ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

როცა ფეხბურთი ფინანსებს ხვდება, განათლება იგებს

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა, რაც ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. ჯგუფები თითქმის დაკომპლექტებულია, ახალი მაისურები უკვე იყიდება და გულშემატკივრებიც ამზადებენ ფეხბურთის საყურებელ ადგილებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტრადიუცილი მზადებაა. თუმცა ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთმა გავლენა მოახდინა განათლებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსურ განათლებაზე. კითხვაზე, რა კავშირშია ერთმანეთთან ფეხბურთი და ფინანსური განათლება, პასუხი არის ფინანსური ფეხბურთი. სანამ თამაშში საკუთარი თავის გამოცდას დააპირებთ, ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით. ფინანსური ფეხბურთი არის VISA-ს პროექტი, რომელიც მსოფლიოს თითქმის 40 ქვეყანაში ხორციელდება. ეს არის ინტერაქტიული თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს (და არამხოლოდ), თან გაერთონ და თან საკუთარი ფინანსური ცოდნა შეამოწმონ. გასულ კვირას VISA-მ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ფინანსური ფეხბურთის ქართული ვერსია. გახსნის ღონისძიება პანელური დისკუსიით დაიწყო, სადაც პანელისტებმა ფინანსური განათლების პოპულარიზებისთვის გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრეს. მათ ისიც აღნიშნეს, რომ დღემდე საფუძვლიანად არც ერთი ფინანსური განათლების პროგრამის ეფექტიანობა არ  შეფასებულა. სწორედ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა უკვე პილოტირებული ფინანსური განათლების პროექტის ეფექტიანობის შეფასება.

მოდით, ცოტა ხნით დავივიწყოთ ფინანსური ფეხბურთი, რადგან ის სულ ახლახანს დაიწყო და ამ ეტაპზე კვლევის ჩატარება შეუძლებელია. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წყალობით, გვაქვს სკოლა-ბანკი, ფინანსური განათლების პროექტი, რომელიც კვლევას ნამდვილად  საჭიროებს.

სკოლა-ბანკი არის პროექტი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა Child and Youth Finance International-სა (CYFI) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განავითარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებს და მისცეს მათ წვდომა შესაბამის საბანკო პროდუქტებსა და ეკონომიკურ-სამოქალაქო განათლებაზე.

როგორც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაშია ხაზგასმული, ფინანსური განათლების საფუძველი ადრეულ ასაკშივე უნდა ჩაიყაროს, რადგან ამ ასაკში უფრო ადვილია პირადი ფინანსების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი ჩვევად ქცევა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალგაზრდების ფინანსურ განათლებაში ინვესტიციის განხორციელებით შესაძლებელი ხდება სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც აუცილებელია უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მაგალითად, სეკიტამ (Sekita, 2011) შეაფასა ფინანსური განათლების პროგრამის დადებითი გავლენა იაპონურ სკოლებში და დაადგინა, რომ, თუ ადამიანები ბავშვობაში რეგულარულად აკეთებენ დანაზოგს, მეტი შანსია, ზრდასრულ ასაკში უკვე ჰქონდეთ პენსიაზე გასვლის კონკრეტული გეგმა.

2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სკოლა-ბანკის პილოტირება მოხდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის 11 საჯარო სკოლაში. სკოლა-ბანკის საპილოტე პროექტი ძირითადად აქცენტს აკეთებდა სწავლების კომპონენტზე. სწავლების მოდულში შედიოდა 15 საკითხი, რომლებიც ეხებოდა პირად ფინანსებს, მომხმარებლის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს და საბანკო სექტორთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

სკოლა-ბანკის პროექტის ეფექტიანობა შეფასდა პრე და პოსტ ტესტების საშუალებით. ფინანსური განათლების დონის შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგია გულისხმობს ფინანსური განათლების შესახებ კითხვებზე სწორი პასუხების რაოდენობას (Hung et al. (2009), Kalwij et al. (2017)). ჩვენ შემთხვევაშიც, ფინანსური განათლება შევაფასეთ ფინანსური განათლების 6 შეკითხვაზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობის მიხედვით.

შეკითხვა 1. დამოკიდებულება: მე ვფიქრობ, რომ ფულის დაზოგვა სასარგებლოა;

შეკითხვა 2. ქცევა: მე რეგულარულად ვინახავ ფულს უსაფრთხო ადგილას;

შეკითხვა 3. ქცევა: ყოველთვის ყურადღებით ვგეგმავ, თუ როგორ და რაში დავხარჯო ფული;

შეკითხვა 4. ცოდნა: მე ვიცი თუ რას გულისხმობს ძირითადი ფინანსური ცნებები, როგორიცაა დეპოზიტი და საბანკო ბარათები;

შეკითხვა 5. ცოდნა: დავუშვათ, რომ 10 მეგობარს  250 ლარი და 50 თეთრი მისცეს. თუკი მეგობრებმა თანაბრად უნდა გაიყონ ეს თანხა, რამდენი შეხვდება თითოეულ მათგანს?

შეკითხვა 6. ცოდნა: დავუშვათ, რომ დეპოზიტზე განათავსე 100 ლარი, ხოლო   საპროცენტო განაკვეთი წლიური  2%-ია. რა თანხა დაგიგროვდება დეპოზიტზე 5 წლის შემდეგ თუ თანხას ამ პერიოდის განმავლობაში ხელს არ ახლებ?

1-4 შეკითხვები არის ლიკერტის სკალით გაზომილი(ეს სკალა გამოიყენება ამა თუ იმ საკითხისადმი ადამიანთა დამოკიდებულების საჩვენებლად), რომლებზე პასუხებიც შეიძლება იცვლებოდეს საერთოდ არ ვეთანხმებიდან სრულად ვეთანხმებიმდე. ისეთი პასუხები, როგორიცაა „ვეთანხმები“ და „სრულად ვეთანხმები“ ითვლება „სწორ“ პასუხებად, ხოლო „საერთოდ არ ვეთანხმები,“ „არ ვეთანხმები“ და „სულ ერთია“ პასუხები ითვლება „არასწორ“ პასუხებად. ეს 6 შეკითხვა მოიცავს ფინანსური განათლების სამივე კომპონენტს. ესენია: ფინანსური დამოკიდებულება, ფინანსური ქცევა და ფინანსური ცოდნა.

გრაფიკი 1. სწორი პასუხების განაწილება პრე-ტესტის შემთხვევაში (მონაწილეობა მიიღო 232 რესპონდენტმა)

პრე-ტესტის შედეგების მიხედვით, ფინანსური განათლების განაწილება აჩვენებს, რომ სტუდენტების უმეტესობამ კითხვებს სწორად უპასუხა. განაწილება მარცხენა მხარეს იხრება, მხოლოდ ერთმა სტუდენტმა უპასუხა არასწორად ყველა შეკითხვას. საშუალოდ, შეკითხვების 68%-ზე მივიღეთ სწორი პასუხები, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ექვსიდან ოთხ კითხვაზე გაიცა სწორი პასუხი.

მონაცემები არ გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო დახვეწილი მეთოდები გამოვიყენოთ; თუმცა აქცენტს ვაკეთებთ საშუალო მნიშვნელობების შედარებებზე, რათა სკოლა-ბანკის პროექტის ეფექტიანობა შევაფასოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრე და პოსტ-ტესტების პასუხების რაოდენობა განსხვავებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ 232 სტუდენტი კი ჩაერთო სკოლა-ბანკის პროექტში, მაგრამ მხოლოდ 161 დაამთავრა კურსი. კლასის დატოვების ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგების ინტერპრეტაციაზე. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ჩვენ შევაფასეთ ფინანსური განათლების დონე სკოლა-ბანკის პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სხვადასხვა ქვეჯგუფში. საშუალოდ, ფინანსური განათლების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა-ბანკის პროექტის შემდეგ, მოსწავლეებმა ფინანსური განათლების შესახებ კითხვების 77%-ს უპასუხეს სწორად, მაშინ, როდესაც სკოლა-ბანკის პროექტის დაწყებამდე იგივე მაჩვენებელი 68% იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური განათლების ასეთ გაუმჯობესებას განაპირობებს ფინანსური ცოდნისა და დამოკიდებულების მკვეთრი გაუმჯობესება, თუმცა გავლენა ფინანსურ ქცევაზე (პასუხები კითხვებზე: მე, რეგულარულად, ვინახავ ფულს უსაფრთხო ადგილას და ყოველთვის ყურადღებით ვგეგმავ, თუ როგორ და რაში დავხარჯო ფული) ძალიან შეზღუდულია. ეს შედეგები თანხმობაშია უკვე არსებულ კვლევებთან (Batty et al. (2015), Kalwij et al. (2017)), რომლებმაც დაასკვნა, რომ მოკლევადიან პერიოდში ფინანსური განათლების პროგრამები ხელს უწყობს ფინანსური ცოდნისა და დამოკიდებულების გაჩენას, თუმცა დრო სჭირდება იმას, რომ ფინანსური უნარ-ჩვევები ფინანსურ ქცევაში გადავიდეს.

ცხრილი 1. ფინანსური განათლების დონე სკოლა-ბანკის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ (სწორი პასუხების პროცენტული რაოდენობა) სხვადასხვა ქვეჯგუფებში

  საშუალო გოგო ბიჭი დედაქალაქი სხვა ქალაები მე-7 კლასი მე-8 კლასი აქვს დეპოზიტი არ აქვს დეპოზიტი მონაწილეთა რაოდენობა
სკოლა-ბანკის დაწყებამდე 68% 68% 68% 71% 65% 69% 67% 76% 67% 232
სკოლა-ბანკის შემდეგ 77% 77% 76% 84% 71% 80% 74% 77% 77% 161
სხვაობა 9%*** 9%*** 8%*** 13%*** 6%** 11%*** 7%** 1% 10%***  

*** მნიშვნელოვანია 1%-ზე, ** მნიშვნელოვანია 5%-ზე, * მნიშვნელოვანია 10%-ზე

წყარო: ავტორის გამოთვლები

სკოლა-ბანკის პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ბიჭებისა და გოგოების ფინანსური განათლების დონე თითქმის ერთნაირი იყო. ეს საინტერესოა, თუმცა კვლების მეთოდოლოგიის გამო ვერ ვიტყვით, რომ გოგოებსა და ბიჭებს ზოგადად ერთნაირი განათლების დონე აქვთ და რომ გენდერული უთანასწორობა არ არსებობს. სკოლა-ბანკი არ არის სავალდებულო კურსი და მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ იმ მოსწავლეებმა, რომელთაც ეს საკითხი აინტერესებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად შერჩეულ იქნა მოსწავლეები, რომელთაც მსგავსი ინტერესი და მსგავსი საწყისი ფინანსური განათლების დონე აქვთ. ჩვენ დავადგინეთ, რომ ფინანსური განათლების დონე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ორივე ჯგუფში. სკოლა-ბანკის პროექტის დაწყებამდე გოგოებმაც და ბიჭებმაც კითხვების 68%-ს უპასუხეს სწორად, პროექტის დასრულების შემდეგ კი სწორად გაცემული პასუხების რაოდენობა 77%-მდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა-ბანკის პროექტის დაწყებამდე ფინანსური განათლების დონეებს შორის სხვაობა თბილისისა და სხვა ქალაქების (რუსთავისა და მცხეთის) სკოლებს შორის 6 პროცენტული პუნქტი იყო. კურსის დასრულების შემდეგ ფინანსური განათლების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ორივე ქვეჯგუფში. საინტერესო ის არის, რომ საშუალოდ, თბილისის სკოლის მოსწავლეების ფინანსური განათლების დონე უფრო მეტად გაუმჯობესდა (13 პროცენტული პუნქტით), ვიდრე რუსთავისა და მცხეთის (6 პროცენტული პუნქტით). ამგვარად, თბილისისა და სხვა ქალაქების მოსწავლეების ფინანსური განათლების დონეებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ უთანასწორობის ზუსტი მიზეზის დადგენა ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია, საჭიროა მეტი კვლევა, რათა დავადგინოთ, რატომ იყო პროექტი ნაკლებად ეფექტიანი თბილისს გარეთ (სტუდენტების, მასწავლებლების თუ სხვა ადმინისტრაციული თუ ტექნიკური მიზეზების გამო)?

ვინაიდან სკოლა-ბანკი იყო პირველი ფორმალური ფინანსური განათლების კურსი, რომელიც სკოლაში ისწავლებოდა, ჩვენ დავადგინეთ რომ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონე თითქმის ერთნაირია და 67-69%-ს შორის მერყეობს. სკოლა-ბანკის პროექტის შემდეგ, ფინანსური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების დონე უფრო მაღალი იყო მე-7 კლასის მოსწავლეების (11 პროცენტული ერთეულით) შემთხვევაში, ვიდრე მე-8 კლასის მოსწავლეების (7 პროცენტული ერთეულით) შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსწავლეებმა, რომელთაც აქვთ საბანკო დეპოზიტი, საშუალოდ, პრეტესტში კითხვების 76%-ს გასცეს სწორი პასუხი, იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 67% იყო საბანკო დეპოზიტის არმქონე მოსწავლეების შემთხვევაში. სკოლა-ბანკის პროექტის შემდეგ დგინდება, რომ საბანკო დეპოზიტის მქონე მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონე თითქმის არ შეცვლილა, სამაგიეროდ დეპოზიტის არმქონე მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შედეგად, დავინახეთ, რომ სკოლა-ბანკის პროექტის დასრულების შემდეგ, ამ ორი ჯგუფის მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონეები გათანაბრდა.

საბანკო დეპოზიტის ქონასა და ფინანსურ განათლებას შორის დადებით ურთიერთდამოკიდებულებას ადასტურებს ჩვენი ემპირიული მოდელიც. ხელმისაწვდომი მონაცემების სიმწირის გამო, ჩვენ ვერ ვასკვნით, რომ საბანკო ანგარიშის ქონასა და მაღალ ფინანსურ განათლებას შორის არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი, თუმცა მეტი შანსია, რომ საბანკო ანგარიშის მქონე მოსწავლეებს უფრო მეტი ფინანსური განათლება ჰქონდეთ. მეორეს მხრივ, შეიძლება არსებობდეს გარეგანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ როგორც ბავშვების ფინანსურ განათლებას, ისე ბავშვებისათვის საბანკო დეპოზიტის ქონას. არსებული ლიტერატურა ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ სოციალიზაციაზე. ეკონომიკური სოციალიზაცია დიდწილად ეფუძნება ოჯახის როლს ბავშვებისთვის ფულისა და პირადი ფინანსების სწავლებაში (Lunt and Furnhain, 1996). მშობლების როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. მშობლები ეხმარებიან ბავშვებს შემნახველი ანგარიშის გახსნაში და ასწავლიან მათ, რამდენად მნიშვნელოვანია დანაზოგი (Mandel, 2010; Kim et. al, 2011). ამ გადმოსახედიდან, ბავშვების ეკონომიკურ სოციალიზაციაზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს შეიძლება სიმართლე იყოს საქართველოს შემთხვევაშიც. 13-14 წლის ასაკში ისეთ ფინანსურ გადაწყვეტილებას, როგორიცაა საბანკო დეპოზიტის გახსნა, ბავშვები დამოუკიდებლად არ იღებენ, ამისთვის მშობლის თანხმობაა საჭირო. საბანკო ანგარიშის ქონა ნიშნავს, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილებისთვის თანხა დაზოგონ. ამგვარად, ასეთ გადაწყვეტილებას მეტწილად განსაზღვრავს მშობლების და არა ბავშვების ფინანსური განათლების დონე.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ცოდნა გადადის მშობლიდან შვილებზე, არსებული ლიტერატურა ხაზს უსვამს ფინანსურ პროდუქტებზე ადრეული წვდომის მნიშვნელობას ბავშვების ფინანსურ განათლებაში. უფრო კონკრეტულად, როდესაც ბავშვებს უკვე აქვთ დეპოზიტი ბანკში, ისინი იღებენ სარგებელს, რადგან იციან, რომ სარგებელს იღებენ ბანკში მისვლით, როცა თანხას ინახავენ დეპოზიტზე, ითვლიან საპროცენტო შემოსავალს, ეცნობიან ფულის დროით ღირებულებას და ა.შ. (Friedline et. al (2012)).

რომ შევაჯამოთ, სკოლა-ბანკის საპილოტე პროექტი უკვე დასრულდა, თუმცა არაერთი საინტერესო და დასაფიქრებელი შედეგები მოგვცა, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონე. იმედი გვაქვს, VISA-სა და ეროვნული ბანკის ახალი ინსტრუმენტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი მომავალი თაობის უნარ-ჩვევებს, უკეთ მართონ პირადი ფინანსები.

მაშ ასე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატს უყურებთ, მოუწოდეთ თქვენს შვილებს, ითამაშონ ფინანსური ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, აქ წაგებული არავინაა. ყველას გააქვს საკუთარი ფინანსური გოლები.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • Batty, M., Collins, J. M., & Odders‐White. (2015). Experimental evidence on the effects of financial education on elementary school students' knowledge, behavior, and attitudes. Journal of Consumer Affairs49(1), 69-96.
  • Friedline, T., Elliott, W., & Chowa, G. A. (2013). Testing an asset-building approach for young people: Early access to savings predicts later savings. Economics of Education Review33, 31-51.
  • Hung, A., Parker, A. M., & Yoong, J. (2009). Defining and measuring financial literacy.
  • Kalwij, A. S., Alessie, R., Dinkova, M., Schonewille, G., van der Schors, A., & van der Werf, M. (2017). The effects of financial education on financial literacy and savings behavior: Evidence from a controlled field experiment in Dutch primary schools. USE Discussion paper series17(05).
  • Kim, J., LaTaillade, J., & Kim, H. (2011). Family processes and adolescents’ financial behaviors. Journal of family and economic issues32(4), 668-679.
  • Lunt, P., & Furnham, A. (1996). Economic socialization. Edward Elgar Publishing.
  • Sekita, S. (2011). Financial literacy and retirement planning in Japan. Journal of Pension Economics & Finance10(4), 637-656.

მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 20 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners