ISET

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) დაიწყო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტის შერჩეულ საკითხებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მომზადება. პროექტში ISET-PI-ის პარტნიორია გერმანული საკონსულტაციო ჯგუფი Berlin Economists.

კვლევა მიზნად ისახავს, შეისწავლოს და რეგულირების ზეგავლენა შეაფასოს კანონპროექტში მოცემულ შემდეგ შერჩეულ საკითხებზე:

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შექმნა, მისი უფლებები, ვალდებულებები და ლიცენზირება;

2. გადახდისუუნარობის რეჟიმებში კრედიტორთა უფლებები (მათ შორის კრედიტორთა რიგითობა და თანმდევი რისკები);

3. კანონპროექტით გათვალისწინებული ვადების შეფასება;

4. ფიზიკურ პირთა გადახდისუუნარობა;

5. კანონპროექტით გათვალისწინებულ სფეროებში კორუფციის რისკებისა და კანონპროექტის გავლენის შეფასება Doing Business-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებაზე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აპირებს, პროექტის ფარგლებში კონსულტაციის მიზნით შეხვდეს დაინტერესებულ მხარეებს. ჩვენ სიამოვნებით გავივლით კონსულტაციას თქვენთან, თუ გსურთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება მოქმედ კანონმდებლობასა და დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. საკონტაქტო პირი:

მაია გრიგოლია

პროექტის მენეჯერი

ელ-ფოსტა: [email protected]

ტელ.: +995 322 507 177 (შიდა 240)

დამატებითი ინფორმაცია:

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ ოფისის მხარდაჭერით.

აქამდე არსებული შეფასებების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, არ ითვალისწინებს შესაბამის ნორმებს, რომლებიც, საწარმოს გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მის გადარჩენაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივად არ არსებობს გადახდისუუნარობის, როგორც პროცესის განმახორციელებელი, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი.

სწორედ ამიტომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონპროექტის შემუშავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ოთხი მაღალკვალიფიციური ადვოკატი, ასევე ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენელები და ის გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ რეკომენდაციები და ამ სფეროს რეფორმის კონცეფცია.

Our Partners