ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გავასხვისოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე?


ცოტაოდენი ისტორია: კარგი, ცუდი და ბოროტი

კარგი ...

2012 წლამდე საქართველო ხელს უწყობდა უცხოელებს მიწის შეძენასა და ქვეყნის სუსტ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვაში. ამ უაღრესად ლიბერალურმა მიდგომამ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების შემოდინებას, როგორიცაა ფერერო (4000 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები სამეგრელოში) და ჰიპი (ორგანული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის წარმოება შიდა ქართლში). მეორე მხრივ, ამან ხელი შეუწყო ქართულ-უცხოურ თანამშრომლობას კვების მრეწველობაში. ამ კომპანიებმა მალევე მოიპოვეს ლიდერის პოზიციები თავიანთ საბაზრო სეგმენტებში. წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებია: 

    • შატო მუხრანი (პიონერული ბიზნეს მოდელი, რომელიც აერთიანებს ყურძნის მოყვანას, ღვინის წარმოებასა და მასპინძლობის მომსახურებებს);
    • ნერგეტა (კომპანია, რომელმაც აღმოაჩინა საქართველოს პოტენციალი კივის წარმოებაში) და
    • იმერეთის მემწვანილეობა, (4000 მ2 მიწაზე განლაგებული თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის წარმოებაც სრულად ანაცვლებს საქართველოში სალათის ფურცლების იმპორტს).

... ცუდი???

არცთუ ცალსახაა საზოგადოების დამოკიდებულება უცხოელი ფერმერების ჩამოსვლასა და ქართულ მიწაზე დასახლებასთან დაკავშირებით. სამხრეთ აფრიკელი ბურები პირველები იყვენენ იმათგან, ვინც მთავრობის გულთბილი დახვედრა და მოქალაქეობა მიიღო 2010 წელს. შედეგად, ბურების დაახლოებით ათმა ოჯახმა წამოიწყო ფერმერული მეურნეობები სართიჭალასა და გარდაბანში. 2010–2012 წლებში საქართველოს ლიბერალურმა რეჟიმმა ათობით ოჯახს პენჯაბიდან აქ ჩამოსვლისა და კახეთში, ქვემო ქართლსა და სხვა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენისკენ უბიძგა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულს კი, 2011-2012 წლებში, საქართველო ირანიდან და ეგვიპტიდან პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას გამორიდებული აგრობიზნესებისთვის საინვესტიციო სამიზნედაც კი იქცა.

... და ბოროტი!

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელების ჩამოსვლა ზოგადად დადებითი მოვლენაა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში საპროტესტო ტალღა ააგორა. უკმაყოფილების ძირეული მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, ქართული სოფლების ირგვლივ სასოფლო-სამეუნეო მიწებისა და საძოვრების დანიშნულების ნაჩქარევი ცვლილება და პრივატიზაცია იყო.

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იდგა და დღემდე რჩება მიწების რეგისტრაცია. მაგალითად, ფერეროსთვის მიყიდული 4 000 ჰა მიწიდან ერთი მესამედი სადავო გახდა იმიტომ, რომ ან იურიდიულად ეკუთვნოდა ან ზოგ შემთხვევაში მისაკუთრებული ჰქონდა ადგილობრივ მეგრელ გლეხს. ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს მთავრობას მიწების გაცვლის რთულ პროცედურებში ჩაბმა და მცირე ფერმერებისთვის ზარალის ანაზღაურება მოუხდა. ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება უამრავი მსგავსი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი შემთხვევა. ამგვარი უგულებელყოფა კი მტრობის გაღვივებასა და კონფლიქტების წარმოშობას უწყობს ხელს.

მეორე ძალიან სენსიტიური საკითხია საძოვრების პრივატიზაცია. ახალი ინვესტორი, უცხოელი იქნება ის თუ ქართველი, ამცირებს სოფლებში საერთო სარგებლობის საძოვრების ზომასა და ხელმისაწვდომობას. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინვე, როგორც კი ინვესტორი ახლადშეძენილი მიწის შემოღობვასა და დამუშავებას შეეცდება.

ხშირ შემთხვევაში ინვესტორებმა დამოუკიდებლად მოახერხეს ასეთი კონფლიქტების თავიდან აცილება: ახალი გადანაწილებით უკმაყოფილოთა დასაქმებით (მაგ. დაცვის თანამშრომლად); ეკლესიების, სკოლებისა და გზების შეკეთებით; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თესლის უფასოდ მიწოდებით თუ ადგილობრივებისათვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ინტერესთა კონფლიქტი ღია კონფრონტაციაში გადაიზარდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს, ასეთ საპროტესტო გამოსვლებს მარჯვედ ახშობდნენ პოლიცია და ადგილობრივი მთავრობები. აქციის მონაწილეებს, რომელთაც ბრალად ედებოდათ საკუთრების უფლების ხელყოფა, პოლიცია აკავებდა და ზოგჯერ პატიმრობასაც უფარდებდა. მდგომარეობა 2012 წელს, ქართული ოცნების ქვეყნის სათავეში მოსვლისას შეიცვალა. „უცხოელების შემოჭრის“ წინააღმდეგ გამოსვლებმა და ამ ყველაფრის მედიაში გაზვიადებულად გაშუქებამ პოლიტიკის ცვლილება განაპირობა. შედეგად, პოლიცია ვეღარ იცავდა უცხოელების საკუთრების უფლებებს და ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არაკანონიერად იჭრებოდა სხვის მიწებზე.

უცხოური ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც მთავრობამ 2013 წლის ივნისში დროებითი, ერთწლიანი მორატორუმი გამოაცხადა უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე. უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს, რომელთა წილსაც უცხოელი ფლობდა, ბანკების ჩათვლით, აღარ ჰქონდათ უფლება შეეძინათ ან დაეგირავებინათ სასოფლო-სამეურნეო მიწა. მორატორიუმი ერთი წლის შემდეგ, მაშინ შეწყდა, როცა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2014 წლის ივნისში მოიგო სასამართლო პროცესი ამ მორატორიუმთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების რეგისტრაცია დღემდე შეფერხებით ხორციელდება საჯარო რეესტრის მიერ, ახალი კანონის მოლოდინში.


ახალი კანონი: გონივრული კომპრომისი თუ წყევლა ორივე მხარისთვის?

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის აგრარული კომიტეტი განიხილავს, ცდილობს ერთი მხრივ გაითვალისწინოს ის, რომ საქართველოს სჭირდება უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება სოფლის მეურნეობაში და მეორე მხრივ დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მაგრამ აღწევს კი ეს კანონი დასახული მიზნებიდან რომელიმეს მაინც?

13 თებერვალს გამართული დისკუსიის ყველა მონაწილე თანხმდებოდა იმაზე, რომ ახალი კანონის უპირველესი მიზანი უნდა იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობაში უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა. უცხოური ინვესტიციები მხოლოდ კაპიტალდაბანდებას კი არ წარმოადგენს, არამედ ეს არის ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების წყაროც; ინოვაციებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კატალიზატორიც და უცხოურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ხიდიც. ამ მოსაზრებას იზიარებდა დისკუსიის ყველა მონაწილემ, აგრარული კომიტატეტის თავჯმდომარის გიგლა აგულაშვილისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის ჩათვლით.

დისკუსიის მონაწილეები ასევე თანხმდებოდნენ იმ ფაქტზე, რომ ქართველ გლეხს, რომლის კეთილდღეობაც შეიძლება დამოკიდებული იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე, გარკვეული დაცვა (ან კომპენსაცია) სჭირდება. ეს პოციზია ნათლად ჩამოაყალიბა გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა და DFWatch-ის დამფუძნებელმა ლაშა ტუღუშმა. მან ასევე ხაზი გაუსვა სასაზღვრო ზონებში მდებარე მიწების ქართველების საკუთრებაში დარჩენის აუცილებლობასაც.

კანონპროექტი, მიმდინარე მდგომარეობით, ნამდვილად კრძალავს უცხოელების მიერ სასაზღვრო ზოლში მიწების შეძენას, მაგრამ, რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას, ამ მიზანს ნაკლებად ემსახურება. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად, არის რაოდენობრივი შეზღუდვები, რომელიც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიწის შესყიდვაზე უწესდებათ. კანონპროექტის თანახმად, მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ შეიძინონ 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე მიწა. შესაბამისი რაოდენობრივი შეზღუდვები უცხოური იურიდიული პირებისთვის ან მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის 20 ჰა-200 ჰა-ს შეადგენს.


მეგაფირმების სცილასა და ...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ზედა ზღვრად 20 ჰა-ისა და 200 ჰა-ის დაწესების მიზნის განმარტებისას, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას სჭირდება საშეღავათო პერიოდი განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ამის შემდეგ კი უკვე დასაშვები იქნება უცხოელებზე მიწების გასხვისება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. თავისი არგუმენტის გასამყარებლად მინისტრის მოადგილემ მაგალითად პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბალტიის ქვეყნები მოიყვანა, რომელთაც ევროკავშირში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალული ჰქონდათ. მისი თქმით, საქართველოს სურს პროცესების დაჩქარება, თუმცა ასეთ საკითხების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არ ავჩქარდეთ. გალეგაშვილის აზრით, ნაჩქარევმა ლიბერალიზაციამ შეიძლება ნაკლებად პროდუქტიული ქართველი გლეხების მსხვილი უცხოური აგრო საწარმოებით ჩანაცვლება გამოიწვიოს, რაც კი, თავის მხრივ, ტრადიციული ქართული ცხოვრების წესის რღვევის, მასიური უმუშევრობისა და უსახლკარობის ზრდის რისკის შემცველია.

ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ პანელის სხვა წევრები. კერძოდ კი, ჟაკ ფლერიმ (ბორჯომის, შატო მუხრანისა და GWS-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა) აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ევროპულ ბაზრებზე, სექტორს სჭირდება ძლიერი ლიდერი კომპანიები, რომლებიც თავად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოს, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვნის ბრენდინგსა და საერთაშორისო მარკეტინგში. მსხვილი უცხოური კომპანიის ასეთი ინვესტიციის შედეგად სექტორის ყველა სხვა კომპანია ისარგებლებდა, მისი ზომის მიუხედავად. ფლერიმ ასევე დასძინა, რომ საშუალო ზომის ღვინის მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ოპერირებს, ასეთი მსხვილი ინვესტიციის გახორციელებას ვერ შეძლებს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლის, ფადი ასლის აზრით, ახალი კანონით ნებადართული უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ყიდვა-გაყიდვა. მისი თქმით, მსხვილი უცხოური კომპანიები ნაკლებად იქნებიან დაინტერესებულნი შეეჭიდონ ქართველი გლეხების საკუთრებაში არსებული უამრავი მცირე ნაკვეთის კონსოლიდაციასთან დაკავშირებული პრობლემების კასკადს. ამ შემთხვევაში, დიდი ბიზნესები მცირე გლეხებისთვის კონკურენციის გაწევის ნაცვლად, მათ მიწოდების ჯაჭვში ჩართვას შეეცდებოდნენ. ასე რომ, როცა საქმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს ეხება, აქ რაოდენობრივი შეზღუდვები მხოლოდ ტვირთია კერძო სექტორისთვის და არანაირი შეღავათი ქართველი გლეხებისათვის.

არგუმენტზე პასუხად გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ რაოდენობრივი შეზღუდვა გაამართლებს ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო ზედა ზღვარი 200 ჰა-ის ოდენობით ბიზნესებს ხელს არ შეუშლის მეტი მიწის შეძენაში. ამ ფორმალობის გადალახვა მათ შეეძლებათ შვილობილი კომპანიების დაფუძნებითა და ჩახლართული კორპორატიული პროცედურების გავლის მეშვეობით. გამოდის, ქართველი მცირემიწიანი გლეხების ინტერესების დაცვის ნაცვლად, ახალი კანონი კორპორატიულ იურისტებს უჩენს თავსატეხს.


... და ინდოელი ფერმერების ქარიბდას შორის

ლაშა ტუღუშის განმარტებით, კანონის მეორე მიზანი უცხოელი მცირე ფერმერების საქართველოში ჩამოსვლის შეზღუდვაა. ამის მიღწევის საუკეთესო საშუალება კი, მისი აზრით, მცირე ზომის ნაკვეთების გაყიდვის აკრძალვაა. ტუღუშის თქმით, უცხოელი, რომელსაც 1-2 ჰა მიწის შეძენა სურს, ვერ ჩაითვლება „ბიზნესზე ორიენტირებულ ინვესტორად.“ უცხოელის მიერ შესაძენი მიწის ოდენობაზე შედარებით მაღალი ქვედა ზღვარის დაწესებით (5 ჰა ფიზიკური პირებისათვის, კანონპროექტის თანახმად), სახელმწიფო შეძლებს „გაფილტროს“ მცირე ფერმერები ინდოეთიდან და სხვა ღარიბი და ჭარბმოსახლიანი ქვეყნებიდან.

ტუღუშის ეს მოსაზრება არ გაიზიარეს პანელის სხვა წევრებმა. მაგალითად, დირკ ალევენმა მართებულად აღნიშნა, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობას სულაც არ სჭირდება დიდი ზომის მიწის ნაკვეთები. მისი სასათბურე მეურნეობა „იმერეთის მემწვანილეობა“ სამტრედიაში მდებარეობს და მხოლოდ 1 ჰა მიწაზეა გაშენებული. თანამედროვე აგრო ბიზნესში ალევენმა 5 მილიონი ლარი დააბანდა. სამაგიეროდ, ამ სათბურის ნაწარმმა მთლიანად ჩაანაცვლა სალათის ფურცლების იმპორტი საქართველოში და შექმნა 20 სამუშაო ადგილიც. ინდოელი ფერმერების „გაფილტვრის“ ნაცვლად, 20 ჰა-ზე გავლებული ქვედა ზღვარი მნიშვნელოვნად გაზრდის ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხარჯებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა „იმერეთი მემწვანილეობა.“ არსებობს სხვა გზებიც, რომელთა მეშვეობითაც სპეკულაციური ტრანზაქციების თავიდან აცილება და კაპიტალტევადი სოფლის მეურნეობის განვითარებაა შესაძლებელი. ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, მიწის შესაძენად პირობების დაწესება არა მიწის ზომაზე, არამედ მინიმალურ ინვესტიციაზე, გაყიდვებზე ან შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობაზე დაყრდნობით.

საიმონ ეპლბიმ (YFN-საქართველო) დაამატა, რომ მიწის რაოდენობა ვერ იქნება ინვესტიციის ბუნების განსაზღვრის კარგი კრიტერიუმი. თუ პირობები მაინცდამაინც მიწას უნდა უკავშირდებოდეს, მაშინ უნდა გაითვალისწინონ არა მისი ზომა, არამედ ღირებულება, რაც ადგილმდებარეობაზე, კლიმატურ პირობებსა და ინფრასტუქტურის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.

ბოლოს, როგორც საშა ტერნესმა (პროკრედიტ ბანკისა და აგრონის ყოფილმა ხელმძღვანელმა) აღნიშნა, თუ ამ კანონის რაოდენობრივი შეზღუდვების მიზანი მცირე ინდოელი ფერმერების საქართველოში იმიგრაციის შეზღუდვაა, მაშინ შემზღუდველი (და მიზნობრივი) სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციები მიზნის მიღწევის უფრო ეფექტური საშუალება იქნებოდა.


რაც შეეხება კონსტიტუციურობას...

ჯერ კიდევ არის იმედი, რომ პარლამენტში საკომიტეტო განხილვისას კანონპროექტში კიდევ შეიტანენ ცვლილებებს, გაუმჯობესების მიზნით. სხვა ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ნორმის შეცვლა ან ამოღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუაციას ეწინააღმდეგება. ეკა ბოკუჩავამ (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო) ყურადღება გაამახვილა კანონის იმ მუხლზე, რომელიც უცხოელი ფიზიკური პირისაგან, განქორწინების ან ბინადრობის ნებართვის დაკარგვის შემთხვავაში, 6 თვის ვადაში ქონების გასხვისებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქონების კონფისკაცია დაემუქრება. ბოკუჩავას აზრით, ეს მუხლი ქმნის კორუფციის საფრთხეს და ასევე წნეხის ქვეშ აქცევს უცხოელ ინვესტორებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ამ მუხლის კონსტიტუციურ სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

* * *

მიუხედავად ხარვეზებისა, ახალი კანონპროექტი ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს — ქართული მიწის ბაზარზე ტრანზაქციების განსაახლებლად საკანონმდებლო ბაზის შექმნას ემსახურება. ეს, თავისთავად, წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც დასაფასებელია. მეტიც, კანონპროექტის რაოდენობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება უცხოელების მიერ დაფუძნებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რაც მათ მიწის გირავნობის საფუძველზე სესხების გაცემის საშუალებას აძლევს. ცხადია ისიც, რომ კანონის გარკვეული მუხლები შეუსაბამობაშია ქართულ რეალობასთან. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნორმა უფრო მთავრობის პოლიტიკური მანიფესტია ქართველი გლეხების დასაცავად, ვიდრე პრივატიზაციის პროცესში მათი ინტერესების დაცვის რეალური მექანიზმი.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Wednesday, 23 September 2020

Captcha Image

Our Partners