ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საბჭოთა მეცნიერებაზე

ჭადრაკი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი ბევრი ქართველი ნაცნობი ასაკოვანი ხალხია. მათ შორის არის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა მეცნიერი: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი და ინჟინერი. მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ისინი ხშირად დამცინიან ჩემი სამეცნიერო მიღწევების გამო: „Ph.D. ხარისხით, – უყვართ ხოლმე თქმა, – საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის მეტი ვერ გახდებოდი“.

ჩემს ჭადრაკის მეგობრებთან საუბრებმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ძველ საბჭოთა პროფესორებს იერარქიული აზროვნება ახასიათებთ. ერთ-ერთ ქართველ მათემატიკოსთან თანამშრომლობისას, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარ სამეცნიერო წოდებას, მიყვებოდა წითელი არმიის კვლევით ინსიტუტზე, სადაც მუშაობდა. თუმცა ამ ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევებსა თუ კვლევის საგანზე საუბრის ნაცვლად, ის უბრალოდ ამბობდა, რომ იქ „35 აკადემიკოსი“ მუშაობდა. როგორც გავარკვიე, „აკადემიკოსი“ იყო საბჭოთა სამეცნიერო სისტემის უმაღლესი წოდება, რომელსაც, როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკში ანიჭებდნენ ხოლმე.


მეცნიერება და იდეოლოგია

ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შემთხვევებზე დაკვირვება ხშირად ძალიან სასარგებლოა, თუ რამის გაგება გვინდა. ამიტომ მოდი, განვიხილოთ კვლევის ორი სფერო, რაშიც საბჭოთა მეცნიერება სრულიად ასცდა გზას. სახელდობრ, იაფეტური თეორია ენათმეცნიერებაში და ლისენკოიზმი ბიოლოგიაში და ვნახოთ, რა როლი ითამაშა საბჭოთა მეცნიერების იერარქიულმა წყობამ მოვლენათა ამგვარ სავალალო განვითარებაში.

მარქსის ისტორიის თეორიის მიხედვით, ყველა თაობაში არსებობს მჩაგვრელთა და ჩაგრულთა კლასი. მარქსის ცნობილი „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ პირველი წინადადება გვეუბნება: „დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა შორის ბრძოლის ისტორია“. კლასიკურ ანტიკურ ხანაში („მონათმფლობელურ საზოგადოებაში“) ჩაგრულნი იყვნენ მონები, მჩაგვრელნი კი მონათმფლობელები. ფეოდალიზმში გლეხები იყვნენ ჩაგრულნი, ხოლო ფეოდალები – მჩაგვრელები. ინდუსტრიულ ხანაში მუშები იყვნენ ჩაგრულნი, კაპიტალისტები კი – მჩაგვრელნი.

1865 წელს ქუთაისში, შოტლანდიელისა და ქართველის ოჯახში დაბადებული ენათმეცნიერის, ნიკო მარის ე.წ. იაფეტური თეორიის თანახმად, თავდაპირველად ჩაგრული ადამიანები ყველა ქვეყანაში ერთ ენაზე საუბრობდნენ. ის, რომ მათ ერთმანეთის აღარ ესმით, გამოწვეული იყო მმართველი კლასის მანიპულაციებით. მჩაგვრელებმა განგებ შემოიღეს ეროვნული დაყოფა, როგორც ჩაგრულთა კლასის გაერთიანების თავიდან აცილების საშუალება. ამიტომ მარი ეძებდა მსგავსებებს სხვადასხვა ქვეყნების მუშათა კლასების სასაუბრო ენებში, რადგან იაფეტური თეორიის თანახმად, ენებს შორის არსებული ლინგვისტური სხვაობები იყო არა ერებს, არამედ კლასებს შორის. 1920-40-იან წლებში ეს თეორია გახდა საბჭოთა ენათმეცნიერების წამყვანი პრინციპი, რომლითაც ამართლებდნენ რუსული ენის, როგორც ძირითადი სასაუბრო ენის შემოღებას საბჭოთა რესპუბლიკებში (ეს თეორია სტალინის დროს ჩავარდა).

ანალოგიურად, საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი თეორიები ბიოლოგიაშიც. მარქსისტი მეცნიერები ეჭვის თვალით უყურებდნენ დარვინის ევოლუციურ თეორიას, რადგან ბუნება, სადაც გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის, ძალიან ჰგავს კაპიტალისტურ ეკონომიკას. ანალოგია საკმაოდ ნათელია. ბუნების მსგავსად, ბაზარზე გადარჩება ის კომპანია, რომელიც სთავაზობს ყველაზე დაბალი ფასებსა და საუკეთესო ხარისხს („შემგუებელი“). ამგვარად შეგვიძლია ევოლუციურად გავამყაროთ ნეოკლასიკოს ეკონომისტთა სხვადასხვა მოსაზრებები. საბაზრო ეკონომიკაში კომპანია რატომ აწარმოებს საკუთარ პროდუქციას მაქსიმალურად ეფექტურად? ასე რომ არ მოიქცეს, მას გარიყავენ საკუთარი კონკურენტები და ის საბოლოოდ გაქრება ბაზრიდან („გადაშენდება“).

დარვინის ალტერნატიულად, საბჭოთა ბიოლოგმა ტროფიმ ლისენკომ (1898-1976) შექმნა საკუთარი თეორია, ლამარცკიზმი (ასევე ცნობილია ლისენკოიზმის სახელით), სადაც ცხოველთა და მცენარეთა სახეობები ვითარდებიან არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობის პრინციპით. ლისენკოიზმი გახდა სტალინის საყვარელი მოძღვრება და ბევრი მკვლევარი, ვინც მას არ ეთანხმებოდა, გააკულაკეს (მათ შორის, ბევრი მსოფლიოში ცნობილი ბიოლოგი). სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლისენკოიზმი უარყოფილ იქნა და არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა ბიოლოგიამ ვერასდროს დააღწია თავი ლისენკოს სისულელეს, რის გამოც ბევრად ჩამორჩებოდა დასავლურ ბიოლოგიას, სანამ სისტემა მთლიანად არ დაინგრა.

უდაოა, რომ საბჭოთა მეცნიერები ძალიან ჭკვიანები იყვნენ და ბევრი რამ იცოდნენ საკუთარ სფეროში. ამიტომ საკითხავია, სამეცნიერო საზოგადოებამ, რომელიც ინტელიგენტი ადამიანებისგან შედგებოდა, როგორ მოიწონა ისეთი სასაცილო თეორიები, როგორიცაა იაფეტური თეორია და ლისენკოიზმი? ჩემი აზრით, პასუხი უნდა ვეძებოთ საბჭოთა მეცნიერებისთვის დამახასიათებელ იერარქიულ სტრუქტურაში. დასავლურ მეცნიერებაში აბსურდულ თეორიებს, როგორც წესი, მხოლოდ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი იზიარებს, რომელიც თითქმის არასდროს არ ხდება პოპულარული. დასავლელ მეცნიერებს, როცა პროფესორები ხდებიან, უკვე აღარ ჰყავთ „ხელმძღვანელები“ და შეუძლიათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ან გააკრიტიკონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. დასავლეთში, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, იაფეტური თეორია და ლისენკოიზმი გახდებოდა ღია განსჯისა და კრიტიკის თემა. მალევე გამოიკვეთებოდა მათი სისუსტეები, რადგან არაიერარქიულ გარემოში მცდარ იდეებს ბევრად უფრო მეტად უჭირთ გადარჩენა.


სამხედრო ყაიდის მეცნიერება

გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა (1858-1947) ეს ძალიან კარგად ჩამოაყალიბა: „მეცნიერული ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან, ახალი თაობა კი მასზე იზრდება“.

მართლაც, სამეცნიერო პროგრესის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება ძველის არსებობა, სამეცნიერო საზოგადოებაში გავლენიან პირთა მოძველებული შეხედულებებია. ამ პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია, რადგან მეცნიერება თანმიმდევრული პროცესია, სადაც მეცნიერები საკუთარ შრომებს წინამორბედთა ნააზრევზე აფუძნებენ. უნივერსიტეტის სტუდენტი გარდაუვლად მოექცევა მეცნიერთა თანამედროვე თაობის მეცნიერული შეხედულებების გავლენის ქვეშ.

პროლემა შეიძლება გამარტივდეს, თუ მაქსიმალურად შევამცირებთ იერარქიას. ამ მიზნით, პროფესორის ავტორიტეტი, ჩაახშოს ნორმისგან განსხვავებული შეხედულებები, უნდა შეიზღუდოს. თუ პროფესორი ასწავლის გარკვეულ საგანს, ის წყვეტს, რა ითვლება სწორ პასუხად ფინალურ გამოცდაზე. ანალოგიურად, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის წერისას სტუდენტი იძულებულია, საკუთარი თემა ხელმძღვანელი პროფესორის შეხედულებებს მიუსადაგას, რადგან ის აფასებს საბოლოო ნაშრომს. თუმცა, როგორც კი სტუდენტი ამთავრებს აკადემიურ განათლებას და ხდება მეცნიერი, მსგავსი ზეწოლა უკვე აღარ უნდა არსებობდეს.

დამოუკიდებელი კვლევის შესაძლებლობები, რომელსაც უფროსი მკვლევარი არ ხელმძღვანელობს და არ აკონტროლებს, როგორც ჩანს, იერარქიულობის გამო ბევრად უფრო შეზღუდული იყო საბჭოთა კავშირში, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ტოტალიტარულ სახელმწიფოში იერარქიის მაღალი ფენების თანადგომის გარეშე კვლევა რთული იყო. ინგლისელი გენიოსის, ფრენკ პ. რამსის (1903-1930) მსგავსი გენიოსი, რომელიც 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანა ეკონომიკაში, მათემატიკასა და ფილოსოფიაში, ძლენად თუ მოახერხებდა ამას საბჭოთა კავშირში. რამსი ვერც კი მიაღწევდა მეცნიერებათა კანდიდატის წოდებამდე და მის გამორჩეულ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით ადრეულ ეტაპზევე ჩაახშობდა რომელიმე უფროსი მკვლევარი. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ძალიან ბევრმა გამჭრიახმა მათემატიკოსმა თავისი რევოლუციური მიღწევები სწორედ 30 წლამდე შექმნა, და საკითხავია, რამდენად მისცემდა საბჭოთა წყობა საჭირო თავისუფლებას ამ ტრადიციულად უაღრესად არაორთოდოქსულ იდეებს.

იმისთვის, რომ მეცნიერებს საშუალება ჰქონდეთ, მიჰყვნენ საკუთარ იდეებს, იერარქიული კიბე ძალიან მოკლე უნდა იყოს. გერმანიაში იმისთვის, რომ სრულყოფილი მეცნიერი გახდეთ, რომელიც მზად არის პროფესორობისთვის, ჯერ უნდა მოიპოვოთ ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ მაგისტრის, დოქტორის და ბოლოს „ჰაბილიტაცია“. ეს ხანგრძლივი პროცესია და ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს, გახდეს უნივერსიტეტის პროფესორი 40 წლამდე. ამ ასაკში კი ადამიანის შემოქმედებითი უნარის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სისტემა უფრო მარტივია. ბაკალავრის ხარისხის შემდეგ მაგისტრისა და დოქტორის სწავლება გაერთიანებულია, ხოლო ჰაბილიტაცია საერთოდ არ არსებობს. არ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სისტემა ნაკლებად ეფექტურად ამზადებს კარგ მეცნიერებს, ვიდრე გერმანული სისტემა. ამერიკულის მსგავსად, გერმანული სისტემაც თანდათანობით შემცირდა. ბევრ სფეროში (მათ შორის, ეკონომიკაშიც) ჰაბილიტაცია უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი პროფესორად გახდომისთვის. ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან მკვლევარი, ვისაც აქვს საკმარისად ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნებული რეცენზირებული ჟურნალებში, უკვე ავლენს მეცნიერულ უნარ-ჩვევებს და რა საჭიროა ჰაბილიტაციის თეზისი, რომელიც ძალიან ჰგავს სადოქტორო ნაშრომს?

საბჭოთა სისტემა, მეორეს მხრივ, მოითხოვდა მკვლევრებისგან, გაევლოთ იერარქიის ზედმეტად გრძელი კიბე, რომელიც გერმანიისაზე ბევრად გრძელი იყო. თავისუფალი, დამოუკიდებელი კვლევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში. ზედმეტი იერარქიულობის გამო საბჭოთა მეცნიერება წარმოადგენდა არმიას, სადაც მეთაური კარნახობს მის ქვეითებს, რა იკვლიონ. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თუ გენერალი გახდებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა ხანდაზმულ ასაკში, როდესაც შემოქმედებითი უნარი უკვე აღარ არსებობს. უარეს შემთხვევაში, ეგეც შეუძლებელი იყო, რადგან ფელდმარშალი იყო სტალინი, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა მეცნიერებასა და კვლევაზე.

ჩემი საბჭოელი მეგობრები შეიძლება დამცინიან, თუმცა მათი იერარქიული სისტემა, რომლითაც ასე ამაყობენ, იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, თუ რატომ დაინგრა საბჭოთა კავშირი.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

Captcha Image

Our Partners