ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სწავლა სიკვდიმდე და ზრდასრულთა განათლება: ცეკვა და/თუ პროგრამირება?

არავისთვის არ არის სიახლე, რომ ზრდასრულთა განათლებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ სწავლა  ხანგრძლივი პროცესია. თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სწავლა, როგორც ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავის თვითაღმოჩენის პროცესი, და სწავლა, როგორც გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც ხშირად შრომის ბაზარზე გარკვეულ პოზიციაზე დაწინაურების მოტივაცია განაპირობებს. ეს ორი ცნება განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ, რაც უფრო მეტი უნარ-ჩვევა გვაქვს, მით უფრო მეტად გვესმის სხვა ადამიანების, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც აისახება. შეგვიძლია საწინააღმდეგოც ვამტკიცოთ. რაც მეტს ვსწავლობთ საკუთარ თავზე ცხოვრებისეული გამოცდილებით, მით უკეთ ვიცით, რომელი უნარ-ჩვევები გვაკლია ან უნდა გავიუმჯობესოთ, რაც გვეხმარება ჩვენც და სხვებსაც.

ისიც შესაძლებელია, რომ უნარ-ჩვევების შეძენის პროცესში, გარკვეულ ეტაპზე ვაგროვებთ იმაზე მეტ უნარ-ჩვევას, რაც ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულებისთვის არის საჭირო. ამით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას ასაკობრივი დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე. ითვლება, რომ ასაკთან (ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან) ერთად, ადამიანები ისეთ უნარ-ჩვევებსაც იძენენ, რაც შრომის ბაზრისთვის არ არის საჭირო, მარტივი ამოცანის შესრულებაზე კი უფრო მეტ დროს ხარჯავენ. მაგალითად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ გამოცდილებასთან (ასაკთან) ერთად, ადამიანები სულ უფრო მეტად იზრუნებენ საკუთარი სამუშაოს ხარისხზე. მეორე მხრივ, სამუშაოს შესრულების სიჩქარე გაიზრდება განმეორებადობის ან დაოსტატების ხარჯზე. ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირება, რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს გულისხმობს და, როგორც ასეთი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი, როგორც ინდივიდების განვითარებაში, ანელებს გარკვეულ აქტივობებს. ამიტომ გარკვეული დავალებების შესრულებისთვის საჭირო დრო შეიძლება ბუნებრივად გაიზარდოს.

ცხადია, პროდუქტიულობაზე სხვა მიზეზებიც მოქმედებს. შეიძლება დავუშვათ, რომ პროდუქტიულობა კომუნიკაციასთან არის კავშირში, ანუ რამდენად ეფექტურად ვახერხებთ, საკუთარი ცოდნა სხვებს მოვარგოთ. თუ ასე გავიგებთ, კომუნიკაცია შემდეგ უკვე უკავშირდება ჩვენი სოციალიზაციის დონეს. ნებისმიერი შემცირებული სოციალიზაცია (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი უმუშევრობით, მოკლე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწირი დასაქმებით ან უმუშევრობით, ავადმყოფობით, ოჯახური შვებულებით და ა.შ.) სამუშაოზე გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ამცირებს საწყის პროდუქტიულობას. იმის გააზრება, თუ რა როლს თამაშობს კომუნიკაცია, დაგვეხმარება, ისე დავგეგმოთ სამუშაო ტრენინგი და/ან ზრდასრულთა განათლების პროგრამები, რომ უფრო ეფექტურად მოვარგოთ შრომის ბაზრის მიზნებს.

ზრდასრულთა განათლება გავლენას ახდენს უმუშევრობის ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემაზე, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკის გამტარებელთა დღის წესრიგში. მართალია, გრძელვადიანი უმუშევრობის მტკიცებულებებს კარგად მომუშავე ეკონომიკებშიც ვხედავთ, მაგრამ მათი შედეგები განსაკუთრებულად იგრძნობა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებსა და ე.წ. „გარდამავალ ეტაპზე“ მყოფ ეკონომიკებში, სადაც ეკონომიკური გაჭირვების გამო არ არსებობს სხვა სახის სოციალური დაცვის მექანიზმები.

ევროკავშირის ზრუდასრულთა განათლების შესახებ გამოკითხვამ დაგვანახა, რა სახის ტრენინგებს გადიან ზრდასრული ადამიანები. ალბათ, ამ მსჯელობისთვის ყველაზე რელევანტური ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ზრდასრულთა სწავლებისა და ტრენინგების უდიდეს უმრავლესობას დამსაქმებლები ატარებდნენ. ეს გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე დიდი წვდომა უწყვეტ განათლებაზე უკვე დასაქმებულ ადამიანებს აქვთ და არა უმუშევრებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ უნარ-ჩვევების შენარჩუნება თუ შეძენა. უნარ-ჩვევების პრობლემა დასაქმებულებსა და უმუშევრებს შორის გამუდმებით იზრდება, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის უმუშევრებისთვის, იბრძოლონ ბაზარზე არსებული პოზიციებისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ის არის, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულ, არაფორმალურ ტრენინგში უფრო მეტმა კაცმა (84.8%) მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ქალმა (75.5%); სამაგიეროდ უფრო მეტმა ქალმა (24%) გაიარა არასამუშაო, ფორმალური ტრენინგი, ვიდრე კაცმა (14.5%). კიდევ უფრო საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დამსაქმებლებმა სამუშაოსთან დაკავშირებულ, არაფორმალურ ტრენინგებთან დაკავშირებით უფრო მეტ კაცს (76.6%) აღმოუჩინეს ფინანსური მხარდაჭერა, ვიდრე ქალს (64.9%). ეს შეიძლება სამუშაო სივრცეში ქალებისა და კაცებისადმი არათანაბარ მოპყრობაზე მიანიშნებდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ შედარებით მეტი ქალი ეძებს სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგს, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქალებს უფრო მეტად სჭირდებათ სხვადასხვა ინტერესების/ვარიანტების მოძიება.

ევროკავშირის გამოცდილება სხვა ქვეყნებისთვისაც შეიძლება სასარგებლო იყოს. უმუშევრობის გამოწვევა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურს ხდის საგანმანათლებლო პოლიტიკის ვარიანტებს. საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებაზე მონაცემები არ არსებობს, თუმცა ბოლო წლებში არაერთი პროგრამა შეიქმნა, რომელთა მიზანიც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იყო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი პოტენციური საგანმანათლებლო პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს ქართული უნიკალური კულტურის, საზოგადოებისა და ეკონომიკის გათვალისწინებას/შენარჩუნებას. ზემოხსენებულ მსჯელობას რომ დავუბრუნდეთ, თუ უნარ-ჩვევებისა და სოციალიზაციის (კომუნიკაციის) დონე გადამწყვეტ როლს თამაშობს დასაქმების შედეგებში და თუ რეალურად სწორედ დამსაქმებლები ატარებენ სამუშაოსთან დაკავშირებული ტრენინგების უმეტესობას (როგორც ევროკაშირის მონაცემებმა აჩვენა), მაშინ, იქნებ, პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს არამხოლოდ ისეთი საგანამანათლებლო პროგრამების შეთავაზება, რომელთა პირდაპირი მიზანიც სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების შენარჩუნება ან განვითარებაა, არამედ ისეთი პროგრამებისაც, რომელთა მიზანიც ინტერაქტიული გზებით ადამიანების დაახლოებაა, რაც ზრდის კომუნიკაციისა და სოციალიზაციის დონეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის შენარჩუნებას თუ დასაქმებულთა უფრო სწრაფ რეინტეგრაციას. ცეკვის გაკვეთილი კი შეიძლება ამისი კარგი მაგალითი იყოს.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners