ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ახლა ბიო პროდუქტებია მოდაში!

წლიდან წლამდე ბიო პროდუქტების ბაზრისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. STATISTA-ის მონაცემებით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ბიო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა (თუ 2000 წელს 18 მლრდ. აშშ დოლარი იყო, 2016 წელს უკვე 90 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა), TechSci Research-ის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, 2017-2022 წლებში ბაზრის მთლიანი ღირებულება წლიურად 16.15%-ით გაიზრდება. რეალურად ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ბიო პროდუქტების მიწოდების ზრდა ფეხს ვერ უწყობს მოთხოვნის ზრდას (OCA, 2018 წ.), რადგან ტრადიციული ფერმერობიდან ბიო ფერმერობაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია.


რატომ ბიო პროდუქტები?

ბიო პროდუქტებისადმი მზარდი ინტერესი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ადამიანებს სულ უფრო მეტად აღელვებთ ჯანსაღი და უსაფრთხო კვება და მდგრად გარემოში ცხოვრება. უფრო კონკრეტულად, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ინტენსიფიკაციამ გაზარდა სკეპტიციზმი ტრადიციული ფერმერობისადმი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებზე, რაც, სავარაუდოდ, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრადიციული ფერმერობა არაერთი ეკოლოგიური თვალსაზრისით გადაწონის ბიოფერმერობას (GLP, 2016 წ.). მეორეს მხრივ, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბიო პროდუქტები ნაკლებად შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს და უფრო ნოყიერიცაა, მაგრამ მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი ჯერ კიდევ რჩება განხილვის თემად. თუმცა მთელი ეს კამათი სულაც არ უშლის ხელს ბიო პროდუქტების ბაზარს,  სულ უფრო მეტი მაღალშემოსავლიანი მომხმარებელი მოიზიდოს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობას უკეთ ესმის ბიო პროდუქტებით მიღებული სარგებელი და ადამიანებიც მზად არიან, გადაიხადონ თანმდევი პრემიუმ ფასები.

სხვათა შორის, ბიო პროდუქტების პრემიუმ ფასები სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი და ზოგიერთ რეგიონში რძისა და ხორცის პროდუქტებზე შეიძლება 100%-ს აჭარბებდეს. გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) წარმოადგინა იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც ზრდის ბიოფერმერობის ხარჯებს და ნაწილობრივ ხსნის შედეგად მიღებულ მაღალ ფასებს. ითვლება, რომ მაღალი ფასები ბიო პროდუქტების ბაზრის კიდევ უფრო გაფართოების მთავარი შემზღუდველი ფაქტორია, თუმცა არც სხვა შეზღუდვები არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. საქმე ისაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას არ ესმის, რეალურად რა იგულისხმება ნიშნით „ბიოლოგიური,“ რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნიშნის სტანდარტიზება და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ამ შეზღუდვებით აიხსნება, რატომ არ სურთ მომხმარებლებს, მეტი გადაიხადონ ბიო პროდუქტებში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროდუქტებისადმი ინტერესი გამუდმებით იზრდება.


ბიოწარმოება საქართველოში – შირაქის მაგალითი

ბიო პროდუქტებისადმი ინტერესი საქართველოშიც იზრდება. სოფლის მეურნეობაზე გამართულ ვორკშოპებზე, ფორუმებსა თუ დისკუსიებზე ხშირად მოისმენთ, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას ბიო პროდუქტების მიწოდების უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ქვეყანაც სწორედ ბაზრის ამ მაღალი ღირებულების მქონე სეგმენტზე უნდა ორიენტირდეს. ქვეყანაში ბიოწარმოების გაფართოების სასარგებლოდ არაერთ არგუმენტს მოისმენთ, მათ შორის ერთ-ერთს თუ დავუჯერებთ, საქართველოში ტრადიციულ, მცირე ზომის ფერმებში აღარ იქნება საჭირო ქიმიური სასუქების ან პესტიციდების გამოყენება, თან მსოფლიოში ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.

ზოგიერთმა ქართველმა მწარმოებელმა უკვე გადაწყვიტა, ბედი ბიოფერმერობაში მოსინჯოს. შირაქი, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში ნედლი რძის წარმოებისთვის ბიოსერტიფიკატი მიიღო, ერთ-ერთი მათგანია. რეალურად ეს არის პირველი შემთხვევა კავკასიაში, როდესაც ფერმამ ცხოველური პროდუქციის წარმოებისთვის მიიღო ბიოსერტიფიკატი.

შირაქის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიანიძე (რომელთანაც ახლახან გვქონდა ინტერვიუ) ამბობს, რომ ბიოფერმერობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო სემინარებს დაესწრო და საზღვარგარეთ პირადად მოინახულა ბიოფერმები. მისი აზრით, საქართველომ აქცენტი ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე უნდა გააკეთოს. ის თვლის, რომ სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის (ძირითადად სასუქებისა და პესტიციდების მოხმარების ზრდის) გამო, რაც ადამიანების ჯანრთელობასა და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს, განვითარებული სამყარო სულ უფრო მეტად ირჩევს უსაფრთხო და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ფერმერულ პრაქტიკას (რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ბიოფერმერობაა). საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ გამოტოვონ წარმოების საშუალებების ინტენსიური გამოყენების ეტაპი და თავიდანვე სოფლის მეურნეობის მდგრად ინტენსიფიკაციაზე გააკეთონ აქცენტი. „კომპანიის მიზანია, აწარმოოს იმდენი ნედლი რძე, რაც საკმარისი იქნება ქვეყანაში რძის ფხვნილის ჩასანაცვლებად,“ – ამბობს ნიკოლოზი.

დაუზარელი შრომის ოთხი წელი

ნიკოლოზს ფერმა დედოფლისწყაროში აქვს, სადაც 100 მუშას ასაქმებს (დამატებით 100-150 მუშას აქტიურ სეზონზე). კომპანიამ ესტონეთში შეიძინა 200 ჰოლანდიური ჯიშის ძროხა (ჰოლშტეინ ფრიზიანის სახეობა). ერთი ძროხის ფასი 2,500 ევროა. ამან საშუალება მისცა მათ, დღეში 4 ტონა ნედლი რძე აწარმოონ.

ოთხი წელი დასჭირდა შირაქს, რომ ბიო წარმოების სერტიფიკატი მიეღო. ბიოლოგიური რძის წარმოების მოთხოვნები შეიძლება ასე დაჯგუფდეს:

• ყველაფერი იწყება ცხოველის საკვებით. ძროხები ორგანული საკვებით უნდა გამოვკვებოთ. შირაქს აქვს საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც ორგანული მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი და შვრია) მოჰყავს და ინახავს ძროხებისთვის გაკეთებულ ბეღელში. ვინაიდან მარცვლეულის წარმოების პროცესიც უნდა მისდევდეს ბიოლოგიური წარმოების სტანდარტებს, ფერმა არ იყენებს არავითარ მინერალურ სასუქებს, ქიმიურ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს. არც ჰიბრიდული თესლების გამოყენება არ არის ნებადართული. ამიტომ შირაქი მხოლოდ ფერმაზე დამზადებულ ბიოლოგიურ სასუქებსა (ნაკელს) და  კომპოსტს იყენებს. მარგვლის სეზონზე ფერმა დიდი რაოდენობით მუშებს ქირაობს. ნიკოლოზის თქმით, ეს აორმაგებს ჩვეულებრივ მარგვლისთვის საჭირო ხარჯებს. ჯამში, გაუმჯობესებული ჯიშების თანამედროვე ფერმაზე ძროხის დღიური კვება ბიოფერმის შემთხვევაში 25-30 ლარი ჯდება, ტრადიციულ ფერმაზე კი – მხოლოდ 12-15 ლარი. ამასთანავე, ნიკოლოზის ფერმაში ცხოველებს არ აძლევენ საკვებ დანამატებს (პრემიქსებს) რაც ამცირებს წველადობას.

• ბიოლოგიური ცხოველური პროდუქციის წარმოებაში სამედიცინო პრეპარატების გამოყენებაც შეზღუდულია. ამ წესების თანახმად, ტრადიციულ პრეპარატებთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება ალტერნატიულ მკურნალობას (მაგალითად, ჰომეოპათია ან ფიტოთერაპია). აქცენტი კეთდება პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა, მაგალითად, გამრავლების პირობების დაცვა, წყალში მჟავების ან საკვებში პრობიოტიკების დამატება, რეკომენდირებული ვაქცინაციის განრიგის დაცვა. ანტიბიოტიკების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არის ეფექტური. თუმცა ანტიბიოტიკების გამოყენებიდან ორი კვირის განმავლობაში არ შეიძლება რძის გამოყენება. ტრადიციულ წარმოებაში ლოდინის პერიოდი მხოლოდ ერთი კვირაა.

• საქონლის სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს კონრეტულ მოთხოვნებს. საქონელს უნდა ჰქონდეს დიდი შიდა (6 მ2 ძროხაზე) და გარე (6 მ2 ძროხაზე) სივრცე. სადგომის სიმაღლეც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს. ბიო წარმოებაში პირუტყვის დაბმაც არ არის ნებადართული. ნიკოლოზის გამოთვლებით, ყველა ზემოხსენებული მოთხოვის დაკმაყოფილებისა და კონკრეტული აღჭურვილობისთვის (საწველი აპარატი და ა.შ.) საჭიროა 5,000 აშშ დოლარი ძროხაზე.

ბიო ფერმის სისტემაში არსებული ამ და სხვა წესების (მაგალითად, ჯიშებთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნების) მიზანია პირუტყვის კეთილდღეობა, უკეთესი გარემოს შექმნა და ბევრად უსაფრთხო საბოლოო პროდუქტის მიღება. ნიკოლოზს თუ დავუჯერებთ, ეს მოთხოვნები ამცირებს წველადობას, რაც ბიოფერმაში დღეში 20-22 ლიტრია, ტრადიციულ ფერმაში კი – დღეში 30-35 ლიტრი (იგულისხმება თანამედროვე ჯიშებისა და პრაქტიკის მქონე ფერმები).

1 ლიტრი ნედლი რძის მოსალოდნელი გასაყიდი ფასი 4.5-5 ლარია (რაც 1.4-ჯერ აღემატება არაორგანული რძის ფასს), ბიო რძით დამზადებული 1 კგ. ყველის ფასი კი 28 ლარი (რაც 2.4-ჯერ აღემატება არაორგანული რძისგან დამზადებული ყველის ფასს). შირაქის პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარი თბილისია. ისინი უკვე ყიდიან საკუთარ ტრადიციულ რძის პროდუქტებს კარფურში, ფრესკოში, ნიკორასა და სხვა სუპერმარკეტებში. კომპანია აპირებს, რძე მიაწოდოს ნატურალ+-ს (ამ უკანასკნელმა მიმდინარე თვეში მიიღო ბიო სერტიფიკატი), რომელიც ამ პროდუქციას საკუთარი ნიშნით გაყიდის.

ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ მის ბიო რძის პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდება. თუმცა სეგმენტი განვითარების ადრეულ ეტაზეა და საჭირო იქნება დიდი ძალისხმევა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მოთამაშისა თუ დამხმარე უწყებებისგან. „საქართველოში ბიო წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას დრო სჭირდება. არც მომხმარებლებმა და არც სუპერმარკეტის მენეჯერებმა არ იციან ასეთი პროდუქციის სარგებლის შესახებ,“ – ამბობს ნიკოლოზი. მეტიც, საკმაოდ დიდი პრობლემაა ყალბი იარლიყები და ძვირადღირებული ლაბორატორიული სერვისები.


მაინც რამდენი არიან?

საქართველოში  ბიოწარმოების სერტიფიკატს გასცემს კავკასსერტი. მათი სერტიფიკატი სამართლებრივად აღიარებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსა და შვეიცარიაში. ისინი სერტიფიკატს გასცემენ 4 კატეგორიის პროდუქტებისთვის: 1) პირველადი მცენარეული პროდუქცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება და ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება), 2) ცოცხალი ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია (მეფუტკრეობის ჩათვლით), 3) სასურსათო დანიშნულების გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ბიოღვინის ჩათვლით), 4) სარგავი მასალა და თესლი. კავკასსერტის უკანასკნელი სიახლეების (20.02.2018) თანახმად, საქართველოში 28 მწარმოებელმა მიიღო ბიო სერტიფიკატი, რომელთაგან ოთხი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების წარმოებაზე მუშაობს. კიდევ 40 მწარმოებელი კონვერსიის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან ბიო სერტიფიკატის მიღების მოსამზადებელ/საკონტროლო ეტაპზე.

ეს რიცხვები აჩვენებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობაში ბიო პროდუქციის მიწოდების ბაზა საკმაოდ მცირეა. თუმცა ინტერესი ეტაპობრივად იზრდება და შირაქიც  ამისი ერთი მაგალითია. მართალია, ნიკოლოზის მაგალითით ჯერ არ არის ცხადი, თუმცა, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, ბიოწარმოების ბიზნესს შეიძლება თან ახლდეს არაერთი ეკონომიკური უპირატესობა, რაც წარმოების ხარჯების შემცირებასა და/ან მოგების ზრდას გულისხმობს (მაგალითად, დელატი და სხვები, 2003 წ.; ჩეიზი და სხვები, 2008 წ.). ტრადიციულ ფერმასთან შედარებით, ბიოფერმის მაღალი მომგებიანობა ნაკლებად ცხადია ცხოველური პროდუქციის წარმოებაში (მაგალითად, ბატლერი, 2002 წ.), მიუხედავად იმისა, რომ რიგი კვლევები (მაგალითად, მაკბრაიდი და გრინი, 2008 წ.) აჩვენებს, რომ ინდუსტრიაში მსხვილი მასშტაბით შესვლა ან საკვების ძირითად წყაროდ საძოვრების გამოყენება ბიო რძის პროდუქტების წარმოებას უფრო მომგებიანს ხდის.

ბიოპროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია სჭირდება (მაგალითად, უამრავი კონკრეტული წესების კომუნიკაცია და კონტროლი), ვიდრე სხვა ღირებულებათა ჯაჭვებს. თუმცა ამ მაღალი ღირებულების პროდუქციის სეგმენტზე სწორებას აქვს პოტენციალი, დაასაქმოს და შემოსავალი მოუტანოს ღარიბ ფერმერულ შინამეურნეობებს. სწორედ ამიტომ ჩვენს ფერმერებსა და აგრობიზნესებს თვალი უნდა ეჭიროთ ბაზრის ამ სწრაფად მზარდ სეგმენტზე განვითარებულ ქვეყნებში. მეტიც, ბევრად ჰოლისტიკურმა მოძრაობამ, როგორიცაა ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა, უკვე მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროპასა და აშშ-ში (იხ. ჩვენი წინა სტატია ბიოდინამიურ მეღვინეობაზე). საქართველოს თავისი ძველი ტრადიციებით, შეუძლია წილი მოიპოვოს ისეთ ნიშურ ბაზრებზე, როგორიცაა ბიოლოგიური და ბიოდინამიური წარმოება.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
2 Comments

Related Posts

Comments

 
Guest - Ana on ორშაბათი, 19 მარტი 2018 22:44

ძალიან კარგია, ასე რომ უდგებიან მეურნეობას, მაგრამ ჰიბრიდული თესლის გამოყენება რატომაა აკრძალი, ძალიან მაინტერესებს მეტ ?

ძალიან კარგია, ასე რომ უდგებიან მეურნეობას, მაგრამ ჰიბრიდული თესლის გამოყენება რატომაა აკრძალი, ძალიან მაინტერესებს მეტ ?
Guest - NinoKakulia on ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 19:01

ბიო წარმოება ორიენტირებულია მაქსიმალურად იყოს მახლოებული ბუნებრივ წარმოებასთან, რასაც ვერ ვიტყვით ჰიბრიდულ თესლზე. თუმცა, ეს საკითხი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შეიძლება მაინც სადავო იყოს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.researchgate.net/post/Are_hybrid_varieties_of_crop_plants_really_so_problematic_especially_with_respect_to_organic_agriculture

ბიო წარმოება ორიენტირებულია მაქსიმალურად იყოს მახლოებული ბუნებრივ წარმოებასთან, რასაც ვერ ვიტყვით ჰიბრიდულ თესლზე. თუმცა, ეს საკითხი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შეიძლება მაინც სადავო იყოს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.researchgate.net/post/Are_hybrid_varieties_of_crop_plants_really_so_problematic_especially_with_respect_to_organic_agriculture
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 22 ივლისი 2019

Captcha Image

Our Partners