ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აირჩია თუ არა საქართველომ სწორი გზა პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად?

2018 წლის ოქტომბერში ახალი კანონი  შევიდა ძალაში, რომელიც 15 მიკრონზე1 თხელი პარკების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას კრძალავს. ამავე რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის აპრილში დაიწყო და ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკი მოიცვა. ჩნდება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვის დაწესება და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს აკრძალვას?

ყოველწლიურად დაახლოებით ერთი ტრილიონი პოლიეთილენის პარკი იწარმოება, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მაღაზიების სალაროებს უნაწილდებათ. მათგან ორი მესამედი ერთჯერადია. პოლიეთილენის პარკები ყველგან გვხვდება: ქუჩაში, სასოფლო-სამეურნეო მიწების საძოვრებზე, ზღვებში, მდინარეებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს, თუ როგორ ივსება ასეთი ნარჩენი მასალებით გარემო, უმეტესობა ვერ აცნობიერებს იმ რეალურ  საფრთხეს, რომელიც ამ ძალიან მოსახერხებელი და ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტის უკან იმალება.

ხშირად გვესმის, რომ პოლიეთილენის პარკები არაბიოდეგრადირებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბუნებაში მუდმივად რჩება (ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით). თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დროთა განმავლობაში, მისი მიკრო ნაწილაკები ნიადაგსა და სასმელ წყალში ტოქსინებს ავრცელებს. მაშინაც კი, როცა პოლიეთილენის პარკები ნაგავსაყრელებზე წესების დაცვითაა განთავსებული, მცირე წონის გამო, ისინი ხშირად იფანტება და პოტენციურ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ხელსაყრელ გარემოს ქმნის კოღოების გასამრავლებლად. ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ნარჩენების მართვის სექტორი სათანადოდ არ კონტროლდება, პოლიეთილენის პარკებს ადგილობრივი კანალიზაციის სისტემის ბლოკირებაც შეუძლია, რამაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს2. გარდა ამისა, პარკები ბუნების სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ცხოველები, ფრინველები, ზღვის არსებები და პირუტყვები ხშირად შეცდომით ჭამენ პოლიეთილენის პარკებს ან ბუდის ასაშენებლად იყენებენ, რაც მათ გახლართვას, დახრჩობას და მოწამვლას  იწვევს. ერთჯერად პარკებს პოტენციურად უფრო მეტი უარყოფითი გავლენა აქვს, ვიდრე დანარჩენ პარკებს, რადგან მათი გადამუშავება ძალიან რთულია და შესაძლოა  გადამამუშავებელი დანადგარის დაბლოკვაც გამოიწვიოს.

ამ პროდუქტის ფართო გამოყენების სავალალო შედეგების გაცნობიერების შემდეგ, ევროკავშირმა ახალი მიზანი დაისახა, რომლის თანახმადაც, 2019 წლის დასასრულისთვის ერთ ადამიანზე 90 პოლიეთილენის პარკი უნდა მოდიოდეს, რაც, ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 46 მილიარდ პარკს უდრის, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 116 მილიარდს შეადგენდა. ეს პასუხისმგებლობა საქართველომაც გაიზიარა და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ერთი ბინადარი 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, რაც ევროკავშირის მიერ დასახულ ნიშნულს საგრძნობლად სცდება. საქართველოში გამოყენებული პოლიეთილენის პარკების უმეტესობა იმპორტირებულია და მათი 40% ერთჯერადი მოხმარებისაა. ეს ხნის იმას, თუ რატომ გადაწყდა საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთჯერადი პარკების აკრძალვა და  მოგვიანებით – ყველა სახის პოლიეთილენის პარკის.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: არის თუ არა აკრძალვა საიმედო სტრატეგია? რა ალტერნატივები არსებობს? რატომ გადაწყდა აკრძალვა?

აკრძალვა არის ბრძანებისა და კონტროლოს სტრატეგია, რომელიც არალეგალური ქმედებების საწინააღმდეგო სანქციებთანაა დაკავშირებული. აკრძალვას ემხრობიან ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ პოლიეთილენის პარკები საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. აკრძალვის ალტერნატივა შეიძლება იყოს, მაგალითად, გადასახადების დაწესება, რაც პოლიეთილენის პარკების გაყიდვას მთლიანად ვერ შეაჩერებს, მაგრამ პროდუქტს გააძვირებს და მომხმარებელი პოლიეთილენის პარკის გამოყენების ნამდვილ ხარჯებს გააცნობიერებს.

როგორც აკრძალვა, ისე გადასახადის დაწესება ბიუჯეტში შემოსავლებზე აისახება. აკრძალვის შემდეგ ბიუჯეტში თანხების შემოდინება დამრღვევთა რაოდენობასა და კანონის აღსრულების ხარისხზეა დამოკიდებული. გადასახადის შემთხვევაში კი, შემოსავალი გაყიდული პოლიეთილენის პარკების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კანონის იმპლემენტაცია და მონიტორინგი შესაძლოა გადასახადების ამკრეფმა დაწესებულებებმა შეითავსონ და გადასახადების აკრეფისა და მონიტორინგის არსებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. შესაბამისად, პოლიეთილენის პარკებზე გადასახადის დაწესების დამატებითი ღირებულება ძალიან მაღალი არ იქნება. რაც შეეხება სრულ აკრძალვას, ამისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების შექმნა ან დამატებითი პერსონალის დაქირავება, რათა კანონის აღსრულების მონიტორინგი გახდეს შესაძლებელი.


რომელი პოლიტიკაა უფრო ეფექტური?

საერთაშორისო მონაცემები გვიჩვენებს, რომ შედეგები კონტექსტის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, გადასახადების სისტემა დანიასა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში წარმატებით დაინერგა. დანია ამ სფეროში პიონერი ქვეყანაა, რომელმაც პოლიეთილენის პარკებზე გადასახადი პირველმა 1994 წელს შემოიღო. გადასახადების დაწესების შემდეგ პოლიეთილენის პარკების რაოდენობა განახევრდა (წლიური 800 მილიონიდან 400 მილიონამდე). ვაშინგტონში (აშშ) პოლიეთილენის პარკებზე გადასახადი მხოლოდ 2009 წელს დაწესდა, თუმცა ახალ პოლიტიკას შედეგი სწრაფადვე მოჰყვა, გადასახადის შემოღების შემდეგ ყოველთვიური მოხმარება 85%-ით, 22.5 მილიონიდან 3.3 მილიონ პარკამდე შემცირდა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ გადასახადების სისტემა როგორც დანიაში, ისე ვაშინგტონში კარგად გამართული და კონტროლირებადია.

მეორე მხრივ, ბანგლადეშსა და ჩინეთში უპირატესობა აკრძალვის სტრატეგიას მიენიჭა. ბანგლადეში პიონერი ქვეყანაა პოლიეთილენის პარკების აკრძალვაში; იქ პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ 2002 წელს აიკრძალა. თუმცა აკრძალვის სტრატეგია ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც ისინი ელოდნენ, ვინაიდან მათი პოლიტიკის განხორციელებისა და კანონის აღსრულების მექანიზმები საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. ამ მიდგომამ ჩინეთში გაცილებით უფრო უკეთეს შედეგს მიაღწია. ჩინეთმა ერთჯერად პარკებზე აკრძალვა 2008 წელს შემოიღო. აკრძალვის შემდეგ პოლიეთილენის პარკების მოხმარება 66%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინურ კომპანიებს საკმაოდ დიდი ჯარიმის (10 000 ჩინური იუანი, რაც დაახლოებით 1593 აშშ დოლარია) გადახდა უწევდათ პოლიეთილენის პარკების არალეგალური წარმოებისა და დისტრიბუციისათვის. გარდა ამისა, ჩინეთმა პოლიტიკის დანერგვის მკაცრი მექანიზმი შემოიღო და ქვეყნის მასშტაბით სპეციალურიად დაქირავებული პირები გაიგზავნა, რათა სურსათის მაღაზიებში კანონმორჩილება უზრუნველეყოთ.

როგორც ჩანს, როგორც აკრძალვის, ისე გადასახადების დაწესების მიდგომა წარმატებულია ისეთ ქვეყნებში,  სადაც აღსრულებისა და მონიტორინგის სისტემები სათანადოდაა გამართული.

საქართველოს შემთხვევაში რთულია, განვსაზღვროთ, რატომ გადაწყდა აკრძალვა და არა გარემოს დაცვითი გადასახადის დაწესება და, შესაბამისად, არც ამ გადაწყვეტილების სავარაუდო სარგებლის წინასწარ განჭვრეტა შეგვიძლია. ცხადია, აკრძალვის შემთხვევაში, გადასახადებს მხოლოდ დამრღვევები გადაიხდიან, გარემოს დაცვითი გადასახადი კი ყველა მწარმოებელსა და მომხმარებელს ეხება, რის შედეგადაც გადასახადის სიმძიმეს ყველა გრძნობს; აქედან გამომდინარე, პოლიეთილენის პარკების აკრძალვა პოლიტიკურად უფრო გონივრულია. თუმცა გადასახადების დაწესების დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ის ნიადაგს ამზადებს შემდგომი ღონისძიებებისთვის. გადასახადების სისტემა საზოგადოებას ეხმარება, ნელ-ნელა შეამციროს პოლიეთილენის პარკების მოხმარება, სანამ სულ არ ამოიღებს მათ ხმარებიდან.

საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, გონივრულია მივიჩნიოთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად იმუშავებს მონიტორინგისა და აღსრულების სისტემა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო ამ პროცესებზე ისეთი დეტალების გარკვევა, როგორებიცაა დარღვევების ოფიციალური სტატისტიკა, ჯარიმებიდან შემოსული თანხების ოდენობა ან პოლიტიკის შემოღებით გამოწვეული შედეგები.

დანამდვილებით ის ვიცით, რომ კანონის გატარებაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე დაწესებულება ინაწილებს, იმის მიხედვით საქართველოში იწარმოება პარკი თუ უცხოეთში. რიგ შემთხვევებში, ინსპექციის კუთხით ხარვეზებიც შეინიშნება. მაგალითად, ლაბორატორია, რომელმაც იმპორტული საქონლის ხარისხი და შემადგენლობა უნდა განსაზღვროს, ჯერ არ არსებობს, თუმცა იტალიის მთავრობის გრანტის დახმარებით მალე აშენდება.

ასევე ვიცით, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ამჟამინდელი კანონის ცვლილებას ან მისი აღსრულების გადადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ გარემოსათვის ნაკლებად საზიანო ალტერნატივები მოიძიონ; მათ უცხოურ პროდუქტთან შედარებით კონკურენტუნარიანობა დაკარგეს, ვინაიდან მაღაზიების უმეტესობა იმპორტულ საქონელს იყენებს.

შესაბამისად, კანონის ძალაში სრულად შესვლა შესაძლოა კიდევ გადაიდოს და, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების თქმით, არც რეგულაციის ხელახალი გადახედვაა გამორიცხული. ამგვარად, მოკლევადიან პერიოდში რეფორმის წარმატება ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული. გრძელვადიან პერიოდში, რეფორმის წარმატება დამოკიდებული იქნება ადგილობრივი მწარმოებლების მიერ კონკურენტუნარიანობის ისე შენარჩუნებაზე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენონ: ქართველი მარეგულირებელი ორგანოებისათვის ეს საკმაოდ რთული დავალება გახლავთ.


[1] ამ კანონის დამრღვევი დაჯარიმდება 500 ლარით (დაახლ. 200 აშშ დოლარი). განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარამდე (400 აშშ დოლარი) გაიზრდება.
[2] მაგალითად, 1998 წლის ბანგლადეშის წყალდიდობა პლასტიკის ნაგვის გამო ბლოკირებით იყო გამოწვეული.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

Captcha Image

Our Partners