ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ტკბილი პატარა ტყუილები – ის, რაც „გვაბედნიერებს“

2017 წლის 17 მაისს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ოთხმოცდახუთი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალმა რეგულაციამ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევას კრძალავს, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უმრავლესობის წევრმა, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ წარუდგინა, რომელმაც სულ ახლახანს ისაუბრა საქართველოში ჭარბწონიანობის პრობლემაზე, რომელიც ნაწილობრივ შაქრის ჭარბი  მოხმარებით არის გამოწვეული. ქართველმა საზოგადოებამ ეს განცხადება ჩათვალა როგორც მანიშნებელი იმისა, რომ მომავალში შაქარზეც დაწესდება გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურ ინტერვიუში ქალბატონმა გუგულიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა შაქარზე გადასახადის დაწესებას არ გეგმავს,  ბევრი ადამიანი მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს.

მაშ, საჭიროა თუ არა საქართველოში შაქარზე გადასახადის დაწესება?


რა არის ჭარბწონიანობა?

ჭარბწონიანობა „არის სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ცხიმი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია). სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index – BMI) არის სხეულის წონის ყველაზე გავრცელებული საზომი, რომლის მიხედვითაც, ადამიანი ჭარბწონიანია, თუ მისი BMI უდრის ან აღემატება 30-ს.

 BMI

 

მნიშვნელობა
18.5-ზე ნაკლები მეტისმეტად გამხდარი
18.5 - 24.9 ნორმალური წონა
25 - 29.9 ჭარბი წონა
30 - 34.9 სიმსუქნე I
35 - 39.9 სიმსუქნე II
40 და მეტი სიმსუქნე III

შენიშვნა: თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი BMI აქ: BMICalculator


საერთოდ რატომ უნდა გვაღელვებდეს შაქრის მოხმარება?!

შაქრის ჭარბ  მოხმარებაზე მღელვარება მთელ მსოფლიოში იზრდება, რადგან იგი მჭიდრო კავშირშია არასწორ კვებასა და ჭარბწონიანობასთან. ჭარბი წონა პრობლემაა როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისთვის. ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს წონის პრობლემები. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, დღის განმავლობაში რეკომენდირებულია 6 ჩაის კოვზი შაქარი ქალებისთვის და 9 ჩაის კოვზი კაცებისთვის. თუმცა რიგითი ამერიკელი ყოველდღიურად 19.5 ჩაის კოვზ შაქარს მოიხმარს, რაც ნორმას ორჯერ აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჭარბწონიანობის მთავარი რისკ-ფაქტორები არის ცუდი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, რაც, ამავდროულად, ყველაზე ხშირად ხდება არაგადამდები დაავადებების მიზეზი, რაზეც 2012 წელს მსოფლიოში დაფიქსირებული 56 მილიონი სიკვდილის შემთხვევების 68% მოდის. ზოგადად, ჭარბი წონის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია დაბალ სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებში, მეტწილად ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, WHO, 2014).

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ქალების 56%-ს და მამაკაცების 54%-ს ჭარბი წონა (BMI – 25 და მეტი) აწუხებდა, რაც 2010 წლის შედეგებს მცირედით აღემატება ორივე სქესის შემთხვევაში. აღსანისნავია, რომ 2010-2014 წლებში სიმსუქნის (BMI – 30 და მეტი) მაჩვენებელი გაიზარდა და 2014 წელს უფრო მეტ ქალს (24%) აწუხებდა სიმსუქნე, ვიდრე მამაკაცს (18%).


შაქარზე გადასახადის დაწესების დადებითი და უარყოფითი მხარეები

შაქარზე გადასახადის დაწესება ზრდის შაქრის შემცველი პროდუქტების ფასებს, რაც განაპირობებს მათზე მოთხოვნის შემცირებას. ბევრმა ქვეყანამ (რომელთაგან ერთი ნაწილი მხოლოდ შაქრის შემცველ სასმელებს ბეგრავს, მეორე ნაწილი კი გადასახადს აწესებს ყველა სახის შაქრის შემცველ პროდუქტებზე) შემოიღო ეს რეგულაცია და ზოგმა უკვე დაინახა შედეგები. მაგალითად, მექსიკამ 2014 წელს დააწესა 10%-ანი გადასახადი შაქრის შემცველ სასმელებზე, რამაც ამ სასმელების მოხმარება პირველივე წელს 12%-ით შეამცირა. უნგრეთში შაქარზე გადასახადის დაწესებამ სწრაფი კვების პროდუქტებში შაქრის რაოდენობა 40%-ით შეამცირა.

შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს ან, რიგ შემთხვევებში, ამწვავებს ჭარბი წონის პრობლემებს, დიაბეტს, კბილების გაფუჭებას, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებას, გულის დაავადებებსა და სიმსივნესაც კი, ამიტომ შაქარზე გადასახადი დადებითად აისახება მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კი იწვევს იმას, რომ მთავრობა ნაკლებს ხარჯავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობა იზრდება და ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება, რაც დამატებითი არგუმენტია შაქარზე გადასახადის დაწესების სასარგებლოდ. შაქარზე გადასახადის დაწესება ნიშნავს, რომ გაიზრდება გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი, სახელმწიფოს კი შეუძლია ამ გზით მიღებული თანხები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივების დასაფინანსებლად გამოიყენოს.

შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმარების შემცირება უდაოდ სასარგებლოა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ პროდუქტების წარმოებაში, იმპორტსა და დისტრიბუციაში ჩართულ ბიზნესებს შეიძლება შეუმცირდეთ გაყიდვები და მოგება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვაც. შაქარზე გადასახადის დაწესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ შაქარი არ არის კალორიების ერთადერთი წყარო და მასზე გადასახადის დაწესება შეიძლება უსამართლობა იყოს. შაქრის გადასახადის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოების დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებზე, რომლებიც იმაზე მეტ შაქარს მოიხმარენ, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფები. გარდა ამისა, შაქრის შემცველი პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვევს ჩამნაცვლებელ პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას, რაც ამ პროდუქტების ფასებსაც გაზრდის.

შაქარზე გადასახადის დაწესების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ლოგიკურია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნესებს შეუძლიათ გადასახადის გადახდას თავი აარიდონ, თუ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში შაქრის რაოდენობას შეამცირებენ, რითიც ამ პროდუქტებს უფრო ჯანსაღსაც გახდიან. ქართველ მომხმარებლებს, რომლებიც არჯანსაღი კვებით გამოირჩევიან, შეგუებისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ. თუმცა საბოლოოდ ეს მაინც მოხდება, როცა მათი ცნობადობა შაქრის საზიანო გავლენაზე გაიზრდება.


სამომავლო გეგმები

ზემოთ მოყვანილი ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, შაქრის გადასახადი შაქრის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა არა ერთადერთი გზაა. არსებობს სხვა ქმედებებიც, რომელთა გატარებითაც მთავრობას შეუძლია შეცვალოს მომხმარებელთა ქცევა.

მომხმარებლებმა კარგად უნდა იცოდნენ, ჯანმრთელობის რა რისკებთან არის დაკავშირებული შაქრის შემცველი სასმელები და საშუალება ჰქონდეთ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს შაქრის შემცველი პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკებზე მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაში. ამის გაკეთება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიების მოწყობით, რომელთა მიზანიც შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმარების შემცირება და სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში შაქრის გამოყენების შეზღუდვაა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ საჯარო ბაღებში ახლახანს შეიზღუდა შაქრისა და მარილის გამოყენება და კერძო ბაღებიც და სკოლებიც აქტიურად მოწმდება ამ მიმართულებით.

შაქრის მოხმარების შემცირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შაქრის შემცველი პროდუქტების სათანადო შეფუთვასა და ამ პროცესის ეფექტურ მონიტორინგს. მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, მოიხმარონ, რაც მოესურვებათ და რისი საშუალებაც აქვთ, თუმცა „გარე შეფუთვაზე დატანილმა გაფრთხილებამ“ საშუალება უნდა მისცეს მათ, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. სათანადო შეფუთვის გარდა, შეიძლება დაწესდეს რეგულაციები იმ მედია საშუალებებზე, რომელთა მაყურებლების 25%-ს ბავშვები შეადგენენ. საქართველოში მსგავსი რეგულაცია არ გვაქვს, თუმცა რიგ ქვეყნებში ის არსებობს.

მომხმარებელთა ქცევის შეცვლა ძალზე რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის გავლაც აუცილებელია იმიტომ, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. იმედია, ქართველი მომხმარებლები გაითვალისწინებენ ამ შეგონებას და უახლოს მომავალში უარს იტყვიან მავნე ჩვევებზე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 15 სექტემბერი 2019

Captcha Image

Our Partners