ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ტურიზმისა და სოფლის განვითარება: თუშეთი

საქართველოში ხშირად ამბობენ - თავისუფლება მხოლოდ მთებშია! არცაა გასაკვირი, რადგან საუკუნეების განმავლობაში, პატარა ქართველ ერს მთები იცავდა მრავალი დამპყრობლის შემოსევისაგან, და ეხმარებოდა თავისუფლების, უნიკალური კულტურის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში.

დღესაც კი, საქართველოს მთებში მოგზაურობა ადვილი არ არის. ქვეყნის „ძირითადი ტერიტორიიდან“  აბანოს 3000 მეტრიანი უღელტეხილით განცალკევებული თუშეთი, ამის შესანიშნავი მაგალითია. აშკარაა, რომ სწორედ თუშეთის „არაამქვეყნიურობა“, ისევე, როგორც მისი კარგად შენახული ადგილობრივი ტრადიციები და არქიტექტურაა ის, რაც ასე ხიბლავს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს, და სურვილს აღუძრავს,  მოინახულონ თუშეთი,  სამგზავროდ არაკომფორტული გზის მიუხედავად.

ბოლო წლების განმავლობაში, ტურისტების რაოდენობა თუშეთში საკმაოდ დიდი ტემპებით იზრდება, რაც თავისთავად აჩენს კითხვას (პოლიტიკის დილემას): რა არის განვითარების „ოპტიმალური“ დონე საქართველოს ამ ხელუხლებელი რეგიონისათვის? ერთი მხრივ, ტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას - რამდენადაც დამატებითი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მეორე მხრივ კი, უდავოა, რომ  21-ე საუკუნის „დამპყრობლების შემოსევა“ (ტურისტული არმიების სახით) ზემოქმედებას იქონიებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე, რამდენადაც მოითხოვს შესაბამის ინვესტიციებს საგზაო და წყლის გაყვანილობის ინფრასტრუქტურასა და სხვა კომუნალურ საჭიროებებში. ძალიან დიდმა ინვესტიციებმა, შესაძლოა, თუშეთს წაართვას მისი უნიკალურობა. ასევე არსებობს გარემოს დაზიანების საშიშროებაც.


ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბება თუშეთში

სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, თუშეთი მხოლოდ ცხვრითა და მეცხვარეობით იყო ცნობილი; თუში ხალხი  საუკეთესო მეცხვარეებად მიიჩნევა საქართველოში. თუშეთის ეკონომიკა სწრაფად იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ თუშების გარკვეული ნაწილი კვლავ მისდევს მეცხვარეობა-მესაქონლეობას, ადგილობრივების ერთმა ნაწილმა ტურისტების მიღება/მასპინძლობას კარგად აუღო ალღო.

თუშეთში ტურისტული სეზონი წელიწადში მხოლოდ ხუთი ან ექვსი თვე გრძელდება (როგორც წესი, მაისიდან ოქტომრის ჩათვლით), რამდენადაც დანარჩენ დროს გზა დაკეტილია დიდთოვლობის გამო. თუშები (ადგილობრივები, მათ შორის ტურიზმში დასაქმებულები) გარკვეულწილად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ნაწილობრივ მუშაობენ მთაში - თუშეთში, ნაწილობრივ კი ცხოვრობენ და საქმიანობენ ბარში - ალონის/ალვანის ველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ამჟამად, თუშეთში სამი ტიპის დაცული ტერიტორია არსებობს, თუშეთის ეროვნული პარკის ჩათვლით (რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, მოიცავს რა 70,000 ჰექტარ მიწას). თუშეთი უცხოელი და ქართველი ტურისტებისათვის კარგად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, 2003 წელს, ოფიციალურად მიენიჭა დაცული ტერიტორიების სტატუსი. მას შემდეგ ვიზიტორები მიაწყდნენ თუშეთს, რაც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდანაც კარგად ჩანს.

 

აღსანიშნავია, სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ, თუშეთში არ არსებობდა ღამის გასათევი ტურისიტებისათვის, თუმცა ამჟამად, აქ უკვე 40 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. კიდევ რამდენიმე კი მშენებლობის პროცესშია, მათ შორის ერთი დიდი თანამედროვე სასტუმრო ომალოში (ყაზბეგში არსებული Rooms-ის სასტუმროს მსგავსი). ამ ინვესტიციებთან ერთად, ტურიზმში დასაქმებული ხალხის რაოდენობა  და, რაღა თქმა უნდა,  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც იზრდება.


რეგიონული განვითარების მართვა

იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გავზარდოთ შემოსავლები რეგიონში, უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების გასაუმჯობესებლად.

ამ პროცესში პირველი და უმთავრესი, თუშეთისაკენ მიმავალი გზის საკითხია. ამჟამად, თუშეთში მგზავრობა საკმაოდ რთულია ტურისტებისათვის, რამდენადაც მგზავრობა ორივე გზაზე თითქმის ორ დღეს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ თუშეთში ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი (4x4) ავტომანქანით. 2013 წელს, თუშეთის გზა BBC-მ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად დაასახელა. ერთი მხრივ, ასეთი ტიპის სახიფათო გზა იზიდავს ექსტრემის მოყვარულ ტურისტებს, თუმცა მეორეს მხრივ, ეს ზოგჯერ ხელისშემშლელი ფაქტორია ტურისტებისათვის, რომლებსაც თუშეთის ნახვა სურთ.

რეგულარული ავიარეისები („მიმინოს“ ტიპის ვერტმფრენით) თუშეთში  ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ალტერნატიული საშუალება იქნებოდა. ეს შეამცირებდა თუშეთში მგზავრობის დროს (დაახლოებით 6-7 საათი თბილისიდან) და თავიდან აიცილებდა ბევრი ტურისტისათვის არაკომფორტულ და სახიფათო გზას.

ამჟამად, ადგილზე არ არსებობს რეგულარული და ორგანიზებული სავაჭრო ადგილი, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი საკვები პროდუქციის შეძენა (ხორცი, რძის პროდუქტები, კარტოფილი და სხვ.). ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნებოდა ადგილზე დამზადებული სუვენირების მაღაზიის გახსნა (განსაკუთრებით ადგილობრივი მატყლისგან თუ არის დამზადებული, სინთეტიკური მატყლის ნაცვლად), ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და უკეთესად „შეფუთვა“ (განსაკუთრებით კი აგროტურიზმის განვითარება), რეგიონში ფესტივალების ორგანიზება და საფეხმავლო ბილიკების უკეთესად მოწყობა.

წყლის მიწოდება ომალოში საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რამდენადაც არსებობს წყლის დეფიციტი. ეს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ომალოში დიდი თანამედროვე სასტუმროს  მშენებლობა მიმდინარეობს, ისეთის, როგორიცყაზბეგშია. როგორც ერიკ ლივნის სტატიაში ვნახეთ, აუცილებელი ინფრასტრუქტურული საშუალებების არარსებობამ შესაძლოა ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებას ხელი შეუშალოს, და მეტიც, ამან შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობასა და სასტუმროებს შორის კონფლიქტიც კი გამოიწვიოს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია არ მოხდეს თუშეთის „ზედმეტად“ განვითარება. თუშეთში ტურისტებთან საუბრისას აშკარაა, რომ ისინი ვერ მალავენ ემოციებს და აღტაცებით გეუბნებიან, თუ რაოდენ ბედნიერები არიან რომ თუშეთი  ნახეს ველური, ხელუხლებელი და არა მოდერნიზებული და განვითარებული, რაც უდავოა რომ ყურადსაღებია. ზოგიერთი თუში კი ფიქრობს, რომ გზის სირთულე (და აბანოს უღელტეხილი, რომელიც 3000 მეტრზეა ზღვის დონიდან), ტურიზმის სეზონურობა და მომთაბარე მეცხვარეობა-მესაქონლეობა, არის ის ფაქტორები რაც ხელს უწყობს თუშეთის ავთენტურობის შენარჩუნებას.

ტურიზმის შემდგომი ზრდა ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასაც, და გაზრდის შემოსავლებს მათთვის, ვინც ცხოვრობს და მუშაობს თუშეთში. თუმცა, როდესაც საუბარია რეგიონის განვითარებაზე, აუცილებელია ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტორის გათვალისწინება, რათა სრულად მოხდეს ტურიზმის პოტენციალის გამოყენება და ამავდროულად,  კვლავ შესაძლებელი იყოს „თავისუფლების პოვნა მთებში“.

განსაკუთრებული მადლობა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას მოწოდებული მასალებისათვის. 

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - ani on ორშაბათი, 10 ნოემბერი 2014 15:08

miyvars tusheti iqneba qveynis turizmisa da ekonomikis ganvitarebistvis misi,rogorc turistebisatvis mimzidveli regionis ganvitareba,is chemi azrit ert ert sayrdens unda warmoadgendes saqartvelos ekonomikis ganvitarebisatvis.am xalxshi da mat saqmianobashi martlac devs unikaluroba,tavdadeba da saqmisadmi siyvaruli rac qveynis sasiketod unda moxmardes

miyvars tusheti iqneba qveynis turizmisa da ekonomikis ganvitarebistvis misi,rogorc turistebisatvis mimzidveli regionis ganvitareba,is chemi azrit ert ert sayrdens unda warmoadgendes saqartvelos ekonomikis ganvitarebisatvis.am xalxshi da mat saqmianobashi martlac devs unikaluroba,tavdadeba da saqmisadmi siyvaruli rac qveynis sasiketod unda moxmardes
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 22 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners