ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თანაბარი უფლებები მხოლოდ ქალებისთვის არ არის: მზად ვართ თუ არა საქართველოში მამობის ახალი პოლიტიკისათვის?

წინამდებარე ბლოგი UNFPA-ის იმ პროექტის ფარგლებში დაიწერა, რომელიც დასაქმებული მშობლებისთვის შვებულების პოლიტიკის პოტენციური ცვლილებების ხარჯების შეფასებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მამაკაცებს საქართველოში შეუძლიათ ბავშვზე ზრუნვის მიზნით შვებულება აიღონ. ფაქტია, რომ 2011 წლიდან დღემდე თითზე ჩამოსათვლელია იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ბავშვზე ზრუნვისათვის შვებულება აიღეს (მათ შორისაა ISET-ის კურსდამთავრებული, გიორგი ბალახაშვილიც). ჩემთვის, როგორც მომავალი მამისთვის, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა და სტატიაში შემოგთავაზებთ საქართველოში შვებულებასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და რეგულაციების მოკლე მიმოხილვას;  შევადარებ ადგილობრივ მდგომარეობას ევროპულ პრაქტიკას  და ვისაუბრებ მამებისთვის განკუთვნილი შვებულების შესაძლო ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტებზე.


ქართული და ევროპული პრაქტიკა

განვითარებულ ქვეყნებში, დასაქმებულ მშობლებს პოტენციურად უფლება აქვთ, სამი ტიპის შვებულება აიღონ:

დედობის შვებულება – ამ ტიპის შვებულება მხოლოდ დედებისთვისაა განკუთვნილი და უშუალოდ ბავშვის დაბადებამდე, მშობიარობის ან/და ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდს გულისხმობს. ის მიზნად ისახავს დედებისა და ახალშობილი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას.

მამობის შვებულება – მხოლოდ მამებისთვისაა განკუთვნილი და, როგორც წესი, მას ბავშვის დაბადებიდან მალევე იღებენ. ამ შვეულების მიზანია, მამებმა თავიანთ პარტნიორებსა და ახალდაბადებულ შვილებთან მეტი დრო გაატარონ.

მშობლის შვებულება – ხელმისაწვდომია როგორც დედებისათვის, ისე – მამებისათვის. ეს შვებულება მშობლებს თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს, იზრუნონ და მეტი დრო გაატარონ საკუთარ მცირეწლოვან ბავშვებთან. გარდა ამისა, შესაძლოა, ნებადართული იყოს ან არ იყოს ასეთი შვებულების გადაცემა სხვაზე; ის შეიძლება გახლდეთ ინდივიდუალური ან ოჯახური უფლება და შესაძლებელია მისი განაწილება მშობლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს შრომის კოდექსი და არც კანონი საჯარო სამსახურის შესახებ არ ცნობს ტერმინებს „დედობის”, “მამობის” ან „მშობლის” შვებულება. არსებობს მხოლოდ შემდეგი ტერმინოლოგია: „ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის შვებულება“, რაც აპრიორი ასოცირდება დედებისათვის განკუთვნილ შვებულებასთან. Google Translate-ც კი ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტერმინს „დეკრეტულ შვებულებას“ (რომელიც გენდერულად ნეიტრალური ტერმინია) სტერეოტიპულად თარგმნის როგორც maternity leave.

შვებულების პოლიტიკა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მცირედით განსხვავდება. საჯარო სექტორში „ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის შვებულებისათვის“ მაქსიმუმ 730 დღეა განსაზღვრული (ეს შვებულება ფორმალურად შეუძლია გამოიყენოს როგორც დედამ, ისე – მამამ) და აქედან 183 დღე ანაზღაურებადია. გარდა ამისა, საჯარო სექტორის შემთხვევაში, ამ პერიოდში მშობელი მიმდინარე ხელფასის 100%-ს იღებს. მოქმედი კანონმდებლობით, დედისა და მშობლისათვის განკუთვნილ შვებულებას შორის განსხვავება არ არსებობს. თუმცა არსებული კანონმდებლობით, თუ დედამ ერთი დღით მაინც აიღო შვებულება ბავშვის მოვლის მიზნით, მამას ავტომატურად ერთმევა ასეთი შვებულების აღების უფლება. გამოდის, რომ ფაქტობრივად, დედები წყვეტენ, თუ როგორ გაანაწილონ დღეები ორსულობას, მშობიარობის შემდგომ პერიოდსა და ბავშვის მოვლისთვის საჭირო დროს შორის.

კერძო სექტორისთვის არსებული კანონმდებლობა ძირითადად საჯარო სექტორის შესახებ კანონს იმეორებს – არ არსებობს განსხვავება დედებისა და მამებისათვის განკუთვნილ შვებულებას შორის და მთლიანი და ანაზღაურებადი დღეების რიცხვიც იგივე რჩება. თუმცა მთავარი განსხვავება მაქსიმუმი ანაზღაურების რაოდენობაშია, რაც 1000 ლარს შეადგენს და იმას ნიშნავს, რომ შვებულებაში მყოფი დასაქმებული პირი სრულ ხელფასს იღებს, თუმცა კომპენსაცია მთლიანი შვებულების მანძილზე მაქსიმუმ 1000 ლარით შემოიფარგლება. ამ თანხას მთავრობა იხდის და კერძო სექტორი ვალდებული არ არის, თანამშრომლებს დამატებითი კომპენსაცია გადაუხადოს.

საზოგადოების დაბალი ცნობიერებაც გარკვეულწილად, ალბათ, ტერმინოლოგიის ბუნდოვანი განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც შვებულებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და კანონმდებლობაში გვხვდება. გარდა ამისა, არსებული სისტემა მამებს სირთულეებს უქმნის შვებულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაშიც. შედეგად, საქართველოში თითქმის არცერთი მამა არ იყენებს ბავშვის მოვლის შვებულებას.

ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვის მოვლის მიზნით შვებულების პოლიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. 28 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 18-ს აქვს მამობის შვებულება და მისი საშუალო ხანგრძლივობა 12.5 დღეს შეადგენს (დაწყებული 1 დღიდან იტალიაში, დამთავრებული 64 დღით სლოვენიაში). ანაზღაურება, როგორც წესი, მამობის შვებულების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და მოკლე პერიოდი, როგორც წესი, სრულად ანაზღაურდება; 13 ქვეყანა მიმდინარე ხელფასს 100%-ით ანაზღაურებს. რაც შეეხება მშობლის  შვებულებას, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული და მისი საშუალო ხანგრძლივობა 87 კვირას შეადგენს (ყველაზე მცირე 18 კვირა კვიპროსში და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი თითოეული მშობლისათვის – 2 წელი საბერძნეთში). ანაზღაურება მიმდინარე შემოსავლის 25%-დან 100%-მდე მერყეობს და მხოლოდ 6 ქვეყანაში არ არის გათვალისწინებული არანაირი ანაზღაურება (ზოგიერთი ქვეყანა მშობლებს ფიქსირებულ თანხას სთავაზობს, რომელიც ყველაზე მცირე ნიშნულს, 139 ევროს პოლონეთში აღწევს, ხოლო მაქსიმუმს, 1778 ევროს – ლუქსემბურგში). საქართველოსთან შედარებით, სადაც შვებულების ანაზღაურება მხოლოდ სამთავრობო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დამატებითი ანაზღაურება კერძო სექტორში კომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ევროკავშირის ქვეყნებში ეს თანხები ძირითადად სადაზღვევო ფონდებიდან მოდის, რომლებსაც ორივე მხარე – დასაქმებული და დამსაქმებელი – აფინანსებს.

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პოლიტიკის მიუხედავად, საშუალოდ, მამების მხოლოდ 10% სარგებლობს მშობლის შვებულებით (მამობის შვებულების შესახებ მონაცემები არ არსებობს) და ეს მაჩვენებელი 0.02%-დან (საბერძნეთი) 44%-მდე (შვედეთი) მერყეობს. ამ მაჩვენებლების ახსნა რამდენიმე ფაქტორითაა შესაძლებელი. მათ შორისაა დაბალი ანაზღაურება მამობის და მშობლის შვებულების შემთხვევაში; შვებულების დაბალი მოქნილობა დროსთან მიმართებაში; მკაცრი კრიტერიუმები (თვითდასაქმებული მამების ან ისეთი მამების შემთხვევაში, რომელთაც მუშაობის არასტაბილური ისტორია აქვთ); კულტურული ნორმები და აღქმა გენდერული განსხვავებების შესახებ.

გენდერულ როლები, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საქართველოში მამაკაცებს ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებით სარგებლობაში აბრკოლებს. კვლევაზე „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ (UNFPA, 2014 წ.) დაყრდნობით, მამაკაცების 30%-42% არასოდეს უმზადებს საჭმელს, არ უცვლის საფენებს და არ აბანავებს 0-დან 6 წლამდე ბავშვებს. იმ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც შვილის მოვლაში მონაწილეობას ყოველდღიურად იღებენ, 18%-ზე დაბალია. იმავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 89% (ქალთა და მამაკაცთა თანაბარი რაოდენობა) მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი პასუხისმგებლობა ოჯახზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მამაკაცები არამხოლოდ არსებული „დისკრიმინაციული“ კანონმდებლობისა და ინფორმაციის ნაკლებობის, არამედ ჩამოყალიბებული კულტურული ნორმებისა და „ტრადიციული“ ქცევების გამო არ იღებენ შვებულებას ბავშვის მოვლის მიზნით.


რატომ არის მამობის შვებულება მნიშვნელოვანი?

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია,  ხაზი გავუსვათ იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მამების მიერ შვებულებით სარგებლობის პოპულარიზაცია?

უნდა აღინიშნოს, რომ მამების მიერ შვეულების გამოყენების დადებით ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ ეფექტებზე არაერთი კვლევა მიუთითებს. მამების მიერ ბავშვის მოვლის შვებულების აღების ხელშეწყობით პოლიტიკოსები ცდილობენ საოჯახო საქმისა და ბავშვზე ზრუნვის ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარ გადანაწილებას, რითიც დედების სამსახურში დროულად დაბრუნებასა და იმ გარემოებების გათანაბრების მიღწევა სურთ, რომელთა პირობებშიც ქალებსა და მამაკაცებს შრომის ბაზარზე შესვლა უწევთ. მამების მიერ შვებულებით სარგებლობის ზრდა ამცირებს ე.წ. „დედობის ჯარიმასაც“, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად ტოვებენ სამსახურს შვილის შეძენის შემთხვევაში (მიანი და ჰურენსი, 2014 წ.). გარდა ამისა, როდესაც ქალები მშობიარობის შემდეგ მალევე ახერხებენ შრომით ბაზარზე დაბრუნებას, ხშირად ისინი დაბალი ხარისხის, ნახევარგანაკვეთიან, უფრო დაბალი ხელფასებისა და კარიერული განვითარების მწირი შესაძლებლობების მქონე სამსახურს თანხმდებიან (კრომპტონი, 2006 წ.). ეს კონცეფცია ცნობილია „ბავშვის ჯარიმის“ სახელითაც, რომელიც ხშირად გენდერული ნიშნით ხელფასებში განსხვავებასაც (Gender Pay Gap – GPG) ზრდის. აქედან გამომდინარე, მამების მიერ შვებულების უფრო ხშირი გამოყენება დედებისათვის „ბავშვის ჯარიმას“ ამცირებს, დედები სრულგანაკვეთიან სამსახურს უფრო მალე უბრუნდებიან და, შედეგად, მცირდება GPG-ც. მამების მიერ შვებულების გამოყენების ნაკლებობა გენდერულ განსხვავებებს იწვევს საპენსიო დანაზოგების შემთხვევაშიც; ეს განსხვავება ევროკავშირში დაახლოებით 40%-ს აღწევს. მამების მიერ შვებულების გამოყენების ზრდა იწვევს კარიერის დროებითი წყვეტების და ქალთა ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შემთხვევების შემცირებას ქალებში, რაც პოტენციურად იწვევს GPG-ის შემცირებას  (საპენსიო გენდერული განსხვავების ყველა უმთავრესი მიზეზი), რადგან მცირდება ქალების მიერ გამოყენებული შვებულების ხანგრძლივობაც (ევროკომისია, 2014 წ.).

აღსანიშნავია, რომ მამების მიერ შვებულების გამოყენების ზრდა დადებით გავლენას ახდენს რიგ სოციალურ საკითხებზეც. პირველ რიგში, თანაბრდება ანაზღაურებადი დასაქმების გადანაწილება, აუნაზღაურებელი ზრუნვა ბავშვზე და საოჯახო საქმეები ქალსა და მამაკაცს შორის, რასაც, თავის მხრივ, საქმიან და პირად ცხოვრებას შორის გაუმჯობესებულ ბალანსამდე მივყავართ. გარდა ამისა, მამების უფრო მეტი ჩართულობა ბავშვების აღზრდის საკითხებში დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ ურთიერთობებზე და მამებსა და შვილებს შორის კავშირის გამყარებაზე (ჰუერტა და სხვ., 2015 წ.). დამატებით შეიძლება ითქვას, რომ მამების ჩართულობა შვილების მოვლაში ქალებს აძლევს სტიმულს, მეტი შვილი გააჩინონ, რაც ზრდის შობადობის მაჩვენებლებს და პოზიტიურ დემოგრაფიულ პროგნოზებამდე მივყავართ (დუვანდერი და ანდერსონი, 2006 წ.).

 

მამების მიერ შვებულების გამოყენების ზრდის ასეთი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგები საქართველოს შემთხვევაშიც რელევანტურია. შესაძლებელია შემცირდეს საკმაოდ დიდი გენდერული განსხვავება ხელფასებში (საქართველოში ქალთა ხელფასები საშუალოდ, 64%-ით დაბალია მამაკაცთა ხელფასებთან შედარებით). სავარაუდოდ, შემცირდება გენდერული თანასწორობის მიღწევასთან დაკავშირებული რისკებიც ახლად შემოღებული საპენსიო ფონდის შემთხვევაშიც და გაუმჯობესდება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა.

დაბოლოს, მინდა, პოტენციურ მამებს მარტივი კითხვა დავუსვა: ამ ყველაფრსი გათვალისწინებით, ისარგებლებდით თუ არა შვილის მოვლის მიზნით მამებისათვის განკუთვნილი შვებულებით?

გამოყენებული ლიტერატურა

Blum, S., Koslowski, A., & Moss, P. (2017). International Review of Leave Policies and Related Research 2017.

Crompton, R. (2006). Employment and the Family The Reconfiguration of Work and Family Life in Contemporary Societies. Cambridge University Press.

Duvander, A., & Andersson, G. (2006). Gender Equality and Fertility in Sweden. Marriage & Family Review, pp. 39 (1–2): 121–142.

European Parliament. (2014). A new strategy for gender equality post 2015. European Parliament.

UNFPA. (2014). MEN AND GENDER RELATIONS IN GEORGIA. Tbilisi.

Van Belle, J. (2018). Paternity and parental leave policies across the European Union. RAND Europe.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019

Captcha Image

Our Partners