ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ბიოსფერული რეზერვატი – მოდელი რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის

„ჩვენ (National Geographic-ში) აუდიტორიას ვამოგზაურებთ ეთნოსფეროში და კულტურული საოცრებების ისეთ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ, რომლითაც შეუძლებელია არ აღფრთოვანდე... იმედია, ადამიანები ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღებენ და გაითავისებენ ანთროპოლოგიის მთავარ აღმოჩენას: სამყარო იმსახურებს მრავალფეროვნებას და ერთად უნდა გამოვნახოთ გზა, რომ ვიცხოვროთ მართლაც მულტიკულტურულ, პლურალისტულ მსოფლიოში, სადაც ხალხების ერთობლივი სიბრძნე საერთო კეთილდღეობაში შეიტანს წვლილს“.

ნაწყვეტი National Geographic-ის მკვლევარის, უეიდ დევისის 2003 წლის „TED talk“-იდან: „ოცნებები გადაშენების პირას მყოფი კულტურებიდან“

როდესაც უეიდ დევისს ვუსმენდი (რომელსაც ხშირად უწოდებენ „მეცნიერის, სწავლულის, პოეტისა და სიცოცხლის მრავალფეროვნების გულმხურვალე დამცველის იშვიათ კომბინაციას“), ბიოსფერული რეზერვატების საკითხი გამახსენდა. გარკვეულწილად იმიტომ, რომ წლის დასაწყისში კახეთში ამ თემაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ტრენინგი ჩავატარე და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ, როგორც ეკონომისტი, ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიოსფერული რეზერვატებისათვის კულტურული (და, რა თქმა უნდა, ბიო!) მრავალფეროვნების შენარჩუნება. ასე რომ, ვუსმენდი უეიდ დევისის მგზნებარე საუბარს სხვადასხვა აბორიგენი, ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ჯგუფების ან პენანის (მომთაბარე ტომები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) ტომების ცხოვრების სტილზე და გონებაში ქართული სოფლის მეურნეობის ტრადიციებთან, გაქრობის პირას მყოფ ქართველურ ენებთან და იმ პრობლემებთან ვავლებდი პარალელს, რომლებიც მთიან საქართველოში გაგვაჩნია. ამ ბლოგით მსურს ყურადღება გავამახვილო ბიოსფერულ რეზერვატების წვლილზე მულტიკულუტურული და პლურალისტური  მსოფლიოს განვითარებაში.


რას წარმოადგენს ბიოსფერული რეზერვატი და რატომ იქმნება ის?

ბიოსფერული რეზერვატები „იუნესკოს“ ეგიდით შექმნილი ძალიან საინტერესო ადგილებია. მათი შექმნა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო და  წარმოადგენდა „ადგილს, სადაც მეცნიერებას წვლილი შეაქვს სტაბილურობის შენარჩუნებაში“.  „იუნესკო“ ბიოსფერულ რეზერვატს განმარტავს, როგორც „სპეციალურ, საცდელ ადგილს დისციპლინათაშორისი მიდგომებისათვის, რაც სოციალური და ეკოლოგიური სისტემების ცვლილებების, მათი კავშირების გაგებასა და მართვას, მათ შორის კონფლიქტების პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტს ემსახურება“. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიოსფერული რეზერვატი არის ადგილი, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაციის მეშვეობით მდგრადი განვითარების მიღწევას ცდილობენ. ეს შეიძლება მოხდეს მრავალმხრივი დიალოგის, ცოდნის გაზიარების, ცხოვრების ხარისხისა და ადამიანთა უნარების გაუმჯობესების მეშვეობით. ეს ის ადგილებია, სადაც ადამიანები ურთიერთშეთანხმებულად ცდილობენ მათი ინდივიდუალურობის, კულტურისა და ბუნების შენარჩუნებას; ეძებენ ახალ გზებს მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად.

ბიოსფერულ რეზერვატებს განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. ისინი მკაცრად დაცულ ტერიტორიებთან ახლოს იქმნება, რომელთაც წვლილი შეაქვთ ლანდშაფტის, ეკოსისტემების, სახეობების და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ბიოსფერულ რეზერვატებს სამი ზონა გააჩნია: ა) ძირითადი ნაწილი; ხშირად ეროვნული პარკი/ნაკრძალი, სადაც ადამიანის ჩარევა აკრძალულია; ბ) ბუფერული ზონა, რომელიც ძირითადი ნაწილის გარშემო მდებარეობს და ხშირად სახეცვლილია ან ადამიანის ჩარევის შედეგად ზეგავლენას განიცდის, მაგრამ ლანდშაფტის შესაბამისი ცხოველებისა და მცენარეების სახეობებისთვის გავრცელების არეს წარმოადგენს; გ) შუალედური ზონა, სადაც მოქმედების ყველაზე დიდი არეალი არსებობს ადამიანის ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისათვის (ბიოსფერული რეზერვატების მთავარი მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „იუნესკოს“ ვებ-გვერდზე).

უფრო კონკრეტულად, ადამიანები ბიოსფერულ რეზერვატებში შემდეგი აქტივობებით არიან დაკავებულნი: ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან გარემოს, ერთვებიან გარემოს დაცვის კუთხით მდგრად ბიზნესებში, ამაღლებენ ადგილობრივი თემის ცნობიერებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით, ატარებენ კვლევებს და ანახებენ მსოფლიოს, თუ როგორ შეუძლიათ საზოგადოებებს ჰარმონიულად განვითარება საკუთარ გარემოსთან ერთად და ამავდროულად, სარგებელის მიღებაც.


წარმატებული ბიოსფერული რეზერვატები და მათი აქტუალობა საქართველოსთვის

ამჟამად მსოფლიოს 122 ქვეყანაში სულ 686 ბიოსფერული რეზერვატი არსებობს (მათგან 20 ტრანსსასაზღვრო მიდამოებში) და მათი წარმატების დონე საკმაოდ განსხვავებულია. საქართველოსთვის აქტუალური მრავალი ისეთი საინტერესო მაგალითი არსებობს, როგორიცაა რონის (Rhön) ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც 1991 წელს შეიქმნა, ბიო-ხარისხის პროდუქტების პოპულარიზაცია მოახდინა და მისი მეშვეობით ადგილობრივი პროდუქცია შემოსავლიან წარმოებად იქცა. მაგალითად, მაცხოვრებლებმა შეინარჩუნეს რონის ცხვრის ის სახეობა, რომელიც 1970-იან წლებში გადაშენების პირას იყო  და ამჟამად „ბიო-ხარისხის“ პროდუქტის სახელითაა ცნობილი (ამავდროულად, ის გახდა ადგილობრივი ბიოსფერული რეზერვატის ემბლემაც). აღნიშნული რეზერვატი სპეციალიზებულია უმაღლესი ხარისხის ვაშლის წვენების, სიდრის, ვაშლის შუშხუნა ღვინისა და ადგილობრივი ვაშლისგან დამზადებული უდის - „რონის თვალის“ წარმოებაზე. „რონმა“ ასევე მოახერხა ევროპული მდინარის კიბოს ეპიდემიური ჭირისგან დაცვა სახეობათა დაცვის პროექტის ფარგლებში. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ბიოსფერული რეზერვატის მართვამ შექმნა უმაღლესი ხარისხის გასტრონომია - „Rhön Umbrella Brand“, რომელიც საყოველთაოდ ცნობადი ბრენდია და არა მხოლოდ ექსპორტირებად გასტრონომიულ პროდუქტებს მოიცავს, არამედ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებშიც გამოიყენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით ხვდება ბიოსფერულ რეზერვატში ცხოვრების იდეას; უმეტესწილად რეგიონის პროდუქტების წარმატებული მარკეტინგისა და ადგილობრივი ფერმების შენარჩუნების წყალობით.

შვეიცარიაში არსებული ენტლებუხის (Entlebuch) ბიოსფერული რეზერვატი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითია. ეს ბიოსფერული რეზერვატი არამხოლოდ ეროვნული დაცვის ქვეშ მყოფი ჭაობებისა და ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებისათვის წარმოადგენს სახლს, არამედ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობითაც არის მდიდარი. ბუნების დაცვის სხვადასხვა პროექტებთან ერთად, ენტლებუხი სტუმრებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მაგალითად, ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მთელი კვირა გაატარონ ბიოსფეროს სკოლაში პროექტზე სამუშაოდ, სადაც ფერმერობის შესახებ გაკვეთილებს ესწრებიან და ექსკურსიებში იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, რეგიონის ბიოსფეროს თემატიკა სკოლის პროგრამაშია შესული და ბავშვები ადგილობრივი გარემოს დაცვის საკითხებს ადრეული ასაკიდანვე ეცნობიან. ენტლებუხის, ისევე როგორც რონის ბიოსფერომ, საკუთარი პროდუქტების ბრენდირება დაიწყო და ეს სტრატეგია ამ რეგიონისთვისაც სარგებლიანი აღმოჩნდა. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტების ბრენდირება ბიოსფეროს ეკონომიკის მენეჯმენტისათვის მნიშვნელოვანი მულტიპლიკატორის როლს ასრულებს. კვლევის თანახმად, ბრენდირების შედეგად მიღებული მთლიანი სარგებელი ორჯერ აღემატება ბიოსფერული რეზერვატის მთლიან ბიუჯეტს.

ამგვარად, გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, დაცული ტერიტორიები უფრო და უფრო ცნობილი ხდება მათ სიახლოვეს ან ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის მოტანილი ეკომომიკური სარგებლიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ეროვნული პარკები მნიშვნელოვან ტურისტულ ფუნქციას ასრულებს, ბიოსფეროებზე დადებითად მოქმედებს საკვების ალტერნატიული ქსელების ჩამოყალიბებაც (ისე, როგორც რონისა და ენტლებუხის შემთხვევებში). ბიოსფერულ რეზერვატებს შეუძლია (რონისა და ენტლებუხის მაგალითზე  დაყრდნობით) საკვების ინდუსტრიული წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების ალტერნატივის შეთავაზება ადგილობრივი პროდუქტების ისეთი ბრენდის შექმნით, რომელიც ადგილობრივი წარმომავლობის გარანტიას იძლევა და წარმოების მდგრადობასაც უზრუნველყოფს; შესაბამისად, იქმნება უფრო უშუალო კავშირი და ნდობის მაღალი დონე მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ეს ქსელები მნიშვნელოვან და ინოვაციურ მიდგომად მიიჩნევა ადგილობრივი, სოფლის რეგიონებში დამატებითი ღირებულების ჯაჭვის მზარდი პოპულარიზაციისათვის.

რა თქმა უნდა, „იუნესკოს“ ყველა ბიოსფერული რეზერვატი ზემოთ მოყვანილი მაგალითების მსგავსად წარმატებული არ გახლავთ და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ხელოვნურადაა შექმნილი და რეზერვატის მთავარ ფუნქციებს ვერ ასრულებს. 2006 წელს ჩატარებული ვრცელი კვლევა 211 ბიოსფერულ რეზერვატს მოიცავს და ბიოსფერული რეზერვატის წარმატებისათვის აუცილებელ ფაქტორებს გამოჰყოფს: ადგილობრივი მოსახლეობის განათლება გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ადგილობრივ მმართველობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, გარემოს დაცვის საკითხების გრძელვადიანი კვლევა და მონიტორინგი და ბუნების კონსერვაციის თანამედროვე პროგრამებისა და კანონების შემუშავება და ამოქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ბიოსფერულმა რეზერვატმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური სარგებლის მიღება შეეძლება. მაცხოვრებლებისათვის ბიოსფერულ რეზერვატში სტაბილური ეკონომიკური შემოსავლის შეთავაზება საუკეთესო გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ის გარემოს დაცვითი შეზღუდვა იქნება დაცული, რომლებიც ბუნების კონსერვაციის ღონისძიებებითაა განპირობებული. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეეძლოს გამოიმუშაოს საარსებო თანხა და მჭიდრო სიახლოვე აკავშირებდეს რეგიონთან. შესაბამისი ეკონომიკური სტიმულის გარეშე ბიოსფერული რეზერვატი წარმატებული ვერ იქნება.

ამჟამად, საქართველოს მთავრობა განიხილავს კახეთის, თუშეთისა და დედოფლისწყაროს რეგიონებში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალსა და მიზანშეწონილობას. რამდენიმე ხელსაყრელი ფაქტორიდან გამომდინარე, ბიოსფერული რეზერვატების შესაქმნელად სწორედ ეს რეგიონები შეირჩა. კერძოდ, ეს დადებითი ფაქტორებია:  დაცული ტერიტორიების არსებობა, ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნება (მათ შორის ბაცბური ენა, რომელიც „იუნესკოს“ საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შესული), ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობა, ეკო-ტურიზმის მაღალი პოტენციალი, სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პროექტების არსებობა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუშეთისა და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის მთავარი ფოკუსი შეიძლება იყოს სეზონური ძოვების ტრადიცია თუშეთიდან დაბლობის, შირაქ-სამოხის ხეობის საძოვრებისკენ. მომთაბარე მეცხოველეობის სისტემა ერთ-ერთ გზად მიიჩნევა როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, ისე კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების სტრატეგიისათვის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის სიმწირეს განიცდის და კლებადი ტენდენციით ხასიათდება.

მიმაჩნია, რომ სწორად შექმნილ ბიოსფერულ რეზერვატს თუშეთისა და დედოფლისწყაროს რეგიონებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. იმედისმომცემია ისიც, რომ ახმეტის ადგილობრივი მმართველობა (რომელიც თუშეთსაც მოიცავს) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ბიოსფერული რეზერვატების შექმნისა და მხარდაჭერის კუთხით მზაობას გამოთქვამს. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი რეზერვატი თუშეთის ცხვრების ჯიშისათვისაც  ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს რონის ცხვრების შემთხვევაში მოხდა.  მას ნამდვილად აქვს პოტენციალი, აჩვენოს სხვა რეგიონებს, როგორ შეუძლიათ მაცხოვრებლებს ისარგებლონ სწორი და მდგრადი რეგიონული განვითარების პერსპექტივებით, შეინარჩუნონ საკუთარი ეკოსისტემა, კულტურული მემკვიდრეობა და ამ პროცესებიდან  დიდი სარგებელიც მიიღონ.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019

Captcha Image

Our Partners