ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ერთი ნაბიჯით წინ გრძელ გზაზე

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ (4IR –the Fourth Industrial Revolution), კაცობრიობამ ახალ ფაზაში შეაბიჯა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანისათვის 4IR ყოველდღიურ რეალობად იქცა, რომლის მეშვეობითაც იქმნება ბიზნეს შესაძლებლობები, ყალიბდება მთავრობები და ინდივიდები“, – კლაუს შვაბი, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე.

პროფესორი შვაბის ხედვით, 4IR ეს ის მნიშვნელოვანი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის, გენეტიკის, გამოთვლით და სხვა მრავალ დარგში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამყარო სუნთქვისშემკვრელი სისწრაფით იცვლება. სწორედ ამ ხედვაზე დაფუძნებით გვთავაზობს „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ახალ, გლობალური კონკურენციის ინდექს 4.0-ს (GCI 4.0) – სახეცვლილი და გაფართოებული ვერსია გლობალურ გარემოში თანამედროვე კონკურენციის გამოწვევებზე საპასუხოდ შემუშავდა. GCI 4.0 ყურადღებას ამახვილებს ადამიანური კაპიტალის, ინოვაციის, მდგრადობისა და სისწრაფის როლზე, როგორც ეკონომიკური წარმატების მთავარ ფაქტორებზე 4IR-ის პირობებში.

სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ბიზნესის კეთების სიმარტივე (Ease of Doing Business), ადამიანური განვითარების ინდექსი (Human Development Index), კორუფციის აღქმის ინდექსი (Corruption Perception Index) და სხვა მრავალი, GCI 4.0 გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ ყველა კრიტიკულ ფაქტორს მოიცავს. ეს ფაქტორები 12 სხვადასხვა პრინციპს ეფუძნება და ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის ყველა ასპექტს ეხება: ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (Information and Communication Technology) დანერგვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვა, უნარები, პროდუქტის ბაზარი, შრომის ბაზარი, ფინანსური სისტემა, ბაზრის მოცულობა, ბიზნესის დინამიკა და ინოვაციური შესაძლებლობები. ასეთი ყოვლისმომცველი კომპონენტები GCI 4.0-ს ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს არამარტო ისეთი გარე დაინტერესებული ინვესტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორებისათვის, არამედ პოლიტიკის შემქმნელებისა და ფართო საზოგადოებისთვისაც.

უახლესი, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული GCI-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით მხოლოდ ერთი ნიშნულით წაიწია წინ და ახლა  შეფასებულ ქვეყნებს შორის 66-ე ადგილზეა. საქართველო ცოტათი უსწრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს , მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთსა და ყაზახეთს და საერთო ჯამში, ევრაზიის რეგიონში მე-3 ადგილი უკავია. თუმცა საქართველოსთვის საორიენტაციო ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი, სლოვენია და პოლონეთი გლობალური მასშტაბით ლიდერობენ და მხოლოდ აშშ-ს, სინგაპურს, გერმანიასა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩებიან.

1-ელ გრაფიკზე საქართველოს გასული წლის მაჩვენებლებია შეჯამებული. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, რამდენიმე მიმართულებით დინამიკა მაინც საინტერესოა: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.4 %-ით გაიზარდა. ამ დადებითი ცვლილების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ინტერნეტის მომხმარებელთა მატებაა. გარდა ამისა, ბიზნესის დინამიკა წინა წლის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება, რაც გასულ წელს გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, ფინანსური სისტემის მაჩვენებელი გაუარესდა (-2.5%-ით), რაც ძირითადად სარისკო კაპიტალის დაბალი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული.

გრაფიკი 1. საქართველოს შედეგების მიმოხილვა, 2018 წელი

რაც შეეხება აბსოლუტურ მნიშვნელობებს, საქართველოს ქულა და რეიტინგი ბაზრის მოცულობასა და ინოვაციის შესაძლებლობების კომპონენტებში ყველაზე დაბალია. ბაზრის მოცულობის მხრივ დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, მაგრამ ინოვაციის შესაძლებლობის კუთხით 85-ე ადგილი მოულოდნელი და შემაშფოთებელია.

ინოვაციისა და სამეცნიერო კვლევის როლი ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტად მიიჩნევა (Verspagen, 2005; Rosenberg, 2004; Cameron, 1996). გარდა მისი პირდაპირი გავლენისა ეკონომიკურ ზრდაზე, ინოვაციას დადებითი ეფექტები აქვს ეკონომიკის სხვა სექტორებზეც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩავარდნების შესწავლა ინოვაციების შესაძლებლობების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ GCI 4.0-ს მონაცემების მიხედვით საქართველოს ინოვაციის ინდიკატორების უმრავლესობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია, მთლიანი რეიტინგი შთამბეჭდავისგან ძალიან შორსაა. ამ რიცხვებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა სამუშაო ძალის დივერსიფიკაციისა (116-ე ადგილი) და კლასტერული განვითარების (117-ე ადგილი) კუთხით ძალიან დაბალია. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ კატეგორიებში არ ვითარდება, მაგრამ სხვა ქვეყნები გაცილებით უფრო სწრაფ განვითარებაზე ნამდვილად მიუთითებს.

საქართველოს დაბალი მაჩვენებლები ბაზრის ზომასა და ინოვაციის შესაძლებლობებში მნიშვნელოვანია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ქვეყანა შედარებით კონკურენტუნარიან ადგილს იკავებს შრომის ბაზრის (31-ე ადგილი) და ინსტიტუციების (მე-40 ადგილი) კუთხით. შრომის ბაზრის კომპონენტი ისეთ ასპექტებს მოიცავს, როგორებიცაა დაქირავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების პრაქტიკები, ხელფასები, შრომის პოლიტიკა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის გადასახადი 0-ის ტოლია (1-ლი ადგილი), უცხოელის დაქირავება მარტივ პროცესებთანაა დაკავშირებული (მე-6 ადგილი), შტატების შემცირების ხარჯები დაბალია (მე-18 ადგილი) და ზოგადად დაქირავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების პროცესებიც საკმაოდ მარტივია (21-ე ადგილი), საქართველო ამ ასპექტში სხვა ბევრ ქვეყანაზე წინაა.

ინსტიტუციური განვითარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინსტიტუციურ ჩარჩოს უდიდესი გავლენა აქვს ეფექტიანობაზე და ეკონომიკის ზრდის ტემპზე (Scully, 1988). აჯემოღლუ და რობინსონი (2010) მიიჩნევენ, რომ ქვეყნების კეთილდღეობათა შორის განსხვავების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ეკონომიკური ინტიტუტების განვითარების დონეებს შორის განსხვავებაა; აქედან გამომდინარე, საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების სუსტი მიმართულებების გასაძლიერებლად და სირთულეების აღმოსაფხვრელად. GCI 4.0 ფართო დიაპაზონის ფაქტორებს აფასებს (სულ 20), რომლებიც ინსტიტუციური განვითარების ხარისხზე ახდენს გავლენას. ფაქტორი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ყველაზე მაღალ ნიშნულს (მე-3 ადგილს) აღწევს, აქციონერთა მართვაა; ეს მაჩვენებელი აფასებს აქციონერთა უფლებებს კორპორატიულ მმართველობაში. გასაკვირია, მაგრამ ამ კატეგორიაში ყაზახეთი მსოფლიო ლიდერია. დადებითი დინამიკა შეინიშნება სახელმწიფო რეგულაციების ტვირთის მიმართულებითაც (საქართველო აქ მე-10 ადგილზეა).

GCI 4.0-ის შემოღებით ქვეყნების შეფასების ხანგრძლივ ისტორიაში პირველად „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“  ინსტიტუციური განვითარების ახალი საზომი – სოციალური კაპიტალი შემოიღო. ახალი რეიტინგების მიხედვით, ეს სფერო საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სისუსტეა, რომელშიც ქვეყანა 126-ე ადგილს სჯერდება. სოციალური კაპიტალის სხვადასხვა განმარტებები არსებობს, მაგრამ პუტნამი (2000) მას  შემდეგნაირად განმარტავს: „კავშირები ადამიანებს შორის –სოციალური ქსელები და ორმხრივი ურთიერთნდობის ნორმები, რომლებსაც ეს კავშირები ეყრდნობა“. სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვანია, რადგან, მას „კატალიზატორის“ ფუნქცია გააჩნია და წარმოების სხვა ფაქტორების ეფექტიანობას აუმჯობესებს. ასე რომ, სიტყვა „კაპიტალი“ ცნებაში „სოციალური კაპიტალი“ ხაზს უსვამს სოციალური ქსელების როგორც ეკონომიკური შემოსავლისა და გაუმჯობესებული კეთილდღეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.

GCI 4.0-ს სოციალური კაპიტალის კომპონენტი ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსს ეფუძნება, რომელიც Gallup World Poll-ის მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნებს შემდეგი სამი სფეროს მიხედვით აფასებს:

• სოციალური ინტეგრაცია და ჩართულობა (სოციალური კაპიტალი, როგორც ხიდი).

• სათემო და ოჯახის ქსელები (სოციალური კაპიტალი, როგორც დამაკავშირებელი).

• პოლიტიკური მონაწილეობა და ინსტიტუციური ნდობა (სოციალური კაპიტალი, როგორც ბმა).

გრაფიკი 2. სოციალური კაპიტალის ქვეკატეგორიების ქულები

მართალია, სოციალური კაპიტალის სხვადასხვა ქვე-კატეგორიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, მაგრამ პირველი ორი ინდიკატორი საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურია. კითხვებს „ენდობით თუ არა პოლიციის ადგილობრივ ძალებს“ და „კმაყოფილი ხართ თუ არა შესაძლებლობებით, გაიცნოთ ადამიანები და გაიჩინოთ მეგობრები?“ ქართველები უმეტესწილად უფრო დადებითად პასუხობენ ვიდრე სხვა ქვეყნებში.  საქართველოში უფრო აქტიურად ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ სოციალური კაპიტალის ყველა დანარჩენი ინდიკატორისთვის ქვეყნის მაჩვენებელი სავალალოდ დაბალია (100-ზე ქვემოთ).

განსაკუთრებით დაბალია მაჩვენებლები, რომლებიც სოციალურ კაპიტალს, როგორც ხიდსა და ბმას აფასებს. კეთილდღეობის ინდექსით შეფასებული 149 ქვეყნიდან საქართველო 146-ე ადგილზეა იმ ფაქტორების მიხედვით, რომელიც აფასებს, გაიღო თუ არა ხალხმა ფული ქველმოქმედებისთვის გასულ თვეს. როგორც ჩანს, ქართველები არ/ვერ ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ უცხო ადამიანებს, არ გამოთქვამენ მოსაზრებებს საჯარო პირების მიმართ და არ უთმობენ დროს ორგანიზაციებში მოხალისეობრივ საქმიანობას. გასაკვირია, მაგრამ ქართველები სხვებზე გაცილებით ნაკლებად ეყრდნობიან ნათესავებსა და მეგობრებს გასაჭირის დროს, რაც ასევე სოციალური კაპიტალის, როგორც დამაკავშირებლის სისუსტეზე მიუთითებს. ეს მაჩვენებელი ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება USAID-ის (2011) მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის სოციალური კავშირები საქართველოში ძალიან ძლიერია, მაგრამ რეიტინგი იმავე ანგარიშის სხვა დასკვნებს ეხმიანება, რომელთა მიხედვითაც „ინსტიტუციური კუთხით საქართველოს სოციალური კაპიტალის განვითარების დაბალი დონე ახასიათებს. ამის შემჩნევა ქართველ საზოგადოებაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება; დაწყებული ფერმერების უუნარობიდან, იმოქმედონ კოლექტიურად შესყიდვა-გაყიდვის დროს, დანგრევამდე მისული სადარბაზოს კიბეებით დამთავრებული“.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პროფესორი შვაბის მტკიცებით, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია კარზე მოგვადგა. ის უფრო დახვეწილ ადამიანურ კაპიტალს, მაღალგანვითარებულ ინფრასტრუქტურას, უმაღლესი დონის ტექნოლოგიას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამართულ ინსტიტუტებს მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, უკეთესად დაცულ საკუთრების უფლებას, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მთავრობას და ინკლუზიურ სოციალურ კაპიტალს გულისხმობს. ცვალებად, კონკურენტულ გლობალურ გარემოს ფეხი რომ ავუწყოთ, წინსვლა უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

Captcha Image

Our Partners