგრამაზეა ნაჩვენები, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის გონივრულ განვითარებას სარჩულად უნდა დაედოს ეკონომიკური სიცოცხლისუნარიაობა, შრომატევადობა, ეკომეგობრულობა, ინოვაცია და ცოდნა. ცხადია, ეს ასპექტები სხვაგვარად ჟღეს მეცხოველეობასა და მებაღეობაში. და მაინც, რა დგას ამ ტერმინების უკან? მომდევნო სტატიებში კვლავ ვისაუბრებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.


იხილეთ მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 04 აპრილი 2020

Captcha Image

Our Partners