ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ვარეგულიროთ თუ არა?

წინა კვირის სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკოსების მიერ მეტისმეტი რეგულირების ტენდენციაზე. როგორც ვთქვით, ეს იმიტომ ხდება, რომ ახალი კანონები, თუნდაც უსარგებლო ან საზიანოც კი, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკოსები საზოგადოების პრობლემებს აგვარებენ. მეტიც, ჩვენ ვახსენეთ თეორია სამხედრო ისტორიკოსისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ ზედმეტი რეგულირება იყო მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის უზარმაზარი დანაკარგის მიზეზი. დღევანდელ სტატიაში ჩვენ ჯერ რეგულაციის უპირატესობებს განვიხილავთ, შემდეგ კი შემოგთავაზებთრეგულირების გავლენის ანალიზის მეთოდთა ერთობლიობას, რომელიც რეგულატორებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.


საგზაო მოძრაობის წესები ყველასთვის საჭიროა
 

ყველა რეგულაცია დაფუძნებული უნდა იყოს მინიმუმ ერთზე შემდეგი ორი მოსაზრებიდან: ან ახდენდეს აგენტთა მოქმედებების კოორდინირებას და/ან ეხმარებოდეს მათ ინტერესტთა კონფლიქტისას პრობლემის გადაჭრაში.

მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესები ორივე ფუნქციას ასრულებს. მარჯვენა მოძრაობა წესით რომ არ იყოს განსაზღვრული, ზოგს შეიძლება გზის მარცხენა მხარეს ემოძრავა, ზოგს კი — მარჯვენა მხარეს. ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა კი ავარიას გამოიწვევდა. კოორდინირების ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა აწესებს, რომ ან ყველამ უნდა იმოძრაოს მარჯვენა მხარეს ისე, როგორც საქართველოშია ან ყველამ უნდა იაროს მარცხენა მხარეს ისე, როგორც იაპონიასა და ინგლისშია მიღებული.

საგზაო მოძრაობის წესები ასევე აგვარებს ინტერესტთა კონფლიქტის პრობლემას. როცა ორი მძღოლი ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან უახლოვდება გზაჯვარედინს, ორივეს სურს პირველმა გაიაროს. წესების არარსებობის შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ ორივემ ერთად გადაწყვიტოს გავლა და ამის გამო ერთმანეთს შეეჯახონ. შუქნიშნის გამოყენების ან ერთისთვის უპირატესობის მინიჭების შედეგად კი პოტენციური კონფლიქტი მარტივად განიმუხტება.

საგზაო მოძრაობის წესები ყველასთვის მისაღებია, რადგან ეს არ წარმოადგენს ნულოვან-ჯამოვან თამაშს. არავის არ უნდა ავარიაში მოხვედრა. ის, რაც კარგია ერთი მძღოლისთვის მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს მეორე მძღოლისთვის. მეტიც, ავარიის თავიდან აცილება ყველასთვის სასარგებლოა.

ყველა გონივრული რეგულაცია ზემო ხსენებულ ორ მოსაზრებას ეფუძნება. მაგალითად, განვიხილოთ გარემოს დასაცავად შემოღებული რეგულაციები. აქაც შეიძლება არსებობდეს კოორდინაციის პრობლემა. მაშინ, როცა ყველასათვის უმჯობესია ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, თითოეული ინდივიდისთვის უფრო ადვილია, თუ, მაგალითად, ნაგავს დაყრის ტყეში. ეს იმიტომ ხდება, რომ ბუნების დაბინძურება მხოლოდ მისთვისაა მომგებიანი, ჯანსაღი ბუნების სარგებელი კი ყველასთვის საერთოა. ბუნებაში ნაგვის დაყრის აკრძალვით, მთავრობა აგვარებს კოორდინაციის ამ პრობლემას.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის პრობლემაც. თუ რომელიმე ქარხანა აბინძურებს მდინარეს, ქარხნის ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობას მოწამლული წყალი პრობლემებს შეუქმნის. გონივრული რეგულაციებით, მთავრობას შეუძლია მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, მაგალითად, ქარხნისთვის ფილტრების გამოყენების მოთხოვნით ან დაბინძურების გარკვეულ დონემდე შეზღუდვის გზით.


რეგულირების გავლენის ანალიზი

წარუმატებელი რეგულირების უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, ხშირად აწესებენ მინიმალურ ხელფასს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სიტუაციის გასაუმჯობესებლად. თუმცა ბევრ შემთხვევაში ამგვარი რეგულაცია მოსახლეობის ამავე ნაწილში უმუშევრობის ზრდას იწვევს. ანალოგიურად,  საქართველოს ახალი შრომის კოდექსის მიზანია მუშახელის მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ რეალურად ამ მცდელობამ შეიძლება სამსახურის პოვნა უფრო გაართულოს. მსგავსად ამისა, მიწის ყიდვაზე მორატორიუმი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოცხადდა, მაგრამ ამის გამო შეიძლება მიწის ზოგიერთი კანონიერი მფლობელი დაიჩაგროს კიდეც საგარეო მოთხოვნის გაქრობით განპირობებული მიწის დაბალიფასების გამო.

ახალი კანონის შემოღებამდე რეგულირების გავლენის ანალიზის (რგა) ჩატარებით ზემოაღნიშნული შეცდომების არიდებაა შესაძლებელი. რგა პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ში დაინერგა. უკვე 90-იან წლებში კი ახალი რეგულაციებისთვის ის სავალდებულო  წინაპირობას წარმოადგენდა ავსტრალიასა და 12 სხვა ქვეყანაში. დღესდღეობით ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების უმეტესობა იყენებს რგა-ს. ზოგი მათგანი ითხოვს მის ჩატარებას ნებისმიერი ახალი რეგულაციისთვის, მიუხედავად მისი მასშტაბისა და მნიშვნელობისა, დანარჩენები კი — მხოლოდ მნიშვნელოვანი კანონებისთვის.

რგა იწყება პრობლემის განსაზღვრით, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კოორდინაციასთან ან კონფლიქტთან. შემდეგ ხდება ანალიზი იმისა, თუ რა მოხდება ახალი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში. ამ ეტაპს მოსდევს ყველა იმ ალტერნატივის განსაზღვრა, რა გზითაც პრობლემის მოგვარება შეიძლება. თითოეული ალტერნატივისთვის კი ტარდება დანახარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზი. ანალიზი შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი (ეკონომეტრიკული ან მათემატიკური მოდელირება), ისე ხარისხობრივი. ნათლად უნდა განისაზღვროს განვითარების ყველა შესაძლო სცენართან დაკავშირებული რისკები და ყველა პოტენციური ეკონომიკური ინტერესი. ასევე გასათვალისწინებელია არაპირდაპირი ეფექტები. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში უსაფრთხოების ღვედის სავალდებულოობის შემოღებამ, სავარაუდოდ დააყოვნა უსაფრთხოების ბალიშის გამოგონება, რაც შეიძლებოდა განხილულიყო რგა-ს ჩარჩოში, როგორც არაპირდაპირი ეფექტი.


რგა საქართველოში

საქართველოში რგა-ს სავალდებულოობის შემოღებამ, შეიძლება შეანელოს რეფორმირების პოლიტიკური პროცესი. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რგა-ს ჩატარებას საშუალოდ 52-56 კვირა სჭირდება. ამგვარი დაყოვნება კი შეიძლება საკმაოდ ძვირი დაუჯდეს განვითარებად ქვეყანას, რომლისთვისაც სწრაფი პროგრესი ასე მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, განვითარებული ქვეყნები არასწორი პოლიტიკის მიმართ უფრო მდგრადები არიან. ძლიერი, დივერსიფიცირებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკისათვის მცდარ პოლიტიკასთან გამკლავება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკისათვის. ასე რომ, ჩვენი ქვეყნისთვის შეცდომის საფასური საკმაოდ მაღალია.

ეს შეიძლება შევადაროთ ადამიანის ჯანმრთელობას. პატარა ბავშვი მძიმედ იტანს გარემოს უარყოფით ზეგავლენას. ბავშვობაში (უფრო მეტად კი ფეხმძიმობისას) გადატანილმა უარყოფითმა მოვლენამ შეიძლება დაღი დაასვას ბავშვის ჯანმრთელობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მომწიფებულ ასაკში ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო ამტანია მსგავსი ზეგავლენების მიმართ.

ამის გამო, მიუხედავად სწრაფი პროგრესის მოუთმენელი სურვილისა, არსებობს სერიოზული მიზეზი, თუ რატომ უნდა დანერგოს რგა საქართველოს მსგავსმა ქვეყანამ.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019

Captcha Image

Our Partners