ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ინოვაციებზე, ყავახანებსა და ქართულ სუფრებზე

სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა. მეორე, ვინაიდან სულ უფრო მეტი ინტელექტუალი გადავიდა ყავის სმაზე, ყავახანები გახდა ჯანსაღი იდეების ურთიერთგაცვლის ადგილი. სხვადასხვა სოციალური ფენიდან გამოსული ადამიანების (სახალხო რეწვის ოსტატების, მოგზაურების, ვაჭრების, მეცნიერების) შეხვედრებმა ძლიერი ბიძგი მისცა ინოვაციას, რომელიც, როგორც ჯონსონი ამტკიცებს, ძირითადად სხვადასხვა სფეროს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი იდეების გაერთიანებაა. მაგალითად, იოჰანეს გუტენბერგმა საწნახელის ინსპირაციით გამოიგონა საბეჭდი მანქანა (თავად ყავახანების შემოღებამდე!).

ყავახანის (ან თანამედროვე ბარების) მსგავსი ინსტიტუტები ინოვაციის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერ საზოგადოებაში. ორჰან ფამუქი თავის წიგნში „მე მქვია წითელი“ აღწერს, როგორ კრძალავდნენ ოსმალები ყავახანებს სტამბოლში (სადაც ისინი ბევრად უფრო ადრე ყვაოდა ევროპასთან შედარებით). ალბათ, ეს არის იმპერიის დაცემის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი.


ქართული სუფრა: გაუმაძღრობის კერა თუ ცოდნის გადაცემა?

რა როლს ასრულებს ქართული ინსტიტუციები და კულტურული ნორმები ცოდნის გადაცემასა და ინოვაციაში? გვხდიან თუ არა ისინი უფრო ჭკვიანებს?

ძალიან საინტერესო მაგალითია საქართველოს მოლხენის უნიკალური ტრადიცია, სუფრა. ალკოჰოლით გაჯერებული სუფრა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ეროვნული მეობის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრავდა, თუ როგორ ვრცელდებოდა ცოდნა და იდეები ქართველ საზოგადოებაში.

აღნიშვნის ღირსია ქართული სუფრის რამდენიმე მხარე. უპირველეს ყოვლისა, სუფრის თამადის შერჩევასა და მის მიერ სუფრის მართვას ახასიათებს საინტერესო მენეჯერული ნიშნები. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრა ეფექტურად გამოიყენებოდა, როგორც „ნიჭიერის“ კონკურსი მომავალი ლიდერების აღმოსაჩენად (და გასაწვრთნელად). მეორე, სუფრის დადებითი (საქებარი) ბუნება შეიძლება თავის როლს თამაშობდა ხშირი შიდა განხეთქილებების გადაჭრის საქმეში. მესამე, არ უნდა უარვყოთ კლასიკური სუფრის ტრადიციის საგანმანათლებლო (სიბრძნის გაზიარების) ასპექტიც.

თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ქართულმა სუფრამ შეიძლება დაკარგა თავისი „სისტემური“ თვისებები და გახდა გადამეტებული ღრეობის ადგილი. შედეგად, თანამედროვე სუფრა უკვე აღარ არის საინტერესო საუბრებისა და ცოდნის გაზიარების ადგილი. „რატომ უკრავენ მუსიკას ასე ხმამაღლა ქართულ სუფრებზე?“ – იკითხა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში. „ალბათ, იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვაქვს სათქმელი,“ – თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას.


ცოდნის გაზიარება: უშუალოდ თუ ინტერნეტით?

თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში პროფესიულ და პირად ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ამარტივებს სოციალური მედია და დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მართალია, უშუალო შეხვედრები და ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია რეალური ურთიერთობებისთვის (მისი ფეისბუქ ნაირსახეობაც კი), მაგრამ ზოგიერთი ტიპის ცოდნა შეიძლება ადვილად გადაეცეს ინტერნეტის მეშვეობით. დღეს მეცნიერებსა თუ ინჟინრებს უკვე შეუძლიათ ისე იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, რომ ფიზიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმყოფებოდნენ. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნოლოგიური ცვლილებების სისწრაფეც.

და მაინც, არსებობს გარკვეული ტიპის ცოდნა, რომელთა გადაცემაც ინტერნეტით არც ისე ეფექტურია. შედარებით ადვილია ისეთი „კოდიფიცირებული“ ცოდნის გაზიარება, რომელიც ადვილად შეიძლება დაიწეროს წიგნის, სტატიისა თუ სახელმძღვანელოს სახით. საჭიროა მხოლოდ ფაილის მიმაგრება და გაგზავნის ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა შეუძლებელია იმ ინტუიციური ცოდნის დაწერა და გადაცემა, თუ როგორ მუშაობს სისტემა (ორგანიზაცია ან საზოგადოება). ამ ტიპის „არაკოდიფიცირებული“ (ან მდუმარე) ცოდნის მიღება შესაძლებელია მხოლოდ უშუალო, პირადი კონტაქტითა და გამოცდილებით.

ფაქტი, რომ ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემისთვის, დაამტკიცეს ლაურა ბოტაციმ (ბოკონის უნივერსიტეტი) და ჯოვანი პერიმ (კალიფორნია დევისის უნივერსიტეტი). მათ ცოდნის გადაცემაში ფიზიკური სიშორის როლის დადგენის მიზნით, შეისწავლეს პატენტების აპლიკაციების და კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების შესახებ არსებული მონაცემები მთელი ევროპის მასშტაბით და დაადგინეს, რომ დადებითი ცოდნის გადაცემა შესაძლებელია 300 კმ-ით დაშორებულ რეგიონებს შორის.

საქართველოს მოკრძალებული სიდიდისა და ქორწილებსა თუ გასვენებებში ურთიერთობების უამრავი შესაძლებლობის გათვალისწინებით, ბოტაცისა და პერის აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ, ქართველებს არ უნდა გვქონდეს სირთულეები ცოდნის გადაცემაში. უფრო მეტიც, ბევრი ჩვენგანი (ცხადია, ახალგაზრდები და განათლებულები) ბევრ დროს ხარჯავს ფეისბუქზე, პოტენციურად იყენებს კომუნიკაციების ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და სწავლობს ერთმანეთისგან.

და მაინც რა არის ის, რასაც ვუზიარებთ და ვსწავლობთ ერთმანეთისგან? არსებული მონაცემების თანახმად, ქართული სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემებია სპორტი, რელიგია, პოლიტიკა და ჭორები. რა თქმა უნდა, ხალხი პოსტავს და განიხილავს საკუთარ ფოტოებს, მათ მიერ ნაყიდ მოწყობილობებს, ადგილებს, რომლებიც მოინახულეს. მსგავის ურთიერთობა ძნელად თუ თამაშობს როლს „ცოდნის გაცვლაში“. ძნელად თუ გარდაიქმნება რომელიმე მათგანი ახალ იდეებად ან ტექნოლოგიებად.


და რა ხდება განათლებასა და კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით?

ყავახანების მსგავსი ადეკვატური სოციალური წრისა და ინსტიტუციების გარდა, სადაც აზრთა ურთიერთგაცვლაა შესაძლებელი, ინოვიაცია მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციებს განათლებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქმის სრულად ჩამოშლილ ინსტიტუციებში არც თუ სახარბიელო სიტუაციაა. ქართველ ახალგაზრდობას ისევ არ აინტერესებს მეცნიერება, რასაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეციერებებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობაც თვალნათლივ მიუთითებს. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი განათლება და კერძო მომზადების სისტემა ემსახურება არა სტუდენტების სათანადო განათლებასა და მათში მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებას, არამედ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბარიერის გადალახვას. ვერც სკოლები ახერხებენ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და კრიტიკული აზროვნების გაღვივებას მოსწავლეებში (იხ. „სიზარმაცის – დევთა შორის უდევესის – დამარცხება“).

ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ინსტიტუტის, ქართული ეკლესიის როლიც. მიუხედავად იმისა, რომ კათალიკოს-პატრიარქი, ილია II ხშირად საუბრობს ანალიტიკური აზროვნების არსზე, ბევრი ვაი მღვდლისთვის ქრისტიანობის სწავლება მხოლოდ ინდოქტრინაციით შემოიფარგლება. ხალხს ასწავლიან, არ განსაჯონ ან კრიტიკულად შეაფასონ ეკლესიაში მიღებული ცოდნა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გახდე კარგი ფიზიკოსი, თუ ფიზიკის კანონებს ეჭვქვეშ არ დააყენებ, მაგრამ ამ მარტივად მოაზროვნე ღვთისმსახურებს აშკარად სჯერათ, რომ კარგი ქრისტიანი არასდროს არ დააყენებს ეჭვქვეშ ქრისტეს მოძღვრებას.

საკმაოდ საინტერესოა, როგორ მოქმედებენ სხვა რელიგიები კრიტიკულ აზროვნებასა და ინოვაციების დეპარტამენტში. მაგალითად, ბუდისტი ბერების მიერ შექმნილ ცოდნაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა დასავლეთ ევროპაში. არსებობს უამრავი სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ასწავლის იოგას, სხვადასხვა სახის მედიტაციას, სიყვარულსა და თანაგრძნობას. უფრო მეტიც, ბუდისტი ბერები თანამშრომლობენ ნეირომეცნიერებთან, რათა წინ წაწიონ ადამიანის ტვინის შესახებ არსებული ცოდნა. ამგვარი კვლევებიდან მიღებულმა შედეგებმა მოიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები ორგანიზაციულ საქმიანობაში. მაგალითად, მედიტაცია დაინერგა არაერთ კვლევით ინსტიტუტში კრეატიულობისა და ინოვაციური საქმიანობის წახალისების მიზნით.

ქართულ ეკლესიას ნამდვილად აქვს სოციალურ ცვლილებათა მებაირაღის პოტენციალი, განსაკუთრებით როდესაც საქმე განათლებას ეხება. მის განკარგულებაშია საჯარო პატივისცემა და შესანიშნავი ფინანსური რესურსები, რაც ამ ეტაპზე არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ხშირად ამბობს, რომ მეცნიერი ღვთის მეგობარია, გაუნათლებელი ადამიანი კი ღვთის მონა. იმისთვის, რომ ახალი ქართველი თაობა იყოს ღვთის მეგობარი და არა მონა, საჭიროა უკეთესი განათლებისა და კვლევების სისტემა. და, ალბათ, არა ამდენი ეკლესია-მონასტერი.

 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 16 აპრილი 2021

Captcha Image

Our Partners