ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

დიდი მოლოდინი: ზრდის თუ არა DCFTA საქართველოს ეკონომიკურ და ექსპორტის პოტენციალს?

2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (Association Agreement – AA) და მის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA). 2016 წლის 1-ელ ივლისს DCFTA სრულად შევიდა ძალაში. მანამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის სპეციალური მექანიზმი (Special Incentive Arrangement for Sustainable Development and Good Governance) არეგულირებდა. ამ მექანიზმის ნაწილი იყო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა+ (Generalized System of Preferences+ – GSP+), რომელსაც 2005 წელს მოეწერა ხელი. GSP+ მოიცავდა 7,200 დასახელების საქონელს, რომელთათვისაც ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საბაჟო გადასახადი შემცირებული ან საერთოდ გაუქმებული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ GSP+ არ მოქმედებდა მთელ რიგ პროდუქტებზე, მათ შორის საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო საქონელზე – ღვინოზე. DCFTA-მ გააფართოვა GSP+-ის ჩამონათვალი და გააუქმა გადასახადები სურსათის ყველა კატეგორიაზე (გარდა ნიორისა, რომელიც ექვემდებარება კვოტას), მათ შორის საქართველოსთვის საინტერესო საექსპორტო პროდუქტებზე – ღვინო, ყველი, კენკროვნები, თხილი და სხვ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization – WTO) ვაჭრობისა და ტარიფების გენერალურ შეთანხმებასთან (General Agreement on Tariffs and Trade – GATT) ერთად, DCFTA-ის მიზანია საქონლის, მათ შორის ენერგეტიკული პროდუქტების, იმპორტ-ექსპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმება. ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გამარტივების მიზნით, DCFTA აუქმებს „ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს“ (TBT). თუმცა DCFTA არც ისეთი თავისუფალია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ რიგ პროდუქტებზე მოქმედებს „შესვლის ფასი,“ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმები და სატარიფო კვოტები. ამ მექანიზმების მიუხედავად, DCFTA-ის უმთავრესი მიზანი სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაა, რომელიც გააძლიერებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას.

ივლისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის DCFTA-ის ამოქმედებიდან მხოლოდ ორი წელი გავიდა, ამიტომ შეუძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება, რა გავლენა მოახდინა მან საქართველოს ვაჭრობაზე. თუმცა უკვე არაერთი ქართველი მწარმოებლის წარმატებაზე გვსმენია და ეს ამბები ძირითადად DCFTA-ის ფარგლებში შექმნილ ახალ შესაძლებლობებს უკავშირდება. წინა ბლოგში უკვე ვისაუბრეთ ქართულ მატყლზე, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა სავალდებულო სტანდარტი და წარმატებით შევიდა ევროკავშირის ბაზარზე. წარმატების კიდევ ერთი მაგალითია კონა, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარეულ ჩაის აწარმოებს. კომპანიამ წარმატებით დააკმაყოფილა ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის აუცილებელი ყველა სტანდარტი და ნიდერლანდებში დაიწყო მცირე რაოდენობით ჩაის ექსპორტი. კომპანიას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს ახალ საექსპორტო ქვეყნებთან დაკავშირებით.

DCFTA არის ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც 15 თავისგან შედგება. თითოეული თავი ეთმობა ვალდებულებებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს და იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველომ უნდა გაატაროს. შეთანხმების ერთ-ერთი თავი ეთმობა საქონლით ვაჭრობას. ამ სტატიაში ძირითად ყურადღებას სწორედ ვაჭრობასთან, უფრო კონკრეტულად კი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავამახვილებთ და მიმოვიხილავთ DCFTA-ის ხელმოწერის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს.


სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის: მოლოდინები

DCFTA-ის ფარგლებში გადასახადებისგან გათავისუფლებასა თუ სატარიფო კვოტებს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული მოლოდინები ძალიან მაღალია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2014 წელს გამოაქვეყნა ანგარიში „ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველო,“ რომლის თანახმადაც, DCFTA-ით მიღებული ეკონომიკური სარგებელი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) დაახლოებით 6.5%-ით გაზრდის. ანგარიშის პროგნოზით, ქვეყნის ექსპორტის მოცულობა 5 წლის განმავლობაში 13.5%-ით გაიზრდება. ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინები უკავშირდება ქსოვილების ექსპორტს, რაც 55%-ით უნდა გაიზარდოს. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 4%-ით გაიზრდება. სხვა კვლევითი ანგარიშების (ECORYS და CASE, 2012 წ.) თანახმად, გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ექსპორტი 12%-ით, იმპორტი 7.5%-ით, მშპ კი 4.3%-ით უნდა გაიზარდოს. ამ ყველაფერს კი შედეგად უნდა მოყვეს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. DCFTA-ით შექმნილი შესაძლებლობებით ძირითადად ისარგებლებს ქიმიური მრეწველობის, რეზინისა და პლასტმასის სექტორები (გამოშვების 68%-იანი ზრდა). მანქანა-დანადგარებისა და შავი ლითონების გამოშვება 5%-ით გაიზრდება. ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის პროდუქტების, სხვა გადამუშავებული საკვების, ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების და სხვა სამრეწველო პროდუქციის გამოშვება კი, პირიქით, 8-24%-ით შემცირდება.


სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის: რეალობა

შეთანხმების ხელმოწერამ დადებითი მოლოდინები გააჩინა, ამიტომ საინტერესოა, შევხედოთ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ექსპორტი ძირითადად მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა. იმპორტის დიდი წილი მეზობელ ქვეყნებთან ერთად ჩინეთსა და უკრაინაზე მოდის (იხ. 1-ლი და მე-2 გრაფიკი). წლების განმავლობაში სავაჭრო ინდიკატორებს თუ შევხედავთ, იმპორტის (თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, გერმანია) და ექსპორტის (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა) შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი თითქმის უცვლელია.

გრაფიკი 1. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები 2014-2018 წლებში გრაფიკი 2. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები 2014-2018 წლებში

ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 28% იყო, ექსპორტში – 24%. 2014 წლის შემდეგ მთლიანი ექსპორტი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, გამონაკლისი იყო 2016 წელი, როცა 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა (იხ. გრაფიკი 3). რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობას, 2017 წელს ევროკავშირის წილი ქართულ იმპორტში 22%-ს, ექსპორტში კი 19%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში მოწინავე საექსპორტო პროდუქტები იყო თხილი (ნაჭუჭგაცლილი), სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად, ღვინო, მინერალური და გაზირებული წყლები, ჯემები, მურაბები, პიურეები და ხილფაფები.

გრაფიკი 3. მთლიანი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში (2014-2018 წწ.)

შენიშვნა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მოიცავს სურსათის ექსპორტსაც.

ექსპორტის ციფრების (იხ. გრაფიკი 3) საფუძველზე ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის ტრენდის გაანალიზება შეუძლებელია, რადგან საკმარისი დრო ჯერ არ გასულა. 2015 წლამდე (DCFTA-ის სრულად ამოქმედებამდე), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში), წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. პოზიტიური ტრენდი შენარჩუნდა 2016 წელსაც, როდესაც იგივე ინდიკატორი 5%-ით გაიზარდა. 2017 წელს, რომელიც საკმაოდ ცუდი წელი იყო ქართული სოფლის მეურნეობისთვის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 38%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი 3). ეს კლება ძირითადად გამოიწვია ამავე პერიოდში თხილის ექსპორტის მნიშვნელოვანმა (64%) კლებამ. ასეთი დიდი კლების მიზეზი ის იყო, რომ 2017 წელს თხილის მოსავალი დააზიანა არახელსაყრელი ამინდით გამოწვეულმა სხვადასხვა სოკოვანმა დაავადებამ. აზიური ფაროსანას შემოსევამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, რის შედეგადაც თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც  მოცულობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით.

საინტერესოა, თუ შევხედავთ ამავე პერიოდში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობას დსთ-ის ქვეყნებთან. 2017 წელს, დსთ-ის წილი ქართულ იმპორტში 51%  იყო, ექსპორტში კი – 60%. დსთ-ის ქვეყნებში მოწინავე საექსპორტო საქონელი იყო ღვინო, მინერალური და გაზირებული წყლები, სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად, თხილი (ნაჭუჭგაცლილი), პირდაპირი მოხმარებისთვის განკუთვნილი მინერალური, გაზირებული, შაქრის, დამატკბობლის ან არომატიზატორების შემცველი წყლები. როგორც ვხედავთ, მოწინავე საექსპორტო პროდუქტები ევროკავშირსა და დსთ-ში თითქმის ერთნაირია. თუმცა ქართული თხილი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის, ღვინო კი – დსთ-ის ქვეყნებში.

დსთ-ის ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ამ ქვეყნებში 2015 წელს 37%-ით შემცირდა. ასეთი მკვეთრი კლება ძირითადად განაპირობა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, თხილისა და ცოცხალი საქონლის ექსპორტის მნიშვნელოვანმა კლებამ. თუმცა 2015 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში იზრდება. 2016 წელს დაფიქსირდა მცირე, 2%-იანი ზრდა, 2017 წელს კი იგივე ინდიკატორი 37%-ით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 4). ეს ძირითადად განაპირობა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ზრდამ (ღვინის ექსპორტი 61%-ით გაიზარდა, სხვა სასმელების – 28%-ით, მინერალური და გაზირებული წყლების – 22%-ით).

გრაფიკი 4: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში (2014-2018 წწ.)

შენიშვნა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მოიცავს სურსათის ექსპორტსაც.


ჩამქრალი იმედი და ახალი პერსპექტივები

DCFTA-ის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა, რაც არ არის საკმარისი დრო იმის შესაფასებლად, იმოქმედა თუ არა ამ შეთანხმებამ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. მართალია, საქართველომ უკვე დაიწყო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება, თუმცა დსთ-ის ქვეყნებს მაინც მნიშვნელოვანი წილი (60%) უჭირავთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2013 წელს გამოაქვეყნა ანგარიში „DCFTA-ის რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“, რომლის თანახმადაც, DCFTA-ს მნიშვნელოვანი გარღვევა არ ჰქონია, რადგან წინა რეჟიმი (GSP+) ევროკავშირთან უკვე ფარავდა პროდუქტების უმეტესობას. ამასთან, ნიშურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო, თხილი და კენკროვნები, 5-6 წელი სჭირდება, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოსადეგი გახდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სტანდარტების დაკმაყოფილება. ქართველმა მწარმოებლებმა უნდა აირჩიონ: ინვესტიცია ჩადონ საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში თუ გაიტანონ ის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ მოითხოვენ ევროკავშირის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილებას. მაგალითად, 2018 წლის 1 იანვარს, საქართველომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ ექსპორტიორებს.

2018 წლის 15 ივნისს, ფერმერთა კონგრესზე განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული DCFTA-ის შესაძლებლობები და გამოწვევები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ფატი მამარდაშვილმა განაცხადა: „მცირე და საშუალო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოწვევები DCFTA-ის განხორციელებაზე მეტად ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონიდან უფრო მოდის, იქნება ეს წარმოების, დამატებული ღირებულების თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის დაბალი დონე. მიმდინარე ჰარმონიზაციის ხარჯები უნდა განვიხილოთ როგორც გრძელვადიანი ინვესტიციები ქართული სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და ქვეყანაში ეფექტიანი სურსათის სისტემის შექმნის საქმეში“. ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე კერძო სექტორმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სექტორულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში და აქცენტი გააკეთოს DCFTA-ით შექმნილ შესაძლებლობებზე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 18 აგვისტო 2019

Captcha Image

Our Partners