ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რატომ ჭრიან გირჩების ექსპორტიორ ქვეყანაში ნაძვის ხეებს?

ნორდმანის სოჭის, განსაკუთრებული და ძალიან პოპულარული საახალწლო ხის თესლის ექსპორტი, შესაძლოა, ერთადერთი სფეროა, რომელშიც საქართველოს თითქმის მონოპოლისტური პოზიცია უჭირავს ევროპის ბაზარზე. ქვეყნის შიგნით კი აღნიშნული საქმიანობა თანდათან ვითარდება და დარგში მოღვაწე ფირმები მკაცრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ევროპაში გაყიდული საახალწლო ხეების 80%-ზე მეტი რაჭისა (თლუღი და ამბროლაური) და ბორჯომის ტყეებში მოგროვებული თესლითაა წარმოებული.

2013 წელს, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 60 ტონაზე მეტი სოჭის თესლი, ექსპორტის ღირებულებამ კი თითქმის ორი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (კილოგრამი საშუალოდ 32 აშშ დოლარად). დანია ქართული ნორდმანის სოჭის თესლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და, თავის მხრივ, ევროპაში საახალწლო ხეების ყველაზე დიდი მწარმოებელია. ირონიულია, რომ დანიაში გაზრდილი ნორდმანის სოჭს ქართულ ბაზარზეც ვაწყდებით, გასაყიდად გამოტანილს.

ქართულ ბაზარზე სოჭის თესლის მწარმოებელთა შორის კონკურენცია შესამჩნევად მწვავეა. ათიოდე ფირმა ბაზარზე 1993 წლიდან არსებობს. ისინი გადაურჩნენ ქართული მაფიის იერიშებს (50/50 შეთანხმებებს „ჩვენ ვაგროვებთ, თქვენ ყიდით“ 90-იან წლებში და „ჩვენ მოვუვლით ჩვენს მიერვე შექმნილ პროფკავშირებს“ 2013 წელს), მთავრობის მიერ ლიცენზიების შემოღებას, ერთ-ერთი მოთამაშის მიერ მსხვილ ქართულ ბანკთან შეთანხმებით ბაზრის მონოპოლიზების მცდელობას და იმავე ფირმის მიერ კონკურენტთა არაეთიკური და ეკოლოგიურად უპასუხისმგებლო ქცევის ბრალდებებს.

ევროპის მოთხოვნა ქართულ საახალწლო ხეებზე შეიძლება ნორდმანის სოჭის ბუნებრივი სილამაზითაც აიხსნას. აღსანიშნავია სხვა მარადმწვანეებთან შედარებით, ამ ჯიშის ხეების წიწვების ნაკლები სიბასრეც და ის, რომ ამ ჯიშს, ხმობის პროცესშიც კი, წიწვები ნაკლებად ცვივა. ამასთან ერთად, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს.

მიუხედავად სახელმწიფოთაშორისი განსხვავებებისა, ევროპას ხის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო და აღსრულების ეფექტური სისტემა აქვს. 90-იან წლებში, რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, შეიქმნა ისეთი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა საახალწლო ხეების სანერგეები დანიაში. დანიამ საახალწლო ხეების წარმოება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წამოიწყო, თუმცა ინდუსტრიამ აყვავება მხოლოდ 90-იან წლებში დაიწყო. 1999 წლისთვის, დანია ევროპაში ბუნებრივი საახალწლო ხეების მთავარი ექსპორტიორი გახლდათ. სწორედ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ მისცა გზა საქართველოს ტრიუმფალურ შესვლას ევროპის სოჭის თესლის ბაზარზე, ჯერ კიდევ 1993 წლიდან.


ახალგაზრდა ინდუსტრია

ნორდმანის სოჭის სანერგეები ახალგაზრდა ინდუსტრიაა საქართველოში. სავარაუდოდ, მათი წარმოშობა 2010 წლის დეკემბერს (ზუსტად 4 წლის წინ) უკავშირდება, როცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საშობაოდ ნაძვის ხის უკანონოდ მოპოვებაზე გაამკაცრა ადმინისტრირება და გაზარდა ჯარიმებიც (50-400 ლარიდან 1000 ლარამდე).

თუმცა დღესდღეობითაც კი სანერგეებში გაზრდილი საახალწლო ხეები იშვიათობაა საქართველოში. ამ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დრო: ნერგის საბაზრო ზომამდე მიყვანას 5-10 წელი სჭირდება. ასე რომ, მცირე საწყისი ინვესტიციის მიუხედავად, სანერგეები მოთმინებას საჭიროებს. მეორე პრობლემა, რომელიც უფრო მეტად სპეციფიურია საქართველოსთვის, არის გასაღების ბაზრის სიმცირე და მომხმარებელთა გემოვნება. ქართველები არ გიჟდებიან მაინცდამაინც სანერგეებში გაზრდილ ნაძვის ხეებზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ამ პროდუქტის მომხმარებელი განათლებული და შეძლებული საშუალო ფენაა, თუმცა ეს სამიზნე ჯგუფი ჯერ კიდევ მცირერიცხვოვანია.

ძირითადად, რეგიონებში უკანონოდ მოჭრილი საახალწლო ხეების გარდა, ქართულ ბაზარზე მრავლადაა სანერგეში გაზრდილი ნაძვის ხის სრულიად კანონიერი ჩამნაცვლებლები. მათ შორისაა, ძირითადად ჩინური წარმოების ხელოვნური საახალწლო ხეები და ტრადიციული ჩიჩილაკი, რომელსაც თხილის ტოტისგან ამზადებენ. კიდევ ერთი ალტერნატივაა ბუნებრივი „ხეები“, ე.წ. „ღეროში“ შერჭობილი ნაძვის ტოტებით. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო ამცირებს სანერგეებში წარმოებულ საახალწლო მარადმწვანეებზე მოთხოვნას.

ბოლოს, ვინმეს შეიძლება დააინტერესოს, რატომ არ აწარმოებენ ადგილობრივი სანერგეები ნორდმანის სოჭს უფრო მასშტაბური ევროპული ბაზრისთვის? საქართველოს ტყეები ხომ კავკასიური სოჭის გავრცელების ბუნებრივი არეალია. თანაც, აქაური მიწა და შრომითი რესურსებიც, დანიასთან (ევროპასა და მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქვეყანა) შედარებით, მნიშვნელოვნად იაფია. შესაბამისად, საქართველოში გაზრდილი საახალწლო ხეები საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნებოდა ევროპულ ბაზარზე.

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: საახალწლო ხეების ექსპორტი ფაქტიურად შეუძლებელია მცენარეთა იმპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ფიტოსანიტარული რეგულაციები გამო.


უკან, ქართული ფესვებისკენ

ყოველწლიურად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მართავს წინასაახალწლო კამპანიას „ნუ მოჭრი ნაძვს“, რომელიც ხაზს უსვამს აღსრულების მკაცრ ზომებს და შეიცავს ემოციურ მიმართვებს ისეთი ცნობადი ადამიანების მხრიდან, როგორიცაა მსახიობი კახი კავსაძე. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხს კანონმორჩილებისაკენ მოუწოდონ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველწლიური რიტუალი საზოგადოების განათლებაზეა ორიენტირებული, ხე-ტყის უკანონო ჭრა კვლავ გრძელდება და ეს სულაც არ უკავშირდება კულტურულ პრობლემას. შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ ქართველებს ტყეების, საძოვრებისა და სხვა საერთო რესურსების დაცვის საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ. როგორც მაკა ჭითანავას ბლოგშია განხილული, ქართველი საზოგადოებები ტყეების გადასარჩენად ამ რესურსის „საკუთრების უფლებას“ ადგილობრივ ღმერთებს ანიჭებდნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ რომელიმე მთავრობა რაიმე ტიპის გარემოსდაცვით რეგულაციას აამოქმედებდა. მსგავსად ამისა, უხუცესთა საბჭო განაგებდა საძოვრებს და იცავდა მათ გადაძოვისგან თუშეთსა და მსგავს ადგილებში. და მოდით, ვაღიაროთ, რომ ქართული ჩიჩილაკიც საახალწლო მორთულობის უფრო ეკოლოგიური გადაწყვეტაა, ვიდრე გერმანული გამოგონება — ევროპული ნაძვის ხე.

ასე რომ, საქართველოს პრობლემა ეკოლოგიურად გამართლებული ტრადიციების ნაკლებობა კი არა, ამ ტრადიციებისა და 90-იან წლებში ფორმალური სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოშლა იყო. ჩამოყალიბდა ახალი სოციალური წონასწორობა, რომელშიც ხალხმა დაკარგა ერთმანეთის, საკუთარი საზოგადოებისა და მთავრობის ნდობა, რამაც, თავის მხრივ, წაახალისა ანტისოციალური ქცევა. ხე-ტყის უკანონო ჭრა იყო სოფლის პასუხი სოციალურ ფიასკოზე, ჩაბნელებულ დედაქალაქსა და ქალაქის პარკებსა და სკვერებში წამოწყებულ უხეირო მშენებლობებზე.

სამწუხაროდ, ქართული სოციალური ერთობისა და სოციალურად და ეკოლოგიურად გამართლებული ტრადიციების აღდგენა ძნელია სოფლებსა და ქალაქებში ფესვგადგმული სიღარიბის ფონზე. თანაც, საახალწლო ხეები მხოლოდ ზღვაში წვეთია. შეშა საქართველოს სოფლებში კვლავ რჩება გათბობის მთავარ საშუალებად. USAID-ის დაფინანსებული შინამეურნეობათა მიერ ენერგიის მოხმარების კვლევის მიხედვით, ქართული ოჯახების ენერგო-მოხმარების 41% შეშაზე მოდის. შეშის წილი მთლიან ენერგო-მოხმარებაში განსაკუთრებით მაღალია სოფლებში და 80%-ს აჭარბებს, მიუხედავად მიმდინარე გაზიფიკაციისა. სოფლის მაცხოვრებლებს უბრალოდ ურჩევნიათ იაფი (ან, უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, სულაც უფასო) ხე-ტყე. ეს არ არის ანტისოციალური ქცევა, ეს მიოპიური დამოკიდებულებაა. ტყეებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას კი, შედეგად მეწყერი და ეკომიგრაცია მოაქვს, ეკოტურიზმის ნაცვლად. ასე მანკიერი წრეც იკვრება.

ნებისმიერი სისტემური პრობლემის მსგავსად, არამდგრადი სატყეო მენეჯმენტიც მრავალმხრივ საპასუხო პოლიტიკურ ჩარევას მოითხოვს. მკაცრი აღსრულება და ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი ასეთი ჩარევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს გრძელვადიან პერიოდში. თუმცა სხვა ზომებიც უნდა მივიღოთ, თანაც სასწრაფოდ. მაგალითად, სოფელში მცხოვრები ღარიბი ადამიანების დასახმარებლად, სასარგებლო იქნებოდა ტრადიციული ადგილობრივი თვითმმართველობებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტების ხელახლა ჩამოყალიბება სოფლის დონეზე. ეს ეკონომიკურ ნაყოფიერებასაც (მაგალითად, საკვების წარმოებას) შეუწყობდა ხელს და გარემოს დაცვასაც.

*     *     *

1998 წელს მიღებული ევროკავშირის სატყეო სტრატეგიის მიზანია ხე-ტყისა და სხვა სატყეო პროდუქტების მდგრადი წარმოებისა და დაცვის უზრუნველყოფა, რადგან ტყეების როლი დიდია „როგორც საზოგადო საკუთრებისა, ბიომრავალფეროვნების საცავისა, კლიმატისა და ამინდის მარეგულირებლისა, ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვის საშუალებისა, სუფთა წყლისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების წყაროსა“. შედეგად, ევროპის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, ტყით დაფარული ტერიტორიების ფართობიც იზრდება. ევროკომისიის ინფორმაციით, დღესდღეობით, ევროკავშირის ხმელეთის 42% სწორედ ტყეებს უჭირავს.

რა თქმა უნდა, რომი ერთ დღეში არ აშენებულა, მაგრამ ყოველთვის სჯობს, საქმე ერთი დღით ადრე დაიწყო.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


საახალწლო ნაძვის ხის გაქირავება 

9 წლის კატია ლივნის მწვანე ბიზნესის იდეა (რედაქტირებული 10 წლის იან ლივნის მიერ) 

ნაბიჯი 1: იყიდეთ ნორჩი ნაძვის ხეები და ჩარგეთ ქოთნებში

ნაბიჯი 2: როცა თქვენი ნაძვის ხე მინიმუმ 1 მეტრს მიაღწევს, გააქირავეთ ის საშობაოდ, უკან დაბრუნების პირობით.

ნაბიჯი 3: შობის შემდეგ, გაზომეთ ყველა ხე, რომელიც დღესასწაულს გადაურჩა და დაგიბრუნეს. 

ნაბიჯი 4: გადარგეთ მეტისმეტად (3 მეტრზე უფრო) მაღალი ხეები ტყეში ან გაყიდეთ, როგორც გარე გამწვანება.

გაფრთხილება:

თუ თქვენი ხეები ვერ გადარჩა ან არ დააბრუნეს, თქვენი ბიზნესი (და ხეებიც) მოკვდა!

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

Captcha Image

Our Partners