ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

იმუშავებს კვოტები?!

განათლებაში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პროფესიულ განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებების მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილი წამყვან პოლიტიკურ პოზიციებზე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 2017 წელს გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის (GGI)1 მიხედვით, ქვეყანამ 94-ე ადგილი დაიკავა (144 ქვეყანას შორის), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრას. GGI არის გენდერული თანასწორობის ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული საზომი, რომელიც აფასებს ქვეყნის პროგრესს დროთა განმავლობაში. ეკონომიკური ჩართულობა და შესაძლებლობები, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანმრთელობა და  გადარჩენა, პოლიტიკური ემანსიპაცია არის ის 4 ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი, რომლითაც GGI ზომავს გენდერულ თანასწორობას. სულაც არ არის მოულოდნელი, რომ ამ ოთხი კატეგორიიდან საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემას ქალთა პოლიტიკური ემანსიპაცია წარმოადგენს. ამ კატეგორიაში საქართველო 0.093 ქულით2 144-ე ადგილზეა. თუმცა საქართველო აქ მარტო არ არის, სხვაობა კაცებსა და ქალებს შორის ეკონომიკური ჩართულობისა და პოლიტიკური გაძლიერების მხრივ  გლობალურადაც დიდია (ეკონომიკური ჩართულობის მხოლოდ 58% აღმოიფხვრა). სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ, ლოკალურად თუ გლობალურად, პრობლემის გადასაჭრელად და პოლიტიკურ ინსტიტუტებში გენდერული ბალანსის მისაღწევად?

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფს (Task Force) სჯერა, რომ გამოსავალი არის საქართველოში გენდერული კვოტირების სისტემის შემოღება. გენდერული კვოტირების სისტემა არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. მართლაც, დღეს ქვეყნების ნახევარი იყენებს ამა თუ იმ ტიპის კვოტირების სისტემას საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში.

გენდერული კვოტირება გულისხმობს, რომ გარკვეული რაოდენობის პოლიტიკურ პოზიციებს ქალები უნდა იკავებდნენ. საჯარო სფეროს გენდერული სტრუქტურის შეცვლა და ქალთა ემანსიპაცია, უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღნიშნული სისტემის შემოღების მთავარი მოტივაცია.

მკვლევართა უმეტესობა სცნობს სამი ტიპის კვოტირებას: გარანტირებული ადგილები, პარტიული კვოტა და საკანონმდებლო კვოტა. გარანტირებული ადგილების კვოტირების სისტემა იძლევა გარანტიას, რომ ქალები წარმოდგენილი არიან პარლამენტში. ესაა არჩეულ პოზიციებზე ქალთა რაოდენობის რეგულირების უფრო პირდაპირი გზა. ეს სისტემა ადგენს პოზიციებს, რომლებისთვისაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ბრძოლა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი ტიპის კვოტირების სისტემიდან გარანტირებული ადგილების ტიპი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია (იხ. გრაფიკი 1).

პარტიული კვოტები არის ცალკეული პარტიების მიერ ნებაყოფლობით შემოღებული საზომი. პოლიტიკური პარტიები თავად განსაზღვრავენ არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების პროცენტულ რაოდენობას. ნებაყოფლობით პარტიულ კვოტებს კანონი არ არეგულირებს, ამიტომ ის არ არის სავალდებულო და სანქციების სისტემაც არ არსებობს. ერთადერთი, რითიც მთავრობას შეუძლია ჩაერიოს პარტიული კვოტირების სისტემაში, არის პარტიების წახალისება, გაზარდონ ქალების რაოდენობა საარჩევნო სიებში (ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი არის ფინანსური წახალისების სისტემა). ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოშიც, სადაც 2011 წლიდან პარტიები, რომლებიც ყოველ 10 კანდიდატზე 2 ქალ კანდიდატს წარადგენენ, 10%-ით მეტ დაფინანსებას იღებენ მთავრობისგან. 2014 წელს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდა.

საკანონმდებლო კვოტირების სისტემა ძირითადად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით ლათინური ამერიკისა და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში (ძირითადად, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში). ეს არის კვოტირების პოლიტიკის უახლესი ტიპი, როემლიც პირველად 1990-იან წლებში გამოჩნდა. საკანონმდებლო კვოტირება სავალდებულოა და ეხება ყველა პარტიას. კვოტირების ეს სისტემა ეხება საარჩევნო პროცესს: პარტიები ვალდებულნი არიან, კანდიდატთა სიაში შეიყვანონ გარკვეული რაოდენობით ქალი კანდიდატები, რომელთა პროცენტული რაოდენობაც, როგორც წესი, 25-50% შორის მერყეობს. მეტიც, პარტიას ამა თუ  იმ კანდიდატის ჩანაცვლება მხოლოდ იმავე სქესის კანდიდატით შეუძლია. თუ ასეთი კანდიდატი ვერ მოიძებნა, მანდატი უქმდება.

გრაფიკი 1. ქვეყნების რაოდენობა გენდერული კვოტირების ტიპების მიხედვით

დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა 2017 წელს წარადგინა გენდერული კვოტირების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალების გააქტიურებასა და გაძლიერებას. წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, 50%-იანი კვოტა უნდა დაწესდეს მომდევნო არჩევნებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო სიის ყოველი მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა პარლამენტს, მაგრამ 2018 წლის მარტში ჩავარდა. თუმცა კანონპროექტის მხარდამჭერებმა პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში განაცხადეს, რომ მალე წარმოადგენენ კანონის ახალ ვერსიას, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ალბათ, არაერთი წარმატების ამბავი მოგისმენიათ, როგორ შეცვალა გენდერულმა კვოტირებამ გენდერული ემანსიპაციის ფორმები და შეამცირა გენდერული სხვაობები. GGI-ის თუ დავუჯერებთ, ისლანდიამ კვოტირების სისტემით მოახერხა გენდერული სხვაობის 70%-ის გადაჭრა, მას მოყვებიან ნიკარაგუა, რუანდა, ნორვეგია და ფინეთი. ეს ამბები დამაინტრიგებელია, თუმცა პოლიტიკური ემანსიპაცია, ინსტიტუციური განვითარება და პოლიტიკური ნება არის ის ფაქტორები, რომლებიც ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდება და შეიძლება კვოტირების ესა თუ ის სისტემა არაეფექტური გახადოს.

მსოფლიო განვითარების 2012 წლის ანგარიშის „გენდერული თანასწორობა და განვითარება“ თანახმად, თეორიულად, გენდერულ კვოტებს აქვს პოტენციალი, გამოასწოროს არსებული სისტემის საბაზრო ჩავარდნები. ამ ინსტრუმენტმა შეიძლება გააუმჯობესოს ქალთა დამოკიდებულება და დაეხმაროს მათ, გადალახონ თავსმოხვეული სტერეოტიპები და შეამციროს ქალთა შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული სტატისტიკური დისკრიმინაცია და ამით შეცვალოს ქალთა მიმართ დამოკიდებულება და სოციალური ნორმები გრძელვადიან პერიოდში. მეორეს მხრივ, ასეთმა ზომებმა შეიძლება შეამციროს ეფექტიანობაც, თუ ამ ინსტრუმენტის წყალობით, ნაკლებად უნარიანი და კვალიფიციური ქალები დაიკავებენ თანამდებობებს. კვოტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალების მოტივაციაზე, ინვესტიცია ჩადონ საკუთარ განათლებასა და თვითგანვითარებაში. კვოტებმა შეიძლება დააზიანოს ქალის, როგორც კვალიფიციური კანდიდატის იმიჯი, რადგან შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი სტერეოტიპის გაჩენას, თითქოს ქალი კანდიდატები მხოლოდ ხელოვნური პოლიტიკური საშუალებებით აღწევენ წარმატებას. ეს სტერეოტიპი შეიძლება რეალობადაც იქცეს, თუ კვალიფიციურ ქალებს გაუქრობს პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის მოტივაციას.

მონაცემებმა აჩვენა, რომ კვოტებმა ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზართა ქალთა წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დახურული სიის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაში. თუმცა ემპირიული მტკიცებულებები, რომლებიც ასეთი პოლიტიკის შედეგებს აანალიზებს, საკმაოდ მცირეა. შესაძლო კორელაცია პოლიტიკის შედეგებსა და კვოტებით გამოწვეულ ზრდას შორის არ შეიძლება ასახავდეს კვოტების მიზეზობრივ გავლენას და შეიძლება უარყოფით კავშირთანაც კი გვქონდეს საქმე. სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა: ქალთა წარმომადგენლობამ შეცვალა შედეგები ქალებისთვის თუ ქალი პოლიტიკოსებისთვის გაუმჯობესებულმა გარემომ  გააძლიერა გენდერული წარმომადგენლობა პარლამენტში? მეტიც, სხვა ფაქტორებს (მაგალითად, ქვეყანაში ქალთა ზოგადი ემანსიპაციის წახალისებას) შეუძლია განსაზღვროს როგორც პოლიტიკის შედეგები, ისე კვოტებით გამოწვეული ზრდა, თუმცა ეს არ შეიძლება გავიგოთ როგორც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

მონაცემები რამდენიმე ქვეყნიდან, რამაც მკვლევრებს უფრო მყარი საყრდენი მისცა გენდერული კვოტების მიზეზ-შედეგობრივი გავლენის ანალიზისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, განსხვავებულია. ინდოეთში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული კვოტების შემთხვევითობის პრინციპით განაწილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი ბიუროკრატების კორუფციული პრაქტიკა შემცირდა, თუმცა მოლოდინი, რომ ქალი ლიდერები უფრო მეტად დაუჭერდნენ მხარს ქალების მხარდამჭერ პოლიტიკას, არ გამართლდა და იმავე კვლევებმა ვერ დაადასტურა გენდერის გავლენა პოლიტიკის შედეგებზე. თუმცა განსხვავებული შედეგი მივიღეთ ნორვეგიაში, სადაც კორპორაციული საბჭოს დონეზე გენდერული კვოტების შემოღებამ უარყოფითად იმოქმედა კომპანიების მოკლევადიან მოგებაზე.

საქართველოში ქალთა ემანსიპაციის საჭიროებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვა პრობლემებიც, თუ გადაწყდება, რომ ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად კვოტირების სისტემა დაინერგება. ამომრჩეველთა უფლების შეზღუდვა, აირჩიოს მისი აზრით საუკეთესო კანდიდატი, თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიულ პრინციპებს. ამიტომ უნდა დავიცვათ ბალანსი დარღვევებსა და მოსალოდნელ სარგებელს შორის. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ასეთი ჩარევების ხარისხი/დამსახურება ჯერ კიდევ გაურკვეველია სამეცნიერო ლიტერატურაში.

დიდი ალბათობით, მკაცრად რეგულირებული 50%-იანი საკანონმდებლო კვოტირების სისტემის შემოღება გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას მთავრობაში. თუმცა შედეგების ხელოვნური გამოსწორებით ნაკლებად შევძლებთ ძირეული მიზეზების მოგვარებას. სანამ უკეთ არ გავიგებთ, რეალურად რა აფერხებს ქართველ ქალებს პოლიტიკურ რბოლაში მონაწილეობისა და წარმატების მიღწევისგან, რისკები და ხარჯები კვლავ შეუსაბამო იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება მართებული იყოს ინდური „ექსპერიმენტის“ გადმოღება და კვოტების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემოღება. ამ „ბუნებრივმა ექსპერიმენტმა,“ როგორც მკვლევარები უწოდებენ მას, შეიძლება მოიტანოს მეტი სიცხადე და გაათავისუფლოს პოლიტიკური განხილვები იდეოლოგიური მიკერძოებისგან.


1 გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსს ითვლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
2 გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის ქულები მერყეობს 0-დან (უთანასწორობა) 1-მდე (თანასწორობა) შკალაზე.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 22 სექტემბერი 2019

Captcha Image

Our Partners