ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების სავალალო მდგომარეობა საქართველოში

 

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის საუკეთესო პერიოდია: მუდმივად კავშირზე ყოფნა მარტივია და შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო. შემოსავლის დამატებითი წყაროები ადამიანების ყურადღებას მსოფლიოს ყველა კუთხეში იქცევს; მოტივაციას ისიც ზრდის, რომ ხშირად გვესმის ახალი პროგრამის შესახებ, რომლებიც ბიზნესებს ეხმარება და, შესაბამისად, სტარტაპერობას კიდევ უფრო ამარტივებს. ბუნებრივია, ჩნდება რიტორიკული კითხვა: „რატომაც არა?!“ - მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) წამოწყება ბიზნესის სექტორში შეღწევის ხელმისაწვდომი გზაა მენეჯმენტის დაბალი ხარჯებით, მცირე კაპიტალით, ინტენსიური შრომით, იაფი წარმოებითა და სწრაფი ადაპტირების საშუალებით. გლობალური ტენდენციებიც ამას ადასტურებს: მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად, ბიზნესის უდიდესი წილი მცირე და საშუალო ბიზნესს ეკუთვნის. „განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფორმალური SME-ები მთლიანი დასაქმების 60%-ს და ეროვნული შემოსავლის (მშპ) 40%-ს წარმოადგენს. ეს მაჩვენებლები გაცილებით უფრო მაღალია, როდესაც გამოთვლებში არაფორმალური SME-ებიცაა გათვალისწინებული. საქართველოს ბიზნეს-გარემო მსოფლიო ტენდენციების მსგავსია (იხ. გრაფიკი #1), რადგან განსხვავება SME-ებისა და მსხვილი კომპანიების წილებს შორის ადვილი შესამჩნევია.

გრაფიკი 1: SME-ების წილი მთლიან წარმოებაში

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის წამოწყება ერთი შეხედვით მიმზიდველია, ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარე აქვს: არასახარბიელო მაკროეკონომიკური გარემო, წარმოების მცირე მასშტაბების შედეგად გაზრდილი საცალო ხარჯები, დაბალი დონის ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩოები, ბაზრის მცირე მასშტაბები და ტექნოლოგიების ნაკლებობა SME-ების „ნათელ ბიზნეს-მომავალს“ გაურკვევლობის ელემენტს მატებს და კომპანიებს ამ დაბრკოლებების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს. მიუხედავად ამისა, SME-ები ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მათ მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში წამყვან როლს თამაშობს. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის წინსვლაში მათი საქმიანობა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ხშირ შემთხვევაში, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩოების დანერგვა SME-ების ჩამოყალიბებისას შექმნილი მრავალი დაბრკოლების გადასალახად საკმარისი არ არის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) სახით, რომელთაც ბიზნეს-ასოციაციებადაც მოიხსენიებენ. შესაძლოა, აქამდე გეგონათ, რომ ეს ბლოგი SME-ებს ეხებოდა, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ სცენაზე ახალი „პერსონაჟი“ გამოჩნდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, BSO-ები ხელს უწყობენ და აძლიერებენ კერძო სექტორის განვითარებას და „გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მონაწილეობითი განვითარების კუთხით უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“. BSO-ები ორი უმთავრესი, საჯარო და კერძო სექტორების დამაკავშირებელ რგოლებს წარმოადგენენ და, ამავდროულად, SME-ებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის კუთხით ერთგვარი ხიდის ფუნქციაც აკისრიათ. ზოგადად, ეს ორგანიზაციები ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარებიან დამოუკიდებლობისა და თვითმდგრადობის მიღწევაში.


რატომაა BSO-ები მნიშვნელოვანი?

ძლიერი მხარეების უნიკალური კომბინაცია, მთავრობისა და კერძო სექტორის დაკავშირება, კომპანიების ერთიანი ხმა, კოლექტიური ქმედებები, მექანიზმი, რომელიც კომპანიებს ძირითად სერვისებს სთავაზობს; ეს ის რამდენიმე მახასიათებელია, რომელთაც BSO-ების შესახებ ეკონომიკურ ლიტერატურასა და ანგარიშებში ყველაზე ხშირად წააწყდებით. BSO-ების როლი საერთაშორისოდაა აღიარებული და მათი დადებითი გავლენა ეკონომიკურად იზომება. BSO-ების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი ეკონომიკაში ბიზნესების მთავრობისგან დამოუკიდებლობის მიღწევაა.

რასაკვირველია, სხვადასხვა ფორმისა და ზომის BSO-ები არსებობს და ისინი რამდენიმე სექტორს მოიცავს: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მრეწველობა და ა.შ. შესაძლოა სფეროები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ BSO-ების ძირითადი როლი და მათი მისია თითქმის მსგავსია; შესაბამისად, ისინი მენეჯმენტის მსგავსი სტრუქტურით, წევრობითა და ფინანსური პოლიტიკით ხასიათდება. დონერი და შნაიდერი (2000 წ.) BSO-ების ბაზრის მხარდამჭერ და ბაზრის შემავსებელ აქტივობებს განიხილავენ, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს (იხ. ცხრილი #1). როდესაც BSO-ები ბაზრის განვითარებას უწყობენ ხელს, ისინი პოლიტიკის შემქმნელებზე არაპირდაპირ წნეხს ახორციელებენ და საკუთრების უფლებების უზრუნველყოფასა და ეფექტურ საჯარო მენეჯმენტში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. ბაზრის შემავსებელი ფუნქციების შესრულებისას კი ეს ორგანიზაციები პირდაპირ წევრ კომპანიებს უწევენ კოორდინაციას: ინფორმაციის მოპოვების უფრო დაბალი ხარჯები აქვთ, პროდუქციის ხარისხს ზრდიან, სტანდარტებს აწესებენ ან წევრებს ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. შესაძლებელია ტრენინგები, ბიზნესის ზოგადი კონსულტაცია და სესხების პაკეტებიც იყოს მათი საქმიანობის ნაწილი. თუმცა BSO-ებისათვის ქვეყნის შიდა ბაზარი მათი საქმიანობის ერთადერთ არეალს არ წარმოადგენს. ჰაჩინსონი, ფლეკი და ლოიდ-რიზონი (2009 წ.) ამტკიცებენ, რომ BSO-ები საცალო მოვაჭრეებს საერთაშორისო გაფართოების კუთხითაც უწყობენ ხელს. BSO-ები საცალო მოვაჭრეებს შანსს აძლევენ, რომ „საზღვარგარეთის ბაზრებზე შეაღწიონ“ (ჰაჩინსონი და სხვ., 2009 წ.).

მთავრობასა და BSO-ებს შორის ურთიერთობამ შესაძლოა სხვადასხვა ფორმები მიიღოს. (იხ. ცხრილი #1). ძირითადად, ეს ურთიერთკავშირი მიმართულია იმაზე, რომ კერძო სექტორი საჯარო პოლიტიკის შესახებ ინფორმირებული იყოს და სწრაფად შეძლოს ადაპტირება. რეაქტიული ტიპის საპასუხო რეაქცია საჯარო პოლიტიკაზე ყველაზე აგრესიული მიდგომაა და ის ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულ მეთოდად მიიჩნევა. იმავეს ვერ ვიტყვით დიალოგსა და კომუნიკაციაზე დაფუძნებულ მიდგომებზე. პროაქტიური ქცევა მიმართულია მომავალი წნეხისა და ცვლილებების მიმართ სწრაფი მორგების საშუალებებზე. რაც შეეხება ტაქტიკებს – ბიზნესის ლობირებას, პოლიტიკურ კონტრიბუციებსა და ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკას – ბიზნესები მათ პოლიტიკის შემქმნელებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ (ინდივიდუალური ან BSO-ის პლატფორმებზე დაფუძნებული ძალისხმევის მეშვეობით). ტაქტიკები შესაძლოა მთავრობაზე მათი გავლენის დონის მიხედვით განსხვავდებოდეს. ტაქტიკებისა და საპასუხო რეაქციების გამოყენება შესაძლებელია პარალელურად, რათა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებზე გავლენა გაიზარდოს. პროაქტიური და ინტერაქტიული ლობირება ყველაზე პროდუქტიულ მიდგომებად მიიჩნევა.

ცხრილი 1: მთავრობასა და BSO-ებს შორის ინტერაქციის ფორმები (გიტელი, მაგნუსონი, მერენდა, 2013 წ.)

 


რაც შეეხება საქართველოს...

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ 2017-2018 წლებში „ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებათა შეფასების“ კვლევა ჩაატარა, რომელიც იმ გამოწვევების საერთო სურათს გვაძლევს, რომლებსაც საქართველოში ეს ორგანიზაციები აწყდებიან, და იმ ხარვეზებს წარმოაჩენს, რომელთა აღმოფხვრასაც ისინი ვერ ახერხებენ. კვლევა ამ საკითხს არამხოლოდ ბიზნეს-ასოციაციების კუთხიდან უყურებს, არამედ წევრი და არაწევრი SME-ების პერსპექტივასაც ეხება: მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებს გაცნობიერებული აქვთ BSO-ების მნიშვნელობა მათ განვითარებაში, უმრავლეს შემთხვევაში, BSO-ების მიერ შეთავაზებული სერვისები მათთვის მიმზიდველი არ არის. გარდა ამისა, მრავალი კომპანია (49.1%) არ არის მზად, გადაიხადოს მაღალი საწევრო გადასახადი და მათთვის თვიურად 10-50 ლარია მისაღები. კიდევ ერთ პრობლემას კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენს: გამოკითხულ საწარმოთა 68%-ს არასოდეს მიუღია წევრობის შეთავაზება რომელიმე ორგანიზაციისაგან. ცხადია, საწევროზე დაფუძნებული მიდგომა საქართველოში არსებული BSO-ებისათვის ფინანსურად არასტაბილურია. BSO-ების უმეტესობისათვის შემოსავლის მთავარ წყაროს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები, გაწეული კონსულტაციები და სხვა სერვისები წარმოადგენს, რაც ფინანსური უზრუნველყოფის მხრივ ისევ და ისევ არასტაბილურ საშუალებებად რჩება.

რაც შეეხება BSO-ებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციას, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძირითად შემთხვევებში, მთავრობა მზად არის, მოისმინოს და გაიგოს BSO-ებისა და მათი წევრების საჭიროებები; ზოგადად, პოლიტიკის შემქმნელები გახსნილი დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა პრობლემების გადასაჭრელად აქტიური ნაბიჯები არ იდგმება და საჯარო პირების ჩართულობა BSO-ების საქმიანობაში მინიმალურია, რაც ძირითადად BSO-ების მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილეობით შემოიფარგლება.

კიდევ ერთი გამოწვევაა ორგანიზაციების სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ჩანასახოვან დონეზე რჩება; BSO-ებს არ გააჩნიათ შესაბამისი ინსტრუმენტები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსები, რათა წევრებს საკუთარი ექსპერტიზა ეფექტურად გაუზიარონ. BSO-ების მხრივ, საქართველოში არსებულ გარემოზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს ასოციაციების ქსელი ჯერ კიდევ საწყის, გადარჩენის ეტაპზეა და წინ პროგრესისა და წარმატებისათვის დიდი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ეს წარმოუდგენელი იქნება მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის შესაბამისი ჩართულობის გარეშე.

ამ მდგომარეობის, მიღებული გაკვეთილებისა და იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოში BSO-ებთან მიმართებით უნდა შეიცვალოს, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შეჯამება ამგვარად შეიძლება:

• BSO-ების ფინანსური მდგრადობა მათი დონორებზე დამოკიდებულების ტენდენციის საწევრო გადასახადებით ჩანაცვლების შედეგად იქნება შესაძლებელი;

• BSO-ები წევრ და პოტენციურად წევრ კომპანიებთან მხოლოდ არარეგულარული კომუნიკაციით შემოიფარგლებიან;

• BSO-ების უმეტესობას არ გააჩნია მენეჯმენტის ფორმალური სტრუქტურა;

• BSO-ებსა და მთავრობას შორის ურთიერთობა და უკუკავშირის მექანიზმები ფორმალურად განვითარებული არ არის; BSO-ები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ ახალი რეგულაციების შემუშავებაში; BSO-ები უნდა წარმოადგენდნენ მთავრობის ინსტრუმენტს, რომელიც SME-ებს საშუალებას მისცემს, უპრობლემოდ და საქმიანობის შეწყვეტის გარეშე მოერგონ ახალ რეგულაციებს მათ ძალაში შესვლამდე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

Captcha Image

Our Partners