ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

პეპსი, მაკდონალდსი და აღთქმული მიწა

1991 წელს დავესწარი კონფერენციას „აქვს თუ არა სოციალიზმს მომავალი?“, რომელსაც ჩემმა ალმა მატერმა, იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სესიაში, რომელიც ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა, უნგრელი დისიდენტი პოეტი მონაწილეობდა, რომელიც არაეფექტურ კომუნისტურ პროპაგანდას დასცინოდა. „კომუნისტები, – უყვებოდა პოეტი დადებითად განწყობილ აუდიტორიას, – ცდილობდნენ, დავეჯერებინეთ, რომ ჯინსები ახალგაზრდა მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს, კოკა-კოლა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა“. ამ დროს საკონფერენციო დარბაზის ბოლოში გაისმა ქალის აკანკალებული ხმა: „კი მაგრამ კოკა-კოლა ნამდვილად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის!“

◊ ◊ ◊

კაპიტალიზმი რუსეთსა და კომუნისტური ბლოკის დანარჩენ ქვეყნებში სანატრელი დასავლური სამომხმარებლო საქონლით შემოიჭრა. კაპიტალიზმს თან არაერთი არომატიც მოჰყვა. არასდროს დამავიწყდება საღეჭი რეზინი პიტნის არომატით, რომელიც 8 წლის საბჭოელ ბიჭუნას მაჩუქა გულკეთილმა ფინელმა ტურისტმა. ეს ნამდვილი იღბალი იყო. რუსული არყით გატაცებულმა და ქეიფის მოყვარულმა ფინელებმა წალეკეს 1970-იანი წლების სანქტ-პეტერბურგი, თუმცა ცოტას თუ შემოჰქონდა საღეჭი რეზინი პიტნის არომატით.

კაპიტალიზმი მთელი თავისი ხიბლით კიდევ უფრო სისტემურად შემოვიდა 1974 წელს, როდესაც ნოვოსიბირსკში პირველი საბჭოთა პეპსის ქარხანა გაიხსნა. საბჭოთა კავშირში პეპსი რუბლზე იყიდებოდა, რომლის აშშ დოლარზე გადაცვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ კაპიტალიზმის გენიამაც კრეატიული გამოსავალი იპოვა: პეპსის გადაცვლა არაყზე (ერთი ლიტრი პეპსის კონცენტრატი ერთი ლიტრი სამაგიდე არყის ნაცვლად) და მოგვიანებით საბჭოთა საომარ ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებზე.

16 წელი, „გლასნოსტი“ და „პერესტროიკა“ დასჭირდა კიდევ ერთ მსხვილ ამერიკულ ბრენდს, რომ „მთვარის მეორე მხარეს“ გადმოსულიყო. 1990 წლის 31 იანვარს მოსკოვში მაკდონალდსის პირველი რესტორანი გაიხსნა, რომელმაც ერთ დღეში ოცდაათი ათას მომხმარებელს უმასპინძლა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ბარბექიუს არომატის მქონე ამერიკული კაპიტალიზმის დასაგემოვნებლად მოსკოველები 6 საათი იდგნენ რესტორნის გარეთ რიგში. ისე დაემთხვა, რომ რესტორნის რიგში მდგარმა მოსკოველებმა „ზურგი აქციეს“ ალექსანდრე პუშკინის ძეგლს, რუსული ლიტერატურისა და კულტურის სიმბოლოს.

სანამ ამ საოცარი სანახაობის შემხედვარე პუშკინი საფლავში ტრიალებდა, 1990 წელს გამოსული კომერციული რეკლამა საბჭოთა ტელევიზიებიდან გვიმტკიცებდა, რომ „[საბჭოთა] ახალი თაობა ირჩევს პეპსის“. პეპსისა და მაკდონალდსში განსხეულებულმა კონსიუმერიზმმა არაერთგზის ჩაანაცვლა მარქსი და ლენინი ჰომო სოვიეტიკუსის ცნობიერებაში, როგორც მას სატირულად უწოდა ვიქტორ პეველინმა ბესტსელერში „თაობა პ“ (ჰომო საპიენსი ენდრიუ ბრომფილდის ინგლისურენოვან თარგმანში).

◊ ◊ ◊

სოციალიზმიდან კაპიტალიზმში პოსტ-საბჭოთა გადასვლა სწორხაზოვანი და მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. გადასვლის ზოგიერთ კომპონენტს – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციას, ფასების ლიბერალიზაციასა და მაკრო სტაბილიზაციასაც კი – ახალშექმნილი კაპიტალისტური ქვეყნების უმეტესობამ 3-5 წელიწადში მიაღწია. თუმცა, რაც ამას მოჰყვა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა წარმოდგენილი კონსიუმერისტული სამოთხისგან, ყოველ შემთხვევაში, რიგით მომხმარებელთა უდიდესი უმრავლესობისთვის, რომელთაც გადარჩენისთვის უწევდათ ბრძოლა. ვიღას ახსოვდა პეპსი და მაკდონალდსი. ფიზიკური გადარჩენა გახდა მთავარი საზრუნავი, რადგან არ არსებობდა სამუშაო ადგილები, არავინ იყო დაცული კრიმინალისგან, არ იყო სოციალური უსაფრთხოების სისტემა და (ხანდახან) ელექტროენერგია.

მართალია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკა და პოლიტიკა ხშირად თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების კარიკატურას უფრო ჰგავდა, მაგრამ დასავლური ყაიდის კონსიუმერიზმი და დასავლური სამომხმარებლო საგნებით აღფრთოვანება კვლავ რჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იდეოლოგიურ და კულტურულ აკვიატებად.

ალკოჰოლის მოხმარება ამ მოსაზრების საინტერესო მაგალითია.

გრაფიკი 1. ალკოჰოლის მოხმარება (ლიტრი) ერთ სულ მოსახლეზე (15+) ყოფილ საბჭოთა კავშირში, 1992-2011 წწ.

საბჭოთა კავშირში ძირითადად ისეთი ძლიერი სასმელები ჭარბობდა, როგორიცაა რუსული არაყი, ქართული ჭაჭა და სომხური „კონიაკი“ (ბრენდი). ღვინო, რომელსაც ძირითადად ვაზის კულტურის მქონე ქვეყნებში (საქართველოში, მოლდავეთსა და ყირიმში) სვამდნენ, მეორე ადგილზე იყო. ლუდი, მართალია, ძალიან პოპულარული იყო კაცებში, მაგრამ მაინც მხოლოდ მესამე ადგილზე იყო. აქ შეხვდებოდით როგორც ჩამოსასხმელ, ისე ბოთლის ლუდს, რომლებიც სპეციალურ კიოსკებსა და ქუჩაში (კვასის მსგავსად) იყიდებოდა.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ალკოჰოლის წარმოებასა და გაყიდვაზე შეზღუდვები მოხსნა, კაპიტალიზმსა და დემოკრატიაზე გადასვლის დაწყება ალკოჰოლიზმისა და მისით გამოწვეული სიკვდილიანობის უეცარ ზრდას დაუკავშირდა. ალკოჰოლის მოხმარება ძალიან მაღალი რჩებოდა 2011 წლამდე (ეს არის ბოლო წელი, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები მოგვეპოვება), მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად იკლებდა. ამავე პერიოდში შეიმჩნევა უმნიშვნელო ზრდა ღვინის და მკვეთრი ზრდა ლუდის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებაში. ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ახალგაზრდა პეპსის თაობამ არამხოლოდ სასმელი, არამედ მასთან დაკავშირებული ცხოვრების სტილიც გადმოიღო: ბარებში, ღამის კლუბებსა და რესტორნებში გართობა დანგრეულ საბჭოთა კორპუსების სადარბაზოებსა და კიბეებზე თრობის ნაცვლად.

ასეთივე ცვლილებები ფიქსირდება ცალკეულ ქვეყნებშიც. მაგალითად, 2011 წელს ალკოჰოლის მოხმარებით (15.76 ლ. ერთ სულზე) რუსეთი ჯერ კიდევ მეოთხე ადგილზე იყო ევროპაში. თუმცა 2013 წლისთვის მაჩვენებელი 13.5 ლიტრამდე შემცირდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან. მეტიც, ღვინო და ლუდი ეტაპობრივად ანაცვლებს სხვა სასმელებს და ყველაზე პოპულარული ხდება რუს მომხმარებლებში.

სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა ლუდის სმაზე გადასვლის მაჩვენებელი კარგად ასახავს, რამდენად კარგად აითვისა ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობამ დასავლური ცხოვრების სტილი და სამომხმარებლო ქცევები. 1990-2011 წლებში ლუდის მოხმარებაში ცვლილებებზე (ლიტრებში) WHO-ის მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევადგინეთ ლუდის მოხმარებაზე დაფუძნებული გადასვლის ინდექსი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელშიც საქართველო მესამე ადგილზეა, ლიტვა – პირველზე, რუსეთი – მეორეზე, უკრაინა – მეოთხეზე, ბელარუსი კი – მეხუთეზე. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში გაცილებით ნაკლებ ლუდს სვამენ. აზერბაიჯანის შემთხვევაში ამ სტატისტიკის მიზეზი შეიძლება ისლამი იყოს, რომელიც ქვეყნის მთავარი რელიგიაა.

შედარებით მსუბუქ სასმელებზე ეტაპობრივი გადასვლა, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოხდა, ნამდვილად დადებითი მოვლენაა. იმედი რჩება, რომ სამომხმრებლო ქცევის (და კულტურის) ამ ცვლილებას მალე ეკონომიკური მუშაობის, სოციალური შეგნებისა და მმართველობის გაუმჯობესებაც მოჰყვება, რაც გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, კონსიუმერიზმსა და ნაციონალიზმზე მაღლა დადგენ და კეთილდღეობისა და მშვიდობის აღთქმულ მიწას მიაღწიონ.

◊ ◊ ◊

ებრაელმა ხალხმა 40 წელი იმოგზაურა სინაის ნახევარკუნძულზე, სანამ წმინდა მიწაზე შესვლის უფლებას მოიპოვებდა. ეს დრო დასჭირდა ახალი თაობის აღზრდას. თაობის, რომელმაც არ იცოდა, რა იყო მონობა და რომელიც არ დანებდებოდა წარმართ ღვთაებებს, როგორც მათი წინაპრები დაემონენ ოქროს ხბოს (აღვირახსნილი თავკერძობისა და კორუფციის ბიბლიური მეტაფორა?). თუ დავუშვებთ, რომ ადამიანური ბუნება მოსეს შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, შეიძლება ვიფიქროთ,  რომ სულ რაღაც 13 წელიწადში უნდა დასრულდეს ჩვენი მოგზაურობა უდაბნოში. თუმცა, ილუზიებს მაინც ნუ შეიქმნით!

სტატიის ძირითადი იდეა ეკუთვნის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკლევარს, ლაურა მანუკიანს, რომელიც დამეხმარა კვლევასა და მონაცემების გაანალიზებაში. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო მარტინ სმიტის წვლილი სტატიის სათაურის მოფიქრებაში და უკიდურესად ზუსტი სარედაქტორო შენიშვნები, რომელთაგანაც უამრავ რამეს ვსწავლობ!


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners