ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპიდემია სომხეთის შრომის ბაზარზე

სტატია ეფუძნება საველე კვლევებსა და ინტერვიუებს IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ექსპერტებთან.

განვითარებული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ასეთი სწრაფი განვითარების პირობებში, ონლაინ სამყაროს ცვალებადმა ხასიათმა ჩვენი ცხოვრებაც მკვეთრად შეცვალა. ეჭვგარეშეა, რომ წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების მეშვეობით, არაჩვეულებრივი და საჭირო რესურსები შეიქმნა, რამაც ნებისმიერი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერულმა პროგრამებმა მსოფლიო მოიცვა და რასაკვირველია, IT სფეროს პროფესიონალებისათვის ეს არაჩვეულებრივია. IT პროფესიონალები მხოლოდ Faceebok-სა და Google-ს არ სჭირდება. თითქმის ყველა სფერო დამოკიდებული ხდება ისეთ ადამიანებზე, რომელთაც კოდების წერა შეუძლიათ. ამ მოსაზრებას სტატისტიკაც ამყარებს; აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს კარიერული ზრდა 2014-დან 2024 წლამდე 17%-ს მიაღწევს. ზრდის ეს ტემპი გაცილებით მაღალია სხვა პროფესიებთან შედარებით. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები მომდევნო ათი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, ახლა საუკეთესო დროა, დეველოპერი გახდე.

*  *  *

რამდენიმე თვის წინ, ერთ სტატიას გადავაწყდი, სადაც ერევანი ნიუ-იორკთან, სან ფრანცისკოსა და სინგაპურთან ერთად ტექნოლოგიური კარიერის შესაძლებლობების მხრივ საუკეთესო ქალაქების სიაში იყო მოხსენიებული. სტატიაზე დაყრდნობით, „კვლევამ აჩვენა, რომ 2025 წლამდე, მოთხოვნა პროგრამისტებზე სომხეთში გასამმაგდება და 30 000-ს მიაღწევს“. ამ საკითხზე ყურადღებას მსოფლიო ბანკიც ამახვილებს: „სომხეთში IT კომპანიების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე გაიზრდება მოთხოვნა IT სპეციალისტებზეც“ (IT უნარების შეფასება სომხეთში, მსოფლიო ბანკი 2014 წ.).

არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მე და ჩემი უმცროსი ძმა (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი) მის განათლებასა და კარიერული შესაძლებლობებზე ვსაუბრობდით. მას ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია გავუზიარე და ვუთხარი, რომ ამჟამად, IT სპეციალისტებზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სპეციალობაზე და ეს უკვე 5-7 წელია ასეა. ამიტომ მასაც შევთავაზე, მისი უნარების გამოყენება IT სფეროში ეცადა. ვუთხარი, რომ მარტივად შეეძლო პროგრამული ენების ან თავად ან მოკლე (6-თვიანი) კურსების გავლა. საუბარი აქ შევწყვიტეთ; თუმცა ცოტა ხანში თავადაც დავფიქრდი: რამდენად კარგი რჩევა მივეცი ჩემს ძმას?


რატომ იზიდავს IT სექტორი ამდენ ადამიანს?

სომხეთის ერთ-ერთ კომერციულ ბანკში მუშაობისას (რამდენიმე წლის წინ) ფინანსისტი, სახელად ვაჰაგი გავიცანი, რომელიც მაშინ „უსაფრთხოების ბაზრის ოპერაციების“ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ვაჰაგის კარიერული მიზანი IT-ის სპეციალისტობა იყო. „წარმოიდგინე, ფიზიკური ძალის გამოუყენებლად შემიძლია კოდი დავწერო და მეორე წამს, ეკრანზე მორბენალი რამ გამოჩნდეს; რა მაგარია, არა?“ – მითხრა ვაჰაგმა და დაამატა, რომ IT სფერო უსასრულო შემოქმედებითობის სამყაროა. ერთ წლის შემდეგ ვაჰაგი სამსახურიდან წამოვიდა და მისი ოცნების სფეროშ გადაინაცვლა. დღეს ვაჰაგი 30-ს გადაცილებული ახალგაზრდა და უკვე უფროსი IT სპეციალისტიც გახლავთ; მან საწადელს მიაღწია!

სულ რამდენიმე დღის წინ, ვაჰაგს ვესაუბრებოდი და ჩემი ბოლოდროინდელი კითხვები მასაც დავუსვი, „რატომ იცვლის ამდენი ადამიანი პროფესიას და IT სფეროში ინაცვლებს? ეს უბრალოდ წინა სამსახურში წარუმატებლობის გამო ხდება თუ სომხეთში IT სექტორი მართლა ისეთი მიმზიდველი გახდა, რომ ნულიდან დაწყების პრობლემაც აღარავის აწუხებს?“ და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა: „რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროფესია ყველასთვის? ყველას შეუძლია გახდეს IT სპეციალისტი?“

რა გამოწვევები ახლავს თან გადამზადების პროცესს?

ჰაიკი კომუნიკაციების სომხურ-ინდურ სასწავლო ცენტრში (ICT) მასწავლებელია და ჩემი ჰიპოთეზა მანაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი პროფესიას იცვლის და კერძო კურსებს გადის. მან გამიმხილა, რომ კვირაში 6 საათს სტუდენტებთან ატარებს. მას სჯერა, რომ IT სფეროში პროფესიონალიზმის მისაღწევად დღეში 6-8 საათი მაინც  უნდა დაუთმო დავალებების კეთებას და ერთი ამდენი დრო საკუთარი ინიციატივითაც უნდა იმეცადინო. ასეთი მომზადების გარეშე IT პროფესიონალად ქცევის მიზანი კრახისთვისაა განწირული. 

25 წლამდე ვაჰაგი, რომელსაც სწავლა ახალი დამთავრებული სულაც არ ჰქონდა, ორი არჩევანის წინაშე იდგა: ან თავად უნდა ესწავლა ან მოკლევადიანი (უმეტესად 6-თვიანი) კურსი გაევლო ერთ-ერთ ისეთ სასწავლო ცენტრში, როგორიცაა ინფორმაციული კომუნიკაციების სომხურ-ინდური სასწავლო ცენტრი (ICT), Microsoft-ის ინოვაციების ცენტრი სომხეთში (MIC), ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების ცენტრი (ISTC) და ა.შ. ასეთი კურსები დამწყებ მსურველებს პროგრამირების საფუძვლებს ასწავლის. როგორც ვაჰაგმა ამიხსნა, მხოლოდ ამ კურსების გავლა საკმარისი არ არის: „ასეთ კურსებზე ან მხოლოდ საბაზისო და მარტივი მასალა ისწავლება ან მარტივიდან რთულზე გადახტომა ისე უცბად ხდება, რომ პროგრამის მიყოლა ძნელდება“. მაშინაც კი, როდესაც ვინმე ამ კურსებს გადის, ძალიან დიდი დრო სჭირდებათ დამოუკიდებლად მეცადინეობისათვის“. ვაჰაგმა მითხრა, რომ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემეცადინა. ათასობით ვიდეოს უყურა, დღე და ღამე სხვადასხვა ლიტერატურას კითხულობდა და ცოდნას ასე იღრმავებდა. ოთხი წლის შემდეგ, ჯერ დამწყების პოზიციაზე დასაქმდა, ახლა კი უფროსი სპეციალისტია. გარდა ამისა, ვაჰაგმა ხაზი გაუსვა, რომ მისი კოლეგების 90%-იც შრომისმოყვარე, თვითნასწავლი პროგრამისტებითაა დაკომპლექტებული.

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ პროფესიის შესწავლა სხვა პროფესიის ადამიანებსაც შეუძლიათ. თუმცა წარმატება მათი ძალისხმევის პირდაპირპროპორციულია. „მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომელთაც ფუნდამენტური განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მსგავს სპეციალობებში აქვთ მიღებული, IT სექტორს უფრო მეტად გააძლიერებენ, ვიდრე ისინი, ვინც მოკლევადიან კურსებს გადიან“, – მითხრა ვაჰაგმა.


IT სექტორის რა უპირატესობები უბიძგებს ადამიანებს პროფესიის შეცვლისაკენ?

როგორც ვაჰაგმა და სხვა IT ექსპერტებმა აღნიშნეს, რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

• მაღალი ხელფასები;

• სამართლიანობა IT სექტორში;

• ბაზარზე შეღწევის სიმარტივე;

• IT პროფესია ყველასათვის ხელმისაწვდომია.

საშუალო ნომინალური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, იანვარ-დეკემბერი, 2018 წელი
IT $800
საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დახმარება $500
მშენებლობა $400
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება $300
განათლება $250
 წყარო: armstat.am

იმისათვის, რომ ეს საკითხები განვიხილოთ, თითოეული მათგანის გაანალიზებაა საჭირო. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის აუთსორსინგის კუთხით სომხეთი ჯერ კიდევ დაბალხარჯიან ქვეყნად მიიჩნევა, (ინდუსტრიული მდგომარეობის ანგარიში: ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციების სექტორი სომხეთში, საწარმო ინკუბატორი, 2018 წ.), ხელფასები IT სფეროში საკმაოდ მაღალია (დამწყები IT სპეციალისტის ხელფასი 350 აშშ დოლარია, საშუალო დონეზე მომუშავე IT სპეციალისტის – 700 აშშ დოლარი, ხოლო უფროსი სპეციალისტის ხელფასი 1500 აშშ დოლარს აღწევს) სხვა სექტორებთან შედარებით და ზოგჯერ იმაზე ბევრად მიმზიდველიც კი, ვიდრე  ევროპაში. წარმოიდგინე გადამზადებული IT პროფესიონალი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა და ახლა IT სფეროში გადაინაცვლა. თანახმა იქნება ის იმუშაოს დამწყებ პოზიციაზე, სადაც უფრო ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ბანკში მუშაობისას? პასუხი მარტივია: დამწყები IT სპეციალისტი გამოცდილების გარეშე იმდენს მაინც გამოიმუშავებს, რამდენსაც გადამზადებული კადრი ხუთი წელი საბანკო სექტორში მუშაობის შემდეგ. ცხადია, მაღალი ხელფასები ამ სექტორისადმი მაღალი ინტერესის უმთავრესი მიზეზია.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, IT სექტორი სამართლიანობით გამოირჩევა. როგორ უნდა გავარჩიოთ ცუდი პროგრამისტი კარგისგან? როგორ შეიძლება შევაფასოთ პროგრამისტის მუშაობის ხარისხი? უმეტესწილად, პროგრამისტის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მის მიერ დაწერილ კოდზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე,  არაპროფესიონალ პროგრამისტთა რიცხვი, რომლებიც უფროს სპეციალისტობას აღწევენ, ძალიან მცირეა. შესაბამისად, ყველა ისეთ კარიერულ წინსვლას აღწევს, რასაც იმსახურებს. აქედან გამომდინარე, IT სექტორი მართლაც სამართლიანობით გამოირჩევა და ეს ადამიანებს მეტ მოტივაციას აძლევს, კიდევ უფრო დაიხვეწონ და საკუთარი უნარები უკეთ წარმოაჩინონ.

ბაზარზე შეღწევადობის სიმარტივე: არიან თუ არა განათლებით IT სპეციალისტები და გადამზადებული კადრები ერთსა და იმავე სიტუაციაში?

ვისაც სომხეთის შრომის ბაზართან შეხება ჰქონია, ეცოდინება, როგორია, როდესაც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ არანაირი გამოცდილება არ გაქვს. დამსაქმებლები, როგორც წესი, კანდიდატებს საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, თავდაპირველად აუნაზღაურებელ სამუშაოს სთავაზობენ. შეუძლია თუ არა გადამზადებულ IT სპეციალისტს, რომელიც ალბათ 25-ს გადასცდა, ერთი სამსახურიდან უკვე წამოვიდა და ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახი ჰყავს სარჩენი, ასეთ პირობებზე დათანხმება? ალბათ, გადამზადებული კადრების შემთხვევაში ეს ძნელი წარმოსადგენია!

ამ მოსაზრების შესამოწმებლად, გადავწყვიტე ისევ IT ექსპერტებისთვის მიმემართა. როგორც ჩანს, გარდა ფორმალურ ბაზარზე დასაქმებისა, დამწყებ IT პროფესიონალებს კიდევ ერთი არჩევანი აქვთ – შრომის არაფორმალური ბაზარი – ე.წ. ფრილანსერობა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მრავალი IT სპეციალისტი (მათი განათლებისა და მონაცემების მიუხედავად) კარიერას მარტივად, ფრილანსერული სამსახურებით იწყებს. ამგვარად, ისინი საჭირო გამოცდილებას იღებენ და შემდგომ უფრო მარტივად შეუძლიათ ფორმალურ შრომის ბაზარზე, სხვადასხვა IT კომპანიებში გადანაცვლება. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ კარიერისა და განათლების მიუხედავად, ყველას, ვისაც საჭირო ცოდნა და უნარები გააჩნია, შანსი აქვს, დაიწყოს კარიერა IT სექტორში. გარდა ამისა, აუნაზღაურებელი შრომა ამ სექტორში გამონაკლისს წარმოადგენს, ამიტომ ბაზარზე შესვლის მონეტარული დაბრკოლებები საკმაოდ მცირეა.

IT პროფესია ყველასათვის ხელმისაწვდომია

მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთში IT უნარების შეფასებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიური კომპანიების 87% IT კომპანიებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 13% მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ. ამ ორს შორის განსხვავება შემდეგია:

IT კომპანიები ჩართულნი არიან კომპიუტერული პროგრამებისა და სისტემების შექმნაში, ვებ და მობილურ პროგრამირებაში;

მაღალტექნოლოგიური კომპანიები იმ პროგრამებისა და ტექნიკის განვითარებით არიან დაკავებულნი, რომლებიც საჭიროა ძრავების, დანადგარებისა და ავტომატიზებული სტრუქტურების შესაქმნელად.

სომხეთში ფუნქციონირებადი კომპანიების უმეტესობა პირველზე, პროგრამებისა და ვებ დეველოპმენტზეა კონცენტრირებული. როგორც ვაჰაგმა და სხვა ექსპერტებმა ამიხსნეს, პროგრამირების ენების უმეტესობა მაღალი დონის ენებს წარმოადგენს და IT სპეციალისტები კომპიუტერულ ტექნიკასთან არ მუშაობენ. პროგრამირების ამ ენების შესწავლის სიმარტივე  ადამიანების IT სფეროსადმი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

*  *  *

დაბოლოს, დავუბრუნდეთ ჩემი უმცროსი ძმისთვის (რომელიც მალე სწავლას დაამთავრებს) მიცემული რჩევის გონივრულობის საკითხს. ამ ისტორიის მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაო გამოცდილების არმქონე ადამიანისათვის IT სფეროში გადანაცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ ამ პროფესიის შესწავლას საკმარის დროსა და ძალისხმევას დაუთმობს; მხოლოდ ასე მიაღწევს წარმატებას და არ დარჩება დამწყებ პოზიციაზე.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

Captcha Image

Our Partners