ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უნარიანი გადახდისუუნარობა

და, აი, ისევ დადგა წლის ის დრო, როდესაც ჩვენი სამყარო „მსოფლიო ბანკის“ Doing Business-ის გამოცემის გარშემო ტრიალს იწყებს. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, ვიტრაბახოთ, რა ადვილია საქართველოში ბიზნესის წამოწყება, რა დაბალია ბიზნესის გადასახადები და რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ კონტრაქტების აღსრულების მიმართულებით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყურადღება გადახდისუუნარობის ინდექსსაც დავუთმოთ. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნესის ხელშემწყობი სახარბიელო გარემოთი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ეს სუსტი სფერო შესაძლოა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

გადახდისუუნარობის შესახებ კანონი არეგულირებს ურთიერობებს მოვალეებსა (მეწარმეები, აქციონერები) და  კრედიტორებს (ბანკები და სხვა ინსტიტუციები, რომლებიც ფულად ან არაფულად სესხებს გასცემენ) შორის, როდესაც მოვალეებს სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლიათ. ამ ურთიერთობების დამარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს, რომ ბიზნესმა, რომელიც ფინანსურ კრიზისს განიცდის, რესურსების გადანაწილება რაც შეიძლება პროდუქტიულად, სწრაფად და იაფად მოახერხოს. სამეცნიერო ლიტერატურა ეკონომიკის წარმატებასა და ინსტიტუციების ხარისხს შორის მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაზე მიგვითითებს; მათ შორისაა გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოც. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ემპირიულად ძნელია, მთავარი არხი, რომლის მეშვეობითაც ვარაუდობენ, რომ გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო ეკონომიკის განვითარებაზე ახდენს გავლენას, მისი ფინანსური ბაზრის განვითარებაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლია. ხოლო ფინანსური ბაზრის განვითარების დონე ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი კატალიზატორია.

Doing Business-ის გადახდისუუნარობის ინდიკატორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სისტემებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ გადახდისუუნარობის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანი შედეგის მიღება. შეფასების შედეგების შედარება რომ შესაძლებელი გახდეს, თითოეული ქვეყნისათვის Doing Business-ის კვლევა ჰიპოთეტური ტიპის ანალიზს ატარებს და უშვებს, რომ ბიზნეს სუბიექტი ფინანსურ სირთულეებს განიცდის. გარდა ობიექტური, ფაქტობრივი კითხვებისა, რომლებიც იურიდიულ დოკუმენტებს ეფუძნება, გადახდისუუნარობის ინდიკატორი თითოეულ ქვეყანაში დაინტერესებული მხარეების სუბიექტურ შეფასებებსა და ფინანსური პრობლემების მქონე ბიზნეს სუბიექტის რეაბილიტაციის შესახებ მათ შეხედულებებსაც მოიცავს.

საქართველოს შედეგი მსგავსია ევროპის და შუა აზიის რეგიონის (OECD-ის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების გამოკლებით) შედეგების შემდეგ ინდიკატორებში: ამოღების მაჩვენებელი, რომელიც ზომავს, უზრუნველყოფილმა კრედიტორებმა ყოველ გაცემულ ერთ აშშ დოლარზე რამდენი ცენტი ამოიღეს გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი ფირმიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ; დრო, რომელიც კრედიტორებს დასჭირდათ სესხის ამოსაღებად, გამოსახული კალენდარულ წლებში; და საქმის წარმოების ხარჯი, გამოსახული, როგორც მსესხებლის საწარმოს ღირებულების პროცენტი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს აღდგენის შანსი ძალიან დაბალია, დიდი ალბათობით, საწარმო ნაწილ-ნაწილ გაიყიდება, ნაცვლად იმისა, რომ  მოქმედი ბიზნესის სახით  გააგრძელოს მუშაობა, რაც ამოღების კოეფიციენტზე უარყოფითად მოქმედებს.

ბიზნესის კეთების ინდექსის გადახდისუუნარობის აღმოფხვრის ინდიკატორები საქართველოსთვის

ინდიკატორი

საქართველო

ევროპა და ცენტრალური აზია

OECD-ის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფი

ამოღების მაჩვენებელი (ცენტი დოლარზე)   40.2 38.6 70.5
დრო (წელი) 2 2.3 1.7
ხარჯი(ქონების %) 10 13.2 9.3
კითხვები    პასუხი ქულა
გადახდისუუნარობის ჩარჩოს სიძლიერის ინდექსი (0-16)     11
საქმისწარმოების დაწყების ინდექსი (0-3)     2.5
კრედიტორის ქონების მართვის ინდექსი (0-6)     5.5
რეორგანიზაციის საქმისწარმოების ინდექსი (0-3)     0
კრედიტორების მონაწილეობის ინდექსი (0-4)     3

წყარო: მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2019 წლის ანგარიში

საქართველოში უმთავრესი კანონი, რომელიც მხარეებს შორის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებულ პროცესებს არეგულირებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონია“, რომელიც ძალაში 2007 წელს შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან დღემდე კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებასთან დასაახლოებლად, აღნიშნული კანონი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა, საერთაშორისო რეიტინგებისა და შეფასებების თანახმად, თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. გაჭიანურებული და ძვირადღირებული პროცედურები, გადაწყვეტილების მიღების შეუსაბამო მექანიზმები და სახელმწიფოს ინტერესების გადამეტებული პროტექციონიზმი საქართველოში გადახდისუუნარობის პროცესებს აფერხებს და მის სამართლიანობის პრინციპს აზიანებს. შედეგად, ეს იწვევს გადახდისუუნარობაზე განცხადებების რაოდენობის შემცირებას, რეაბილიტაციის მაჩვენებლების, ეკონომიკური აქტივების ღირებულებისა და ამოღების კოეფიციენტის შემცირებას. ეს ყოველივე კი აზიანებს ფინანსურ სტაბილურობას და საქართველოს, როგორც ბიზნესისათვის მიმზიდველი გარემოს მქონე ქვეყანის რეპუტაციას.

2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და მმართველობამ განვითარებისთვის (G4G) საქართველოში გადახდისუუნარობის რეჟიმი შეაფასეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები როგორც კანონის, ისე მთლიანად გადახდისუუნარობის სისტემის შესაცვლელად. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, არსებული „კანონი უარყოფითად მოქმედებს პრიორიტეტული უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებებზე და არც იმდენად მოქნილ ჩარჩოს ქმნის, რომ „რეაბილიტაცია“ გამოსადეგი სტრატეგია იყოს მსესხებლისთვის ან კრედიტორისთვის.” გერმანელ ეკონომისტთა გუნდი გამოჰყოფს ორ მთავარ ასპექტს, სადაც საქართველო ვერ ახერხებს, მისდიოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პირველი ასპექტია ის, რომ სისტემა აქცენტს აკეთებს გადახდისუუნარო კომპანიის ლიკვიდაციაზე, ნაცვლად მისი რეაბილიტაციისა. მეორე ასპექტია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეზღუდული ინსტიტუციური უნარი; მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია (რომელიც დროებით მართავს კომპანიას, სანამ ის გადახდისუუნარობის რეჟიმშია).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, GIZ-მა დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ახალ კანონზე დაიწყო მუშაობა. სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც პოლიტიკის ცვლილების რეკომენდაციები და რეფორმის წინადადება შეიმუშავა, აერთიანებს წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროდან, აღსრულების ეროვნული ბიუროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროდან, ოთხ ცნობილი იურისტს გადახდისუუნარობის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილებით, ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლებსა და გერმანელ ექსპერტებს. სამუშაო ჯგუფმა უკვე ოფიციალურად შეიმუშავა სრულიად ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციასა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ და ამჟამად კონსულტაციების ეტაპზეა.

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ცვლილება, რომელიც კანონპროექტშია შეტანილი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ცნების შემოტანაა. თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შესაბამის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მას შეუძლია გაკოტრების ან რეაბილიტაციის მენეჯერის როლი შეასრულოს. გარდა ამისა, კანონი ცვლის ამჟამინდელი კრედიტორების რიგითობას, ზრდის არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებებს სხვადასხვა კუთხით და ამკვიდრებს მკაფიო კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ფინანსური პრობლემების მქონე ფირმის რეაბილიტაციის გეგმა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მიხედვით, რომელიც კანონპროექტთან მიმართებაში შემუშავდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფილოსოფიის ძირეული ცვლილება იქნება: შესაძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ბიზნესის რეაბილიტაცია გადახდისუუნარობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტი გახდება.

RIA-ის ფარგლებში შეფასდა მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენაც Doing Business-ის ინდიკატორებზე. ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულა გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს სიძლიერის მიხედვით (რომელიც ამჟამად 11-ია) 14-მდე აიწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მოსალოდნელია რეორგანიზაციის პროცედურის ინდექსთან მიმართებაში, სადაც საქართველოს ამჟამად 3-დან 0 ქულა აქვს.

თუ კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ვადა ზედმიწევნით იქნება დაცული, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის საჭირო დროის მნიშვნელოვან შემცირებასაც უნდა ველოდოთ. ინდექსის მნიშვნელოვანი ნაწილი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ აფასებენ დაინტერესებული მხარეები ბიზნესის რეაბილიტაციის შანსებს იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე დაწყებული აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამგვარად, რეიტინგში ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა მოსალოდნელია, თუ (საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა) დაინტერესებული მხარეები, რომლებიც Doing Business-ის გადახდისუუნარობის ინდიკატორის დადგენაში იღებენ მონაწილეობას, ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიისათვის რეაბილიტაციას ყველაზე სავარაუდო შედეგად აღიქვამენ.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარი რომ განვიხილოთ, მკაცრი დაშვებების საფუძველზე, საქართველო უნდა ელოდოს გადახდისუუნარობის ინდიკატორის მიხედვით მე-15 ადგილზე დაწინაურებას; გრძელვადიან პერიოდში მაინც, როდესაც გამოკითხვაში მონაწილე დაინტერესებული მხარეები რეფორმის ხარისხში დარწმუნდებიან. ყველა დაშვება რომ შევარბილოთ, მოკლევადიან პერიოდში 46-ე ადგილს მაინც უნდა ველოდოთ.

ეს ანალიზი ეყრდნობა მკაცრ დაშვებას, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ვადა და პროცედურა მკაცრად იქნება დაცული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებული კანონით მითითებული მრავალი ვადა კანონის მიღმა არსებული პრობლემების გამო არ არის დაცული, ნაკლებ სავარაუდოა, რომ განსაზღვრული ვადების დაცვა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე მოხდეს. ამ წინაღობების მიუხედევად, გიგანტურ ნახტომთან ძალიან ახლოს ვართ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners